"არ მჯეროდა, მაშინ სხვა განზომილებაში ვიყავი"
ოლიმპიური ჩემპიონის ოჯახური ამბები
ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ მთელმა მსოფლიომ გაიცნო. 90 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე 21 წლის ბიჭმა ოცნება აისრულა და სამშობლოში ოლიმპიური ოქროთი დაბრუნდა. ლაშა 2021 წელს "საუკეთესო სპორტსმენად" აღიარეს და სახელმწიფოსგან მილიონი ლარიც მიიღო, ასევე საჩუქრად გადაეცა ავტომობილი და ბინა თბილისში. როცა ახალგაზრდა სპორტსმენს ჰკითხეს, რას გააკეთებდა მოგებული ფულით? დაუფიქრებლად უპასუხა, რომ ემიგრაციაში მყოფ ბებიას და დეიდას სამშობლოში დააბრუნებდა. ეს სურვილი უკვე აისრულა. მონატრებული ბებია და დეიდა, მისი ორი დეიდაშვილი საბერძნეთიდან სამშობლოში დაბრუნდნენ. ახლა ემიგრაციიდან დაბრუნებულმა დეიდაშვილებმა დაიწყეს ძიუდოზე სიარული და მათაც ლაშას მწვრთნელი ავარჯიშებს.
ამ დღეებში სოციალურ ქსელში გამოჩნდა ფილმის "9 ძმა" საპილოტე ვერსია, სადაც სპორტსმენი ლაშა ბექაური მონაწილეობს. ფილმის რეჟისორები არიან ზურაბ ვასაძე და სერგო ეგოიანი. "9 ძმა" - გასაიდუმლოებული ანტიტერორისტული სპეცდანაყოფია და სპორტსმენების გარდა, მასში მონაწილეობენ მსახიობები: ნანკა კალატოზიშვილი, ლაშა მაქაცარია, გიორგი ვარდოსანიძე, ზურაბ ინგოროყვა, გიორგი გილიგაშვილი და სხვები. როგორც შევიტყვეთ, ფილმის გადაღებები გაზაფხულზე განახლდება. ლოკაციების სიმრავლიდან გამომდინარე, გადასაღები პროცესის მომზადებას ბევრი დრო დასჭირდება.
ლაშას დედის, ვიკა წიკლაურის თქმით, მის შვილს ძალიან მოეწონა მსახიობის როლში ყოფნა. ის გვიამბობს, რამხელა შრომის ფასად მიაღწია მისმა ვაჟმა სპორტში თავის მიზანს.
ვიკა წიკლაური:
- გასულ წელს, კარგ ამბებთან ერთად იყო ბევრი ნერვიულობა, მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დაგვირგვინდა. ლაშამ ოცნება აისრულა და ეს დიდი ბედნიერებაა ჩვენთვის. თუმცა მანამდე კოვიდი შეხვდა და სამი მნიშვნელოვანი ტურნირი გამოტოვა, უკვე აღარაფრის იმედი აღარ გვქონდა. ძალიან განვიცადეთ, მაგრამ იმდენი იბრძოლა, იმდენი იშრომა, მიზანს მაინც მიაღწია. თან იმ პერიოდში მხარი დაიზიანა და ტრავმა ჰქონდა. დიდი ნერვიულობის შემდეგ, ღვთის წყალობით, ყველაფერი საუკეთესოდ დასრულდა. ვისურვებდი, საქართველოში ყველას ოჯახში იყოს ასეთი დიდი სიხარული.
- კოვიდი რთულად გადაიტანა?
