"სახელმწიფოც და საზოგადოებაც ვალში არიან მასწავლებელთან იმდენად, რამდენადაც ვალში არიან მომავალ თაობასთან“ - კვირის პალიტრა

"სახელმწიფოც და საზოგადოებაც ვალში არიან მასწავლებელთან იმდენად, რამდენადაც ვალში არიან მომავალ თაობასთან“

"სკოლის მასწავლებლის მთავარი ფრაზა უნდა იყოს "შექმენი შესაძლებლობა". ჩვენ ყველაფრიდან ახალი შესაძლებლობა უნდა შევქმნათ - ეს არის მნიშვნელოვანი გამოწვევა. თუმცა, რასაკვირველია, ეს მოითხოვს ძალიან მაღალი კლასის მასწავლებელს. ვინც ამბობს, დისტანციური სწავლების დროს რამდენ რამეს ვკარგავთ, შედეგს ვერ ვაღწევთო, ფიქრობენ იმაზე, 2 წლის წინ, სანამ პანდემია მოვიდოდა, რა შედეგები გვქონდა?..", - გვეუბნება ფილოლოგიის დოქტორი, სკოლა "ლოგოსის" დამფუძნებელი და სამეცნიერო ხელმძღვანელი გია მურღულია, რომელიც არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ პანდემიის 2 წელი სწავლებაში დაკარგულად უნდა ჩაითვალოს.

- რა თქმა უნდა, დისტანციურ სწავლებას ახლავს პრობლემა, ოღონდ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ - თანამედროვე ტექნიკური საშუალებები სასურველ შედეგთან მიახლოებას აადვილებს. მთლიანად ვერ აბალანსებს დასწრებულ სწავლებას, მაგრამ იმას, რომ ეს არის აბსოლუტურად უაზრო, დაკარგული წლები, არ ვიზიარებ. სანამ მე და თქვენ საუბარს დავიწყებდით, ბავშვებთან ერთად ვსაუბრობდით ერთ ფილმზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობა იყო - მე ბავშვებს ვხედავ, მათ თვალებსაც და ემოციებს... დაუყოვნებლივ რეაგირებენ კითხვებზე... ამ შესაძლებლობებს ფუჭს ნამდვილად ვერ ვუწოდებ. ბუნებრივია, დასწრებული სწავლება ასპროცენტიანი შესაძლებლობაა როგორც სწავლების, ისე აღზრდისთვის, რაციონალური ფიქრის, სათანადო ემოციისა და განწყობის დასაბადებლად. შეხვედრები მაინც უკეთესია, ტექნოლოგიური კომუნიკაცია კი მაინც გაშუალებულია და, ბუნებრივია, სირთულეებს ბადებს. მაინც ვერ დავეთანხმები მათ, ვინც წყალში გადაყრილ დროსა და შესაძლებლობებზე ლაპარაკობენ. ნამდვილად არ არის ასე. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ეს გასაჭირი, რამაც ახალი მიდგომების გამოყენების აუცილებლობა დაბადა, ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ.

სკოლის მასწავლებლის მთავარი ფრაზა უნდა იყოს "შექმენი შესაძლებლობა". ჩვენ ყველაფრიდან ახალი შესაძლებლობა უნდა შევქმნათ. ეს არის მნიშვნელოვანი გამოწვევა. თუმცა, რასაკვირველია, ეს მოითხოვს ძალიან მაღალი კლასის მასწავლებელს და ამ მხრივ ჩვენ პრობლემები გვაქვს. ვინც ამბობს, დისტანციური სწავლების დროს რამდენ რამეს ვკარგავთ, შედეგს ვერ ვაღწევთო, ფიქრობს იმაზე, 2 წლის წინ, სანამ პანდემია მოვიდოდა, მანამდე რა შედეგები გვქონდა? პრობლემები, რომლებმაც ახლა განსაკუთრებული სიმწვავით იჩინა თავი, ადრეც არსებობდა და ჩვენ აქამდეც უნდა გვეზრუნა, რომ ისინი მოგვეგვარებინა. ახლა ძალიან ადვილია იმის თქმა, რომ პანდემიის ბრალია ყველაფერი. სხვა პრობლემებსაც ხომ უნდა შევხედოთ თვალებში. მაგალითად, მასწავლებელთა კომპეტენციის, აღზრდის სისტემის ჩამოუყალიბებლობის პრობლემას, საგანმანათლებლო რესურსების სიმცირეს, მასწავლებელთა მზაობას, რომ ტექნიკური შესაძლებლობები და სწავლების ახალი პროგრამები გამოიყენონ და ა.შ.

