"რუსეთსა და ჩინეთს შორის მეგობრობას საზღვრები არ აქვს"
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელიც ჩინეთში ვიზიტით იმყოფება, ჩინელ კოლეგას, სი ძინპინს შეხვდა. რუსული მედიის ინფორმაციით, თავდაპირველად მოლაპარაკებები რუსეთისა და ჩინეთის დელეგაციების წევრების მონაწილეობით გაიმართა, რის შემდეგაც ვლადიმერ პუტინმა და სი ძინპინმა პირისპირ შეხვედრა გამართეს. მოლაპარაკებების შედეგად ხელი მოეწერა ერთობლივ დოკუმენტთა პაკეტს.
ამასთან, ვლადიმერ პუტინიმა და სი ძინპინმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის „მეგობრობას საზღვრები არ აქვს.“
„არ არსებობს აკრძალული ზონები თანამშრომლობაში, ორმხრივი სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერება მესამე ქვეყნების წინააღმდეგ არ არის მიმართული,“- აღნიშნულია განცხადებაში.
ერთობლივ განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ მხარეები ეწინააღმდეგებიან ნატო-ს შემდგომ გაფართოებას და მოუწოდებენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, უარი თქვას ცივი ომის იდეოლოგიზებულ მიდგომებზე.
„მხარეები მოუწოდებენ ალიანსს, პატივი სცეს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს, უსაფრთხოებასა და ინტერესებს, მათი ცივილიზაციური, კულტურული და ისტორიული წარმომავლობის მრავალფეროვნებას და გამოიყენოს სამართლიანი და ობიექტური დამოკიდებულება სხვა სახელმწიფოების მშვიდობიანი განვითარების მიმართ. მხარეები ეწინააღმდეგებიან აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში დახურული ბლოკის სტრუქტურებისა და დაპირისპირებული ბანაკების ფორმირებას. რუსეთმა და ჩინეთმა განახორციელეს თანმიმდევრული ძალისხმევა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში სამართლიანი, ღია და ინკლუზიური უსაფრთხოების სისტემის შესაქმნელად, რომელიც არ არის მიმართული მესამე ქვეყნების წინააღმდეგ და ხელს უწყობს მშვიდობას, სტაბილურობას და კეთილდღეობას,“- აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, ერთობლივ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ჩინეთი მხარს უჭერს რუსეთის ფედერაციის მიერ წამოყენებულ წინადადებებს იურიდიულად სავალდებულო უსაფრთხოების გარანტიების შექმნის შესახებ.