"ცოლად ისე გავყევი, ნანახიც არ მყავდა. ერთმანეთი არ გვიყვარდა, გარიგებით გავთხოვდი"
"საკუთარი სახლი ყველას გვენატრება, მაგრამ აქ საოცრად თბილი გარემოა"
ჯვრისწერა მოხუცთა თავშესაფარში
მერი წამალაშვილი და გურამ ჩოქური მოხუცთა თავშესაფარ "ბარბარეს" მაცხოვრებლები არიან. ჩვენი ყურადღება მათმა ქორწინებამ მიიქცია და გადავწყვიტეთ, მათი სიყვარულის ამბავი მოგვესმინა.
შეუძლებელია, უყურო მათ და არ გაგიჩნდეს სურვილი, ამ ასაკში მათსავით გიყვარდეს. წყვილის ურთიერთობა წლებს ითვლის, თუმცა თავს იწონებენ, რომ ეს დრო ისე გალიეს, ერთხელაც არ უკამათიათ. ერთმანეთზე დიდი სიყვარულით საუბრობენ და ახალგაზრდებს რჩევებსაც აძლევენ.
გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:
"ცოლად ისე გავყევი, ნანახიც არ მყავდა. ერთმანეთი არ გვიყვარდა, გარიგებით გავთხოვდი, 8 წელი გვირიგებდნენ ერთმანეთს და არ მივყვებოდი, უარზე ვიყავი. მრცხვენოდა, 33 წლისა გახლდით. ვფიქრობდი, რომ ჩემი გათხოვება უკვე გვიანი იყო. შემდეგ ნათესავებისა და ახლობლების დაჟინებული თხოვნით, ვინმეს რამე რომ არ ეთქვა ჩემზე, გავყევი..."
"ერთმანეთის გარეშე არაფერს ვჭამთ, არაფერს ვაკეთებთ. ერთმანეთის კარგად ყოფნაა ჩვენი ცხოვრების მთავარი მიზანი. ერთი კანფეტი რომ გვქონდეს, შუაზე გავყოფთ და ისე შევჭამთ.
მახსოვს, ერთხელ მაყვლის საჭმელად ტყეში წავედი მეზობელ ქალებთან ერთად. მათ დაკრიფეს და იქვე ჭამეს, მე მუჭში შევაგროვე. გაოცდნენ, რატომ არ ჭამო? სახლში წავიღებ, მე და გურამი ერთად შევჭამთ-მეთქი, ვუთხარი..."
"პირველი ნახვისთანავე მომეწონა, ისეთი ლამაზი იყო. მომთმენი, ყოველთვის გვერდით მედგა, შრომა არ ეზარებოდა. სოფლის მეურნეობა გვქონდა და ის ჩემთან ერთად დაუზარელად შრომობდა. ეს არის მთავარი, ცოლი ქმარს გვერდში უნდა ედგეს, როგორც კარგი მეგობარი. ერთმანეთის დასაყრდენები უნდა იყვნენ..."
სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 3 თებერვლის ნომერში წაიკითხავთ.
ფიქრია რობაქიძე