"არ მესმის, რატომ არის რთული იმის თქმა, რომ რუსეთი ჩვენი და უკრაინელების საერთო მტერია“ - კვირის პალიტრა

"არ მესმის, რატომ არის რთული იმის თქმა, რომ რუსეთი ჩვენი და უკრაინელების საერთო მტერია“

"საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, ხელისუფლებისა და ოპოზიციის დელეგაცია ერთად ჩავსულიყავით და დაგვეფიქსირებინა მხარდაჭერა. რადგან ეს ასე არ მოხდა, ოპოზიციამ იკისრა ეს საქმე. შევხვდით როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს და დავუდასტურეთ ჩვენს მსგავსად მოფიქრალი ქართველი ხალხის პატივისცემა"

"ჩვენ მხარს ვუჭერთ ბრიტანეთი-უკრაინა-პოლონეთის ალიანსს და ვფიქრობთ, რომ საქართველოც მათ გვერდით უნდა იყოს. დღეს ის მომენტია, როდესაც ქართველი ხალხის არჩევანი ოპოზიციასთან ერთად ხელისუფლებამაც უნდა გაითავისოს და დავიწყოთ იმ იმედისთვის ბრძოლა, რასაც დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლა ჰქვია", - განაცხადა კიევში მყოფმა "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ "ლელოს" დელეგაცია კიევში გაემგზავრა. "ყველაზე მთავარი გზავნილი, რითაც ჩვენ უკრაინაში ჩავედით, ის არის, რომ ქართველი ხალხი დღეს უკრაინელი ხალხის გვერდით დგას. ჩვენ მკაფიოდ ვამბობთ - რუსეთი არის აგრესორი, რომ უკრაინის გამარჯვება კავშირშია საქართველოს გამარჯვებასთან, უკრაინის თავისუფლება პირდაპირ არის გადაჯაჭვული საქართველოს თავისუფლებასთან, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობასთან და ამ გამოწვევას, რომელიც ძალიან დიდი ხანია ჩვენს ქვეყნებს უდგას რუსეთის სახით, ერთად უნდა გავუმკლავდეთ. ასევე ჩვენი გზავნილია, რომ ის სამარცხვინო რეზოლუცია, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" მიიღო, არ გამოხატავს ქართველი ხალხის აზრსა და ნებას", - განაცხადა ხაზარაძემ. როგორ შეხვდნენ უკრაინის რადაში ქართველ ოპოზიციონერ ლიდერებს, რატომ მიიჩნევს საქართველოს ხელისუფლების რეზოლუციას სამარცხვინოდ "ლელოს" ლიდერი და როგორი იქნება ამ გუნდის სამოქმედო გეგმა ახალ რეალობაში, ამის შესახებ მამუკა ხაზარაძე გვესაუბრება:

- მაშინ როდესაც შენს სტრატეგიულ პარტნიორს ასეთი კრიტიკული პერიოდი აქვს, აუცილებლად უნდა დაუჭირო მხარი. საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, ხელისუფლებისა და ოპოზიციის დელეგაცია ერთად ჩავსულიყავით და დაგვეფიქსირებინა მხარდაჭერა. რადგან ეს ასე არ მოხდა, ოპოზიციამ იკისრა ეს საქმე. შევხვდით როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს და დავუდასტურეთ ჩვენს მსგავსად მოფიქრალი ქართველი ხალხის პატივისცემა.

- როგორ შეგხვდნენ?

- ემოციური შეხვედრა გვქონდა. დიდი მადლიერება გამოხატეს.

- "ქართული ოცნების" ლიდერები ამბობენ, რომ უკრაინის ხელისუფლებასთან კოორდინირებულად მოქმედებენ და ოპოზიციის კრიტიკა უსაფუძვლოა. შეგიძლიათ თქვათ, რომ უკრაინელმა ლიდერებმა უკმაყოფილება გამოხატეს საქართველოს ხელისუფლების მიმართ?

