"საბჭოთა დინოზავრებიდან“ თანამედროვე წარმოებამდე - კვირის პალიტრა

"საბჭოთა დინოზავრებიდან“ თანამედროვე წარმოებამდე

"იმპორტ-ექსპორტის უარყოფითი სალდო 3,6-ჯერ შემცირდა“

ხშირად ვამბობთ, იმდენი უნდა ვაწარმოოთ, რომ იმპორტი მაინც შევამციროთ. რა პოტენციალი გვაქვს და კეთდება თუ არა რამე იმისთვის, რომ ეს სურვილი თუ სიტყვა საქმედ ვაქციოთ. ამ თემაზე სასაუბროდ "კვირის პალიტრის" სტუმარია ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე.

- სწორია ამ საკითხის დასმა, მაგრამ აქცენტები სხვაგვარად უნდა დავსვათ. ჩვენ იმპორტი არ უნდა ჩავანაცვლოთ, ეს სტრატეგია არ უნდა იყოს - შეუძლებელია დღევანდელ მსოფლიოში, გლობალიზაციის პირობებში, იმპორტის აბსოლუტური ჩანაცვლება. ვერც ერთი ქვეყანა, ძლიერი თუ სუსტი, დიდი თუ პატარა, ამას ვერ შეძლებს და არც უნდა სცადოს, მაგრამ ყველა ქვეყანა - საქართველოსაც ვგულისხმობ - უნდა ეცადოს, რომ თავისი რესურსები მაქსიმალურად, რაციონალურად და ეფექტიანად გამოიყენოს - ანუ ის, რისი წარმოებაც თვითონ შეუძლია, რისი ტრადიცია, კულტურა, სამეწარმეო გამოცდილება, რესურსები აქვს, რა თქმა უნდა, საკუთარი ძალითა და უცხოური კაპიტალის მოზიდვით ადგილზე უნდა აწარმოოს. ეს უნდა იყოს იმპორტჩანაცვლების აქტიური, რაციონალური პოლიტიკა. განსაკუთრებით მკაფიოდ ეს პანდემიის დროს გამოჩნდა, როცა ყველა სახელმწიფომ გააცნობიერა, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს საკუთარი რესურსების გამოყენებასა და თვითუზრუნველყოფის დონის გაზრდას. განსაკუთრებით, ეს შეეხება აგროსასურსათო პროდუქციას, რადგან სასურსათო უსაფრთხოება უკვე წარმოადგენს ქვეყნის ეროვნული უშიშროების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მხარეს და შესაბამისად, აუცილებელია ამ მიმართულებით მუშაობა.საქართველოში, მაგალითად, მარც­ვლეულის თვითუზრუნველყოფა მხოლოდ 15%-ს შეადგენს, 85%-ით კი იმპორტით შემოდის. დამოკიდებული ვართ ჩვენი დაუძინებელი მეზობლის, რუსეთის იმპორტზე. რომ ავიღოთ მთლიანად მარცვლეული, ფქვილი და პურპროდუქტები, ჯამში დაახლოებით 200 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი გვიწევს.

- სამწუხაროა ამის მოსმენა.

- ისე არ უნდა წარმოიდგინოთ, რომ არაფერი კეთდება, პირიქით, ბოლო წლებში სერიოზული წინსვლა გვაქვს. მნიშვნელოვნად გაიზარდა ჩვენი აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი და შემცირდა სალდო ექსპორტსა და იმპორტს შორის. 2012 წელს გვქონდა დაახლოებით 759 მილიონი დოლარის უარყოფითი სალდო, ანუ აგროსასურსათო პროდუქცია შემოგვქონდა 759 მილიონი დოლარით მეტის, ვიდრე გაგვქონდა. წლეულს, მიუხედავად იმისა, რომ გავზარდეთ ექსპორტიც და იმპორტიც, უარყოფითი სალდო 212 მილიონ დოლარამდე შემცირდა, ანუ 3,6-ჯერ. 2012 წელს რომ შევადაროთ, ქვეყანას 536 მილიონი დოლარი დაეზოგა. ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ბოლო თვეებში ჩვენი ეროვნული ვალუტა მყარდება, ამის დამსახურებაც არის. არ ვამბობ, ერთადერთი-მეთქი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. თუმცა ჯამში ეს პრობლემა დღემდე გადაუჭრელია.

XXI საუკუნეში საქართველომ იმპორტით 23,5 მილიარდი დოლარის აგროსასურსათო პროდუქცია შემოიტანა. ეს ძალიან დიდი რიცხვია. შედარებისათვის გეტყვით, რომ ეს დაახლოებით ორჯერ აღემატება იმ კაპიტალური დანახარჯების ღირებულებას, რომლებიც აუცილებელია, რათა საქართველო დაეწიოს თურქეთს ყოველ კვადრატულ კილომეტრზე თანამედროვე ავტოსაგზაო ინფრასტრუქტურის არსებობით. ჩვენ ჩამოვრჩებით 1,9-ჯერ, ანუ ყოველ კვადრატულ კილომეტრზე დაახლოებით 255 მეტრით ნაკლები გზა გვაქვს თურქეთთან შედარებით. საქართველოს ტერიტორია ოფიციალურად არის 69 700 კვკმ. ახლა წარმოიდგინეთ, რა მასშტაბებზეა საუბარი და რა ინვესტიციებზე. ფაქტობრივად, სასურსათო პრობლემა გადაწყვეტილი რომ გვქონდეს და იმპორტზე დამოკიდებული არ ვიყოთ, დადებითი საგადამხდელო სავაჭრო ბალანსი რომ გვქონდეს (მარტო სურსათზე მაქვს საუბარი), მაშინ ყოველწლიურად ათეულობით და ასეულობით მილიონი დოლარი დაგვეზოგებოდა.