- უკვე ტურნირზე მიდიოდა და ტესტირება ჩაუტარდა წასვლის წინ. გზიდან მოაბრუნეს, რადგან დაუდასტურდა... იოლად გადაიტანა კოვიდი, არაფერი აწუხებდა, ვარჯიშსაც ახერხებდა, მაგრამ მერეც, მთელი სამი თვე ტესტი დადებითს აჩვენებდა და ვერ ერთვებოდა ტურნირებში. რაც შეეხება ტრავმას, მწვრთნელების გადაწყვეტილებით, გუნდურ შეჯიბრებაზე წაიყვანეს, რომ კიდევ ერთხელ გამოეცადა თავისი ძალები, წინ საოლიმპიადო პერიოდი იყო. არ ვუყურებ ლაშას თამაშებს ხოლმე, რადგან ძალიან ვნერვიულობ. იმ დღეს ისე სწრაფად უჭიდავია, განადგურებული მოვიდა, მხრის ძვალი მოვიტეხეო, მერე მეც ვუყურე ამ თამაშს. ლამის სიკვდილის ტოლფასი იყო, საშინელება, მხარი რომ დაუზიანდა. მთელმა ოჯახმა ძალიან ვინერვიულეთ, ფარ-ხმალი დავყარეთ, გვეგონა, ვერ წავიდოდა ოლიმპიადაზე, მაგრამ თვითონ არ დანებდა, იმდენად მოტივირებული იყო, თავისი მაინც გაიტანა. დიდი ტკივილის მიუხედავად, ბევრი იშრომა, ექიმები, მწვრთნელები დაეხმარნენ და მადლობა მათ. მებრძოლი სული აქვს, შეუპოვარია.
- ლაშა ამბობს, დედა ჩემს შეჯიბრებას არასოდეს უყურებს, ის ამ დროს ტაძარში მიდის და ლოცულობსო. ოლიმპიადამდე გავრცელდა ვიდეო, სადაც ძალიან ემოციურად კითხულობთ ზურაბ ბენიაიძის ლექსს, რომელიც ოლიმპიადაზე წასულ შვილს მიუძღვენით. ისეთი ტექსტია და ისე კითხულობთ, თითქოს ომში აცილებთ შვილს.
- არ მეგონა, ამხელა ხმაური თუ მოჰყვებოდა ამ ლექსს. ავტორი ლაშას მეგობარია და სიურპრიზი მოვუწყვეთ. როცა ლაშა მიდიოდა, გავაცილე აეროპორტში და მითხრა, - დე, ახლა ისე დამლოცე, თითქოს ომში მაცილებო. მართლა დავლოცე და წავიდა. ამ ლექსის შინაარსიც ასეთია, ომში მიმავალ შვილს აცილებს დედა. 26-ში ლაშას დაბადების დღე იყო და 2 დღეში, 28-ში უწევდა შეჯიბრებაზე გასვლა. ვიფიქრე, ამ ლექსს მივუძღვნი, ვიდეოს გავუგზავნი და მოტივაციას მივცემ ჩემს შვილს, რომ ბრძოლის ჟინი გაუძლიერდეს-მეთქი. საერთო მილოცვაც გაუკეთეს მეგობრებმა და გავუგზავნეთ. ვინც ეს ვიდეო ააწყო, იმან იხუმრა, ასეთი ლექსი რომ მომიძღვნან, ტოკიოს მეც მოვიგებო. მერე ლაშამ მითხრა, - დე, ძალიან დიდი მოტივაცია მომცა ამ ლექსმაო. უფლის ნება იყო და მისი ძალისხმევა, რომ ეს შედეგი მიიღო.
როცა ლაშა ტატამზე იდგა, მე ღვთაების მონასტერში, მამა ბენიამინთან ვიყავი და ვლოცულობდი, ღვთისმშობელს ვესაუბრებოდი. ასე მგონია, გულმხურვალე ლოცვით მეტ ძალას ვაძლევ შვილს. მუხლებზე ხოხვით ვთხოვდი ყველა წმინდანს, ჩემს შვილს ბრძოლის ჟინი მიეცით-მეთქი... მამა ბენიამინის მრევლია ჯაბა, მას 8 წლის შვილი ჰყავს. ის ბავშვი პერიოდულად შემორბოდა და ამბავი მოჰქონდა. ამას მოუგო, ახლა იმას მოუგოო... არ მჯეროდა, მაშინ სხვა განზომილებაში ვიყავი. ლაშამ რომ გაიმარჯვა, ყველა მილოცავდა, ზარზმის მონასტრიდანაც დამირეკეს, მერე გავიგე იმდენი შეკვეთილი წირვა და პარაკლისი შემდგარა იმ დღეს; თურმე ერი და ბერი ლოცულობდა, რომ ჩემს შვილს გაემარჯვა. მან იქიდან მამამისს დაურეკა, იმასაც ყველა შეჯიბრების წინ თავისი რიტუალი აქვს სახლში. დიდი ემოცია იყო. სიტყვით ვერ გადმოგცემთ ამ ბედნიერებას.