- თავად განსაჯეთ, ჩემი აზრით, როდესაც ოფიციალური შეხვედრისას გეტყვიან, გადაეცით თქვენს კოლეგებს ხელისუფლებაში, სიმართლე ილაპარაკონო, ეს მკაფიო გზავნილია. ამით ჩვენს ხელისუფლებას მიანიშნეს, რომ აგრესორს აგრესორი დაარქვან, მტერს - მტერი, მეგობარს კი მეგობარი. არ მესმის, რატომ არის რთული იმის თქმა, რომ რუსეთი ჩვენი და უკრაინელების საერთო მტერია.

- მას შემდეგ, რაც უკრაინელ კოლეგებს ესაუბრეთ, ვითარებაში უფრო დაწვრილებით გაერკვიეთ, უკრაინის საზღვრებთან რუსის ჯარის თავმოყრის გამო ამერიკისა და ევროპის ახლებური პოზიცია შეიძლება თუ არა ქართველებმა ახალ შესაძლებლობად ჩავთვალოთ?

- დღეს დასავლეთი და ამერიკა ფეხზე დგას, მათ გაიაზრეს, რომ რიგ შემთხვევებში დააგვიანეს რეაგირება, მაგალითად, 2008 წლის აგვისტოში, საქართველოში და 2014 წელს ყირიმში. მათ ნახეს, რომ რუსეთს მადა ჭამაში მოდის, თუ წინააღმდეგობა არ ხვდება. დღეს მთელი თავისუფალი სამყარო გააქტიურებულია აგრესიის წინააღმდეგ. თუ ამ მოცემულობას შენს შესაძლებლობად არ აქცევ, ამ ფერხულში არ ჩაებმები, ესე იგი, სხვა მხარეს დგახარ, სხვა მხარე კი რუსეთია. არ მესმის, რატომ უნდა ვიყოთ ჩუმად, როდესაც ჩვენს პრობლემაზე საუბრობს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, როდესაც ამერიკა და ნატო რუსეთს მიუთითებენ, რომ საოკუპაციო ჯარები უნდა გაიყვანონ საქართველოდან. ჩვენ ვესაუბრეთ ბრიტანეთის ელჩს, ასევე უკრაინულ მხარესთან დავაყენეთ საკითხი, რომ განხილულ იქნეს საქართველოს ჩართვა იმ ფორმატში, რომელსაც ბრიტანეთი-უკრაინა-პოლონეთის ალიანსი ჰქვია. ჩვენ ხელისუფლებაში არა ვართ, მაგრამ ამ იდეის ინიცირება გვსურს. დარწმუნებული ვარ, ამ საკითხს ჩვენი ხელისუფლებაც დადებითად გამოეხმაურება, იმიტომ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატია როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკის თვალსაზრისით. ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესებასა და მაღალ რანგში აყვანაზე უკვე ვესაუბრეთ უკრაინულ მხარეს. ბოლოს და ბოლოს, შავი ზღვა გვაერთიანებს და პირდაპირი საინვესტიციო კავშირი ძალიან მნიშვნელოვანია. შევთანხმდით, რომ ჩავატარებთ ბიზნესფორუმს და ქართველები და უკრაინელები ვიმსჯელებთ იმ პრობლემებზე, რომელთა გამოც ვერ ვითარდება ბიზნესი, ეკონომიკა, არ შემოდის ინვესტიციები და ა.შ.

- უკრაინელ კოლეგებთან საუბრისას რა შთაბეჭდილება დაგრჩათ, რუსული არმიის შეჭრის მოლოდინში არიან თუ ფიქრობენ, რომ ამერიკის და დასავლეთის მუქარა რუსეთს განზრახვას გადააფიქრებინებს?

- ისინი ფიქრობენ, რომ უკვე ომში არიან. ამიტომ ყოველდღიურად ემზადებიან. ყოველდღე შემოდის სამხედრო დახმარება ამერიკიდან, ბრიტანეთიდან, სხვა ევროპული ქვეყნებიდან. მე აბსოლუტურად სხვა უკრაინა ვნახე როგორც სამხედრო მომზადებით, ასევე მოტივაციით, განწყობით. მაღაზიებში, ქუჩაში სიარულის დროსაც კი იგრძნობთ სხვაობას ორი თვის წინანდელ და დღევანდელ უკრაინას შორის. მობილიზებულია ქალთა ბატალიონები, უამრავი უკრაინელი ეწერება მოხალისედ. აღმაფრთოვანა უკრაინელების საბრძოლო განწყობამ და ოპტიმიზმმა.