- მიწათმოქმედების ქვეყანა ვართ, ჰავაც ხელს გვიწყობს, მაშ, ამდენი ხანია აგროსასურსათო პრობლემა რატომ ვერ მოგვიგვარებია?

- ეს გრძელი საუბრის თემაა, მაგრამ მოკლედ გეტყვით. თუ გახსოვთ, ძველად ამბობდნენ, სამყარო სამ ვეშაპზე დგასო. თანამედროვე სოფლის მეურნეობის განვითარებაც სამ აუცილებლობაზე დგას, ურომლისოდაც ყველა ცდა იქნება შედარებით ლოკალური მიკროწარმატების მომტანი, მაგრამ არა სტრატეგიული გარღვევისა.

პირველია - აგრარულ სექტორში კოოპერირების განვითარება. ჩვენს სოფლის მეურნეობაში მიწების დანაწილების სერიოზული პრობლემაა. როდესაც ფართობები დანაწევრებულია, მსხვილი ტექნიკის, ახალი ტექნოლოგიების შემოტანა, შრომისა და წარმოების სინერგიის ეფექტის მიღწევა ძნელია. ჩვენ საბჭოთა პერიოდიდან ისეთი უარყოფითი სინდრომი გვქონდა კოლმეურნეობების მიმართ, რომ 30 წელი გავიდა საბჭოთა კავშირის დაშლიდან და ის მაინც არ არის დაძლეული. არადა, მთელ მსოფლიოში არის ამის პრეცედენტი - არა მარტო მიწების, არამედ შრომითი ძალისხმევის, ტექნიკის, ტექნოლოგიების კოოპერირებით შესაძლებელი ხდება გაცილებით უკეთესი შედეგის მიღწევა. ეს შეიძლება შეეხებოდეს ერთობლივი საწარმოების, ერთობლივი ღვინის მიკროსაწარმოების ან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამმუშავებელი საკონსერვო საამქროების მშენებლობასა და გამოყენებას და სხვ. მოკლედ, კოოპერირება აუცილებელია.

ასევე აუცილებელია სოფლად იმ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, რომელიც არსებობს დღეს თანამედროვე აგრარულ სექტორში. მეცნიერებამ, მათ შორის აგროსასურსათო სფეროში, დიდ წარმატებას მიაღწია. ახალი ჯიშები, სელექციური გამოყვანა, დამუშავების ტექნოლოგია... ეს ცოდნა მასობრივად უნდა შევიდეს აგრარულ სექტორში.

საჭიროა კიდევ ერთი პროცესი, რომელიც უკავშირდება წმინდა ფინანსურ-რესურსულ უზრუნველყოფას - უნდა შეიქმნას სოფლისათვის სპეციალიზებული აგრარული ბანკი, რომელიც თანხას ფერმერებზე, წვრილ მწარმოებლებზე ექსკლუზიურად გასცემს მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო წარმოების ზრდისა და განვითარებისთვის. სესხი უნდა იყოს ძალიან დაბალპროცენტიანი, სიმბოლური, და ამაში სახელმწიფოს მონაწილეობა აუცილებელია.

სახელმწიფომ ბევრი რამ გააკეთა არაერთი პროგრამის რეალიზაციით. მათ შორის არის პროგრამა "აწარმოე საქართველოში", მაგრამ მათემატიკური ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ, ეს არის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობა, რათა სოფლის მეურნეობამ ჩამოიცილოს არასახარბიელო სტატუსი, რაც მას ეკონომიკის ყველაზე სუსტ რგოლად წარმოაჩენს. ამისთვის კი აუცილებელია მეტი ფინანსური მხარდაჭერა, მეტი ინვესტიცია სოფელში. სოფლად დასაქმებულია ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 40%-მდე, იქმნება ეროვნული პროდუქტის 9%-მდე, ხოლო წილი ინვესტიციებსა და ამჟამინდელ საბანკო კრედიტებში 2-3%-ის დონეზეა - ანუ დარგს სჭირდება მეტი რესურსული უზრუნველყოფა და განვითარებისთვის სახელმწიფოს უფრო აქტიური მხარდაჭერა. თუ ეს შევძელით, ექსპორტ-იმპორტში გვექნება არა უარყოფითი, არამედ დადებითი სალდო.

- არც ისე შორ წარსულში იყო საუბარი ქუთაისის ავტოქარხნის, 31-ე ქარხნის, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის უფრო აქტიურად ამოქმედებაზე. წარსულში ამ ქარხნებს დიდი დატვირთვა ჰქონდათ, ეს ტრადიცია შეიძლება ამ საუკუნეს მოვარგოთ სასარგებლო შედეგის მისაღებად?

