„რუსეთისადმი პატივისცემა“: საქართველო პუტინის კრიტიკოსებს თავისთან არ უშვებს“ - რას წერს გერმანული გამოცემა - კვირის პალიტრა

„რუსეთისადმი პატივისცემა“: საქართველო პუტინის კრიტიკოსებს თავისთან არ უშვებს“ - რას წერს გერმანული გამოცემა

„ოფიციალურად საქართველო დასავლური საგარეოპოლიტიკური კურსის მქონე ქვეყანას წარმოადგენს. თუმცა, ამის მიუხედავად, მის ტერიტორიაზე შესასვლელად გარკვეული შეზღუდვების არსებობა იმ ოპოზიციონერების მიმართ, რომლებიც რუსულ რეჟიმს გამოექცნენ, სულ უფრო მეტ კითხვებს აჩენს. იმ ადამიანებს, რომლებსაც აკრძალვები შეეხოთ, ეჭვი აქვთ, რომ საქართველოს ამგვარი ქცევა რუსეთის წინაშე შიშით არის გამოწვეული“, - ნათქვამია გერმანიის გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით - „რუსეთისადმი პატივისცემა“: საქართველო პუტინის კრიტიკოსებს თავისთან არ უშვებს“ (ავტორი - ფრიდრიხ შმიდტი).

პუბლიკაციაში განხილულია ორშაბათს თბილისის აეროპორტში მომხდარი ფაქტი, როცა რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცა. როგორც დიმიტრი გუდკოვი ამბობს, მას სურდა რუს აქტივისტებთან და დიპლომატებთან შეხვედრა, მაგრამ უარი უთხრეს. იგი თვლის, რომ საქართველოს რუსეთის გაღიზიანება და მასთან დავა არ სურს.

„საქართველოში ბოლო დროს გახშირდა შემთხვევები, როცა კრემლის პოლიტიკის კრიტიკოსებს ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლას უკრძალავენ. ორშაბათს ასეთი დამოკიდებულება საკუთარ თავზე იწვნია რუსმა ოპოზიციურმა პოლიტიკოსმა დიმიტრი გუდკოვმა, რომელიც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრი იყო 2011-2016 წლებში. იგი იმ დროსაც აკრიტიკებდა ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებას და ახლაც აკრიტიკებს. შესაბამისად, დიმიტრი გუდკოვს რუსეთის მთავრობამ კანონმდებლობის დარღვევა დააბრალა და იგი იძულებული გახდა, დაპატიმრების შიშით, თავი უკრაინისთვის შეეფარებინა. ამჟამად კიევში ბევრი რუსი და ბელარუსი ოპოზიციონერი იმყოფება, რომლებსაც რუსეთის ხელისუფლება დევნის.

იგივე მდგომარეობაა საქართველოს დედაქალაქ თბილისშიც, სადაც დიმიტრი გუდკოვის ბევრი თანამოაზრე ცხოვრობს. თბილისში რუსულ ენაზე თავისუფლად ლაპარაკობენ, ცხოვრება ძვირი არ არის და როგორც უკრაინას, ასევე - საქართველოსაც, დასავლური კურსი აქვს აღებული - ისწრაფვის ევროკავშირისა და ნატოსაკენ. ამ კურსს მხარს უჭერს სამხრეთკავკასიური ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობაც. აქვე მნიშვნელოვანია ითქვას, რომ საქართველოს ტერიტორიები - აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული“, - აღნიშნულია სტატიაში.

„ოპოზიცია მმართველი პარტიის - „ქართული ოცნების“ მთავრობას რუსეთთან დაახლოებას, არჩევნების შედეგების გაყალბებასა და ხელისუფლების მონოპოლიზებას აბრალებს. სხვათა შორის, რუსეთში დააგროვა ქონება მმართველი პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმაც“, - წერს ავტორი.

როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, რუსი ოპოზიციონერების მიმართ საქართველოს მთავრობის დამოკიდებულება ბევრ კითხვას ბადებს: გასული წლის აგვისტოში საქართველოში შესვლაზე უარი ეთქვა ოპოზიციონერ ალექსი ნავალნის თანამებრძოლს - ლიუბოვ სობოლს... საქართველოს ხელისუფლებამ იგივე დამოკიდებულება გამოიჩინა უკრაინელი ჟურნალისტის - დიმიტრი გორდონისა და სხვების მიმართ.

სტატიის დასასრულს ციტირებულია დიმიტრი გუდკოვის გამონათქვამი, რომლის მიხედვით, მას ახლა სურს გაიგოს, თუ რამდენად უსაფრთხოა მისი მეგობრების ყოფნა საქართველოში, როცა ქვეყნის ხელისუფლება რუსი ოპოზიციონერების მიმართ ასეთ დამოკიდებულებას იჩენს. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