"ცეკას მდივანთან გალაკტიონი როგორც დენდი, ტყავის ხელთათმანებით მისულა. ხელთათმანი არც გაუხდია, ცეკას მდივანს ლოყაზე მოუთათუნა თურმე ხელი და უთხრა..."
როგორ დაიხსნა გამოცდის ჩაბარებისგან გალაკტიონმა "სიცხიანი“ გერი
გალაკტიონ ტაბიძის გერი ნუნუ ებანოიძე "კოვიდით" გარდაიცვალა - ეს სამწუხარო ინფორმაცია ნუნუ ებანოიძის უახლოესმა მეგობარმა, აკადემიკოსმა ინესა მერაბიშვილმა გაავრცელა. წავიდა ქალბატონი, რომელმაც გალაკტიონ ტაბიძის შესახებ უამრავი საინტერესო მოგონება წაიღო.“ინესა მერაბიშვილი ნუნუ ებანოიძის შესახებ გვესაუბრა:
- ნუნუ ებანოიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მრავალი წლის მანძილზე რუსულ ენას ასწავლიდა. რუსული ენისა და ლიტერატურის ბრწყინვალე მცოდნე იყო... საოცარი ინტელექტის ქალბატონი იყო, საუკეთესოდ იცოდა მსოფლიოს ლიტერატურა. ფაქტობრივად, ოპერაში იყო გაზრდილი, კარგად იცნობდა ქართულ თეატრს, ქართულ და ევროპულ კინოს... როგორც ჩანს, გალაკტიონ ტაბიძესთან 16 წლის განმავლობაში ერთ ჭერქვეშ ცხოვრებამ მეტად გაამდიდრა მისი ინტელექტი. აღსანიშნავია, რომ ნუნუ ებანოიძე ლიტერატურულ ასპარეზზე არ ჩნდებოდა, როგორც გალაკტიონ ტაბიძის გერი. ამით არ სარგებლობდა, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი სათქმელი ჰქონდა.
2003 წელს მოვამზადე ჩემი პირველი მონოგრაფია "გალაკტიონის ენიგმები" და ქალბატონ ნუნუს შევთავაზე, მოგონება დაეწერა. მითხრა, არასოდეს არაფერი დამიწერია, მაგრამ შენ უარს ვერ გეტყვიო... მახსოვს, გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტის" რედაქტორმა, ბატონმა გივი შეყილაძემ თქვა, თქვენ ხართ პირველი, ვინც ნუნუ ებანოიძე აალაპარაკაო.. ქალბატონ ნუნუ ებანოიძის ტექსტი, რომელიც წიგნში გამოქვეყნდა, ძალიან შთამბეჭდავი იყო და გალაკტიონის შესანიშნავ პორტრეტს გვთავაზობდა, ამიტომაც მე მას არაერთხელ შევთავაზე, გალაკტიონზე მოგონებების წიგნი დაეწერა, თუმცა გადიოდა წლები და თავს იკავებდა. სამწუხაროდ, ნუნუ ებანოიძემ თვალის ჩინი დაკარგა და ბოლო ათი წლის მანძილზე, ფაქტობრივად, უსინათლო იყო. თუმცა, მაინც შეძლო და გალაკტიონ ტაბიძის შესახებ დაწერა მოგონებები - "როგორია პოეტთა მეფე". ეს ქალბატონ ეთერ გელაშვილის დამსახურება იყო, რომელმაც შესთავაზა, ტექსტი ტელეფონით მიკარნახე და მე ჩავიწერო. ასე მოხერხდა ამ წიგნის გამოცემა...
- როგორც ვიცი, ოჯახმა ბოლო წლებში არაერთი ბინა დაკარგა...
- დიახ, როგორც ბევრს დაემართა თბილისში... ნუნუ ებანოიძემ სამოთახიანი ბინა დაკარგა და სწორედ ამაზე ნერვიულობის შედეგად დაკარგა თვალის ჩინი. ბოლო წლებში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. ვცადე, ოჯახს დავხმარებოდი და ვითხოვე, უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში გალაკტიონ ტაბიძის გერისთვის ოთახი გამოეყოთ. თითქოს საკითხს განიხილავდნენ, მაგრამ მაინც ვერ მოხერხდა, თუმცა სხვა მხრივ მაინც ვცდილობდი დახმარებას... პანდემიის პირობებში ხშირად შეხვედრას ვეღარ ვახერხებდით და ტელეფონით ვსაუბრობდით... ქალბატონი ნუნუ რომ გავიცანი, დედა აღარ მყავდა და ის იყო ჩემი მესაიდუმლე და ქომაგი. ჰყავს ერთადერთი ქალიშვილი - მარინა ფირცხალავა...