- რა სპორტული გზა გაიარა ამ გამარჯვებამდე?
- ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ამხელა მიღწევები თუ ექნებოდა. გუშინ სოფელში ვიყავი და ლაშას მთელი ბავშვობა სულ თვალწინ დამიდგა: სად კოტრიალობდა, როგორ დარბოდა... ძალიან უყვარს ცხოველები და სოფელში ბევრი კურდღელი, ბაჭიები გვყავდა, ასევე - მოცეკვავე მტრედები... ეფერებოდა ძაღლებს. საქონელი გვყავდა, მეხორცეული და მეკვერცხეული ქათმები და მამამისს გვერდში ედგა, ეხმარებოდა. სულ სხვანაირი ბუნების ბავშვია, გამორჩეული, უკეთილშობილესი. ყველა ქართულ ფილმზე ტიროდა, ყველა უმწეო ეცოდება. სულ იმაზე ფიქრობს, გაჭირვებულს როგორ დაეხმაროს და ეს მომწონს. ჩვენ ზემო ქედში, ჩემი მეუღლის სოფელში ვცხოვრობდით რამდენიმე წელი. მეუღლეს მოხუცი ბებია და პაპა ჰყავდა, იმათ ვუვლიდით და ალბათ, ამანაც განაპირობა ის, რომ მოხუცები უყვარს. ქუჩაში ვინმეს რომ დაინახავს, უნდა ჩაეხუტოს. მაშინ სოფლებში ძიუდო არ იყო ისე განვითარებული, იმის მიუხედავად, რომ ლაშას ნათლიას - ზურაბ ზვიადაურს ოლიმპიადა უკვე მოგებული ჰქონდა. გაჭირვებული დრო იყო. სავარჯიშო დარბაზამდე მისასვლელად, 8 კილომეტრის გავლა უწევდა ყინვასა და სიცივეში, ხშირად ფეხით დადიოდა. იტანჯებოდნენ ბავშვები, მეცოდებოდნენ. თუ გაუცდებოდა ვარჯიში და ვერ წავიდოდა, მაშინ ეზოში მამამისი ავარჯიშებდა. ამას რომ ვუყურებდი სახლის ფანჯრიდან, მეცოდებოდა და ვამბობდი, - რას აწამებს ამ ბავშვს-მეთქი?! ჩემი მეუღლე გელა მკლავჭიდელია, მკლავჭიდის მთავარი მწვრთნელი იყო წლების მანძილზე. მიხვდა, რომ ძიუდო უფრო "გაიქაჩებოდა" ჩვენს ქვეყანაში და ლაშა იქ შეიყვანა. თავის დროზე ზურაბ ზვიადაურსა და ზაზა კედელაშვილს მხარში ედგა. 4 წლის იყო ლაშა, ზვიადაურს რომ მოვანათლინეთ. ოჯახები ვმეგობრობდით. ჩემი მეუღლე წუთით არ ანებებდა ლაშას თავს. ყველაფერს აკეთებდა, რომ მას ამ დიდი წარმატებისთვის მიეღწია. ყურადღება არ მოუდუნებია, მთლიანად ამაზე იყო გადართული. მამას სულ უჯერებს და უსმენს, ითვალისწინებს მის რჩევებს. საქართველოს მასშტაბით ყველა შეჯიბრებაზე დაჰყვებოდა...
