"მსახიობს უამრავი ლამაზი ქალი ეტრფოდა, თუმცა ის მუდამ მეუღლის, ნინას ერთგული იყო" - ლეონიდ კურავლიოვის ცხოვრება და აღსასრული... - კვირის პალიტრა

"მსახიობს უამრავი ლამაზი ქალი ეტრფოდა, თუმცა ის მუდამ მეუღლის, ნინას ერთგული იყო" - ლეონიდ კურავლიოვის ცხოვრება და აღსასრული...

რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, მოსკოვში 85 წლის ასაკში საბჭოთა და რუსული კინოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობი, ლეონიდ კურავლიოვი გარდაიცვალა. სახალხო არტისტის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის, თუმცა სააგენტოების ინფორმაციით, მსახიობი 10 იანვარს საავადმყოფოში პნევმონიის დიაგნოზით გადაიყვანეს.

კურავლიოვის მონაწილეობით გადაღებული ფილმები პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ახლაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. მან 200-ზე მეტ ფილმსა და სერიალში ითამაშა. მსახიობის ყველაზე ცნობილ ნამუშევრებს შორისაა სანტექნიკოსი აფანასი ბორშჩოვი კომედიაში "აფონია", ჟორჟ მილოსლავსკი კომედიაში "ივან ვასილის ძე იცვლის პროფესიას", შურა ბალაგანოვი ილფი და პეტროვის რომანის - "ოქროს კერპის" ეკრანიზაციაში და მრავალი სხვა. მისი პერსონაჟის ციტატები კი მაყურებელს დღესაც ზეპირად ახსოვს.

„ადამიანები ქუჩაში შეხვედრისას სულ მეუბნებოდნენ, როცა სახლში და სამსახურში საქმე კარგად ვერ მიდის, ჩართავ ტელევიზორს, შეხედავ ივან ვასილევიჩს და ცხოვრება ისევ მშვენიერია“, - გაიხსენა მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

ბავშვობა და ოჯახი

ლეონიდ კურავლიოვი 1936 წელს 8 ოქტომბერს მოსკოვში დაიბადა. ის საკმაოდ ღარიბ ოჯახში იზრდებოდა. მომავალი მსახიობის მამა საავიაციო ქარხანაში მუშაობდა და ასე არჩენდა ოჯახს.

photo-386234-1644005695.png

ომის დაწყების შემდეგ მსახიობის დედა - ვალენტინა დიმიტრის ასული რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა, ის ვიღაცამ დაასმინა, შუაღამისას დააკავეს და, კონტრრევოლუციური საქმიანობის ბრალდებით, ყაზახეთში გადაასახლეს. ყაზახეთში მსახიობის დედა რამდენიმე წელი მეტალურგიულ ქარხანაში მუშაობდა.

1948 წელს ვალენტინა დიმიტის ასულმა მოახერხა და მოიპოვა ნებართვა, რომლის მიხედვითაც, უფლება ჰქონდა, ვაჟთან ერთად ეცხოვრა. იგი მურმანსკის ოლქის ერთ-ერთ სოფელში დასახლდა. 1951 წელს მსახიობის დედას უფლება მისცეს, მოსკოვში დაბრუნებულიყო და ოჯახი ამის შემდეგ ისევ ერთად ცხოვრობდა.

როგორც ცნობილია, კურავლიოვს სწავლა არ უყვარდა და ტექნიკურ საგნებში ცუდი ნიშნები ჰყავდა. ერთხელაც ნათესავმა ურჩია, რუსეთის კინემატოგრაფიულ ინსტიტუტში ჩაებარებინა და იქ მათემატიკას არავინ მოსთხოვდა. 1953 წელს კურავლიოვმა სკოლა დაამთავრა და მართლაც სცადა ინსტიტუტში ჩაბარება, თუმცა გამოცდების მესამე ტურში ჩაიჭრა.

leonid-1643968704.jpg

გამოცდაში ჩაჭრის შემდეგ კურავლიოვთან კომისიის ერთ-ერთი წევრი მისულა და უთხრა: „მომავალ წელს კიდევ სცადეთ, ვგრძნობ, რომ თქვენში რაღაც განსხვავებული ნიჭია“. იმ პერიოდში ახალგაზრდა კურავლიოვის აზრს ოჯახის წევრები არ იზიარებდნენ, მათ უფრო, რომ მნიშვნელოვანი საზრუნავი ჰქონდათ - როგორ გამოეკვებათ ოჯახი. მომდევნო წელს კურავლიოვმა ისევ სცადა ბედი და ინსტიტუტშიც ჩააბარა, მისი კურატორი ბორის ბიბიკოვი იყო. როგორც ამბობენ, კურავლიოვი საუკეთესო სტუდენტთა სიაში ვერ ირიცხებოდა და სუსტი სტუდენტი იყო.

