"უცხოეთში შენს ქვეყანას რომ აგინებ - ნუ ჩამოხვალთ, ნუ ჩადებთ ინვესტიციას, იქ ხალხს ხოცავენ, აუპატიურებენო, რა უბედურებაა ეს?!"
ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი, დამსახურებული არტისტი - იმედა კახიანი დღეს კოვიდინფიცირებულია... თუმცა, როგორც თვითონ გვითხრა, ვირუსი ძალიან მსუბუქ ფორმებში გადააქვს, რადგან ვაქცინირებულია და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზეც ჩვენთან საუბარში თავის პოზიცია მკაფიოდ გამოხატა...
- მწვანე პასპორტები გაუქმდაო და ზოგმა ისე გაიგო, თითქოს ვაქცინაცია აღარ არის საჭირო, ნუღარ ჩავიტარებთო... მიკვირს ამ ხალხის, რადგან ვაქცინაციაზე უარს ვინც ამბობს, ხომ უნდა მითხრას, რატომ ამბობს და - უკეთესი რამ შემომთავაზოს?! უკეთესი ჯერ რამე გამოიგონეს?! ამერიკაში და ისრაელში რამდენი პროცენტია უკვე აცრილი, ისინი გიჟები არიან და მარტო ჩვენი ოპოზიციის ნაწილია გენიოსები? რას ჰგავს ეს, ასე როგორ შეიძლება?!
გუშინ სრული გადაცემისთვის არ მიყურებია, მაგრამ ერთ-ერთ არხზე ყური მოვკარი, როგორ გაანერვიულეს გადასარევი კაცი - თენგიზ ცერცვაძე... კაცო, ვინ ხარ შენ, როგორ ბედავ, ასეთ პროფესიონალს არასპეციალისტი ედავებოდე?! შეიძლება შენს საქმეში კარგი ხარ, ღმერთმა ხელი მოგიმართოს, მაგრამ ხომ უნდა იცოდე, ვის ეკამათები?! მას რომ უმტკიცებ, ვაქცინაცია საჭირო არ არისო, რას ეყრდნობი?!
ერთი რამ ვიცი: ექიმს უნდა დაუჯერო! ანტივაქსერებს შორის ახალგაზრდები იყვნენ და მათ კოვიდი კიდეც რომ შეხვდეთ, ძალიან ადვილად გადაიტანენ, რადგან ახალგაზრდა ორგანიზმს მაღალი იმუნიტეტი აქვს, ძლიერია... მაგრამ რა ქნას მოხუცმა, ბავშვმა, ფეხმძიმემ? არ შეიძლება ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებების გაკეთება, დამღუპველია! თუმცა ისეთ დროში ვცხოვრობთ, ადამიანებს ჰგონიათ, ყველაფრის უფლება აქვთ! ამბობენ, დემოკრატიული ქვეყნის მოქალაქეები თავისუფლები ვართ, რასაც გვინდა, იმას ვიტყვითო! - არ არის ეს დემოკრატია და თავისუფლება, უფრო მდაბიო რამეს ნიშნავს! ვიღაცას დაუჯერე, რამე ჰკითხე, შენს არასწორ აზრს ნუ იძახი ასე დაბეჯითებით!
მე ორჯერ "ასტრაზენეკით" ავიცერი, შემდეგ "ფაიზერით" ბუსტერი გავიკეთე და ამასთან ერთად, ყოველ შემოდგომაზე გრიპის საწინააღმდეგო აცრას ვიკეთებ... ჩემს ოჯახში კოვიდი ყველას შეხვდა, მაგრამ ღვთის წყალობით, ყველამ ადვილად გადაიტანა. მე ამწუთას მაქვს და უმსუბუქეს ფორმებში მიდის... სიცხე 37 გრადუსი მქონდა, არც დავწოლილვარ და ნებისმიერი გრიპი უფრო რთულად მომიხდია. აცრას ვუმადლი, ასე, გართულებების გარეშე რომ გადავრჩით...
ამის მერე გვეუბნებიან, თენგიზ ცერცვაძეს არ დაუჯეროთ და მსახიობებს დაგვიჯერეთო...
- ბოლო დღეების კიდევ ერთი აქტუალური თემა უკრაინის მხარდაჭერაა... დროშები გადმოფინეს, სადაც მხარდამჭერთა შორის საქართველოს დროშა ვერ მოხვდა...