ნუნუ გალაკტიონის გარდაცვალებამდე მის ჭერქვეშ ცხოვრობდა... გალაკტიონ ტაბიძემ სამჯერ იქორწინა. პირველი მეუღლე იყო ოლია ოკუჯავა, შემდეგ ჰყავდა ბალტიისპირელი ქალბატონი და ბოლოს - ნინო კვირიკაძე. გალაკტიონს ახალგაზრდობაში სცენაზე უნახავს ნინო და ისე მოსწონებია, სპექტაკლის დროს სცენაზე აჭრილა, ვარდების თაიგული მიურთმევია და სპექტაკლიც ჩაუშლია... შემდეგ ნინო გათხოვდა. მისი მეუღლე, გენერალი დავით ებანოიძე, 1937 წელს დახვრიტეს. ქვრივი ორი არასრულწლოვნის ამარა დარჩა, მაგრამ ებანოიძეების გვარი მას ყველაფრით ეხმარებოდა და არაფერი გასჭირვებიათ.
ერთხელაც ნინო ვერაზე მარტო მოდიოდა. მას გალაკტიონი შეხვდა და მყისვე გაახსენდა ქალი, რომელიც ქუთაისის სცენაზე ნახა. გალაკტიონი ნინოს გაესაუბრა და ბოლოს უთხრა, ჩემთან გადმოდი, ერთად გავაგრძელოთ ცხოვრებაო. ნინოც დასთანხმდა, მაგრამ თან მხოლოდ ნუნუ წაიყვანა. მისი ვაჟი ნინოს მშობლებთან იზრდებოდა. ნუნუ ამბობდა, არათუ მე, გალაკტიონისგან წყენა არავის ახსოვდა, ზრდილი და ძალიან თავაზიანი იყოო. სუფრასთან რომ დავსხდებოდით, პირველად აუცილებლად ოლია ოკუჯავას შესანდობარს იტყოდაო. ნინომ იცოდა, რომ გალაკტიონმა ოლია ოკუჯავას სიკვდილს ვერ გაუძლო და სმას მიეძალა, რაც ჩვევად ექცა. ნასვამს ლექსი არასოდეს დაუწერია, რომ გამოფხიზლდებოდა, მერე თავის ოთახში ჩაიკეტებოდა და მუშაობდაო. თავის ოთახს არავის ანდობდა, მისი ფურცლები რომ არავის გადაეადგილებინა.
ერთხელაც ნინო ავად გამხდარა. მას ტუბერკულოზი ჰქონდა და საავადმყოფოში დაწოლა მოუხდა. გალაკტიონი თურმე ძალიან განიცდიდა და ამბობდა, ამდენ რამეს გადავურჩით და ნუთუ ამ სენს ვერ უნდა მოვერიოთო?! მან საავადმყოფოში სამუშაო მაგიდა მოითხოვა. ცხადია, გალაკტიონს უარს არავინ ეტყოდა და იქ მუშაობდა, თან ნინოს უვლიდა. ფურცლებიც იყო შემონახული, სადაც გალაკტიონს ეწერა, რომელ დღეს უნდა მიეტანა ყველი, ვაშლი და ასე შემდეგ... გალაკტიონის ასეთმა თანადგომამ და კარგმა მოვლამ ნინო გადაარჩინა და ას წლამდე იცოცხლა. იმ პერიოდში დაწერა გალაკტიონმა ლექსი "ბარათაშვილის აღმართს".
გალაკტიონი მგრძნობიარე იყო და ძალიან ეჭვიანიც. სახლში რომ მოვიდოდა, გვეკითხებოდა, ესა და ეს მწერალი ხომ არ იყო მოსულიო. ეჭვიანობდა იმიტომ, რომ გრძნობდა, უკვე როგორ უშლიდნენ ხელს. დეკადაზე არ წაიყვანეს, სანამ სტალინმა არ მოიკითხა, შემდეგ ჩასვეს დამატებით მატარებელში და ცალკე გაუშვეს. პატივმოყვარე იყო. თავისი პორტრეტები ჩაუწყვია პორტფელში და წაუღია, ხალხისთვის საჩუქრად რომ დაერიგებინა.
ლენინის ორდენს წარამარა კარგავდაო... ცეკას მდივანს დაუბარებია და უთქვამს, ჩვენი უფროსი ამხანაგი ამ ამბით შეშფოთებულიაო... გალაკტიონს ჩვევად ჰქონდა, ან საუკეთესოდ ჩაცმული გამოდიოდა, ან - პირიქით. ცეკას მდივანთან გალაკტიონი როგორც დენდი, ტყავის ხელთათმანებით მისულა. ხელთათმანი არც გაუხდია, ცეკას მდივანს ლოყაზე მოუთათუნა თურმე ხელი და უთხრა, ჩემი უფროსი ამხანაგი, ძამიკო, აკაკი წერეთელიაო...
