აფხაზეთისა და აგვისტოს ომებში ქართულ სანაპიროზე დესანტირების შემსრულებლები ამჯერად უკრაინაში გამეორებას შეეცდებიან?!
რუსეთი აგრძელებს თავისი შეირაღებული ძალების პირადი შემადგენლობისა და საბრძოლო ტექნიკის თავმოყრას უკრაინის საზღვართან, სხვადასხვა მიმართულებებზე.
ჯარების გადაჯგუფებისთვის გამოიყენება ყველა სახის ტრანსპორტი - საავტომობილო, სარკინიგზო და საავიაციო, რომელსაც შეიძლება მალე საზღვაოც დაემატოს.
საქმე ის არის, რომ ჯერ კიდევ ათიოდე დღის წინ რუსეთის ბალტიისა და ჩრდილოეთის ზღვების ფლოტების კუთვნილი სამ-სამი დიდი სადესანტო ხომალდი დაიძრა ატლანტის ოკეანისკენ. მათ გაცურეს ლა-მანშის სრუტე და ჰიბრალტარით შემოვიდნენ ხმელთაშუა ზღვაში, საიდანაც მათ ცურვის გასაგრძელებლად, ძირითადად, ორი მარშრუტი თუ ექნებათ - ან სირიაში, ტარტუსის რუსულ სამხედრო-საზღვაო ბაზაში ან შავ ზღვაში...
სირიიის ნაპირებთან ამხელა სადესანტო ესკადრას არაფერი ესაქმება და ბევრად უფრო მოსალოდნელია, რომ ის ბოსფორის სრუტით შავ ზღვაში შემოცურავს.
რუსეთის შავი ზღვის ფლოტს თავისი დიდი სადესანტო ხომალდებიც გააჩნია და კიდევ ექვსი ასეთი ხომალდის გადმოსროლა ჩრდილოეთიდან, უზარმაზარი მანძილის დაფარვის შემდეგ, შემთხვევითი შეიძლება არ იყოს...
ჯერ კიდევ გასულ წელს რუსეთმა ჩაატარა ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლება - „ზაპად-2021“ უშუალოდ უკრაინის საზღვრებთან და ამ სწავლების ფარგლებში, ანექსირებული ყირიმის ნახვარკუნძულზე სწორედ დიდი სადესანტო ხომალდებიდან გადასხმული იყო საზღვაო დესანტი საბრძოლო ტექნიკით, რასაც თვალყურს ადევნებდა ამ პოლიგონზე სპეციალურად ჩასული რუსეთის პრეზიდენტი პუტინი და თავდაცვის მინისტრი შოიგუ. ეს კი საზღვაო დესანტის გადასხმის დიდ მნიშვნელობაზე შეიძლება მიუთითებდეს რუსეთის ხელისუფლებისთვის, თუკი ის მაინც გადაწყვეტს უკრაინაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო იერიშების მიტანას, მათ შორის - ზღვის მხრიდანაც.
უშუალოდ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შემადგენლობაში შედის სადესანტო ხომალდების 197-ე ბრიგადა შვიდი დიდი სადესანტო ხომალდით, მათ შორის - სამი 1171-ე პროექტისაა, დანარჩენი ოთხი კი - 775-ე პროექტის.
თუკი 775-ე პროექტის დიდ სადესანტო ხომალდს 150 მედესანტის და ათი ტანკის გადატანა და სანაპიროზე დესანტირება შეუძლია, 1171-ე პროექტის ხომალდი 20 ტანკის ან 45 ჯავშანტრანსპორტიორის, ან 50 სატვირთო ავტომობილის, ან კიდევ - 400-მდე მებრძოლის დესანტირებისთვისაა განკუთვნილი.
გამოდის, რომ თეორიულად, ერთი დესანტირებისას შავი ზღვის ფლოტის შვიდ ხომალდს უკრაინის სანაპიროზე, საერთო ჯამში, სამი ათასამდე საზღვაო მედესანტის (ანუ საზღვაო ქვეითთა ერთი ბრიგადის) გადასხმა შეუძლია, მძიმე ტექნიკის გარეშე, ან - 100 ტანკის გადატანა, ოღონდ მედესანტეების გარეშე.
თუკი ორიოდე დღეში შავ ზღვაში კიდევ დამატებით შემოვა ჩრდილოეთიდან გამოსული ექვსი რუსული სადესანტო ხომალდი, მაშინ რუსეთის საზღვაო სადესანტო შესაძლებლობები უკრაინის სანაპიროებთან, ფაქტობრივად, გაორმაგდება.
პ.ს. რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ის დიდი სადესანტო ხომალდები, რომლებიც შეიძლება კრემლმა გამოიყენოს უკრაინაზე ახალი შეტევებისთვის, ჯერ კიდევ აფხაზეთის ომიდან მოყოლებული, აქტიურად მონაწილეობდნენ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ ომებში.

ბლოგის ავტორი 1993 წლის სექტემბრის ბოლოს, სოხუმის დაცემის შემდეგ, თავად იყო იმის შემსწრე, როდესაც მაჭარკასთან, მისგან ოციოდე მეტრში, სანაპიროზე ჯერ 775-ე პროექტის ხომალდი ამოვიდა, ნაწილობრივ, შემდეგ უკან გაცურა და მისი ადგილი ბევრად უფრო დიდმა, 1171-ე პროექტის სადესანტო ხომალდმა დაიკავა, აპარელი გააღო და იქიდან ორი ჯავშანტრანსპორტიორი გადმოვიდა, დესანტის თანხლებით - კიდევ კარგი ცეცხლი არ გავხსენით ჩვენი ავტომატებიდან, რადგან ეს ხომალდები, თურმე, დევნილების გასაყვანად ყოფილან გამოგზავნილი იმ ყოფილი საბჭოთა კავშირის შავი ზღვის ფლოტიდან, რომელიც აფხაზეთის ომის დროს ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე გაყოფილი რუსეთსა და უკრაინას შორის.

სამაგიეროდ, რამდენიმე ფოტოს გადაღება შევძელი, რომლებიც დღეს შეიძლება ისტორიულად ჩაითვალოს და შედარების შემდეგ შეიძლება დავასკვნა, რომ მაშინ მაჭარკასთან, სანაპიროზე ამოსული 1171-ე პროექტის დიდი სადესანტო ხომალდი საბორტე ნომრით „148“, სწორედ ის დღევანდელი „ორსკია“, რომელსაც ამჯერად შეიძლება უკვე უკრაინის სანაპიროს დასალაშქრად ამზადებს რუსეთი.