"ომიკრონის“ ბუნება სიტყვა "კონტროლს“ არ შეესაბამება - კვირის პალიტრა

"ომიკრონის“ ბუნება სიტყვა "კონტროლს“ არ შეესაბამება

საქართველო კორონავირუსის მეექვსე ტალღის პიკს აღწევს. "ომიკრონი" მთელი ძალით გვიტევს. რა სიურპრიზებს გვთავაზობს 21-ე საუკუნის ვირუსი და რისთვის უნდა ვიყოთ მზად? "კვირის პალიტრას" თსსუ პროფესორი, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე ესაუბრება.

- ქვეყანაში ეპიდემიური ვითარება ისევ მძიმეა. ინფიცირების მაჩვენებელი ძალიან მაღალია. მეექვსე ტალღის ათვლას 2 იანვრიდან ვიწყებთ. 3 იანვარს 1600 შემთხვევა იყო, 5 თებერვლის მონაცემით დადასტურებული ყველაზე მეტი შემთხვევა არის 26 320. თუ სხვა ქვეყნებს გადავხედავთ, ძალიან ბევრგან კატასტროფული მდგომარეობაა. დანიაში 10-ჯერ მოიმატა შემთხვევების რაოდენობამ, გერმანიაში - 8-ჯერ, საფრანგეთში - 6-ჯერ, იტალიაში - 5-ჯერ. ჩვენ ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალი გვაქვს, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებთან შედარებით მატების ტემპი არც ისეთი მაღალია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იმის განსაზღვრა, კიდევ როგორ მოიმატებს დაავადებულთა რაოდენობა, ძალიან რთულია. მაინც მგონია, რომ დღიური მაჩვენებელი 30 ათასს არ ასცდება.

- რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს პანდემიის ეს ტალღა?

- აქაც თუ იმ ქვეყნების მაგალითებს გამოვიყენებთ, სადაც ჩვენზე ადრეა დაწყებული შემთხვევების მატება, ვფიქრობთ, თვე-ნახევარში პიკი უნდა გადავიაროთ და შემთხვევების კლება დაიწყოს, თუმცა სავსებით შესაძლებელია, მოვლენები სრულიად სხვანაირად წარიმართოს.

- გარდაცვალების მაღალი მაჩვენებლის შიშნარევი მოლოდინიც გაჩნდა...

- გარდაცვალების მაჩვენებელი, როგორც წესი, ვლინდება ინფიცირების პიკის ჩავლიდან 2-4 კვირის შემდეგ. არ ველოდებით მეტ რიცხვს, ვიდრე იყო დელტა ვარიანტის დროს. ინფიცირებულთა რაოდენობა ძალიან დიდია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მაღალია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც. დღეს საავადმყოფოებში მოთავსებული პაციენტების დიდ ნაწილს ლეტალობის განმაპირობებელი გართულება უფრო იშვიათად აქვს, ვიდრე დელტა ვარიანტის დროს. დელტა ვარიანტის პიკი იყო 6 208 შემთხვევა. მაშინ ყველაზე მეტი - 86 ადამიანი გარდაიცვალა 3 სექტემბერს. ამ ეტაპზე ყველაზე მეტი ჯერჯერობით გვაქვს 26 000 შემთხვევა, მაგრამ იმედი გვაქვს, მეექვსე ტალღისას სიკვდილიანობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი არ იქნება.

- ამ ბოლო დღეებში ხშირად მესმის, მიუშვეს სადავეები, უფრო სწორად - გაექცათ და ახლა ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავების იმედად ვართო...

