"ეს არის 2 ფლიდი ადამიანის ურთიერთობა, რომელიც დღევანდელობას გაგახსენებს"
ნატუკა გულისაშვილი: "ჩემს ცხოვრებაში არის რაღაცები, რაც ძალიან ცოტა ადამიანმა იცის..."
მსახიობი და ტელე-რადიოწამყვანი ნატუკა გულისაშვილისთვის წიგნის კითხვა ერთგვარი რიტუალია, თუმცა არსებობს გარკვეული ჟანრის ნაწარმოებები, რომლებიც არ უყვარს. მიაჩნია, რომ წიგნის კითხვა ვალდებულება არ უნდა იყოს. ასეთ დროს ნაწარმოებების მიმართ ინტერესი უფრო ღვივდება და ადამიანს წიგნების კითხვა უყვარდება...
- თქვენს ცხოვრებაში წიგნს რა ადგილი უკავია?
- რამდენიმე თვეა, რაც წიგნს გემრიელად არ "ჩავჯდომივარ" და საღამო ამისთვის არ მიმიძღვნია. ალბათ, ამ მხრივ, პირველი და უკანასკნელი არ ვარ... ბავშვობიდან წიგნის კითხვის ჩემებური რიტუალი მაქვს, რომელიც ძალიან მომენატრა და ალბათ, ცივ ზამთარში კვლავ დავუბრუნდები.
- ეს რიტუალი როგორია?
- კითხვა ღამით მიყვარს. ძილის წინ ადამიანები ხშირად ტელევიზორს უყურებენ. პირადად მე ვცდილობ, უარყოფითი ემოციებით არ დავიტვირთო თავი, ამიტომ ღამით ტელევიზორს არ ვუყურებ. როცა ლოგინში გემრიელად ჩავწვები, ბალიშზე წიგნი აუცილებლად უნდა მედოს, გვერდით კი - პატარა სანათი. ვკითხულობ და მთლიანად წიგნში აღწერილ სამყაროში ვარ...
- გახსოვთ, წასაკითხად საკუთარი სურვილით პირველად რომელი წიგნი შეარჩიეთ?
- კონკრეტულად, რომელი იყო, არ მახსოვს, რადგან ჩემი ასაკი უკვე ნახევარ საუკუნეს გასცდა, მაგრამ ანე-კატერინე ვესტლის "დედა, მამა, რვა ბავშვი და სატვირთო მანქანა" გონებაში ჩამრჩა. შეიძლება, ეს ჩემ მიერ წაკითხული პირველი წიგნი არ არის, თუმცა ძლიერი შთაბეჭდილება დამიტოვა - არაერთხელ წავიკითხე. ყველაზე საოცარი ის იყო, რომ შემდეგ, როცა ჩემს 5-6 წლის შვილს ამ ნაწარმოებს ვუკითხავდი, მე უფრო მსიამოვნებდა. შინაარსის გარდა, წიგნი ცხოვრების გარკვეულ პერიოდს მახსენებს ხოლმე: კარგს, ცუდს, რომანტიკულს... ეს წიგნი ბავშვურ წლებს მაგონებს.
- რომანტიკულ პერიოდს რომელი წიგნი გახსენებთ?
- "ქარწაღებულნი" და "ჯეინ ეარი". როცა თეატრალურ უნივერსიტეტში ვაბარებდით, მაშინ კლასიკური ლიტერატურის წაკითხვა სავალდებულო იყო. დაახლოებით მეორე კურსზე ვიყავი, როცა "ქარწაღებულნი", ასე ვთქვათ, სხვა დატვირთვით წავიკითხე. მაშინ "სიყვარულობანას" ვთამაშობდით (იღიმის)... რატომღაც, ჩემი თაობის ბავშვებს ჰარიეტ ბიჩერ სტოუს "ბიძია ტომის ქოხი" წაკითხული უნდა ჰქონოდათ. როცა ეს წიგნი წავიკითხე, უცებ ისეთი "მძიმე" მომეჩვენა, ნაწარმოებში ისეთი მტკივნეული სიტუაციაა აღწერილი, რომ სურვილი გამიჩნდა, წიგნები საერთოდ აღარ წამეკითხა. ადამიანი საერთოდ არ ხარ ვალდებული, "ბიძია ტომის ქოხი" აუცილებლად წაკითხული გქონდეს, მით უმეტეს - მოზარდობის ასაკში. თითქოს ადამიანები ამით "მარიაჟობენ", რომ პატარა ასაკში, მაგალითად, სტენდალის ნაწარმოები აქვთ წაკითხული. მიმაჩნია, რომ ეს არასწორია, რადგან ყველა წიგნი შესაბამის ასაკში უნდა წაიკითხო, რათა ზუსტად ის მიიღო, რაც კონკრეტულმა ნაწარმოებმა უნდა მოგცეს. მგონი, დღესდღეობით ეს პრობლემა აღარ არის: ბევრი ლიტერატურული ნაწარმოებია ნათარგმნი, უამრავი ელექტრონული წიგნი არსებობს, რომლებსაც პირადად მე, ვერაფრით ვკითხულობ. ვერც აუდიოწიგნებს ვუსმენ, რადგან ჩემთვის წიგნი, მისი სურნელი, სანიშნი ერთგვარი ტრადიციაა.
- თუ არსებობს წიგნი, რომელიც მოგვიანებით გადაიკითხეთ და სხვაგვარად აღიქვით?
- როდესაც თეატრალურ უნივერსიტეტში ვაბარებდი, ილია ჭავჭავაძის "ბედნიერ ერს" ვკითხულობდი. როცა ამ ნაწარმოებს დღეს ვკითხულობ, ვხვდები, დღევანდელობაზეა... რაც დრო გადის, მეტ რამეს ნახულობ, სწავლობ, ადამიანებს ეცნობი... ილიას პუბლიკაციებს რომ კითხულობ, ფიქრობ - ეს ადამიანი წინასწარმეტყველი იყო. შეხედე, რას წერსო!.. იმავეს თქმა შემიძლია ვაჟა-ფშაველას შესახებაც, რომელიც ჩემთვის უსაყვარლესი მწერალია. ალბათ იმიტომ, რომ ბუნება ძალიან მიყვარს. ვაჟა თითოეულ მცენარეს, ცხოველს თავის ნაწარმოებებში ისე აცოცხლებს, ამეტყველებს, რომ ამ ყველაფერს მკითხველი კიდევ უფრო სხვანაირად ხედავ. მაგალითად, ვაჟა-ფშაველას მოთხრობა "მელია-სერეფენია" ბევრს არ წაუკითხავს. მასში 2 მელიის ამბავია აღწერილი: ერთი სხვის სოროშია შემძვრალი, მეორე კი ცდილობს გამოიყვანოს და თვითონ შევიდეს. ამ ნაწარმოების წაკითხვისას მიხვდები, რომ ეს არის 2 ფლიდი ადამიანის ურთიერთობა. დღევანდელობას გაგახსენებს... საერთოდ, როცა კლასიკოსების ნაწარმოებს ხელახლა კითხულობ, თუნდაც ტკბილი მოგონებების გასახსენებლად, მასში აბსოლუტურად სხვა რაღაცებს ხედავ... მიმაჩნია, რომ მთავარია, მშობლებმა შვილებს შესაბამის ასაკში წასაკითხად "სწორი" ლიტერატურა მიაწოდონ. ასევე, სკოლის მასწავლებელს დიდი მნიშვნელობა აქვს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი შვილის პედაგოგმა (ქართული ენის) მას წიგნების კითხვა შეაყვარა. ახლა ჩემი შვილი 26 წლისაა. უკვე თავად მირჩევს, - რაღაც ახალი, საინტერესო წიგნია და წაიკითხეო. თავდაპირველად, რასაკვირველია, მიმართულებას მე ვაძლევდი, რა წაეკითხა. ხშირად მისთვის ლიტერატურული ნაწარმოების მსგავსი ამბავი მომიყოლია. უთქვამს, - რა საინტერესოაო! მიკითხავს, - გინდა, რომ მსგავსი ნაწარმოები წაიკითხო? ესა და ეს წიგნი აიღე-მეთქი... წაკითხვის შემდეგ აზრს აუცილებლად ვეკითხებოდი. მის მოსაზრებას ხან ვეთანხმებოდი, ხან - არა. ზოგჯერ ჩვენ შორის დისკუსია იმართებოდა. ეს ინტერესს კიდევ უფრო აღვივებს, რომ კიდევ რაღაც წაიკითხო, სხვისი აზრიც გაიგო... მაგალითად, ერთხელ, მოსწავლეობის პერიოდში, ჩემი შვილი მოვიდა და მითხრა, რომ მიხეილ ჯავახიშვილის ნაწარმოები წაუკითხავს და მასწავლებლისთვის უთქვამს, - არ მომეწონაო. მასწავლებელს კი არ დაუტუქსავს, არამედ უკითხავს, - უბრალოდ მითხარი, რა არ მოგეწონაო?.. ბავშვისთვის მსჯელობის, არგუმენტირების საშუალება მიუცია... ამიტომ აღვნიშნე, რომ პედაგოგსაც და ოჯახის წევრებსაც დიდი მნიშვნელობა აქვთ, ბავშვს წიგნს როგორ "მიაწვდიან", რომ მან კიდევ წაიკითხოს და ისაუბროს, კითხვა ვალდებულება არ იყოს. ჩემს ბავშვობაში ყოველ არდადეგებზე 2 წიგნი უნდა წამეკითხა. მახსოვს, მხოლოდ ნაწარმოების თავსა და ბოლოს ვკითხულობდი, რადგან, როცა გავალდებულებენ, ძალიან ცუდია.
- რთულ პერიოდში წიგნის კითხვა დაგხმარებიათ?
