"საქართველოსთანა პატარა ქვეყნისთვის კატეგორიულობა მხოლოდ მაშინ გამოდგება, როდესაც უკანდასახევი არ არის“ - კვირის პალიტრა

"საქართველოსთანა პატარა ქვეყნისთვის კატეგორიულობა მხოლოდ მაშინ გამოდგება, როდესაც უკანდასახევი არ არის“

"მთავარია, კულუარულად როგორ მოიქცევი, რას მიაწვდი, საერთაშორისო არენაზე როგორ და სად დაუჭერ მხარს, და არა იმას, რეზოლუციაში რუსეთი იყო თუ არა ნახსენები, რადგან რაზეა ლაპარაკი ყველასთვის კარგად არის ცნობილი“

საქართველო და რუსეთ-უკრაინის სამხედრო კრიზისი არის თემა, რომლის შესახებაც სამხედრო უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი მამუკა არეშიძე საუბრობს:

- ყველა ვერსია, რომელიც ომთან არის დაკავშირებული, რეალურია. ის, რომ რუსეთი ომისთვის ემზადება, ფაქტია. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ჯერ დიდი ომისთვის მზად არ არის. ის უფრო ცდილობდა, მოწინააღმდეგე მხარე მოლაპარაკებებზე დაეყოლიებინა, ვინაიდან სამხედრო მომზადებას ვერ ასწრებდა. შესაბამისად, დღეს რუსეთი არა შეტევითი ბრძოლისთვის, არამედ თავდასხმითი ბრძოლისთვისაა მზად. ვგულისხმობ "ისკანდერის" ტიპის სარაკეტო დანადგარს, რომელიც სხვადასხვა რეგიონშია განლაგებული და შეუძლია უკრაინა სიღრმეშიც დაბომბოს, მაგრამ შეჭრისთვის მზად არ არის.

რაც შეეხება ლოკალურ შეტევებს, შესაძლოა რუსეთმა ლუგანსკში, დონეცკში, მარიოპულში და ოდესის მიმდებარე ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედება დაიწყოს უკრაინის სხვა რეგიონის დაბომბვის პარალელურად. უკრაინაც ემზადება ომისთვის. დღეს ის იმაზე ბევრად კარგად არის ომისთვის მომზადებული როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე სამხედრო თვალსაზრისით, ვიდრე საქართველო იყო 2008 წელს. ის ვერსიაც განიხილება, რომ შეიძლება რუსეთი უკრაინამ პროვოკაციაზე წამოაგოს და მან წამგებიანი ნაბიჯი გადადგას - შეიჭრას უკრაინაში, რომელიც რუსეთს იმაზე მეტ უბედურებას მოუტანს, ვიდრე კრემლს ჰგონია. კრემლში ამ ვერსიასაც განიხილავენ და შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ეს აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. რუსეთში არის ე.წ. ომის პარტია პატრუშევის მეთაურობით და ასევე უფრო ზომიერი პოლიტიკური ძალებიც. თუმცა, ჯერჯერობით, საბოლოო გადაწყვეტილება, რომელიც პუტინსა და შოიგუზეა დამოკიდებული, არ მიუღიათ.

არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი - ხელს აძლევს თუ არა დასავლეთს ომი. სინამდვილეში, იქ არიან საკმაოდ გავლენიანი ძალები, რომლებიც სიამოვნებით მიიღებენ ამ ომს როგორც ფაქტს, ვინაიდან იციან, რომ ეს რუსეთისთვის ძალიან დიდი დარტყმა იქნება. შესაძლოა ქართველ საზოგადოებას არ ახსოვს, მაგრამ 2008 წლის ომი, თბილისისკენ რუსეთის "წარმატებული" სამხედრო მარშის მიუხედავად, სულაც არ იყო ისეთი შედეგის მომტანი, როგორადაც ამას თუნდაც მოსკოვში წარმოაჩენდნენ. გარდა ამისა, იმ ხუთდღიან ომში დიდი რაოდენობით საავიაციო ტექნიკა დაკარგა - დღეში, საშუალოდ, 1,5 ავიამოიერიშე, რომ არაფერი ვთქვათ, მძიმე ტექნიკაზე. რაც მთავარია, ტაქტიკური საბრძოლო ოპერაციებისას იმდენი ხარვეზი გამოჩნდა, რომ მსოფლიოს თვალში სირცხვილიც კი იყო საქართველოსთანა მოწინააღმდეგის პირისპირ რუსეთის "ძლევამოსილი არმიის" ასე წარმოჩენა.