- ვინც ამას ამბობს, შეუძლია გადახედოს ჩვენზე განვითარებული და მდიდარი ქვეყნების მაგალითებს. მაშინ უნდა თქვან, რომ დანიამაც მიუშვა სადავეები, გერმანიამაც, საფრანგეთმაც, დიდმა ბრიტანეთმაც... როცა ამბობენ, რომ ქვეყანაში "ომიკრონის" უკონტროლო გავრცელება დაიწყო, ერთი რამ ავიწყდებათ - მაშინ ისიც უნდა თქვან, რა ეტაპზე და რა სტადიაშია გავრცელება. პანდემიის ტალღები ყოველთვის უკონტროლოდ ვრცელდება. ჩვენთან კორონავირუსის გავრცელება კონტროლდებოდა პირველი ერთი თვის განმავლობაში, როდესაც ქვეყანაში 20-25 ინფიცირებული ადამიანი იყო. ასევე შეიძლება ახალი მუტაციის, ახალი ვარიანტის გაჩენისას ყველა შემოტანილ შემთხვევას მიადევნო თვალი და გავრცელება, გარკვეულწილად, აკონტროლო, მაგრამ ლაპარაკი "ომიკრონის" უკონტროლო გავრცელებაზე, ამ ვირუსის ბუნებიდან გამომდინარე, არაადეკვატურია. შეუძლებელია, "ომიკრონის" გავრცელება იყოს კონტროლირებადი. "ომიკრონის" ბუნება სიტყვა "კონტროლს" არ შეესაბამება. არ არსებობს ეფექტიანი ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიება, რომელიც "ომიკრონის" გავრცელებას გააჩერებს. ეს ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ მოახერხა.

- "თუ ქვეყნები "ომიკრონისთვის" სათანადო პასუხის გაცემას დააყოვნებენ მანამდე, სანამ მათი ჰოსპიტლები შეივსება, უკვე ძალიან გვიანი იქნება. არ დაელოდოთ! იმოქმედეთ ახლა! მიიღეთ ვაქცინა, რომელსაც გთავაზობენ!" - ამბობს ჯანმოს ექსპერტი ჰეზერ პაპოვიცი. ამ ფონზე საქართველოში მწვანე პასპორტი სავალდებულო აღარ არის. ეს რა გავლენას მოახდენს ჩვენთან შექმნილ მდგომარეობაზე?

- ეს შეამცირებს ვაქცინაციის მაჩვენებელს. მწვანე პასპორტის იმ პრინციპით მოქმედება, როგორც ჩვენთან იყო, არასწორად მიმაჩნია. ის თავის ძირითად დანიშნულებას სრულყოფილად ვერ ასრულებდა. მწვანე პასპორტებს სჭირდება მოდიფიცირება, რეალობის შესაბამისად შეცვლა, მაგრამ არა - გაუქმება.

- ორსულების საკითხსაც შევეხოთ. პანდემიის განმავლობაში 11 ათასი ორსული დაინფიცირდა.

- ორსულები არა მარტო კორონავირუსის, არამედ სხვა ტიპის ვირუსების, განსაკუთრებით - გრიპის ვირუსის დროსაც, რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან. როდესაც ვაქცინაციის აუცილებლობაზე ვლაპარაკობთ, ჩვენ ვაცხადებთ, რომ ის განსაკუთრებით აუცილებელია რისკის ჯგუფებისთვის, ასეთ ჯგუფებს კი მიეკუთვნებიან არა მარტო ორსულები, არამედ 65 წელს გადაცილებული მოქალაქეებიც ასაკისა და ქრონიკული დაავადებების სიჭარბის გამო და მცირე ასაკის ბავშვებიც. ჩვენ პატარა ბავშვებს ვერ ვცრით, მაგრამ ორსულებისა და 65 წელს გადაცილებული მოსახლეობის აცრა შეიძლება, ქვეყანაში გვაქვს ამისათვის საკმარისი ვაქცინა, მაგრამ, სამწუხაროდ, არც 65 წელს გადაცილებული მოსახლეობის და არც ორსულების ვაქინაციის მაჩვენებელი რისკის დონეს არ შეესაბამება. სწორედ ამიტომ 65 წელს გადაცილებული მოსახლეობის სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაღალია და, სამწუხაროდ, გვაქვს ორსულების გარდაცვალების არაერთი შემთხვევაც. ამიტომ ისევ დაბეჯითებით ვამბობთ, რომ "ომიკრონის" დომინანტობის პერიოდშიც ორსულები და 65 წელს გადაცილებული მოსახლეობა რისკის ჯგუფებს მიეკუთვნებიან და მათთვის ვაქცინაცია აუცილებელია.