- ხატოვნად რომ გითხრათ, საბაზრო ეკონომიკა ის დიდი ასტეროიდი აღმოჩნდა, რომელმაც დინოზავრების (დინოზავრებში ვგულისხმობ თქვენ მიერ დასახელებულ მსხვილ წარმოებას) არსებობა დაასრულა. იმ მასშტაბისა და პირდაპირი ფუნქციების ავტომატური გადმოღება, რაც ამ საწარმოებს ჰქონდათ, ფაქტობრივად, შეუძლებელია. დაახლოებით 15 ათასამდე კაცი მუშაობდა თითოეულ მათგანში, მათი გასაღების ბაზარი გარანტირებული იყო - 300-მილიონიანი საბჭოთა კავშირის ბაზარი. დღეს რობოტექნიკისა და მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებისას ასეთი რაოდენობით დასაქმების აუცილებლობა აღარ დგას, მოთხოვნა ბაზრების შესაბამისად შეიცვალა. ახლა აქცენტი უნდა გადავიტანოთ მაქსიმალურად მეცნიერებატევადი ახალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე, რომლებსაც დიდი დამატებული ღირებულების წარმოების უნარი აქვთ. ამიტომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ კოოპერირება მოწინავე ტექნოლოგიის მქონე საერთაშორისო ფირმებთან და ერთობლივად ვიზრუნოთ ისეთი პროდუქციის წარმოებაზე, რომელზეც საერთაშორისო ბაზრებზე იქნება მოთხოვნა, იქნება კონკურენტუნარიანი. ამ მხრივ შანსი აქვთ თქვენ მიერ დასახელებულ 31-ე ქარხანასაც და სხვა წარმოებებსაც.

პირველ ეტაპზე შეიძლება მეტი მუშაობა კოოპერირებისთვის, რათა მაკომპლექტებელი ნაწილების გამოყენებით შევძლოთ იმ პროდუქციის წარმოება, რომელთაც ექნება სტაბილური მოთხოვნა ჩვენს უახლოეს ტერიტორიულ სივრცეში. დაახლოებით ეს მოიცავს ხმელთაშუა ზღვისპირეთს, შავიზღვისპირეთსა და ჩვენს მეზობლებს აღმოსავლეთით, დაახლოებით 1000-1500 კილომეტრის რადიუსში. ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობა მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. მართალია, მარტო 2021 წელს რეექსპორტი გავზარდეთ დაახლოებით 20%-ით და აქტიურად ვთანამშრომლობთ ჩვენს მეზობლებთან, მაგრამ საჭიროა მეტი მუშაობა. ინფრასტრუქტურის გამართული მუშაობა ერთ-ერთი პირობაა, რომ საქართველო საინტერესო იყოს როგორც სატრანსპორტო-საკომუნიკაციო ჰაბი, საბოლოოდ კი, მიმზიდველი ფინანსურადაც. დიდ გამოწვევად რჩება ენერგოუზრუნველყოფა - ყოველწლიურად 1,3 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ენერგორესურსების იმპორტი გვიწევს. ამაში შედის ნავთობპროდუქტები, ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია. ეს საკმაოდ დიდი რიცხვია. ესე იგი, უნდა ვიზრუნოთ ქვეყანაში არსებული ენერგიის წყაროების, მათ შორის ჰიდრორესურსების უფრო აქტიურ გამოყენებასა და ჰესების მშენებლობაზე, პლუს მზისა და ქარის ენერგიის გამოყენებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ სულ უფრო და უფრო ვიქნებით დამოკიდებული ენერგორესურსების იმპორტზე, ვიქნებით მომწოდებლების ეკონომიკური მძევლები. ამ მდგომარეობას, თამამად შეიძლება ითქვას, მოკლე ისტორიულ პერიოდში უნდა დავაღწიოთ თავი. მაქსიმალურად გავზარდოთ ადგილზე ენერგიის წარმოება და მისით იმპორტის ჩანაცვლება. ესეც მრავალმილიარდიან დაზოგვას მოგვიტანს. მაშინ გვექნება საკმარისად მყარი მატერიალური ბაზა ეკონომიკის მდგარი განვითარებისთვის, შედარებით მაღალი ტემპის მიღწევისთვის და ჩვენი ვალუტაც ისე გამყარდება, რომ საზოგადოებას მეტი და მდგრადი განვითარების პერსპექტივას გაუჩენს. საშუალოვადიან პერსპექტივაში ეს იქნება წინგადადგმული ნაბიჯი, რათა ჩვენს შრომით მიგრანტებს, რომლებიც დღეს მოდებული არიან მსოფლიოს, მეტი სტიმული გაუჩნდეთ სამშობლოში დაბრუნებისა და თავიანთი ცოდნის, გამოცდილებისა და კაპიტალის ქვეყნის ეკონომიკაში ინვესტირებისთვის. ამაზე უნდა ვიზრუნოთ ხელისუფლებამ, ბიზნესმა და საზოგადოებამ.