დეზინფორმაცია: ბრძოლა წესების გარეშე - კვირის პალიტრა

დეზინფორმაცია: ბრძოლა წესების გარეშე

უკვე ოცდაათი წელია, რუსეთის სატელევიზიო არხებსა და პრესაში, ასევე - სოციალურ ქსელებში, სისტემატურად ვრცელდება რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მომზადებული დეზინფორმაცია საქართველოსა და ქართველების წინააღმდეგ. რუსეთის ხელისუფლება ხელს უწყობს ქართველებისგან “მტრის ხატის” შექმნას. ანტიქართული პროპაგანდა, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურების “დირიჟორობით” მიმდინარეობს, განსაკუთრებით გააქტიურდა ახალგაზრდა თაობაში.

მუქთახორები, ბანდიტები, მაფიოზები, ვაჭრები, “კაზანოვები” - აი, ასეთი ქართველის სახეს უნერგავენ რუსეთის ახალგაზრდობას, ვისაც თავისი შეგნებული ცხოვრების მანძილზე საქართველოზე და ქართველებზე კარგი სიტყვა თითქმის არ გაუგია. ამ დროს კი სწორედ რუსეთის ამ თაობებიდან მოვა მალე ახალი პოლიტელიტა, მწერლები, ბიზნესმენები, მეცნიერები და ა.შ. - მათი გონება კი უკვე ანტიქართული იდეოლოგიითაა “დანაგვიანებული”.

ამ ტყუილებში ქართველი ერის დამცირების სურვილი იმალება. ეს დაუფარავი ბრძოლა სხვა, მით უფრო მცირერიცხოვანი ერების წინააღმდეგ, ისტორიულად ყოველთვის რუსეთის საგარეო და საშინაო პოლიტიკის ქვაკუთხედი იყო და არის.

გასული წლის მაისის ბოლოს სოციალურმა ქსელმა Facebook-მა 2017-2020 წლებში დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ანგარიში გამოაქვეყნა. ამ სოციალურ ქსელში ცრუ ინფორმაციის განზრახ გავრცელების რაოდენობით, როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთი აღმოჩნდა აბსოლუტური ლიდერი. "ფეისბუკმა" ოთხ წელიწადში გაანადგურა „ტროლებისა და ბოტების ფერმების“ 150-ზე მეტი ქსელი, რომლებიც შეიქმნა და გამოიყენებოდა საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების მიზნით. ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთი გახდა ლიდერი „დეზინფორმაციული ქსელების” რაოდენობით. ამავდროულად, რუსეთთან დაკავშირებული 27 ქსელიდან, "ფეისბუკის" ანალიტიკოსების აზრით, 15 ქსელი უკავშირდებოდა ინტერნეტ-კვლევის სააგენტოს (ე.წ. ტროლების ფერმას) და სკანდალურად ცნობილი რუსი ბიზნესმენის, ევგენი პრიგოჟინის (რომელსაც მეტსახელად “პუტინის პირადი მზარეული” შეარქვეს) ფირმებსა და ორგანიზაციებს. 4 ქსელი უკავშირდებოდა რუსეთის სპეცსამსახურებს, 2 კი - მედიაკომპანიებს. ასევე, გამოავლინეს დეზინფორმაციის გავრცელების კოორდინატორი ერთი ქსელი, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან. რუსეთის მხრიდან თავდასხმები, ძირითადად, რუსეთის მეზობელ ქვეყნებზე და ნაწილობრივ - შეერთებულ შტატებზე იყო მიმართული.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ სხვა ქვეყნებმაც კარგად აითვისეს “რუსული გამოცდილება” და საკუთარ დეზინფორმაციულ ოპერაციებს აწარმოებენ. გამოვლენილი დეზინფორმაციული ქსელების რაოდენობით, რუსეთის შემდეგ, მეორე ადგილი დაიკავა ირანმა (23), შემდეგ მოდის მიანმარი (9), აშშ (9) და უკრაინა (8). 2017 წლიდან 2020 წლამდე დეზინფორმაციული თავდასხმების ყველაზე პოპულარული სამიზნეები იყო შეერთებული შტატები (27), უკრაინა და დიდი ბრიტანეთი (11-11), გლობალური ინტერნეტი (7), ლიბია და სუდანი (6-6).

