"ოლიმპიადის საოცარი ისტორია: ვანკუვერის ოლიმპიადაზე დაღუპული ქართველი მოციგავის ბიძაშვილი, პეკინის 2022 წლის ოლიმპიადაში მონაწილეობს“ - კვირის პალიტრა

"ოლიმპიადის საოცარი ისტორია: ვანკუვერის ოლიმპიადაზე დაღუპული ქართველი მოციგავის ბიძაშვილი, პეკინის 2022 წლის ოლიმპიადაში მონაწილეობს“

რუსულ სპორტულ გამოცემა "სპორტ-ექსპრეს“-ში (Спорт-Экспресс), პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულია სტატია, სათაურით: "ოლიმპიადის საოცარი ისტორია: ვანკუვერის 2010 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე დაღუპული ქართველი მოციგავის ბიძაშვილი, პეკინის 2022 წლის ოლიმპიადაში მონაწილეობს“ (ავტორი - ვლადიმერ ივანოვი).

გთვაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით.

"ყველას ახსოვს, რომ 2010 წელს ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადა საშინელი ფაქტით დაიწყო: ახალგაზრდა ქართველი მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი უისტლერის ოლიმპიურ ტრასაზე ერთ-ერთი ბოლო საწრთვნელი დაშვებისას ტრაგიკულად დაიღუპა. ეს კოშმარი ოლიმპიური თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე მოხდა... ისე ჩანდა, რომ ამ ძალზე სამწუხარო ისტორიას გაგრძელება აღარ ექნებოდა. მოხდა და მორჩა. ბასტა, როგორც ამბობენ ხოლმე.

გერმანელმა ფელიქს ლოხმა, რომელმაც სპორტის ამ სახეობაში ვანკუვერში გაიმარჯვა, თავისი მედალი ორად გადაადნო და ერთ-ერთზე ნოდარის პორტრეტი აღბეჭდა, ჩაფრინდა საქართველოში და მედალი ქუმარიტაშვილის ოჯახს აჩუქა..

ამ ყველაფერს საბა ქუმარიტაშვილიც უყურებდა, რომელიც ნოდარის ბიძაშვილია. 2010 წელს იგი მხოლოდ 10 წლისა იყო, თუმცა საბამ სწორედ მაშინ გადაწყვიტა, რომ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე გახდებოდა - თავისი მიზნის მისაღწევად და ნოდარის ხსოვნისთვის.

საბა დღეს 21 წლისაა. სწორედ ამ ასაკისა იყო ნოდარი ვანკუვერის ოლიმპიადაზე. საბა ახლა ოლიმპიადაზეა, პეკინში. პირველ საწრთვნელ დაშვებაში იგი მე-17 იყო, გერმანელი ფელიქს ლოხის შემდეგ..

რასაკვირველია, საბა მედლებს ვერ მოიგებს. იგი აშკარად ვერ მოხვდება ტოპ-ათეულშიც, მაგრამ ასეთი ისტორიის ფონზე ეს ხომ წვრილმანია! ბიჭი ქუმარიტაშვილის გვარით მაინც გამოვიდა ოლიმპიურ თამაშებში - ეს გულში ჩამწვდომი მომენტია პეკინის ოლიმპიადისათვის.

ძნელი წარმოსადგენი არაა, თუ რა გრძნობებით მიადევნებს თვალს ამ მოვლენებს საბას ოჯახი. მისი პაპა დიდი ხნის წინ მონაწილეობდა საქართველოში პირველი საციგაო ტრასის დაპროექტებაში, მამამისი კი საქართველოს ეროვნულ ფედერაციას ხელმძღვანელობს.

ტრაგედიის შედეგად განცდილი დიდი ტკივილის მიუხედავად, მათთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველოში საციგაო სპორტი არ გაჩერებულიყო, რაშიც მათ მთელი სული და გული ჩააქსოვეს. ოჯახის წევრები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ კანადის საციგაო ტრასის ინჟინრების ფატალური შეცდომა ყველასათვის შავ ნიშნად არ უნდა ქცეულიყო.

პეკინში საბას მონაწილეობა ძალიან ბევრს ნიშნავს: იმას, რომ საქართველოში საციგაო სპორტი ცოცხლობს; იმას, რომ ნოდარ ქუმარიტაშვილის ოჯახი დიდმა უბედურებამ ვერ გატეხა (მართლაც რა უდრეკი ხალხია!) და რომ სპორტმა გაიმარჯვა.

და როცა საბა სტარტზე გამოვა, მთელი მსოფლიო ნოდარს ისევ გაიხსენებს. შესაძლოა, მხოლოდ ამისთვისაც ღირდა პეკინის ოლიმპიური თამაშების ჩატარება, რომელსაც ბევრი არაერთმნიშვნელოვნად აფასებს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო