პუტინმა ნატოს საპასუხოდ რუსული „კინჟალები“ ახლოს „მიუჩოჩა“ - კვირის პალიტრა

პუტინმა ნატოს საპასუხოდ რუსული „კინჟალები“ ახლოს „მიუჩოჩა“

გორში აფეთქებული რუსული „ისკანდერის“ საჰაერო ვარიანტი „კინჟალი“, ახლა უკვე ნატოს ქალაქებს ემუქრება

სამხედრო თემების გაშუქებაზე მომუშავე ინტერნეტსივრცეში ვრცელდება ძალზე საინტერესო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის ნოვგოროდის ოლქის „სოლცის“ სამხედრო აეროდრომიდან 3 თებერვალს კალინინგრადის ჩერნიახოვსკის აეროდრომზე ორი რუსული საბრძოლო თვითმფრინავი „მიგ-31“ გადაფრინდა.

ამ ინფორმაციაში არაფერი განსაკუთრებული არ იქნებოდა, ეს საბრძოლო თვითმფრინავები „მიგ-31კ“ მოდიფიკაციის რომ არ ყოფილიყვნენ, სადაც ასო -„კ“ აღნიშნავს „კინჟალს", ანუ ამ მოდერნიზებულ გზაგადამჭრელ-გამანადგურებელ თვითმფრინავებს „კინჟალის“ ტიპის ჰიპერბგერითი აერობალისტიკური რაკეტების წაღება და მისი საბრძოლო გამოყენება შეუძლიათ.

„კინჟალი“ რეალურად წარმოადგენს ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების „ისკანდერ-მ“ ტიპის სარაკეტო კომპლექსის საავიაციო ვარიანტს, სწორედ იმ „ისკანდერისა“, რომლის საბრძოლო ნათლობა რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოს ომში განახორციელა "ჩრდილო ოსეთის" ტერიტორიიდან ორი რაკეტის გამოშვებით, რომელთაგან ერთი ვაზიანთან აფეთქდა, მეორე კი ქალაქ გორის ცენტრის თავზე და მშვიდობიანი მოსახლეობა შეიწირა, მათ შორის, ჰოლანდიელი ჟურნალისტიც.

საქართველოსკენ ნასროლი „ისკანდერისგან“ განსხვავებით, მის საავიაციო ვარიანტს „კინჟალს“, მოქმედების რადიუსი ორჯერ და მეტად აქვს გაზრდილი, რადგან რაკეტის სტარტი არა მიწიდან, არამედ ათ კმ-ზე მაღლა, ზებგერითი სიჩქარით მფრენი საბრძოლო თვითმფრინავის ბორტიდან ხდება.

კალინინგრადის ოლქის ჩერნიახოვსკის სამხედრო გარნიზონში ამ ბლოგის ავტორს საბჭოთა პერიოდში რამდენიმე თვით მოუწია სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა და ჯერ კიდევ მაშინ დარწმუნდა, რომ ეს რეგიონი უაღრესად მილიტარიზებული გახლდათ, რადგან მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, აღმოსავლეთ პრუსიის ეს ქალაქი ინსტერბურგი (რომელიც ომში დაღუპული საბჭოთა მხედარმთავრის ჩერნიახოვსკის საპატივცემულოდ გადანათლეს), ისევე როგორც კალინინგრადი (ყოფილი კიონიგსბერგი) კრემლმა აღმოსავლეთ ევროპაში თავის მთავარ სამხედრო პლაცდარმად აქცია.

2-surati-1644056770.jpg

რუსული „მიგების“ ჩერნიახოვსკში გადაფრენის შემოვლითი მარშრუტი

ეს პირველი „ცივი ომის“ დროს შეიძლება მეორეხარისხოვანი იყო ნატოს გენერლებისთვის, რადგან საბჭოთა ჯარები მაშინ უფრო წინ, უშუალოდ ნატოს საზღვრებთან იდგნენ აღმოსავლეთ გერმანიაში, მაგრამ ვარშავის პაქტისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთს კალინინგრადის ოლქის სახით დარჩა ნახევრადანკლავი (რუსეთს კალინინგრადის ოლქთან აქვს მხოლოდ საზღვაო და საჰაერო კავშირი ბალტიის ზღვის ნეიტრალური ტერიტორიების გავლით, სახმელეთო გზა კი ბელარუსსა და ლიტვეუაზე გადის), რომლიდანაც ნატოს წევრი ქვეყნების დედაქალაქებამდე და მათ შორის თავად ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პოლიტიკურ შტაბამდე ბრიუსელში მხოლოდ ათასიოდე კმ-ი თუა.

მართალია, „ისკანდერ-მ"-ის იმ მოდიფიკაციის „ხმელეთი-ხმელეთი“ კლასის რაკეტები, რომლითაც გორი დაგვიბომბეს კალინინგრადის ოლქიდან ბრიუსელამდე ვერ მიაღწევს, მაგრამ თვითმფრინავიდან გაშვებული „ისკანდერის“ საჰაერო ვარიანტის, „ჰაერი-მიწა“ კლასის „კინჟალის“ მოქმედების რადიუსში ხვდება ნატოს ორივე შტაბი, პოლიტიკური ბრიუსელში და სამხედრო ქალაქ მონსში.

რუსული „კინჟალით“ დამუქრების საფრთხის დონე იმიტომაც იზრდება ნატოსთვის, რომ ეს რაკეტა ჰიპერბგერით სიჩქარეს ანვითარებს (15 ათასს კმ/სთ-მდე) და ბირთვული ქობინის გადატანა შეუძლია ისე, რომ ნატოს ანტისარაკეტო თავდაცვის საშუალებებმა შეიძლება უბრალოდ ვერ მოასწრონ რეაგირება.

3-surati-1644056837.jpg
„კინჟალის“ მატარებელი ერთი „მიგის“ ავარიის შედეგი „სოლცის“ აეროდრომზე

პ.ს. საინტერესოა, რომ კალინინგრადში ორი „მიგის“ გადაბაზირებამდე რამდენიმე დღით ადრე, 29 იანვარს, ნოვგოროდის ოლქის „სოლცის“ აეროდრომიდან აფრენის მცდელობისას სერიოზული ავარია განიცადა „კინჟალის“ მატარებელმა ერთმა „მიგ-31კ“-მ. 46 ტონიანი საბრძოლო თვითმფრინავი ცხვირით შეიჭრა თოვლიან მინდორზე და მფრინავისა და ოპერატორის კაბინები შუაზე გადატყდა. მართალია, ეს საავიაციო შემთხვევა უმსხვერპლოდ დამთავრდა, მაგრამ რუსეთს „კინჟალის“ გადამტანი ერთი „მიგი“ საბოლოოდ ჩამოეწერა.