- საქართველოში დაბრუნებისას აპირებთ თუ არა ოდნავ მაინც შეცვალოთ პოლიტიკური დისკურსი და ის უფრო საინტერესო გახადოთ თუნდაც იმ საკითხების წამოწევით, რომლებიც უკრაინელ კოლეგებთან განიხილეთ?

- შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ჩვენ შეგვიძლია ქვეყანაში პოლიტიკური დისკურსის შეცვლა, იმიტომ, რომ ის "ოცნების" შექმნილია. "ოცნებას" სწორედ ის შიდა დაპირისპირება და პოლარიზება აწყობს, რაც დღეს არის ქვეყანაში. ქვეყნის ბედი რომ ანაღვლებდეთ, შეხების წერტილს მაინც გამონახავდნენ ოპოზიციასთან. გაუთავებლად ლაპარაკობენ გასულ 9 წელზე, რათა გადაფარონ თავიანთი 9 წელი და ასე შეინარჩუნონ ძალაუფლება. ესეც მხოლოდ კომერციული მიზნებისთვის სჭირდებათ, იდეოლოგია მათ არ გააჩნიათ და მიზნები.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ შიდა დაპირისპირებისთვის "ოცნებას" "ნაციონალებიც" ხშირად აძლევენ საბაბს? მაგალითად, რა მოიგო ოპოზიციამ იმით, რომ პარლამენტში უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის განხილვისას "ნაციონალებმა" სააკაშვილის მხარდამჭერი ტრანსპარანტები გაშალეს?

- რა მოხდა მერე?! მთელ მსოფლიოში შლიან, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხი უნდა ჩაშალო? სწორედ ასეთი საბაბებით დაამსგავსეს ქვეყნის პოლიტიკა სოფლის ორღობეში ჭორაობას. სერიოზულად აღარაფერს განვიხილავთ. ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა სიღატაკეა. როდესაც ინფლაცია 14%-ია, ინვესტიციები არ შემოდის, მხოლოდ ემიგრანტების გამოგზავნილი ფულით ივსება ბიუჯეტი და შენ ამის შესაცვლელად არაფერს აკეთებ, ესე იგი, გაწყობს ეს მოცემულობა. ამას თითოეული ჩვენგანი უნდა დავუპირისპირდეთ, პარტიული კუთვნილების მიუხედავად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისე ღრმად ჩავეფლობით ჭაობში, მერე ძალიანაც რომ მოვისურვოთ, ვეღარ ამოვალთ. ამიტომ აუცილებლად დღესვე უნდა გავარღვიოთ ეს ჩაკეტილი წრე.

- მიუხედავად იმისა, რომ ამომრჩევლის 60% უკმაყოფილია "ქართული ოცნების" მმართველობით, ოპოზიცია მაინც ვერ ახერხებს ელექტორატის გულის მოგებას.

- დეპოლარიზებას სწორედ პარტიული ტელევიზიები უწყობენ ხელს. თუ მოჯადოებული წრის გარღვევა გვინდა, დიალოგი, დებატები უნდა დავიწყოთ.

- ტელევიზიას არ ფლობთ, მაგრამ არა მგონია, თქვენთვის საეთერო ან საგაზეთო სივრცე მიუწვდომელი იყოს.

- საუბრის საშუალება მაქვს, ამის პრობლემა ნამდვილად არ არის. პრობლემა ის არის, დებატებში ჩემ წინ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები არ სხედან და პირისპირ ვერ ვეკამათები ინვესტიციებზე, პოლიტიკურ საკითხებზე. მე რომ თქვენთან ვიტყვი რაღაცას, "ქართული ოცნება" სხვა გაზეთიდან ან ტელევიზიიდან მიპასუხებს. ცალ კარში თამაში შედეგს ვერ მოგვიტანს, ჭეშმარიტება კამათში იბადება, ერთმანეთის ლანძღვა-გინება ხეირს არ დაგვაყრის.

ხათუნა ბახტურიძე