- რომელი ტრიმესტრი უფრო მნიშვნელოვანია ორსულებისთვის?

- ჩვენ ასე არ ვყოფთ, რადგან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვაქცინა ორჯერადია და ვაქცინის ორ დოზას შორის შუალედი სამი-ოთხი კვირაა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც პირველი ტრიმესტრია, ვინაიდან ორგანოები სწორედ ამ პერიოდში ფორმირდება. ვირუსული ინფექციაც, რა თქმა უნდა, ამ პერიოდშია ყველაზე სახიფათო.

- ბავშვებს როგორ გავუფრთხილდეთ, როცა სკოლები სასწავლო პროცესს არ აჩერებენ?

- სკოლებში სწავლა უნდა გაგრძელდეს, მაგრამ სკოლები უნდა იყოს უსაფრთხო: პერსონალი - ვაქცინირებული, ნიღაბი - სავალდებულო, მერხებს შორის დისტანცია - დაცული; ხშირად უნდა განიავდეს საკლასო ოთახები, იყოს საკმარისი ხელის ჰიგიენის საშუალებები და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბავშვი სკოლაში უნდა წავიდეს უსაფრთხო გარემოდან, ანუ ოჯახის უფროსი წევრების ბავშვებზე ზრუნვის ერთ-ერთი გამოხატულება უნდა იყოს სწორედ ვაქცინაცია. ბავშვების ინფიცირება ყველაზე ადვილად შეიძლება საყოფაცხოვრებო კონტაქტით, ამიტომ თუ გვინდა, ჩვენი ბავშვი იყოს უსაფრთხო გარემოში, ოჯახის ყველა უფროსი წევრი უნდა აიცრას. უსაფრთხო გარემო სახლში და უსაფრთხო გარემო სკოლაში მინიმუმამდე ამცირებს საფრთხეს.

- თითქმის ყველა ოჯახშია თითო ინფიცირებული. ასეთ პირობებში როგორ ვიქცევით ოჯახის სხვა წევრები? სამსახურში სიარული სწორია?

- თუ ადამიანი არის ვაქცინირებული, განსაკუთრებით - თუ გაკეთებული აქვს ბუსტერდოზა, რა თქმა უნდა, მას შეუძლია სამსახურში იაროს კონტაქტის შემთხვევაშიც კი. მას არ სჭირდება იზოლირება. ყველაზე მნიშვნელოვანია არა ტესტის გაკეთება, არამედ კონტაქტი და კლინიკური ნიშნები. ჩვენ ვეღარ ვამბობთ, რომ თუ ანტიგენის ტესტი ნეგატიურია, თქვენ ინფიცირებული არ ხართ, თუმცა ამას არც ერთ ეტაპზე არ ვამბობდით, რადგან არც ანტიგენის სწრაფი ტესტი და არც Pჩღ 100%-იანი სპეციფიკურობის არ არის. ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთ ასპექტი: აქამდე ჩვენ ვამბობდით, რომ დაავადების გადადების ალბათობა მაღალი იყო ინფიცირებულ ადამიანთან 15 წუთის განმავლობაში დაუცველი კონტაქტის შემთხვევაში, მაგრამ "ომიკრონთან" დაკავშირებით ეს 15-წუთიანი ფაქტორი აღარ მოქმედებს. ახლა რამდენიმეწუთიანი კონტაქტიც საკმარისია ინფიცირებისთვის, ასე რომ, თუ თქვენ თუნდაც ერთი წუთის განმავლობაში პირისპირ იჯექით ადამიანთან, რომელსაც შემდეგ კორონავირუსი დაუდგინდა, ამასთან, თქვენ არ ხართ აცრილი და კონტაქტის შემდეგ ერთიდან ოთხ დღემდე პერიოდში (ძალიან შემცირდა ინკუბაციური პერიოდი) კორონავირუსის რომელიმე ნიშანი გამოგივლინდათ, უნდა ჩათვალოთ, რომ ინფიცირებული ხართ, მიუხედავად ტესტის უარყოფითი პასუხისა.

