"კოლექციონერები ასლს არ ვცნობთ, მხოლოდ ორიგინალია მნიშვნელოვანი“
ყველა ფოტოს შეძენას სხვადასხვა ისტორია აქვს... ჩარლი ჩაპლინის ფოტო ხელმოწერით საზღვარგარეთ შევიძინე ხელმისაწვდომ ფასად...
პროფესიით რეჟისორი შოთა გუჯაბიძე წლებია, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობს... როგორც ამბობს, ათი ათასზე მეტი უნიკალური ფოტო აქვს. უძველეს ფოტოებს ავტოგრაფები და საინტერესო ისტორიებიც ახლავს.
- ბათუმელი ვარ, პროფესიით - რეჟისორი. 15 წელია, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ვმუშაობ. ვიყავი კორესპონდენტი, ოპერატორი... წამყვანიც კი. რამდენიმე წელია, დოკუმენტურ ფილმებს ვიღებ.
ბავშვობაში ბათუმის ქუჩაში რომ მივდიოდი, ძველ შენობებს ვაკვირდებოდი, მერე აღმოვაჩინე, როგორი ისტორიული ღირებულების ყოფილა ეს ნაგებობები. მხოლოდ ძველი ბათუმის შენობების ფოტოები კი არა, მთელი საქართველოს უნიკალური ფოტოები მაქვს, მათ შორის - თბილისის უმდიდრესი ფოტოკოლექცია. მაქვს ღია ბარათები, ზოგიერთი ასი წლის და მეტისაა...
- თქვენ გაქვთ ჩარლი ჩაპლინის ფოტო მისივე ხელმოწერით...
- საზღვარგარეთ შევიძინე ხელმისაწვდომ ფასად... არასოდეს გავყიდი, თუმცა შეიძლება გავცვალო, თუ უფრო საინტერესოს შემომთავაზებენ.
- რა უნდა იყოს უფრო საინტერესო?
- გემოვნების საკითხია... განსაკუთრებულად მახსენდება, თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ფასიანი ქაღალდი რომ იყიდებოდა საზღვარგარეთ ერთ-ერთ აუქციონზე... ვერ შევიძინე, და გული ძალიან დამწყდა. ეჭვი მაქვს, ვინც ის იყიდა, სულაც არ მიუქცევია ყურადღება, რომ ზედ ილია ჭავჭავაძის ხელმოწერა იყო. ილიას ხელნაწერი რით არის ჩარლი ჩაპლინის ხელნაწერზე ნაკლები, თუ მეტი არა?!...
- რომელი ცნობილი ქართველის ორიგინალი ფოტოები გაქვთ?
- ვაჟა-ფშაველას, აკაკი წერეთლის, პეტრე მელიქიშვილის და ნიკო ნიკოლაძის... ვაჟა-ფშაველა 120 წლის წინ როინაშვილის გადაღებულია მისივე სტუდიაში. აკაკი წერეთლის ფოტო ჭიათურაშია გადაღებული. ყოველი ფოტოს მიღმა ცალკე ისტორიაა. ჩემი გადაღებული ფოტოებიც უკვე ისტორიაა. ძველი ბათუმის საჩვენებლად საკუთარი ფოტოებიც კი გამომიყენებია.
- ქვეყნის პირველი პირების ფოტოები თუ გაქვთ?
- ედუარდ შევარდნაძის, ზვიად გამსახურდიას ბევრი ფოტო მაქვს. ნოე ჟორდანიას ფოტო, პარიზშია გადაღებული. სტალინის ორიგინალი ფოტოები მაქვს, რამდენიმე ადამიანის გარემოცვაშია გადაღებული, ვფიქრობ, კრემლის ფოტოგრაფის მიერ.
ყველა ფოტოს შეძენას სხვადასხვა ისტორია აქვს. მაგალითად, ბათუმში ერთი ფოტოგრაფია, რომელიც ახლახან 70 წლის გახდა. გაჭირვების გამო რამდენიმე წლის წინ მთელი არქივის გაყიდვა გადაწყვიტა. არქივში იყო ძველი ბათუმის, ეროვნული მოძრაობის პერიოდის ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას, ილია მეორის ნეგატივები. პურის ფული არ ჰქონდა და სადაც არ მივიდა, არათუ უარით გამოისტუმრეს, დასცინოდნენ კიდეც. ბოლოს ჩემთან მოვიდა, იცოდა, არც მე მქონდა დიდი მატერიალური შესაძლებლობები, მაგრამ შევთანხმდით, რომ ყოველთვე ჩემი ხელფასიდან გარკვეულ თანხას მივცემდი.
- უნიკალური ფოტოები შემთხვევით გიპოვიათ?
- დაახლოებით ათი წლის წინ ბათუმში ძველ სახლს ანგრევდნენ, სამშენებლო ნარჩენები რომ გამოჰქონდათ, ერთ ტომარაში ჩავიხედე და იქ ნეგატივები აღმოვაჩინე. მეორე ტომარაშიც ნეგატივებს წავაწყდი. უნიკალური ფოტოები აღმოჩნდა. 2300 კადრი უკვე დასკანერებული მაქვს. მინდა ამ ფოტოების გამოფენა მოვაწყო და ჯერჯერობით ფოტოგრაფის ვინაობას არ ვამხელ. ფოტოები იმდროინდელი ბათუმის ყოფა-ცხოვრებას ასახავს. მათ შორის არის ედუარდ შევარდნაძის, ჯუმბერ პატიაშვილის, ცნობილი ფეხბურთელების, სპორტსმენების ფოტოები.
გადაწყვეტილი მქონდა ცნობილი ლამაზი ქალების ფოტოების გამოფენა მომეწყო, მაგრამ ეს რთულია, არადა, მაქვს მაკო საფაროვა-აბაშიძის, ტასო მაჩაბლის ფოტოები. მერი შერვაშიძის ფოტო იყიდებოდა, მაგრამ ვერ შევწვდი და დღემდე გული მწყდება. კოლექციონერები ასლს არ ვცნობთ, მხოლოდ ორიგინალია ჩვენთვის მნიშვნელოვანი, თან მერი შერვაშიძე ბათუმშია დაბადებული და ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასია. ასევე მაქვს ვანო მაჩაბლის შვილის, შალვას, ფოტო. შვილსაც, მამის მსგავსად, ტრაგიკული ბედი ერგო - 1938 წელს ციხეში წამებით ამოხადეს სული. სხვათა შორის, ილიას მკვლელობას იძიებდა და ეს მასალებიც გაქრა...