დღე არ გავა, რომ დეზინფორმაცია არ გამოიყენონ სპეცსამსახურებმა და პოლიტიკოსებმა, ბიზნეს-კონკურენტებმა თუ - ავანტიურისტებმა. ჩვენი ქვეყანა მრავალჯერ გამხდარა დეზინფორმაციული შეტევების მთავარი ობიექტი. დეზინფორმაცია “ფსიქოლოგიური ომის” მთავარი იარაღია. სამწუხაროდ, აქამდე ყველა ფსიქოლოგიური ომი წავაგეთ. რატომ? - ამ კითხვაზე პასუხის დროული გაცემა დღეს-ხვალ მრავალ პრობლემას აგვაცილებს თავიდან.

დეზინფორმაცია უხსოვარი დროიდან გამოიყენება საკუთარი ნამდვილი მიზან-გეგმების დასაფარად და მოწინააღმდეგის შეცდომაში შესაყვანად. “დეზინფორმაციული ოპერაცია” – სპეცსამსახურების ოპერატიული საქმიანობის ერთ-ერთი ფორმაა, რომლის მიზანია, მოწინააღმდეგისთვის წინასწარ მომზადებული, არასწორი ინფორმაციის მიწოდება, მათი შეცდომაში შეყვანის მიზნით. ბოლო დროს მიმდინარე საერთაშორისო მოვლენები გვიჩვენებს, რომ დეზინფორმაციის განეიტრალება და კონტრპროპაგანდა სპეცსამსახურების ისეთივე მოვალეობაა, როგორც - ჯაშუშების დაჭერა.

დეზინფორმაციას (შემოკლებით “დეზას”), როგორც “ფსიქოლოგიური ომის” ძირითად კომპონენტს, ერთი, მეტად საინტერესო თვისება აქვს. ყველას ჩაგვიგდია წყალში ქვა და რაც უფრო მოზრდილი იყო ის, მით უფრო დიდი წრეები კეთდებოდა წყლის ზედაპირზე. ასეა დეზინფორმაციაც. რაც უფრო დიდია სიცრუე და არარეალურია ფაქტები, მით უფრო დიდი ხნის მანძილზე იპყრობს ის რიგითი მოქალაქეების გონებას.

ასევე დაგაინტერესებთ: ამერიკელი დიპლომატის პროგნოზი, სამწუხაროდ, გამართლდა, რაც ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების დასასრულია?

“დეზა” - ესაა აშკარა ტყუილი, ინფორმაციის ფაბრიკაცია (შექმნა ან გადაკეთება) და გავრცელება წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით. მას იყენებენ მკაფიოდ განსაზღვრული, ხანმოკლე ან ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე. მიზნებიც შესაბამისი პერიოდით ისაზღვრება: რაც უფრო მცირე ვადებშია მისაღწევი დასახული მიზანი (მაგ. მეზობელ ქვეყანაში კარსაა მომდგარი საპრეზიდენტო ან საპარლამენტო არჩევნები და საჭიროა რომელიმე პოლიტიკოსის კომპრომეტირება), მით უფრო არარეალურ და დაუჯერებელ, მაგრამ სუპერსენსაციურ “ფაქტებსა” და “დოკუმენტებს” ავრცელებენ სპეცსამსახურები. “დეზას” მიზანი რაც უფრო ხანგრძლივ პერიოდში “იწელება”, მით უფრო მეტად დამაჯერებელი უნდა იყოს “დოკუმენტები” და “ფაქტები”.

დეზინფორმაციული ოპერაციები სპეცსამსახურების მუშაობის ერთ-ერთი უმთავრესი მეთოდი და, ამავე დროს, “ჰიბრიდული ომის” მძლავრი იარაღია. იმ მიზნის მიღწევას, რასაც წინა საუკუნეებში არმიები და ომები სჭირდებოდა, რასაც უამრავი მსხვერპლი მოჰყვებოდა, დღეს კარგად დაგეგმილი “დეზას” ოპერაცია უსისხლოდ და უმსხვერპლოდ აგვარებს. ამ ოპერაციებს სპეცსამსახურები “აქტიურ ღონისძიებებსაც” უწოდებენ, თუმცა ისინი იშვიათად მიდის მოწინააღმდეგის ფიზიკურ ლიკვიდაციამდე და როგორც წესი, ფსიქოლოგიური და მორალური განადგურებით მთავრდება.