- ტესტის გაკეთება როდის ჯობია?

- PCR- ტესტი პასუხს აჩვენებს კლინიკური ნიშნების პირველივე გამოვლენისას, მაგრამ კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე ორი დღით ადრე ინფიცირებული ადამიანი უკვე გადამდებია. თუ სწრაფ ტესტს იკეთებთ, გირჩევთ, გაიკეთოთ კლინიკური ნიშნების გამოვლენიდან ორი-სამი დღის შემდეგ.

- თუ ტესტით არ გვაქვს დადასტურებული ვირუსი, მაგრამ გვქონდა კლინიკური ნიშნები და ავადმყოფობა სახლში გადავიტანეთ, ეს დაზღვევით დაფინანსებას არ დაეხმარება?

- ეს ფაქტი აუცილებლად უნდა იყოს ოფიციალურად დადასტურებული. სხვაგვარად ყველას შეუძლია თქვას, რომ მას ჰქონდა კორონავირუსი.

- პროგნოზი როგორია, როგორი თვეები გველოდება წინ და იქნება თუ არა "ომიკრონი" კორონავირუსის ბოლო მუტაცია?

- რა თქმა უნდა, ეს ბოლო მუტაცია არ იქნება. კითხვა სხვაგვარად დგას: იქნება თუ არა შემდეგი მუტაცია შეშფოთების ვარიანტი. შეშფოთების ვარიანტია მუტაცია, რომელიც უფრო სწრაფად ვრცელდება, არის უფრო მძიმე დაავადების გამომწვევი, ან ვაქცინების წინააღმდეგ რეზისტენტული. ჯერჯერობით პანდემიის მთელი პერიოდის განმავლობაში ხუთი მუტაცია გვაქვს გამოვლენილი და იმედს ვიტოვებთ, რომ "ომიკრონი" იქნება ბოლო მუტაცია, რომელიც შეშფოთების ვარინატად მიიჩნევა. შემდეგი მუტაცია მოხვდება ან ინტერესის ვარიანტის, ან მონიტორიგნგის ვარიანტის კატეგორიაში.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით:

● "კოვიდ-19"-ის პანდემიის დაწყებიდან 2022 წლის 1-ლ იანვრამდე საქართველოში 10 687 ორსული დაინფიცირდა.

● 2022 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, კორონავირუსით 159 977 ბავშვი და მოზარდი დაინფიცირდა, რაც დადასტურებული შემთხვევების 17,1%-ია.

● 2021 წლის 15 მარტიდან 31 დეკემბრის ჩათვლით საქართველოში "კოვიდ-19"-ით გარდაიცვალა 385 ვაქცინირებული და 10 532 აუცრელი პირი.● საქართველოში 2020-2021 წლებში კორონავირუსით გარდაცვლილთა 52% ქალია, 48% - მამაკაცი. გარდაცვლილთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 31,7% 80 წელზე მეტი ასაკის პირზე მოდის. 0-9 წლამდე ასაკის ბავშვებში ეს მაჩვენებელი 0,1%-ია. სხვა ასაკობრივ კატეგორიებში სიკვდილიანობის პროცენტული განაწილება ასეთია: 70-79 წელი - 29,3%; 60-69 წელი - 24,8%; 50-59 წელი - 10%; 40-49 წელი - 2,9%; 30-39 წელი - 1%; 20-29 წელი - 0,3%; 10-19 წელი - 0,1%.