"თურქეთი უკრაინისთვის დაწყებულ თამაშში ერთვება" - რა წერს უცხოური გამოცემა - კვირის პალიტრა

"თურქეთი უკრაინისთვის დაწყებულ თამაშში ერთვება" - რა წერს უცხოური გამოცემა

"ანკარა უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლად გვევლინება", - წერს გამოცემა Wirtualna Polska. როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, მიუხედავად შუამავლის როლის მორგებისა, თურქეთს არ ავიწყდება საკუთარი ინტერესები, რომელიც რუსეთიდან ენერგორესურსების ექსპორტსაც გულისხმობს.

„უკრაინაზე თავდასხმა გაუაზრებელი ნაბიჯი იქნებოდა, თუმცა თუ რუსეთი ამაზე წავა, თურქეთი, როგორც ნატოს წევრი ქვეყანა, ყველაფერს გააკეთებს, რაც საჭიროა“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. ამგვარად, მოსკოვსა და ანკარას შორის არსებული არც თუ ისე მარტივი ურთიერთობა, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ ელემენტად იქცა. აქვე ჩნდება კითხვა, პოლიტიკოსი, რომელიც რუსეთისგან შეიარაღებას ყიდულობს, შეძლებს თუ არა უკრაინის კონფლიქტის შეჩერებას?

თურქეთი, რომელიც სამხედრო პოტენციალით ნატოს წევრ ქვეყნებში მეორე ადგილზეა, დიდი ხანია, ითვლებოდა რუსეთის ტაქტიკურ მოკავშირედ. მაშინ, როცა 2019 წელს თურქეთმა რუსეთისგან მეოთხე თაობის სარაკეტო სისტემა "С-400" შეიძინა და რუსულ კომპანიებთან ატომური ელექტროსადგურის შენების საკითხში თანამშრომლობა დაიწყო, გაჩნდა ეჭვი, რამდენად ლოიალური იყო თურქეთი ალიანსის მიმართ.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ურთიერთობა რუსეთსა და თურქეთს შორის არც ასეთი ერთმნიშვნელოვანია. ერდოღანი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ბალანსის შენარჩუნებას ცდილობს, ამით კი საკუთარ თამაშს თამაშობს", - წერს სტატიის ავტორი.

კიევი-ანკარა-მოსკოვი?

თურქულ მედიასთან ინტერვიუში პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარაში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიიპატიჟა და ახლა მოსკოვისგან პასუხს ელის. აქვე მან აღნიშნა, რომ მოხარული იქნება, თუ მასთან სტუმრად კონფლიქტის ორივე მხარის წარმომადგენელს იხილავს, რათა კონფლიქტი დიპლომატიურად მოგვარდეს. ერდორანის პრესსპიკერმა კი რამდენიმე დღის წინ საზოგადოებას აცნობა, რომ თურქეთის პრეზიდენტი კიევში ვიზიტს გეგმავს. რა იმალება ამ ნაბიჯების მიღმა?

ვარშავის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ მაჩეი რასის შეფასებით, თურქეთისა და რუსეთის ურთიერთობის შეფასებისას, რამდენიმე ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ: პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ თურქეთი დაინტერესებულია შავი ზღვისპირა რეგიონში ძალთა ბალანსის შენარჩუნებით. მას არ სურს, რუსეთი დომინანტი გახდეს; მეორე: არ უნდა დაგვავიწყდეს, ერდოღანმა ყირიმის ანექსია გააკრიტიკა, რამაც ყირიმელი თათრების სიმპათია მოუტანა. ყირიმელი თათრები მოსკოვისგან დამოუკიდებლად ყოფნას ცდილობენ; მესამე ფაქტორი კი გახლავთ, რომ ანკარა იძლებულია, გაითვალისწინოს რუსეთის არა მხოლოდ სამხედრო ძალები და ენერგორესურსების ექსპორტის საკითხი, ასევე ისიც, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით რუსეთზეა დამოკიდებული. საკითხი ეხება ტურიზმს - თურქეთში ტურისტების უმეტესი ნაწილი რუსია“, - ამბობს პროფესორი რასი.

ერდოღანის მყარი პოზიცია პუტინის პატივისცემას იმსახურებს

საკუთარი გავლენის სფეროს დაცვითა და კიდევ სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, თურქეთი გეოპოლიტიკურ სცენაზე მოქნილ აქტორად გვევლინება. ანკარას უკრაინის საკითხის ირგვლივ განვითარებული მოვლენების ფონზე, როგორც კიევთან, ასევე - ნატოსთან, შუამავლის როლის მორგება შეუძლია. ანკარა რეგიონში უკვე დიდი ხანია, საკუთარ თავდაცვით პოლიტიკას ატარებს. აღსანიშნავია ისიც, რომ უკრაინა თურქეთისგან ყიდულობს თანამედროვე უპილოტო საფრენ აპარატ "ბაირახტარს“. მოსკოვთან რთული ურთიერთობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი ახლო აღმოსავლეთთან, კონკრეტულად კი - სირიასთან თურქეთის პოზიციაა, რომელიც თურქეთისა და რუსეთის განსხვავებული ინტერესების დაპირისპირების ადგილად იქცა.

"უახლოეს წარსულს თუ გავიხსენებთ, საქმე ცეცხლის გახსნამდეც მივიდა. თურქებმა სირიაში რუსული ვერტმფრენი ჩამოაგდეს. თურქეთმა რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევის უფრო წარმატებული ხერხი იპოვა, ვიდრე - ევროკავშირმა. მოსკოვს კარგად ესმის, როგორია ძალთა პოლიტიკა და ერდოღანის მყარი პოზიცია პუტინში პატივისცემასაც იწვევს. გარდა ამისა, კრემლში იმედოვნებენ, რომ თურქეთს ნატოში დაძაბულობა შეაქვს და ეს პუტინს ძალიან მოსწონს“, - აღნიშნავს ვარშავის აღმოსავლეთის კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ვოიჩეკ კონონჩუკი.

"როგორ უპასუხებს კრემლი ანკარის სიფრთხილესა და მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოწოდებას? - თურქულ მხარეს ნამდვილად შეუძლია, შუამავლის როლი იტვირთოს და უკრაინაში სიტუაციის დეესკალაციას შეუწყოს ხელი“.

"როცა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ალიანსის ლოიალურ წევრად წარმოდგება (ის ხომ არ გეგმავს კონფლიქტში უშუალო სამხედრო ჩარევას!), ერდოღანის ჩანაფიქრი ბოლომდე რომ გავიგოთ, აუცილებალად უნდა გავითვალისწინოთ მისი ბალანსის პოლიტიკა დასავლეთსა და რუსეთს შორის. თურქეთი მაქსიმალურად ცდილობს, დამოუკიდებლობა შეინარჩუნოს, სწორედ ამიტომ ის ხან დასავლეთის პარტნიორად გვევლინება, ხან კი - მოსკოვისგან შეიარაღებას ყიდულობს“, - აღნიშნავს ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი. (წყარო)