თბილისში რომ გადმოვედით საცხოვრებლად, ჩემი მეუღლე რაღაც პერიოდი სოფელში დარჩა, რადგან იქ ფერმა გვქონდა, ამიტომ ლაშა მამას ძირითადად ტელეფონით ეკონტაქტებოდა, ამბებს უყვებოდა. ყველა შეჯიბრების და ტურნირის დროს ჩემი მეუღლე აუცილებლად ჩამოდიოდა სოფლიდან. ახლა ყველანი თბილისში გადმოვედით, რადგან აქ სწავლობენ შვილები. სამი შვილი გვყავს: უფროსი ქალიშვილი ეკატერინე 23 წლის არის, თეატრალურს ამთავრებს წელს. ლაშაც მეოთხე კურსის სტუდენტია, ტურიზმისა და მენეჯმენტის ფაკულტეტს ამთავრებს. მისი რექტორი გია კავთელიშვილი ლაშას დიდი გულშემატკივარია. ნაბოლარა ქალიშვილი, ნუცა 4 წლის გახდა. ამბობს, უკვე დიდი გოგო ვარო.
- თქვენი, დედისა და შვილის ურთიერთობაზე რას იტყვით?
- უფრო და-ძმური ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან, ვიდრე დედა-შვილური. ისე უცებ გაიზარდა, ვერ წარმოიდგენთ. ჩემს გარდაცვლილ ძმას ჰგავს ძალიან. 2007 წელს ძმა ავარიაში დაიღუპა და ამან მთლიანად შეცვალა ჩვენი ცხოვრება. სოსოს ვამსგავსებთ ხასიათით, ისეთივე მხიარულია. საოცარი დაძმობა გვქონდა, ისე შესისხლხორცებული ვიყავით, რომ მერე ლაშაში ვპოულობდი შვებას... ჩემს ძმას ოჯახი არ ჰქონდა შექმნილი. ის ჩემს შვილებზე ზრუნავდა და მათ არაფერს აკლებდა, უნდოდა, კარგად ყოფილიყვნენ.
- ალბათ თქვენს დედასთან, ბებიასთან ამიტომაც აქვს ლაშას განსაკუთრებული ურთიერთობა...
- ბებო ძალიან უყვარს. ლაშა სულ ამბობდა და ნატვრად ჰქონდა ქცეული მისი სამშობლოში დაბრუნება. რომ მქონდეს შესაძლებლობა, ყველა ემიგრანტს დავაბრუნებდი სამშობლოშიო, - იცის თქმა. ბებო ჩამოდიო, - სულ ეხვეწებოდა. 19 წელი იყო დედა საქართველოდან წასული. ჩემი ძმის გარდაცვალების დროს ჩამოვიდა და 2 წელი აქ იყო, მერე მატერიალური მდგომარეობის გამო იძულებული გახდა, ისევ ემიგრაციაში წასულიყო. ლაშას ისე ენატრებოდა ბებო, მისი სითბო, მისი გაკეთებული ცომეული და კერძები, სულ იძახდა, - უნდა დაბრუნდესო. ბებოს ნებიერა ბიჭია და ჩამოიყვანა. მე მყავს ჩემზე 2 წლით პატარა და, რომელიც ოჯახთან ერთად საბერძნეთში იყო, ისიც ჩამოიყვანა. ორი ვაჟი ჰყავს ჩემს დას. უკვე დაიწყეს ქართულ სკოლაში სიარული, ლაშას მასწავლებელთან ძიუდოზეც დადიან. ჩემმა დამაც დაიწყო მუშაობა. ლაშა ნერვიულობდა, ბავშვები ბერძნულ სკოლაში რომ დადიოდნენ და ქართულ ყაიდაზე არ იზრდებოდნენ. ახლა მათაც უნდათ ოლიმპიელობა. ლაშას გამარჯვება ბევრი ბავშვისთვის გახდა სტიმულის მიმცემი და ეს მახარებს. ლილოში კიმoნოებს კერავენ და იქ ვიყავით მისულები, რომ ბავშვებისთვის შეგვეკერა. რომ გაიგეს ვინც ვიყავით, გვითხრეს, - ლაშას გამარჯვების შემდეგ ისე გაიზარდა ძიუდოზე მოთხოვნა, ვერ ავუდივართ კიმონოების შეკერვასო. ამას რა ჯობია, სპორტს მიჰყვებიან ბავშვები.