- ალბათ, 2 წელი საკმარისი უნდა ყოფილიყო ამ პრობლემების დასაძლევად...

- სახელმწიფოს თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს, მას შეეძლო მეტის გაკეთება, მაგრამ მთავარი პასუხისმგებელი პროფესიონალიზმზე მასწავლებელია. მე თუ რამე მეშლება, ჩემს თავში უნდა მოვძებნო პრინციპულობა და ობიექტურობაც, რომ ვთქვა, რაღაც ჩემი ბრალია, სათანადოდ არ გავისარჯე-მეთქი. მიზეზები ჯერ საკუთარ თავში უნდა მოვძებნოთ. სახელმწიფოსა და საზოგადოებაზე ხელის შეხოცვა, ყველაფრის სხვისთვის გადაბრალება ადვილია. დროა ყველამ საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა. როდესაც მასწავლებელს არა აქვს კომპეტენცია, რომ ახალი პროგრამა გამოიყენოს, ეს არ უსწავლია, დაეზარა ამის გაკეთება, "მე გაჭირვებული ვარ, ჩემი ოჯახი უნდა ვარჩინო" და ა.შ., ეს გასაგებია, გულთან ახლოს მისატანია, მაგრამ ბავშვების ხარჯზე არაფერი არ უნდა ხდებოდეს, ეს ჩემთვის აქსიომაა - არაფერი, არც ერთი მიზეზი არ ამართლებს, თუ ბავშვებთან მოუმზადებელი მივდივარ.

- წიგნიერებაზე მინდა გკითხოთ... როგორ უნდა მივაბრუნოთ წიგნისკენ ინტერნეტს მიჯაჭვული მოზარდები?