- თუმცა ახლა ირწმუნებიან, რომ სირიასა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში კარგი გამოცდილება მიიღეს.

- დიახ, მაგრამ უკრაინაში მარტივი გასეირნება მაინც არ გამოუვა. ასე რომ, გარკვეული დასავლური ძალებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რუსეთმა დაიწყოს ომი, რომელშიც თავად გაიხლართება. ამ შემთხვევაში ხელ-ფეხი ეხსნებათ ცენტრალურ აზიაში, რომელიც მათთვის უკრაინაზე ბევრად მნიშვნელოვანია. თუ ეს რეგიონი აფეთქდა, რუსეთი, როგორც ტერიტორიული, ასევე კონფლიქტის ხანგრძლივობის, გავლენის, სატრანსპორტო კორიდორების თვალსაზრისით დაზარალდება. ამ დასავლური წრეებისთვის ეს ნიშნავს ევროპული რუსეთის კავშირის დასუსტებას ენერგობაზართან, შორეულ აღმოსავლეთთან, ჩინეთთან... ასე რომ, უამრავი ფაქტორი დევს სასწორზე.

- ამ ვითარებაში საქართველოს რა სახის დახმარება შეუძლია უკრაინისთვის?

- ორიოდ სიტყვით საქართველო-უკრაინის ურთიერთობასაც შევეხები. ამ ორ ქვეყანას უაღრესად მჭიდრო ურთიერთობა აქვს, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის, მაგალითად, გუამის ექსკლუზიური წევრები არიან. უკრაინელებმა 90-იანი წლების მიწურულს საქართველოს დიდი დახმარება გაუწიეს. მხოლოდ ომში მონაწილეობას არ ვგულისხმობ, კოდორის ხეობით მიმავალი დევნილები უანგაროდ გამოიყვანეს, რითაც უამრავი ადამიანი გადაარჩინეს. ამიტომ ამ ორი ქვეყნის ურთიერთობას შეიძლება საბრძოლო ძმობის კავშირიც ვუწოდოთ. შემდეგშიც სავაჭრო-ეკონომიკური, თუნდაც სამხედრო თვალსაზრისითაც ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა. ქართველმა სამხედროებმა იქაურ სამხედრო საავიაციო სასწავლებლებში გაიარეს მომზადება. თუმცა ბოლო წლებში უკრაინელები ცოტა უცნაურად იქცეოდნენ, ვინაიდან სააკაშვილის ფაქტორი უაღრესად გამაღიზიანებლად აისახა იქაურ პოლიტიკურ ისტებლიშმენტსა და საზოგადოებაზე, ასევე, იმ პირთა დაწინაურებაც, რომლებიც აქ სისხლის სამართლის დანაშაულის ბრალდებით იდევნებოდნენ. რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, საქართველო მანევრში ძალიან შეზღუდულია, ამიტომ აუცილებელია პოლიტიკური სიდინჯე, ოღონდ იმის ხარჯზე არა, რომ უკრაინელებმა ჩვენი მხარდაჭერა ვერ იგრძნონ. ტრიბუნიდან ემოციური შეძახილები და მუშტების ბრახუნი არ არის აუცილებელი, საქართველო აქტიურად უნდა მონაწილეობდეს უკრაინის დახმარების საერთაშორისო მოძრაობაში.შეიძლება საქართველოს ხმა გადამწყვეტი არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანია იმ დასავლელი პარტნიორების გასაგონად, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგი არიან. ასეთია, მაგალითად, ხორვატია და უნგრეთი. ნატოს წევრი ქვეყნის, ხორვატიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ არათუ არ აპირებენ უკრაინის დახმარებას, ასეთი ფორმით ამ სახელმწიფოს არსებობა მიუღებელიც არის. ამ ვითარებაში, როდესაც ასეთი დაძაბულობაა, ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიის რეგიონში პარალელური პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბება. უკრაინის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე ქვეყნის, აზერბაიჯანის პრეზიდენტი გახურებული კონფლიქტის დროს კიევში ჩავიდა და უამრავ დოკუმენტს მოაწერეს ხელი. ამასთან, ალიევის ინიციატივით, სასურველია შეიქმნას ერთიანი ეკონომიკური სივრცე, რომელშიც სომხეთიც იქნება გაწევრებული. ამ ვითარებაში საქართველოს ძალიან აქტიური რეგიონული პოლიტიკის გატარება შეუძლია. იქიდან გამომდინარე, რომ ერევანსა და ბაქოში ასეთი ტიპის შეხვედრები ვერ გაიმართება, შეგვიძლია ოპტიმალურ ვარიანტად თბილისი შევთავაზოთ, რაც ძალიან მისაღები იქნება დასავლეთისთვის, მაგრამ არც რუსეთს გააღიზიანებს, რადგან აზერბაიჯანის შემოთავაზებაა. ეს არის 3+3 ფორმატის პარალელური პროექტი... თუმცა, ვფიქრობ, საქართველო იმ ფორმატშიც უნდა ჩაერთოს, ოღონდ მუდმივი წევრის კი არა, დამკვირვებლის სტატუსით.

- რუსეთის ფაქტორის მიუხედავად?

- დიახ, ოღონდ ახლა არა... თვალი უნდა მივადევნოთ მოვლენების განვითარებას, იმას, თუ როგორ გადაწყდება უკრაინის კრიზისი, თუმცა ჩვენი პოზიციის გახმოვანება შეგვიძლია, რაც ჩვენს თანხმობას კი არა, პროცესზე დაკვირვებას ნიშნავს. საქართველოსთანა პატარა ქვეყნისთვის კატეგორიულობა მხოლოდ მაშინ გამოდგება, როდესაც უკანდასახევი არ არის. თუ მანევრის საშუალება მცირე, მაგრამ მაინც არის, ისე უნდა მოვიქცეთ, როგორც ისრაელი, რომელიც მეზობლების წინააღმდეგობებით თამაშს ცდილობს. საქართველომ უკრაინას მხარი უნდა დაუჭიროს, ოღონდ მხოლოდ ტრიბუნიდან კი არა, პოლიტიკა კულუარებში კეთდება, სადაც იმ დახმარების გაწევაც შეიძლება, რომელიც უკრაინისთვის ძალზე საჭირო და მნიშვნელოვანია. რაც შეეხება უკრაინის მხარდამჭერ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციას, მის გამო ატეხილი ამბები არის კლასიკური სამხრეთული ქარიშხალი ჭიქაში. ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ერთიანი პოზიცია ჰქონოდა, უკრაინელებისთვის იმდენად არა, რამდენადაც ქართველი საზოგადოებისთვის და სასაცილოა, რომ ამაზე ყველა ცალ-ცალკე გამოხატავს მხარდაჭერას. უკრაინამ რეზოლუცია მოიწონა, დიპლომატიური ჟესტი იყო თუ მართლა მოეწონათ, ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან დიდ პოლიტიკაში ასეთ პატარა დეტალს გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, კულუარულად როგორ მოიქცევი, რას მიაწვდი, საერთაშორისო არენაზე როგორ და სად დაუჭერ მხარს, და არა იმას, რეზოლუციაში რუსეთი იყო თუ არა ნახსენები, რადგან რაზეა ლაპარაკი ყველასთვის კარგად არის ცნობილი. თუმცა, თუ დელიკატურობა უნდოდათ, კარგი იქნებოდა ერთი ფრაზა, "საგარეო აგრესია" ეხსენებინათ და ეს იქნებოდა სიგნალი ჩვენი მოკავშირეებისთვის, რომ აგრესიას არ ვურიგდებით, მაგრამ ვცდილობთ 2008 წელი არ განმეორდეს, როდესაც რუსეთის პირისპირ მარტო დავრჩით.

კიევში თურქეთის პრეზიდენტიც ჩავიდა. ასე ხდება დიდ პოლიტიკაში და სიმართლე გითხრათ, ერდოღანს უკრაინელი ხალხის ბედი სულაც არ ანაღვლებს, უბრალოდ, მღვრიე წყალში ყველა ცდილობს თევზის დაჭერას. შესაბამისად, ერდოღანისთვის, რომელიც თავს ყირიმელი თათრების პატრონად მიიჩნევს, ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესებში ჩართვა ან თავისი ძლიერების დემონსტრირება, თითქოს შავი ზღვის აუზში თურქეთის გარეშე ვერაფერი მოხდება. რუსეთთან ვითომ თანამშრომლობს, მაგრამ ყირიმის ე.წ. დამოუკიდებლობას არ ცნობს. საერთოდ, ერდოღანი ბუნებით ავანტიურისტია. 2008 წელს, როდესაც მახინჯაურში ერთი ჭურვი ჩამოვარდა, სასწრაფოდ მოსკოვში ჩაფრინდა, რადგან ყარსის ხელშეკრულების კონტექსტის მიხედვით თურქეთს აქვს უფლება სამხედრო დაპირისპირებაში შუამავლის როლი ითამაშოს. ასე რომ, კიევში მისი ვიზიტი ძალიან მკაფიო სიგნალია პუტინისთვის, კრემლში სულ უნდა ახსოვდეთ, რომ თურქეთი ანგარიშგასაწევი ძალაა.

- ზბიგნევ ბჟეზინსკი 90-იანებში ვარაუდობდა, რომ პოლონეთი და უკრაინა გეოსტრატეგიულ ალიანსს გერმანიასა და საფრანგეთთან შექმნიდა. 30 წლის შემდეგ მისი პროგნოზი ნაწილობრივ გამართლდა - პოლონეთი და უკრაინა ქმნიან კოალიციას, ოღონდ გერმანიისა და საფრანგეთის ადგილს დიდი ბრიტანეთი დაიკავებს. რისი მომტანი შეიძლება იყოს ეს ალიანსი მსოფლიოსთვის?

- ეს არის აპრიორი ანტირუსული ალიანსი. პირობაში არ უდევთ, რომ ერთმანეთს შეიარაღებული ძალებით დაეხმარებიან, თუმცა, თუ სამხედრო აღჭურვილობით, ფინანსურად და პოლიტიკურად დაუჭერენ მხარს, მაინც საინტერესო იქნება, რადგან ამ ალიანსს უკვე აღარ აინტერესებს­ ევროკავშირი როგორ მოიქცევა. პოლონეთი ამ კავშირის ყველაზე ურჩი წევრია, თავისი პოლიტიკა აქვს და მის გატარებას ევროკავშირის წიაღში ხისტად ცდილობს. უნგრეთიც დემონსტრაციულად არ იღებს იმ ფასეულობებს, რომელთა დამკვიდრებასაც ევროკავშირი ცდილობს, მაგრამ ამას შედარებით დელიკატურად აკეთებს. პოლონეთი კი, რომელიც დიდი, 45-მილიონიანი ქვეყანაა, თავის პოლიტიკას ქმნის. ასე რომ, ეს ალიანსი, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში არსებულის გამეორებაა, უკრაინას იმედს აძლევს, რომ იმაზე მეტი მხარდაჭერა ექნება, ვიდრე დასავლეთის ზოგადი მხარდაჭერით ჰქონდა. მნიშვნელოვანია, რომ ბრიტანეთმა ახალი პოლიტიკის პრიორიტეტები წარმოადგინა - ის დიდ პოლიტიკაში ბრუნდება აშშ-ის პოლიტიკის მიღმა, ოღონდ, ცხადია, ვაშინგტონთან შეთანხმებით.

- ნატოს განცხადებები საინტერესოა, თუმცა ყოველთვის ტოვებს ინტერპრეტაციის საშუალებას. როგორ ფიქრობთ, რაზეა წამსვლელი ეს ალიანსი რუსეთის წინააღმდეგ?

- ნატოს ხელმძღვანელობა ახმოვანებს ვაშინგტონის პოზიციას, რომელიც ძალზე ნათელი და თანამიმდევრულია, მაგრამ ამ ორგანიზაციის წევრების აზრი ერთმანეთისგან და თავად ხელმძღვანელობის პოზიციისგან მკვეთრად განსხვავებულია, რაც ნამდვილად დამაბნეველია. ახლა უკვე გასაგებია, რომ ის წევრები, რომლებიც ორგანიზაციის მოუმზადებელ გაფართოებას სკეპტიკურად უყურებდნენ, გარკვეულწილად არ ცდებოდნენ. ნატოს წევრი არაერთი ქვეყანა ალიანსს განიხილავს როგორც საკუთარი თავდაცვის მექანიზმს და არა კოლექტიურს - ანუ თუ თავად შეექმნებათ პრობლემა, მთელ ნატოს მოუხმობენ, სხვის გამო კი შეწუხება არ სურთ. ამ დროს საინტერესოა თურქეთის პოლიტიკა, რომელიც თითქოს ნატოს იდეების აპოლოგეტია, მაგრამ როგორც კი პრობლემები ექმნება, მაშინვე მის წევრ ქვეყანას, საბერძნეთს უპირისპირდება, საფრანგეთთან კი, ფაქტობრივად, მუდმივი დიპლომატიური კონფლიქტი აქვს. ინგლისურ-პოლონურ-უკრაინული და უფრო ადრე შექმნილი ანგლოსაქსური ალიანსი არის ნატო ნატოში, მიუხედავად იმისა, რომ ის ფუნქციები ჯერ არა აქვს, რაც ჩრდილოატლანტიკურ ალიანს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მომავალში ექნება. უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში ნატოს ჯარები საწყის ეტაპზე არ მიიღებენ მონაწილეობას, მაგრამ დიდი ომის შემთხვევაში რაღაც ფორმით, მოხალისეების შეყვანით ან კერძო სამხედრო სტრუქტურებით, აუცილებლად ჩაერთვებიან პროცესში.

რაც შეეხება საქართველოს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ განვითარდება პროცესები - იმის შესაძლებლობა, რომ ნატოში ჩვენი შესვლა დაჩქარდეს, არის, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს დინამიკას, იქნება ომი თუ არა, ლოკალური თუ მასშტაბური, ვისკენ გადაიხრება გამარჯვების სასწორი. თუმცა არსებობს ერთი ჯიუტი ფაქტი - სანამ რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეში თუნდაც საშუალო სიძლიერის ქვეყანაა, საქართველოსა და უკრაინას მუდმივად ექნებათ საფრთხე და ნატოში გაწევრებაც გამორიცხულია. როცა რუსეთი ისე დასუსტდება, რომ ჩვენი ჯანჯღარის თავი აღარ ექნება, იმედიც გაჩნდება. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქართველი საზოგადოება დღევანდელი პოლიტელიტისა და მედიის ძალისხმევით გადართულია ისეთ წვრილმანებზე, რაც ძალიან შორს არის არსებული საფრთხეებისგან. ქვეყანას არა აქვს იდეოლოგია, არ იცის, რას აძლევს მსოფლიოს და რას ითხოვს მისგან. ხვალინდელი დღის განცდა არა გვაქვს, რას ვაკეთებთ ხვალ და რისთვის. ამ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას კი სახელმწიფოდ ჩამოყალიბება უჭირს და ეს ბევრად სახიფათოა, ვიდრე თუნდაც რუსეთისგან წამოსული საფრთხეები. თუ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებული არა ხარ, ვერც დიდ პოლიტიკას ითამაშებ.