- როგორი იყო ბებოს და ლაშას შეხვედრა?
- ემოციებით დატვირთული, იყო ბევრი ცრემლი, მაგრამ - დიდი სიხარულის. ჩემი ძმის საფლავი სოფელშია და დედაჩემს საფლავთან ახლოს უნდა ყოფნა, უფრო ხშირად სოფელშია, თუმცა ჩამოდის ჩვენთანაც. როცა ჩემი ძმა გარდაიცვალა, ზემო ქედიდან საცხოვრებლად ჩემს სოფელში - არხილოსკარში დედაჩემთან გადავედით, მაშინ ლაშა პირველ კლასში იყო, მერე იქიდან დადიოდა სავარჯიშოდ და უფრო უადვილდებოდა. დედაჩემსაც ეს ტკივილი ბავშვებმა შეუმსუბუქეს. ჩემს ძმას რომ ჰგავს ლაშა, დედა მასზე გიჟდება; ხმაც კი მისნაირი აქვს, საქციელიც.
- როგორც ვიცით, ლაშა წერს ლექსებს... დღეს როგორია მისი დღის რეჟიმი?
- ლაშა 15 წლიდან წერს ლექსებს, ბოლო დროს კი აღარ მოსდის მუზა. ლექსებით სავსე ერთი რვეული დაკარგა და ნერვიულობდა. ძალიან კარგად ხატავდა. მწვრთნელი შემხვდა და მითხრა, ლაშას ნახატი მაქვს შენახული, მაშინ საჩუქრად მომცა - მგელი და თოფმოღერებული კაცი აქვს გამოსახულიო. სულ ფრინველებს და ცხოველებს ხატავდა. ნადირობა და თევზაობა უყვარს ძალიან. დიდ ბიჭებს მიჰყავდათ სანადიროდ და კარგი მიზანი ჰქონდა... რაც შეეხება დღის რეჟიმს, ახლა ცოტა შეცვლილია, მაგრამ მალე ჩადგება ფორმაში. ერთი კვირაა უკვე ვარჯიშობს. ოლიმპიადიდან დაბრუნების შემდეგ ოპერაციები დასჭირდა. "გლანდები" ამოიჭრა მეორედ, რადგან სუნთქვის პრობლემა ჰქონდა და შეჯიბრების დროსაც ეტყობოდა, რომ სუნთქვა უჭირდა. ოლიმპიადის დროს მუცელთან თიაქარი გამოუვარდა და რომ დაბრუნდა, ოპერაცია გავუკეთეთ და მკერდის ქვეშ, ერთის ნაცვლად, ორი თიაქარი დახვდათ ექიმებს და ბადე ჩაუდგეს. უთხრეს, ორ თვეში შეგიძლია ივარჯიშოო. მხარიც აწუხებდა და ამანაც გაუარა. ჩვენ ოლიმპიადის მერე გავიგეთ, რომ დიდი დაზიანება ჰქონდა მხარზე. ახლა კარგად აქვს ყველაფერი და ემზადება მსოფლიოს ჩემპიონატისთვის.
- თქვენი შვილის პოპულარობით რა შეიცვალა თქვენს ოჯახში?
- ბევრი მცნობს და მილოცავენ. მეუბნებიან, ბედნიერი დედა ხარო. არ მიყვარს თავის გამოჩენა... ლაშა მოუცლელია ძალიან, ამაზე ვნერვიულობ. მინდა ისევ დროზე იპოვოს თავისი თავი. იცით, როგორც ტკივილია რთული გადასატანი, ასევეა დიდი სიხარულიც. ვიღაცას რომ ვერ პასუხობს მოუცლელობის გამო, ამასაც განიცდის. ბევრი საშრომი აქვს, ყველას ყურადღება უნდა მიაქციოს.
- ახლახან ფილმშიც გადაიღეს, არა?