- არა. რასაკვირველია, მიცდია, წიგნი ხელში ამიღია, მყუდრო გარემო შემიქმნია, მაგრამ როდესაც კითხვას ვიწყებდი და პირობითად, ვკითხულობდი წინადადებას - "მან გადაწყვიტა, რომ", - უცებ ჩემი პრობლემის გადაწყვეტაზე ფიქრს ვიწყებდი და წიგნს ისე ვფურცლავდი, რას ვკითხულობდი, ვერ ვიგებდი... ჩემთვის წიგნი რელაქსაციაა. ზაფხული სიგიჟემდე მიყვარს, რადგან არაფერზე ვფიქრობ, ტელეფონი გადადებული მაქვს და ვკითხულობ. ზღვაზე დასვენებისას წასაკითხად სხვა ტიპის ლიტერატურა მაქვს შერჩეული, სოფელში - სხვა...
- თანამედროვე ავტორების შემოქმედებას ეცნობით?
- ამაში ჩემი შვილი მეხმარება. ახალგაზრდა თაობა თანამედროვე ავტორების შემოქმედებას თვალს ადევნებს. ჩემს შვილს წასაკითხი ლიტერატურა თავადაც შემოუთავაზებია, მეც მიკითხავს. მას ვენდობი: იცის, როგორი გემოვნება მაქვს, რა მომწონს, რა მაინტერესებს... ომის, უბედურების, დედამიწაზე უცხოპლანეტელების ჩამოსვლის შესახებ ნაწარმოებები არ მიყვარს. დეტექტივები, რომანტიკული თავგადასავლები მიზიდავს. ბოლო პერიოდში საინტერესო ადამიანების ბიოგრაფიებმა გამიტაცა. მაგალითად, სოფი ლორენმა წიგნი გამოსცა, როგორც თავისი ცხოვრებაზე, ასევე კულინარიაზე თავისი შეხედულებების შესახებ, ესეც ძალიან საინტერესოა.
- როგორ ფიქრობთ, თქვენი ცხოვრება წიგნის სიუჟეტისთვის საინტერესოა?
- კი. სხვათა შორის, ორმა ადამიანმა აბსოლუტურად სხვადასხვა პერიოდში მკითხა, - წიგნის დაწერის სურვილი რატომ არ გაგჩენიაო? ჩემს ცხოვრებაში არის რაღაცები, რაც ძალიან ცოტა ადამიანმა იცის. უთქვამთ, - ეს ხომ ძალიან საინტერესო და ადამიანებისთვის სტიმულის მიმცემიაო?.. კარიერული გზის შესახებ წიგნის დაწერას კი არ ვგულისხმობ, არამედ - ძლიერი ქალი დაბრკოლებებს დამოუკიდებლად როგორ გაუმკლავდა, მაგრამ თავს ამის უფლებას არ ვაძლევ - ჩემთვის ეს ცოტათი "ზედმეტებში გადასვლაა". თუ ვინმესთვის რამეში დახმარება შემიძლია, ამის გაკეთება წიგნის გარეშეც შეიძლება.
- ნატუკა, "გზის" მკითხველებს რომელი წიგნის წაკითხვას ურჩევთ?
- მოდი, კითხვა ჯერ ჩვენი, ქართული ლიტერატურით დავიწყოთ, შემდეგ უცხოელი ავტორების შემოქმედებას გავეცნოთ. შეიძლება ვინმე შემეკამათოს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ოკუპანტია, რუსულ ლიტერატურასაც უნდა გავეცნოთ, რადგან მდიდარი და საინტერესოა. პოლიტიკა და ხელოვნება ერთმანეთთან კავშირში არ არის... ხშირად პატარა ასაკის ბავშვებს "ვეფხისტყაოსანს" აზეპირებინებენ. ეს ისეთი "ღრმა" და შეიძლება ითქვას, წმინდა ნაწარმოებია, რომ სანამ ადამიანი არაა ჩამოყალიბებული, მანამდე არ უნდა წაიკითხოს, თორემ შეიძლება თქვას, რომ რთულია. კი ბატონო, სკოლაში "ვეფხისტყაოსანი" უნდა ისწავლებოდეს, მაგრამ მხოლოდ საზეპიროებად კი არა, უფრო საინტერესო ფორმით, რომ ბავშვი მიხვდეს, რაზეა საუბარი. შემდეგ, გარკვეულ ასაკში, უკვე თავიდან ბოლომდე უნდა წაიკითხოს, როგორც მაგალითად, სახარებას კითხულობენ ხოლმე. 9-15 წლის ადამიანისთვის იმ სიბრძნის გაგება რთულია, რაც "ვეფხისტყაოსანშია". ასე ვთქვათ, ყველა ასაკს თავისი წიგნი აქვს. ამიტომ არასდროს მოგვერიდოს, რომ ბავშვებმა კითხვა პრიმიტიული ზღაპრებით დაიწყონ და არა, მაგალითად, "ბიძია ტომის ქოხით".
ეთო ყორღანაშვილი