ფერმერები მეხორბლეობას უბრუნდებიან - კვირის პალიტრა

ფერმერები მეხორბლეობას უბრუნდებიან

"ხორბლის ნათესების ფართობის გაზრდაში დიდი როლი შეასრულა რუსეთიდან ხორბლის ექსპორტის შეფერხებამ. რუსეთმა ჯერ ხორბალი შეგვიწყვიტა, მომავალში კი, არ არის გამორიცხული, ფქვილიც შეგვიწყვიტოს. ამ ფონზე ქართული ხორბლის ფასმა ისე აიწია, რომ ფერმერმა მეტი ხორბლის დათესვა გადაწყვიტა“

ჩვენს ქვეყანაში ხორბლის კულტურის მნიშვნელობისა და ქართული ხორბლის უნიკალური ჯიშების შესახებ კარგად იციან, თუმცა ავად სახსენებელ 90-იანებში ამან ხელი ვერ შეგვიშალა, გვქონოდა ხორბლის დეფიციტი და რუსეთიდან შემოზიდული საფურაჟე ხორბლის პური გვეჭამა. სამწუხაროდ, ეს ცოდნა არც დღეს გვშველის, როდესაც რუსეთმა ხორბლის იმპორტი გააძვირა და მის ნაცვლად ფქვილი შემოდის. სავარაუდოდ, რუსეთიდან ხორბლის იმპორტის შეწყვეტა კვლავ გამოიწვევს პურის გაძვირებას. ცუდია ისიც, რომ წისქვილკომბინატებში დასაქმებულთა დიდი ნაწილი უმუშევარი რჩება - წისქვილების მეპატრონეებმა განაცხადეს, რომ ხორბლის იმპორტის შეწყვეტის გამო ისინი მუშახელის დასაქმებას ვეღარ შეძლებენ.

არადა, საქართველოში, მეხორბლეობის ერთ-ერთ უპირველეს სამშობლოში, ქვეყნისთვის საკმარისი ხორბლის მოყვანა შეგვიძლია. სამწუხაროდ, სახნავ-სათესები დაუმუშავებელი და მეტიც, გატყიურებული გვაქვს, თუმცა ზოგი ჭირი ხომ მარგებელია და ზაფხულში, როცა ხორბლის იმპორტი გაგვიძვირდა და პურის ფასმაც მოიმატა, საქართველოს მეხორბლეობის რეგიონებში დაფიქრდნენ და ხორბლის დათესვა გადაწყვიტეს. ჩვენში ყველაზე მეტი ხორბალი საგარეჯოს, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, გორის, ხაშურისა და ქარელის რაიონებში მოდის და სწორედ ამ რაიონების მემარცვლეობაში მნიშვნელოვნად მოიმატა ხორბლის წილმა.

საინტერესოა, რა ხდება იმ რაიონებში, რომლებიც, ტრადიციულად, მეხორბლეობის კერებად არ ითვლებოდა. მაგალითად, ლაგოდეხში, ტრადიციულად უფრო სიმინდს თესავდნენ, ვიდრე ხორბალს, რომელიც ცოტა და, ძირითადად, საფურაჟედ ითესებოდა, წლეულს კი აღმოჩნდა, რომ ლაგოდეხში ხორბლის ნათესებმა 30%-ით მოიმატა.

მეხორბლეობის შესახებ გვესაუბრება სოფლის განვითარების სააგენტოს ლაგოდეხის სამეცნიერო-საკონსულტაციო ცენტრის წამყვანი სპეციალისტი გიორგი გოგრიჭიანი.

- ხორბლის ნათესებმა წლეულს მთელ საქართველოში მოიმატა, მათ შორის - ლაგოდეხშიც, რაც მისასალმებელია, თუმცა მახსოვს მეხორბლეთა წუხილი, როდესაც მათ საქართველოში მოყვანილი ხორბალი უფუჭდებოდათ და ვერ ყიდდნენ. იგივე საშიშროება ხომ არ გვემუქრება?

- ხორბლის ჩაწოლას თუ ნათესების მომატებას ბაზრის მოთხოვნა განაპირობებს. წლების წინ მართლაც უამრავი შემთხვევა იყო, როდესაც ხალხს გარჯითა და ოფლით მოყვანილი ხორბალი დაულპა და ან საერთოდ ვეღარ გაყიდა, ან წაგებით გაყიდა, ეს ყველაფერი კი ბიზნესმა გადაწყვიტა, რადგან მან უფრო იაფი ხორბალი მოძებნა. მაშინ ხორბალი იაფი იყო მთელ მსოფლიოში, მათ შორის - რუსულ ბაზარზეც, საიდანაც შემოიტანეს კიდეც და ნაკლებიც გადაიხადეს, ვიდრე ქართული ხორბლის შესაძენად გადაიხდიდნენ. ბიზნესისთვის ამგვარი არჩევანი შესაძლოა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად ჩაითვალოს, თუმცა ამ ტენდენციამ ჩვენს მეხორბლეებს იმედი გადაუწურა და მომდევნო წელიწადს უკვე ხორბალი კი აღარ დათესეს, არამედ სხვა მარცვლეული, რომელიც საფურაჟედ გამოიყენეს და რეალიზაცია არ გასჭირვებიათ.

- საინტერესოა, რა პირობებმა გამოიწვია ჩვენი ხორბლის მაღალი ღირებულება. ეს, ალბათ, უმეტესად მოვლა-მოყვანის ხარჯები იყო.

- ჩვენი ფერმერი თუ გლეხი ხორბლის მოწევაში გაცილებით მეტ შრომას და მეტ სახსრებს ხარჯავს, ვიდრე რუსეთის ტრამალებზე მოყვანილი ხორბლისთვის იხარჯება. იქ ეს საქმე აწყობილია, ჩვენ კი განადგურებული მეხორბლეობის აღდგენა ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ დავიწყეთ და დღესაც ბევრი პრობლემა გვაქვს, ამიტომ ჩვენი ხორბლის თვითღირებულება, ცხადია, გაცილებით მეტი იყო, ვიდრე რუსული ხორბლისა.

საქართველო ტრადიციული მეხორბლეობის ქვეყანაა და, ცხადია, ისე არ უნდა გვქონდეს საქმე, რომ რუსული იმპორტის შეწყვეტის გამო ვფრთხებოდეთ. რუსეთიდან ხორბლის ტრანსპორტირებაც იაფი ჯდება და ხორბლის იმპორტიც ამან განაპირობა. ეს ქვეყანა ჩვენი მტერია და კარგად ვიცით, რომ ნებისმიერ შესაძლო მომენტში გვიღალატებს, ამიტომ ჩვენს თავს თვითონ უნდა მივხედოთ, მით უფრო, როცა საქმე საარსებო ხორბალს ეხება.

- როდესაც რუსეთმა ღვინის ბაზარი გადაგვიკეტა, სხვა ბაზრები მოვძებნეთ და Aახლა საქართველოდან იმდენი ღვინო გადის, რომ ქართველი კაცი ყველგან ვენახის გაშენებას ცდილობს.

- ხორბლის ნათესების ფართობის გაზრდაში მართლაც დიდი როლი შეასრულა რუსეთიდან ხორბლის ექსპორტის შეფერხებამ. რუსეთმა ჯერ ხორბალი შეგვიწყვიტა, მომავალში კი, არ არის გამორიცხული, ფქვილიც შეგვიწყვიტოს. ამ ფონზე ქართული ხორბლის ფასმა ისე აიწია, რომ ფერმერმა მეტი ხორბლის დათესვა გადაწყვიტა, თანაც ისეთისა, რომელსაც ადამიანები მოვიხმართ, თორემ საფურაჟეს აქამდეც ვთესავდით. ლაგოდეხში წლეულს ხორბალი 5 ათას ჰექტარზე დაითესა. ეს არ არის ის მონაცემი, რომელიც ტრადიციულ მეხორბლეობის რეგიონებს გაუტოლდება, მაგრამ ჩვენ ასეთი მაჩვენებელი არასოდეს გვქონია. რაც მთავარია, ფერმერებს მისი გაყიდვა არ გაუჭირდებათ. ამჟამინდელი ხორბლის ფასი მასზე დახარჯულ შრომასა და ენერგიას მეტ-ნაკლებად შეესაბამება.

- საინტერესოა, უფრო მეტი ნათესი რომ გვქონდეს, ხორბლის ასაღები ტექნიკა თუ იქნება საკმარისი? ტექნიკის მოუცლელობის გამო სეზონზე ფერმერებს მისი დაქირავება უჭირთ.

- ეს პრობლემა ლაგოდეხში ნაკლებად იგრძნობა, რადგან ფერმერებმა მასობრივად მიიღეს მონაწილეობა სახელმწიფო პროგრამაში და სიმინდისთვის კომბაინები თანამონაწილეობით შეიძინეს. ეს ტექნიკა ძალზე ძვირია, სამწუხაროდ, წვრილი ფერმერები მის შეძენას ვერ ახერხებენ. მთავარია, ვიშრომოთ და წარმატებული ქვეყანა გავხდეთ. ისრაელის მაგალითს მოვიყვან, მათ სახნავ-სათესი მიწა და ნიადაგი ცოტა აქვს, მაგრამ წყალზე იმდენი პროდუქცია მოჰყავს, რომ სასოფლო პროდუქციის უმეტესობაში თვითკმარია და სხვა ქვეყნებსაც კი ამარაგებენ.