"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დასუფთავების გადასახადი არ გაზრდილა" - კვირის პალიტრა

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დასუფთავების გადასახადი არ გაზრდილა"

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დასუფთავების გადასახადი არ გაზრდილა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.

როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, მოქალაქეებს დასუფთავების გადასახადი არ გაზრდიათ და ის ფაქტი, რომ მათ გაორმაგებული გადასახადები მიიღეს, არ შეესაბამება სიმართლეს.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ფიზიკურ პირებს დასუფთავების გადასახადი არ გაზრდიათ“, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ფიზიკური პირებისთვის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე თვეში 2,5 ლარით არის განსაზღვრული. რაც შეეხება იურიდიულ პირებს, თბილისის საკრებულოს N4-12 დადგენილების (27.12.2021 წელი) თანახმად, დედაქალაქის ტერიტორიაზე იურიდიული პირებისთვის განისაზღვრა დასუფთავების მოსაკრებლის ახალი განაკვეთები. აღნიშნულიდან გამომდინარე, იურიდიული პირები დეკემბრის მოსაკრებელს კვლავ ძველი ტარიფით გადაიხდიან, ხოლო იანვრის ქვითარში ახალი ტარიფი აისახება.

მერიაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მოსაკრებელი ახალი ტარიფით შეეხებათ მხოლოდ და მხოლოდ კომერციული კატეგორიის აბონენტებს და არა ფიზიკურ პირებს.

როგორც ცნობილია, დასუფთავების მოსაკრებლის ნებისმიერი თვის დარიცხვა აქამდე, სტანდარტულად, წინა თვის მომსახურებისთვის ხორციელდებოდა. მომხმარებლებს იანვარში ერიცხებოდათ დეკემბერში გაწეული მომსახურების საფასური, კონკრეტული თარიღები კი ქვითარში აისახებოდა.