"მწერალმა ქალი ოჯახიდან გაუშვა, თუმცა ეს ამბავი ასე მარტივად არ დამთავრებულა - კონსტანტინე ცეკაში დაიბარეს" - კვირის პალიტრა

"მწერალმა ქალი ოჯახიდან გაუშვა, თუმცა ეს ამბავი ასე მარტივად არ დამთავრებულა - კონსტანტინე ცეკაში დაიბარეს"

თეატრმცოდნე, ტელეწამყვანი ნიკა წულუკიძე "ფეისბუქზე" ხშირად აქვეყნებს ცნობილი ადამიანების, კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენელთა ფოტოებს და მათ გარკვეულ საინტერესო ამბებსაც ურთავს ხოლმე. მისი ერთ-ერთი ასეთი პოსტი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ, ეხება უმშვენიერეს ქალბატონს - მეგი წულუკიძეს:

"მეგი წულუკიძე მსახიობი არ ყოფილა. უბრალოდ, ახალგაზრდა, ლამაზი ქალი გახლდათ, რომელმაც კონსტანტინე გამსახურდია ისე მოხიბლა, რომ მასზე დაქორწინება გადაწყვიტა. ამ დროისთვის მწერალი რეგისტრირებულ ქორწინებაში იყო მირანდასთან, ამიტომ მეგისთან ჯვარი დაიწერა.

ჯვრისწერა, რომელსაც ესწრებოდნენ შალვა ნუცუბიძე, ალექსანდრე აბაშელი, პაატა გუგუშვილი და მეგის ნათესავები, სიონში შედგა. კონსტანტინეს მეჯვარე ცნობილი ლიტერატორი აკაკი გაწერელია იყო. ჯვრისწერის შემდეგ კონსტანტინეს სახლში სუფრა გაიშალა. სუფრის გაძღოლა შალვა ნუცუბიძემ ითავა.

იმ დროისთვის, კონსტანტინესთან სახლში ცხოვრობდა მისი უფროსი ქალიშვილი ნათელა, რომელსაც მწერალმა სთხოვა, რამდენიმე დღით ახალშერთულ ცოლთან მარტო დაეტოვებინა. რამდენიმე დღის შემდეგ კონსტანტინემ ნათელას დაურეკა და სახლში დაბრუნება სთხოვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ კონსტანტინესა და მეგის შორის რაღაც კონფლიქტი მოხდა და მწერალმა ქალი ოჯახიდან გაუშვა, თუმცა ეს ამბავი ასე მარტივად არ დამთავრებულა, - კონსტანტინე ცეკაში დაიბარეს.

მოგეხსენებათ, მაშინ ჯვრისწერა რას ნიშნავდა, მაგრამ კონსტანტინემ გამოსავალი იპოვა: "დავით აღმაშენებელში" ჯვრისწერის სცენა მაქვს აღსაწერი და უფრო რეალისტური რომ გამომსვლოდა, ამიტომ გავაკეთე, თორემ ის ქალი უკვე გავუშვი სახლიდანო". კომუნისტების დროს, რეალიზმი ძალიან ფასობდა, ამიტომ მოეწონათ, რომ მწერალი რეალისტურად აღწერდა ვითარებას და კონსტანტინეს თავი დაანებეს.

მოგვიანებით, მეგი წულუკიძე ცნობილი ქართველი კინორეჟისორის - სიკო დოლიძის ცოლი გახდა.

კონსტანტინე ხშირად აკრიტიკებდა რეჟისორებს იმის გამო, რომ მის რომანებზე ფილმებს არ იღებდნენ. ერთხელ, საჯაროდ და დაუნდობლად გააკრიტიკა სიკო დოლიძე. რეჟისორმა აღშფოთება ვერ დამალა - რას მერჩის ეს კაციო? მეგი, მეგი წულუკიძეო, - დაიძახა ვიღაცამ დარბაზიდან და ყველას გაახსენდა უცნაური ქორწინება, რომელიც წლების წინათ შედგა..."