"მამა, არ დანებდე! იბრძოლე" - როგორია თამაზ მეჭიაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა?
"მამა, არ დანებდე! იბრძოლე", - ეს სტატუსი ცოტა ხნის წინ პოლიტიკოს თამაზ მეჭიაურის ვაჟმა - ზაზა მეჭიაურმა დადო და უკვე უამრავი გამოხმაურება აქვს. ბატონ თამაზს ყველა გამოჯანმრთელებას უსურვებს. ყოფილი პარლამენტარი, თიანეთის ყოფილი მერი, თამაზ მეჭიაური თბილისში კლინიკაშია გადმოყვანილი და ექიმები მის გადასარჩენად ყველაფერს აკეთებენ.
რამდენიმე დღის წინ, 27 იანვარს, ბატონმა თამაზმა სოციალურ ქსელში თავად დადო სტატუსი და საზოგადოებას აცნობა, რომ კოვიდი დაუდასტურდა - "კოვიდს ვერც მე გადავურჩი, დღეს დამიდასტურდა... საკონტაქტო პირებს გთხოვთ გაიაროთ ტესტირება...
პ.ს. ტანკისტობამ ვერ მიშველა, საავადმყოფოში გადამიყვანეს...", - წერდა ბატონი თამაზი.
როგორც ირკვევა, კლინიკაში მისი მდგომარეობა დამძიმდა. მისი მეგობრებიც ღელავენ...
"თბილისშია გადაყვანილი, ახლა მეზობელს ველაპარაკე და მითხრა, დამძიმდაო. ძალიან ვღელავ და მინდა მალე გამოჯანმრთელდეს. როგორც ვიცი, მიხა ხელაშვილის დაბადების დღე აღნიშნეს და იქ იყო ბატონი თამაზი და იქიდან წამოსულს სავარაუდოდ "ომიკრონი" შეხვდა. მერის მოვალეობის შემსრულებელ გია ბერბერაშვილისთვის დაურეკავს, რაღაც ვერ ვარ კარგად, მამცივნებს და რომ გამოვჯანმრთელდები, მერე შევხვდეთო. გიასაც კოვიდი აქვს. თამაზს ეტყობა გაურთულდა. არ ვიცი. ახლა ვნახე მისი შვილის სტატუსი, რომ წერს, მამა გაუძელიო და ძალიან ვნერვიულობ. ძალიან მინდა გამოჯანმრთელდეს. ძალიან ახლოს ვართ ერთმანეთთან, ჩვენ მეგობრები ვართ და ძალიან ვღელავ.
თამაზს დედა ვერ ჰყავდა კარგად, ფეხი ჰქონდა მოტეხილი და იმაზე ნერვიულობდა ძალიან. მისი დაინფიცირების ამბავი მეც ახლა გავიგე. როგორც ვიცი, აცრილი არ იყო. ძალიან მინდა კარგად იყოს", - აღნიშნა თამაზ მეჭიაურის მეგობარმა თამაზ ჯანგირაშვილმა "კვირის პალიტრასთან" საუბრისას.
თამაზ მეჭიაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს ყოფილი დეპუტატი - ემზარ კვიციანიც:
"ფილტვების დაზიანების 4%-ით შევიდა 2-3 დღეში უკეთ იყო ველაპარაკებოდი ვაცაპის ლაივით, გუშინწინ დილის 9 - ზე რო დავურეკე, ცუდად იყო და მითხრა, ძლივს გავათენე ღამეო, მეთქი ექიმები სად იყვნენ და გადააგდო გვერდზე თავი, ძალიან უიმედოდ.
გუშინ კატე გადაუღეს უკვე 18-ზე გაიზარდა დაზიანება ფილტვების, დღეს უკვე 85%, ხალხნო, ესაა მკურნალობა!".
ბატონ თამაზ მეჭიაურს "კვირის პალიტრა" გამოჯანმრთელებას უსურვებს!
(სპეციალურად საიტისთვის)