- ეს მარტო მასწავლებლის პრობლემა არ არის. სახელმწიფოში უნდა იყოს ისეთი საგანმანათლებლო პოლიტიკა, საზოგადოებრივი შეფასებითი პოლიტიკაც, რომელიც იგულისხმებს იმას, რომ განათლებული ადამიანის ცხოვრების წესი უნდა დაფასდეს. წარმატებული ადამიანი მარტო ის არ არის, ვისაც ბევრი ფული შეიძლება ჰქონდეს. წარმატებული ადამიანი უნდა იყოს ის, ვინც არის დახვეწილი გემოვნების, ვისაც აქვს შესაფერისი ცოდნა, ვინც საინტერესოა საკუთარი თავისა და საზოგადოებისთვისაც. ასეთი ადამიანების ცხოვრების წესი უნდა იყოს წახალისებული, დაფასებული. ამისთვის სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს. მათზე უნდა იყოს გადაცემები, დოკუმენტური ფილმები, გაზეთები წერდნენ, ისინი წინა რიგებში უნდა დავაყენოთ, თორემ რატომ მოუნდებათ ჩვენს შვილებს ბევრი კითხვა ან განათლების მიღება? რასაკვირველია, კეთილდღეობა უპირველესად განათლებულობას უნდა უკავშირდებოდეს. თუმცა მარტო განათლება არ არის საკმარისი, უნარებიცაა საჭირო, შეუპოვრობაც, მიზანსწრაფულობაც, ალგორითმის გააზრებაც და ა.შ. თუმცა ესეც განათლებას უკავშირდება. ამიტომ არის, რომ განათლება უნდა გახდეს პრიორიტეტი. უპირველესად მასწავლებელი თვითონ იყოს საინტერესოობის მაგალითი. თუ ამას ახერხებს, მაშინ მისი მიბაძვის სურვილი ხანდახან მაინც დაიბადება ბავშვებში. ეს არ არის პანაცეა, არა მაქვს ილუზია, რომ შემიძლია გადავფარო ნაკლოვანებები, რაც შეიძლება საზოგადოებას ან სახელმწიფოს ჰქონდეს. თუ ისინი არ დაეხმარნენ მასწავლებელს, არაფერი გამოვა. საზოგადოება უნდა დაეხმაროს მასწავლებელს იმით, რომ თვითონ იყოს პირველი დამფასებელი განათლებულობის. თუ ბავშვს ოჯახში ესმის, რომ განათლება არ არის მთავარი ღირსება, თუ ხედავს, რომ განათლებულობა არ არის აუცილებელი წინა პირობა იმისა, რომ წარმატებას მიაღწიოს, რომ ამისთვის უფრო ადვილი გზები არსებობს, მაშინ რატომ აიტკივებს აუტკივარ თავს? განათლებულობა, საკუთარი თავის, სამყაროს შეცნობა, კანონზომიერებათა დანახვის უნარი, სიმართლის გამოხატვა - ყოველივე ეს დაკავშირებულია მძიმე შრომასთან, რაც, მოგეხსენებათ, მთლად მომხიბლავი არ არის. ამიტომ ვამბობთ, რომ სახელმწიფოც და საზოგადოებაც ვალში არიან მასწავლებელთან იმდენად, რამდენადაც ვალში არიან მომავალ თაობასთან. ჩვენ, უფროსები, საკუთარ თავს ვუსვამთ კითხვას, რატომ იქნებიან ჩვენი შვილები ჩვენზე უკეთესი, თუ ისევ ისე აღვზარდეთ, როგორც ჩვენ გვზრდიდნენ? თუმცა ძველი აღზრდის სისტემაში ბევრი რამ სასარგებლო იყო. ჩემი და წინა თაობის, იმის წინა თაობის უამრავი ადამიანი მინახავს, რომელთაც სიამოვნებით დავემსგავსებოდი - ზნეკეთილი, გონიერი ადამიანები იყვნენ. ახლა ძალიან ეადვილებათ იმის თქმა, რომ საბჭოთა წყობილებას დამონებული ჰყავდა საქართველო, რომ ყველა მონა იყო. ისემც დაუმშვენდათ ცხვირი ამის მთქმელებს! იმდენი თავისუფალი და ღირსეული ადამიანი მინახავს ცხოვრებაში, არც პრობლემის და არც მოძალადე თავისიანის წინაშე უკან რომ არ დაუხევიათ. ისინი განასახიერებდნენ ჩვენი საზოგადოების ყველაზე დიდ, მრთელ და ჯანმრთელ ნაკადს. ამიტომ ჩვენ, რასაკვირველია, უნდა გავითვალისწინოთ ახალი რეალობები, უნდა შევქმნათ თავისუფალი საზოგადოება, მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ საქმის ცოდნით. მე, მაგალითად, მაქვს ასეთი შეგრძნება, რომ ბოლო დროს ქართულმა სკოლამ აქცენტი გადაიტანა საგანთა სწავლებაზე და ისიც მეტ-ნაკლები წარმატებით. ამ დროს კი აღზრდის სისტემაში, თუ როგორ ჩამოაყალიბო ადამიანი, საზოგადოების ღირსეული წევრი, ძალიან სერიოზული პრობლემები გვაქვს. აბა, წადით და ჰკითხეთ სკოლის დირექტორებს, რამდენ მათგანს აქვს გააზრებული სკოლაში აღზრდის სისტემა. ჰკითხეთ სკოლის ხელმძღვანელებსა და მასწავლებლებს, ბოლოს როდის გადახედეს ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს, სადაც ჩვენი სკოლის 8 მთავარი მიზანია გამოკვეთილი. ბოლო 30 წლის განმავლობაში სამინისტრო დაინტერესებულა, როგორ აღწევს ამ მიზნებს თითოეული სკოლა?

- თავისუფლება ახსენეთ და, უმრავლესობამ ეს ცნება ყველაფრის უფლებად აღიქვა...

