"საქართველოს მესამე პრეზიდენტს უნდა, რომ მოვინახულო ხოლმე, ხელისუფლება არ მზღუდავს, ამიტომ..." - კვირის პალიტრა

"საქართველოს მესამე პრეზიდენტს უნდა, რომ მოვინახულო ხოლმე, ხელისუფლება არ მზღუდავს, ამიტომ..."

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი იმ გამონაკლის სასულიერო პირებს­ შორის არის, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი ციხეში რამდენჯერმე მოინახულა და აზიარა­ კიდეც. სააკაშვილის გათავისუფლების­ პეტიციასაც მიაწერა ხელი და ცოტა ხნის წინ ხელისუფლებას ქვეყნის მესამე პრეზიდენტის შინაპატიმრობაში გადაყვანაც შესთავაზა, რისთვისაც მზად არის, თავის ეპარქიაში სივრცე გამოყოს. "თანახმა­ ვარ, ვითანამშრომლო ხელისუფლებასთან და თუ სხვა გამოსავალი­ არ არსებობს, ჩემს ეპარქიაში გამოუყო სივრცე,­ რომელსაც, რა თქმა უნდა, ხელისუფლება გააკონტროლებს­. მგონი ძალიან ბევრი პრობლემა მოიხსნება იმით, რომ ის შინაპატიმრობაში გადმოიყვანონ მთელი სიმკაცრით". სააკაშვილმა­ მეუფე ნიკოლოზს მადლობა გადაუხადა შინაპატიმრობის ინიცირებისთვის, თუმცა აღნიშნა, რომ მისთვის ნებისმიერი სახის პატიმრობა მიუღებელია...

"კვირის პალიტრამ" რამდენიმე კითხვით მიმართა მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილს. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- ხელისუფლება ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში კომფორტულ პირობებშია, ოპოზიცია კი საპირისპიროს ამტკიცებს, თქვენ ციხეში სხვა პატიმრებსაც ხვდებით, განსხვავდება თუ არა მისი პირობები­ სხვა პატიმრების პირობებისგან?

- მე პატიმრებს პაემნებისთვის განკუ­თვნილ ოთახში ვხვდები, ამიტომ პირობების შესახებ დაბეჯითებით ვერაფერს ვიტყვი­. მიხეილ სააკაშვილს ჩემთვის რაიმეს საჭიროების თხოვნით არ მოუმართავს.

- როგორია საპატრიარქოს პოზიცია ციხეში თქვენს ხშირ ვიზიტებზე?

- სახარებაში უფალი ხორციელი მოწ­ყალების ერთ-ერთ საქმედ პატიმრის მონახულებას გვისახელებს. საქართველოს მესამე პრეზიდენტს უნდა რომ მოვინახულო ხოლმე, ხელისუფლება არ მზღუდავს და ამიტომ, ჩემი მრწამსიდან გამომდინარე, მისი მონახულება საპყრობილეში ჩემი პირდაპირი მოვალეობაა...

- შინაპატიმრობის საკითხზე წინასწარ ხომ არ გქონიათ საუბარი პატრიარქთან, ან იყო თუ არა ეს ინიციატივა შეთანხმებული საპატრიარქოსთან?

- ეს იყო ჩემი ინიციატივა და საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა.

- სააკაშვილი დამნაშავედ მიგაჩნიათ?

- ეს სასამართლომ უნდა დაადგინოს.

- უნდა გასამართლდეს თუ არა ის?

- უნდა გასამართ­ლ­დეს შესაბამისი წესების დაცვით.

- გრძნობს თუ არა თავს დამნაშავედ, თუნდაც რომელიმე ბრალდებაში?

- ამ კითხვაზე პასუხი თავად მან უნდა გასცეს...

- წინა ხელისუფლების დროს დაზარალე­ბული უამ­რ­ავი ადამიანი ითხოვს მის უმკაცრესად დასჯას, რას ეტყოდით ამ ადამიანებს...

- ადამიანის დასჯა შეიძლება მხოლოდ წაყე­ნებული და დასაბუთებული ბრალის მიხედვით. თუ დაზარალებულ ადამიანებს პასუხი უნდა გაეცეს, ეს უნდა შეეხოს ყველა დაზარალებულს, კომუნისტური რეჟიმიდან მოყოლებული დღემდე.

- სააკაშვილი პოლიტპატიმარია?

- პოლიტპატიმარი პოლიტიკური ტე­რ­მინია და გასაგებად უნდა განიმარტოს, რაც ჩემს კომპეტენციას სცილდება.

- ვხედავთ, როგორი დაპირისპირებულია ხელისუფლება და ოპოზიცია. თქვენ, მაღალი­ იერარქიის სასულიერო პირი, რა რჩევებს მისცემდით მათ?

- ეს რჩევა უკვე ყველას მივეცი: დიდი მარხვის დაწყების წინა კვირა გამოცხადდეს სინანულის დღედ, ყველა მოქალაქემ გამოხატოს სინანული პირადი შეცდომების გამო და ქვეყანა ძალიან სწრაფად განვითარდება. იხილეთ სრული ინტერვიუ