როგორც ინგლისელი ქართველოლოგი დონალდ რეიფილდი თავის წიგნში წერს, გალაკტიონი პატარ-პატარა ეშმაკობებით ახერხებდა, რომ 1937 წელს თავი გადაერჩინა. მMაგალითად, ღვინოს ყოველთვის არ სვამდა, მაგრამ თითქოს ნასვამი იყო, წვერზე ისხამდა, რომ სერიოზულ ადამიანად არ მიეღოთ, თუმცა თბილისში ხმა მაინც გავრცელდა, რომ 1937 წელს სტალინის ფარულმა ხელმა გადაარჩინა. თუ მოვლენებს მივყვებით, არც უმაგისობა იქნებოდა...
ნუნუ სულ ამბობდა, გალაკტიონ ტაბიძისთვის მთავარი პოეზია იყო, პოეზიით ცოცხლობდაო. ქალბატონი ნუნუ იყო უაღრესად მადლიერი, მე რომ გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებაზე ვმუშაობდი. თვითონ ვერ ბედავდა, გალაკტიონის შემოქმედებას ჩაღრმავებოდა, თვლიდა, რომ სათანადო სამეცნიერო გამოცდილება არ ჰქონდა. ჩემი წიგნის პრეზენტაციას ესწრებოდა და ძალიან ბედნიერი იყო, გალაკტიონ ტაბიძის ენიგმები რომ გავხსენი. მეორე დილით, უთენია, 9 საათზე, ჩემს კარზე ზარი გაისმა. კარი რომ გავაღე, 2004 წლის 5 იანვრის სუსხიან დილას ნუნუ დიდი საქაღალდით იდგა. მან გალაკტიონ ტაბიძის რამდენიმე ხელნაწერი მომიტანა. ბოლოში წვრილ, მეტალისფერ ჩარჩოში, შუშის ქვეშ ეს ლექსი იდო: ,,ოცნებაო ჩემო ძველო, ვართ ღამეთა მთეველი, კიდევ ბევრი სადღეგრძელო დაგვრჩა დაულეველი..." 1959 წლის რედაქციით, გალაკტიონის ხელმოწერით, ნუნუ ებანოიძეს სულ კედელზე ჰქონია გაკრული. რა თქმა უნდა, ეს ლექსი ვიცოდი, მაგრამ ხელნაწერის წაკითხვა ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი იყო. ვიფიქრე, ასეთ მგზნებარე ლექსს უცხოელი ვერ დაწერდა, ამიტომ უნდა ვთარგმნო-მეთქი. იმ დღესვე ვთარგმნე. ქალბატონმა ნუნუმ ძალიან გაიხარა. შემდეგ გალაკტიონის ლექსების თარგმანის პირველი კრებული გამოვეცი. ნუნუს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა... ამბობდა, გალაკტიონი წუხდა, ჩემს ლექსებს არ თარგმნიანო. მისი თქმით, გალაკტიონის ყველაზე დიდი ოცნება მაშინ აღსრულდა, როცა ბრიტანეთმა გალაკტიონის ჩემეული თარგმანი გამოსცა.
ერთხელ დამირეკა და ვუთხარი, რომ ვთარგმნიდი გალაკტიონის ლექსს - "რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები..." როდესაც თარგმანი წავუკითხე, ძალიან მოეწონა. აAმბობდა, ნამდვილად გალაკტიონიაო, არადა, ინგლისური არ იცოდა... იმ დროს უკვე 80 წლის იყო და მთხოვდა, ინგლისური მასწავლეო. 80 წლის ქალბატონისთვის ინგლისური რომ მესწავლებინა, გალაკტიონის ლექსები განზე დამრჩებოდა, მაგრამ ვინაიდან მივხვდი, ქალბატონ ნუნუს აინტერესებდა, ერთი ენიდან მეორეზე როგორ გადამქონდა ეს დიდი პოეზია, გამოსავალი მოვძებნე: რუსულად ვთარგმნე, დავურეკე და ვუთხარი, ვიღაცის რუსულად თარგმანია და წაგიკითხავთ-მეთქი. მომისმინა და სიცილით მითხრა, ახლა მანდ არ მომიყვანოო. მიხვდა, რომ ჩემი თარგმანი იყო.
- რას ამბობდა გალაკტიონ ტაბიძის ბოლო დღეზე?
