სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება - კვირის პალიტრა

სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ეხება, სასამართლო პროცესი 4 თებერვალს გაიმართება.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:0 საათზეა დანიშნული.

სასამართლო პროცესს სავარაუდოდ, დაესწრება ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი. პარალელურად კი, სასამართლოს ეზოში ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერი აქციაა დაანონსებული.

ხვალინდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ, პროკურატურა სასამართლოში რამდენიმე მოწმეს წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოს სანაცვლოდ შეეცვალათ.

"ინტერპრესიუსი"