ქვეყნის შიგნით “დეზას” მიზანია, მოსახლეობის ფართო მასებზე ზეგავლენის მოხდენა და მათი ცნობიერების სპეცსამსახურებისთვის (და მათ ზურგს უკან მდგარი შემკვეთების - პოლიტიკოსებისთვის) საჭირო მიმართულებით წაყვანა. დეზინფორმაციულ ომში ფართოდ გამოიყენება ყოველდღიურ რეკლამაში კარგად აპრობირებული მეთოდები, კერძოდ: რასაც ბევრჯერ და დამაჯერებლად გაიმეორებ, ხალხის მასები იჯერებენ ან, სულ მცირე -“ეჭვის ჭია” მაინც შეეპარებათ. ამიტომ “დეზას” უსწრაფესი რეაგირება და დასაბუთებული უარყოფა სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ უყურადღებოდ დატოვებ ან აკადემიური მსჯელობით სიმართლის მტკიცებას დაიწყებ, “დეზა” მიზანს მიაღწევს.

ქვეყნის გარეთ“აქტიური ღონისძიება” - უმთავრესად დეზინფორმაციული სახის ოპერაციაა, რომელიც მიმართულია სხვა ქვეყნის ან არასასურველი პიროვნების წინააღმდეგ.

“დეზა”, ძირითადად, ორი სახისაა:

ა) საომარი ვითარების დროს, რომლის მთავარი მიზანია, კონკრეტული საომარი ამოცანიდან გამომდინარე, მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვანა;

ბ) მშვიდობიან პერიოდში “დეზას” მიზანია მოწინააღმდეგის დეორგანიზაცია და რეალური პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური, რელიგიური, ეთნიკური და ა.შ. ინფორმაციის მაგივრად, ყალბი მონაცემების გავრცელება.

კა-გე-ბესა და გე-ერ-უსთვის, ისე, როგორც ყველა ტოტალიტარული სახელმწიფოს სპეცსამსახურისათვის, “აქტიური” ღონისძიებები გაცილებით იოლი გასატარებელი იყო, ვიდრე დემოკრატიული ქვეყნების სპეცსამსახურებისათვის, რადგანაც საბჭოთა კავშირში საინფორმაციო წყაროებზე არსებული სახელმწიფო კონტროლი ამ ქვეყნის სპეცსამსახურებს საშუალებას აძლევდა, ნებისმიერი შინაარსის “დეზა” გაევრცელებინა ნებისმიერი საინფორმაციო არხით.

საბჭოთა სპეცსამსახურები “დეზას” წარმატებისთვის სამ უმთავრეს პრინციპს იყენებდნენ:

1) საწყისი მასალა მაქსიმალურად დამაჯერებელი უნდა იყოს. თუ 90% სიმართლეს 10% ტყუილთან შევაზავებთ, დეზინფორმაციის დამაჯერებლობის ხარისხი ძალზე მაღალი იქნება. ამასთან ერთად, რაც უფრო სენსაციური იქნება “ფაქტი”, საინფორმაციო საშუალებები მას მით უფრო სწრაფად და ფართოდ გაავრცელებენ;

2) “დეზას” გავრცელების არხები (გაზეთები, ტელეარხები, ვებგვერდები, საინფორმაციო სააგენტოები და ა.შ.) მაქსიმალურად სოლიდური, ფართოდ პოპულარული და დიდტირაჟიანი უნდა იყოს;

3)“დეზას” გადამოწმების დროს, რაც უფრო ძნელდება ტყუილის პირველწყარომდე მისვლა და სიმართლის დადგენა, მით უფრო მაღალ შეფასებას იმსახურებენ ოპერაციის შემსრულებლები.

“ა” ღონისძიება შეიძლება იყოს ღია და ფარული, რომელთა გავრცელების არხებია, შესაბამისად: მასმედია (ტელევიზია, გაზეთები, ინტერნეტი, საინფორმაციო სააგენტოები) და საზოგადოების ფართო ფენები (სადაც “დეზა” ვრცელდება, როგორც “არაფორმალური კომუნიკაცია”, ტერმინი, რომელიც გამოიყენება მენეჯმენტის სფეროში ჩვეულებრივი ჭორის აღსანიშნავად).

ამჟამად “დეზას” გავრცელებას, შეგნებულად თუ შეუგნებლად, ყველაზე მეტად ხელს უწყობენ ჟურნალისტები და პოლიტიკოსები.

დეზინფორმაციულ ღონისძიებებს ყველა ქვეყნის სპეცსამსახური იყენებდა და იყენებს, მაგრამ განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ საბჭოთა სპეცსამსახურები, რომლებმაც ტყუილის შექმნისა და გავრცელების ოპერაციები “ხელოვნების” დონეზე აიყვანეს.

(პირველი ნაწილის დასასრული)

ასევე დაგაინტერესებთ: ვინ არის “ამერიკის პირველი მზვერავი” და რა აკავშირებს მას საქართველოსთან?