- ძალიან სამწუხაროა, თუ ეს ჩაიდინეს! ხომ დაიწერა დიდი წერილი, პარლამენტმა რომ მიიღო?! დაგვიანებულიაო და ეგ ოპოზიციის ბრალია, ყვიროდნენ ასე და ისე არ შეიძლებაო... გასაგებად წერია, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და მის დამოუკიდებლობას! - რა არის აქ გაუგებარი?! თუ გინდა, რომ ძალიან ღრმად ჩაეძიო უკრაინა-რუსეთის ძალიან რთულ ვითარებას, ერთი ან მეორე კი არ უნდა გააღიზიანო, რაღაც, ოქროს შუალედი უნდა მონახო! ოკუპანტია რუსეთიო, ეს დღეს არ უნდა ახსენო! ჩვენ არ ვიცით, რუსეთი რაც არის? ვიცით, მაგრამ მარტო მაგის ყვირილით, ომის გარდა, ქვეყანას რას მოვუტანთ?! რუსეთს ომს გამოუცხადებ და მერე შეეჭიდები თუ რა? - ჯობია სხვა გზა მოვძებნოთ!
საქართველოს მეფეები დღევანდელ ოპოზიციაზე ნაკლები ვაჟკაცები იყვნენ, როცა ხარკს უხდიდნენ? ესენი, მგონი, შეგნებულად აკეთებენ, რუსეთთან რომ დაძაბული ურთიერთობა გვქონდეს! ამაზე ცუდი რა უნდა გაუკეთო შენს ქვეყანას, რუსეთთან დაძაბულ ურთიერთობას ხელი შეუწყო?! ისედაც ძალიან რთული სიტუაციაა და ახლა თუ კიდევ "შე, საძაგელოო", უძახებ, რუსეთს, თურმე, ამით ძალიან შეაშინებ...
საქართველოში ადრე ფული რომ გამოდიოდა, ზედ ეწერა - "მონა ღვთისა, ყრმა ხონთქრისა.. შაჰისა"... ეს იმიტომ, რომ ჩვენს წინაპრებს დამპყრობელი არ გაეღიზიანებინათ... დღევანდელ პოლიტიკაში არც სიბრძნეა, არც ვაჟკაცობა და არც არაფერი! დემეტრე მეფემ ძალიან კარგად იცოდა, თავს რომ მოკვეთდნენ, მაგრამ წავიდა, რადგან ქვეყანას წამიხდენენო... ეს არის ქვეყნის პატრიოტიზმი, სიყვარული და არა ის, რომ მტერი ვლანძღოთ! მას რომ ხონთქარი გაელანძღა და იქ არ წასულიყო, ნახევარ საქართველოს გაწყვეტდნენ!
დღეს ვერც გავიგე, რას ნიშნავს პოლიტიკოსობა! რასაც ვხედავ, ეკონომიკურად მომგებიანი საქმეა! ის ადამიანები, რომლებიც გუშინ ქუჩაში დარბოდნენ და "საქართველოს" ყვიროდნენ, არც განათლება აქვთ, არანაირი დამსახურება და ამბობენ, პოლიტიკოსები ვართო... მე უნდა ვიყო ქვეყნის სათავეში და ქვეყანა ვმართოო... სანამ დაგვღუპავენ, სათქმელი ხმამაღლა უნდა ვთქვათ! არ შეიძლება ასეთ ხალხს ოპოზიცია დაარქვა! მაგათი ქცევა ოპოზიციონერობანა კი არა, ქვეყნის მტრობაა! უცხოეთში შენს ქვეყანას რომ აგინებ და ყველას ეუბნები, ნუ ჩამოხვალთ, ნუ ჩადებთ ინვესტიციას, იქ ხალხს ხოცავენ, აუპატიურებენო, რა უბედურებაა ეს?! ეს არის სამშობლოს სიყვარული?!
არიან სპეციალისტები - პოლიტოლოგები, ეკონომისტები, ასე შემდეგ, ისინი უნდა დასხდნენ, მოილაპარაკონ და ხალხს ნუ გვამყოფებენ უხერხულ მდგომარეობაში! ერთი რამ უნდა ვიცოდეთ - არავინ არის იმდენად შენი მეგობარი, ძმა და მოსიყვარულე, რომ შენ გამო თავი მოიკლას! თუ სარგებელი არ აქვს, არავის უნდიხარ! შენ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა და მოყვარე! პატივი კი ყველას უნდა სცე - ამერიკასთანაც მინდა მეგობრობა, რუსეთთანაც, აფრიკასთანაც და ყველასთან! რუსეთს რომ აგინებ, ჯერ ის მითხარი, რა მოგვცა რუსეთთან ურთიერთობამ და რა დაგვაკარგვინა... აი, მერე, რაღაცას გავიგებთ მეც და ჩემნაირი გაუნათლებელი ხალხი! აბა, პოლიტიკასა და ისტორიაშიც ბევრი რამ არ ვიცი. ხანდახან რომ ჩავიხედავ, სხვანაირი შეხედულება მიჩნდება... ახლა მეუბნებიან, წარსულს, ილია ჭავჭავაძეს ნუ უჯერებ, დღევანდელ ოპოზიციას დაუჯერეო და... არ გამოვა ასე!
(სპეციალურად საიტისთვის)