- თავისუფლება შესაძლებლობაა, რომ მიაღწიონ კარგ მიზნებს ცხოვრებაში ადამიანმაც და სახელმწიფომაც. ეგზისტენციალისტები ამბობდნენ, ადამიანი დაწყევლილია თავისუფლებითო. ამის წამკითხველი, ბუნებრივია, იფიქრებს, რას ამბობ, კაცო, სიცოცხლეს წირავდნენ იმას, რომ თავისუფალი ყოფილიყვნენ და როგორ შეიძლება ამის თქმაო. თავისუფლებას ახლავს პასუხისმგებლობა, რისიც 10-დან 9 კაცს ეშინია. იცით, რომ ადამიანთა მოზრდილ ნაწილს თავისუფლება მაინცდამაინც არ ეპიტნავება იმიტომ, რომ ეს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებსა და მერე ამ გადაწყვეტილებათა შედეგების გამო პასუხისმგებლობას გულისხმობს? აი, რა არის მთავარი. ეს უნდა ვასწავლოთ ბავშვებს. თავისუფლებას შენ ვერავის ასწავლი, თუ პასუხისმგებლობის გემოს არ გაასინჯებ. ეს პედაგოგიკური და საგანმანათლებლო ამოცანაა და ამას ცოდნა და აღზრდის სისტემა სჭირდება.

- ჰუმანიტარული აკადემიის შექმნის აუცილებლობა რამ დააყენა და რა დატვირთვა ექნება ამ ცენტრს?

- ცხოვრების განმავლობაში დიდი გამოცდილება დავაგროვე საიმისოდ, რომ შევეჭიდო ამ საქმეს და ჩამოვაყალიბე "გია მურღულიას ჰუმანიტარული აკადემია". ჰუმანიტარული განათლების გარეშე პიროვნების ჩამოყალიბება წარმოუდგენელია. ადამიანი უნდა იყოს საინტერესო თავისი თავისთვისაც და სამყაროსთვისაც. ჩვენ ამ შესაძლებლობას მივცემთ იმ ჯგუფებს, რომლებიც ჩვენთან დარეგისტრირდებიან. იქნება სხვადასხვავადიანი პროგრამები. მარტო მე მაქვს 4-5 საგანმანათლებლო პროექტი, წარმატებით აპრობირებული რამდენიმე სკოლაში (სხვათა შორის, ზოგიერთ უმაღლეს სასწავლებელშიც). შედარებით მოკლე დროში თქვენმა შვილმა შეიძლება გაიგოს, ვინ არის აკუტაგავა, ტონინო გუერა, ბორხესი, მარკესი, ჰემინგუეი და ა.შ. თუ შევაღებთ ამ კარს და ინტერესს დავბადებთ, ეს ძალზე კარგი საქმე იქნება.

- ლექსებზე ფიქრი რატომ ნიშნავს ერთმანეთზე ფიქრს? ან ადამიანებს რატომ აღარ სცალიათ სიყვარულისა და ბედნიერებისთვის, მაღალ ღირებულებებზე დასაფიქრებლად?..

- აბა, დააკვირდით, რომელი სიტყვაა დღეს ყველაზე პოპულარული? - "წარმატება" და მისთვის ადამიანი ყველაფერს გაიღებს ხოლმე. სახელმძღვანელოებში პირდაპირ წერია, რომ მიზანსწრაფული უნდა იყო. მართალია, უმიზნო ადამიანი ვერაფერს აღწევს, მაგრამ როდესაც გეუბნებიან, რომ წარმატების გულისთვის ყველაფერი განზე უნდა გადადო, ამ ყველაფერში არ უნდა შეიტანო ადამიანურობის საფუძველმდები ღირებულებები, ძირშივე მცდარი აზრია - თუ ღირსების დათმობა მოგიწევს იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიო, ეს არ უნდა გააკეთო. საზოგადოებაც და სახელმწიფოც იმისთვის არსებობენ, რომ პოლიტიკა გაატარონ არა ძალდატანებით, არამედ შეთავაზებით და რაღაცის პატივისცემით.

- თქვენი მინიატურების კრებულის სახელწოდებიდან - "მძიმე და მსუბუქი" თუ გამოვალთ, რა არის ყველაზე მძიმე და ყველაზე მსუბუქი?

- შეიძლება ეს ერთი და იგივე რამ იყოს - ადამიანის სიყვარული. ადამიანის სიყვარულზე მსუბუქი და ბუნებრივი არაფერი არსებობს. როგორც ჩანს, ეს ბევრისთვის ძალზე მძიმე ტვირთია.