ახალგაზრდა მსახიობმა მესამე კურსზე ერთ-ერთი პიესის ნაწყვეტი შეასრულა, რითაც ყველა გააოცა. ამ ტრიუმფს შეესწრნენ ანდრეი ტარკოვსკი და იმ პერიოდში ჯერ კიდევ დამწყები რეჟისორი - ალექსანდრე გორდონი. მათ მოეწონათ კურავლიოვის შესრულება და სადიპლომო ნაშრომის გადაღებაზე მიიწვიეს, სწორედ აქ შეასრულა კურავლიოვმა სადებიუტო როლი.

leonid2-1643968704.jpg

საბჭოთა კავშირის ცნობილ მსახიობს უამრავი ლამაზი ქალი ეტრფოდა, თუმცა ის მუდამ მეუღლის, ნინას ერთგული იყო. მათი ქორწინება 60 წელს გაგრძელდა.

ერთხელ 16 წლის კურავლიოვმა ყინულის მოედანზე პატარა, გამხდარი გოგონა დაინახა, რომელიც თავისთვის სრიალებდა და ყურაღებას არავის აქცევდა. მოგვიანებით მან გაიგო, რომ ეს ლამაზი გოგონა მასზე 2 წლით უმცროსი იყო. ნინა მაშინ მეშვიდე კლასში სწავლობდა.

არც ინსტიტუტში სწავლისას და არც მაშინ, როცა კურავლიოვი დიდი პოპულარობით სარგებლობდა, მსახიობს მისი სიყვარულისთვის არ უღალატია.

"რატომ? გვერდით მყავს ქალი, რომელიც ძალიან მიყვარს“, - განაცხადა ერთხელ მსახიობმა. ამ სიყვარულს ნინაც დიდი მოთმინებითა და ერთგულებით პასუხობდა და არც ერთ სკანდალს არ აქცევდა ყურადღებას.

leonidnina-1643968704.jpeg
16 წლის კურავლიოვმა ყინულის მოედანზე პატარა, გამხდარი გოგონა დაინახა, რომელიც თავისთვის სრიალებდა და ყურაღებას არავის აქცევდა

ნინა მუდამ მეუღლის გვერდით იყო. თავდაპირველად ის მასწავლებლად, შემდეგ კი - სკოლის დირექტორად.

ცნობილ მსახიობს არ უყვარდა ღონისძიებებსა და წვეულებებზე დასწრება. ოჯახში, მეუღლესთან და ქალიშვილთან - ეკატერინესთან ერთად ყოფნა ერჩივნა. ეკატერინემ შემდეგ მამის გზა აირჩია და ისიც მსახიობი გახდა. კურავლიოვსა და ნინას მოგვიანებით კიდევ ერთი შვილი, ვასილი შეეძინათ.

სიკვდილის გარდა ცოლ-ქმრის დაშორება ვერაფერმა შეძლო. 2010 წელს ნინა უეცრად ცუდად გახდა. როგორც აღმოჩნდა, მან ორი ინფარქტი "ფეხზე გადაეტანა". ექიმებმა ორი ოპერაცია დაუნიშნეს, თუმცა ვერც ამან უშველა. ნინა 2012 წლის 5 აპრილს გარდაიცვალა.

მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ლეონიდ კურავლიოვი თითქმის არც ერთ კინოროლს არ თანხმდებოდა. 2020 წლის ზაფხულში მსახიობმა ყველა გააოცა, როცა სასაფლაოზე მეუღლის გვერდით საფლავი გაიმზადა, როგორც ჩანს, ის ნინას გარდაცვალებას ვერაფრით შეეგუა.

2022 წლის 5 იანვარს ცნობილი რუსი მსახიობი მოხუცთა თავშესაფრიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ცნობილია, მსახიობი მისმა ნათესავებმა მოხუცთა თავშესაფარში რამდენიმე თვით ადრე წაიყვანეს. თავიდან ამბობდნენ, რომ კურავლიოვს კორონავირუსი ჰქონდა, თუმცა მისმა ვაჟმა განაცხადა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა. 12 იანვარს მსახიობი ისევ ცუდად გახდა, მას ოპერაცია გაუკეთეს. "ის სიკვდილ-სიცოცხლეს შორისაა“, - ამბობდნენ ექიმები. 22 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ლეონიდ კურავლიოვი საავადმყოფოდან ჰოსპისში გადაიყვანეს. მსახიობი 30 იანვარს გარდაიცვალა.

(სპეციალურად საიტისთვის)