- ესეც სასიამოვნოა, თვითონაც ძალიან მოეწონა და თქვა, - კარგი მსახიობი ვიქნებოდიო. საქართველოს ისტორია იცის ზეპირად, ყველა ომი, ყველა ბრძოლა; მოსწონს გიორგი სააკაძე, ბევრს საუბრობს 300 არაგველზე. ერთხელ გერმანიაში წავიდნენ გუნდურ შეხვედრაზე, ლაშა ჭაბუკებში ჭიდაობდა მაშინ და გააგიჟეს მთელი გერმანია, გუნდის ასეთი ერთიანობა არ გვინახავსო. ლაშა თურმე ეუბნებოდა ბიჭებს, - მე გიორგი სააკაძე ვარ, თქვენ ჩემი ჯარი, აბა, დავცხოთ, ბიჭებოო და, იმ წელს ყველამ პირველი ადგილი დაიკავა, გახარებულები დაბრუნდნენ. სახლში მედლების კუთხე გავაკეთე და მინდოდა, ცოტა ორიგინალური ყოფილიყო. ხელოსანმა მოიფიქრა: მოდი, ოლიმპიადის რგოლები ჩავსვათ და იქ დაკიდებს ოლიმპიადის მედლებსო. ცოტა კი შემეშინდა ამ რგოლების, ჯერ ადრე ხომ არ არის ოლიმპიადაზე ფიქრი-მეთქი?! ეს კუთხე 3 წლის წინ გავაკეთებინე, მაგრამ დავკიდეთ ოლიმპიური მედალიც...
- ლაშას ბინა აჩუქეს...
- დიახ და მადლობელი ვართ. გასაკეთებელი იყო ბინა. ფიზიკა-მათემატიკოსი ვარ, მერე ინგლისური და კომპიუტერი ვისწავლე, სულ ვსწავლობ, რაც თავი მახსოვს. ახლა ჩემი თავი ვიპოვე ინტერიერის დიზაინში, ამ პროფესიასაც დავეუფლე. მომწონს სახლის დიზაინზე მუშაობა და ახლა ჩემი შვილის სახლის მოწყობაში შემაქვს წვლილი, მალე დავამთავრებთ რემონტს და მერე დაგათვალიერებინებთ...
- სოციალურ ქსელში გავრცელდა ლაშას ავტომანქანის ფოტო. ითქვა, რომ მან თავისი ოცნების მანქანა იყიდა.
- არ უყიდია, ფოტო დადო და ყველას ეგონა, რომ იყიდა. თუ რამეს იყიდის, ამას თავისი შრომით მოახერხებს, ვინმეს ხომ არ წაართმევს?! მაგრამ ჯერ არ უნდა ყიდვა. ახლა მთავარია, მსოფლიოს ჩემპიონატზე წავიდეს და იქიდანაც გამარჯვებული დაბრუნდეს! ერთი რამ ზუსტად ვიცი: ქვეყანას არასოდეს დატოვებს და საქართველოში დავბერდებით. თავისი ქვეყნის ღირსეული შვილი იქნება. ვისურვებდი, მშვიდობა იყოს და მალე დამთავრდეს ეს უხილავი ომი, რასაც პანდემია ჰქვია.
- დებთან ლაშას ურთიერთობაზე რას იტყვით?
- ლაშა მესაკუთრეა დებთან ურთიერთობაში, მათზე მზრუნველი. გოგონებს გული არაფერზე უნდა დასწყდეთ, თბილი და ფაქიზია დებთან ურთიერთობაშიც. მიხარია, მათ რომ ვუყურებ... ლაშა არის მზრუნველი, ძალიან მებრძოლი სულის, კეთილშობილი, უბოროტო, არავისი შურს და არ იღლება ადამიანებზე ზრუნვით. სულ მეუბნება, - დედა, ეს ხალხი მე ტაშს მიკრავდა და როგორ უნდა დავიღალო მათთან ურთიერთობითო... რაც შეეხება ეკას, უკვე აღვნიშნე, რომ თეატრალურს ამთავრებს, უკვე სპექტაკლებში მონაწილეობს, რეკლამებშიც გადაიღეს, მშობლებისთვის კი შვილების წარმატებები დიდი ბედნიერებაა.
თეა ხურცილავა
ჟურნალი "გზა"