- ნუნუ ებანოიძეს ყველაზე მეტს სწორედ ამ დღეზე ვეკითხებოდი... გალაკტიონს თურმე არ უნდოდა საავადმყოფოში წასვლა. ადრე იწვა, გამოწერეს და მერე ისევ ურჩია ძმისშვილმა, ნოდარ ტაბიძემ, დაწოლა... თურმე დილით რომ გაიღვიძებდა, მეუღლეს ესაუბრებოდა - უყვარდა მასთან საუბარი. ნინო იგონებდა, იმ დილით არ იყო ისეთ ხასიათზე, ცუდი რამ მოსვლოდაო... თითქოს საიდანაც გალაკტიონი გადმოვარდა, იქ ვერც მისი ნათითური აღმოაჩინეს და ვერც - ნაფეხური. ალექსანდრე შუშანაშვილმა ამ ფაქტს ცალკე წიგნი მიუძღვნა. გამოძიება ბოლომდე არ ჩატარებულა. მომხდარი მიათვალეს მის ბუნებას, რადგან იყო შემთხვევები, როდესაც გალაკტიონი, მაგალითად, მტკვარში შევიდა თითქოს თავის დასახრჩობად... იმ დღით თურმე შალვა დადიანი გადაასვენეს "ლეჩკომბინატიდან" და იქ მივიდნენ კონსტანტინე გამსახურდია, ირაკლი აბაშიძე, რომელთაც ნახეს, რომ გალაკტიონი ფოიეში დადიოდა... ნინო ამბობდაო, გალაკტიონს შალვა დადიანი ისე უყვარდა და აფასებდა, იქნებ გადაწყვიტა, ზევიდან დაენახა, ფანჯარაზე გადაეყუდა და გადავარდაო...
ქალბატონი ნუნუ ამბობდა, მწერალთა კავშირში რომ დაასვენეს, ეჭვობდნენ, ხალხი თუ მივიდოდა, მაგრამ ზღვა ხალხი მივიდა, ზღვა ხალხმავე ააცილა მთაწმინდაზეო.
- გალაკტიონის უამრავი ლექსი თარგმნეთ, არაერთი საღამო მიუძღვენით...
- დიახ... ჩვევად მქონდა, გაზაფხულსა და შემოდგომაზე მთაწმინდაზე ავდიოდი და ხშირად ვიყავი გალაკტიონ ტაბიძის საფლავთან. ეს სხვა განცდა იყო... ერთხელაც ქარმა დაუბერა და წამოვიდა სტრიქონებიც: "ქარი ქრის..." მე ეს ლექსი ინგლისურად ვთარგმნე. ინგლისელმა მწერალმა ქალმა მომწერა, მე, ინგლისურ ლიტერატურაზე გაზრდილ ქალს, ქარი რომ დაუბერავს, სხვა არაფერი მახსენდება, თქვენი ნათარგმნი სტრიქონები თავისით მოდისო...
ყველაზე ღირებული ის საღამო იყო, რომელიც გალაკტიონ ტაბიძეს ინგლისელმა არისტოკრატებმა, დიპლომატებმა, მწერლებმა, პროფესორებმა გაუმართეს ლონდონის სასახლეში 120 წლისთავის აღსანიშნავად.
საუბრის დასასრულს ერთ სახალისო ამბავს გიამბობთ: ქალბატონი ნუნუ სტუდენტობის დროს უნივერსიტეტის კალათბურთის გუნდის კაპიტანი იყო. ძალიან კარგად თამაშობდა და მაშინდელი რექტორი ნიკო კეცხოველი მისით ძალიან ამაყობდა. ქალბატონი ნუნუ იგონებდა, შეჯიბრებიდან რომ დავბრუნდით, პოლიტეკონომიაში გამოცდა მქონდა, მაგრამ მოსამზადებლად დრო არ მყოფნიდა. დედამ გალაკტიონს სთხოვა, ნიკო კეცხოველისთვის დაერეკა და ეთქვა, ნუნუ სიცხიანია, ცუდად არისო. იმ დღეს ნუნუ, თურმე, უნივერსიტეტის ფოიეში შეხვდა ნიკო კეცხოველს, რომელიც კაბინეტიდან გამოსულა. ნუნუ რომ დაუნახავს, გახარებულს უთქვამს, შემოდი, მიამბე, როგორ გაიმარჯვეთ და გვასახელეთო. როდესაც კაბინეტში ისხდნენ და საუბრობდნენ, იმ დროს დაურეკავს გალაკტიონს და უთქვამს, ნუნუ ძალიან ცუდად არის, სიცხიანია და გამოცდაზე ვერ მოვაო. ნიკო კეცხოველს გასცინებია და უთქვამს, ნუ ღელავ, ბატონო გალაკტიონ, ნუნუ აგერ არის და თავს მშვენივრად გრძნობსო.