"აქამდე არ გეუბნებოდით, ეს არის შენი ძმა, აწი ჩვენთან იცხოვრებსო. მაგრად გამიხარდა. სახეზე ემჩნეოდა, რომ მაგარი ხულიგანი იყო"
"ხომ საუცხოო ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ გადასაღებ მოედანზე ხდებოდნენ მსახიობი და რეჟისორი“
ნიკუშა შენგელაიასთან ჩვენი დღევანდელი ინტერვიუ სოფიკო ჭიაურელსა და გია დანელიაზეა. სევდიანი კომედიების ავტორის ქართული დღეები ხომ სწორედ ამ ოჯახში გადიოდა. აქ ჩნდებოდა სიუჟეტები მისი ფილმებისთვის და პერსონაჟებიც კი აქ იბადებოდნენ. როგორი იყო გია დანელია და როგორი ურთიერთობა ჰქონდათ მას და სოფიკოს, ჩვენი ინტერვიუთი შეიტყობთ.
- რაც თავი მახსოვს, ჩემს მეხსიერებაში სულ არის გია დანელია. ჩვენი ოჯახის წევრი იყო. გია და მისი დედა მერი, როცა თბილისში ჩამოდიოდნენ, სულ ჩვენთან ცხოვრობდნენ. ძალიან მხიარული კაცი იყო, საყვარელი, გამორჩეული იუმორი ჰქონდა, თავისებური, ისეთი, როგორიც ფილმებში აქვს. დანელიასნაირი იუმორი არავის აქვს. მერი ვერიკოს და იყო და სულ ერთ ოთახში იყვნენ. როგორც ოჯახის სხვა წევრები, ისე მახსოვს გიაც. გია შვიდი წლით იყო დედაზე უფროსი. ერთად იყვნენ გაზრდილი. ჩემო საყვარელო დაიკოო, ასე მიმართავდა ხოლმე გია.
- გია დანელია მოგონებებში წერს, თბილისში ჩამოსულს დროსტარებაში თანხა მალე გამოლევია და მამისთვის დეპეშა გაუგზავნია: "საყვარელო მამა, დავკარგე ჯიბის ფული. გკოცნი, გია", რაზეც მამას უპასუხია, ასევე დეპეშით: "გაიკერე ჯიბე. მამა".
- ძალიან კარგი კაცი იყო კოლია, გია დანელიას მამა. ნამდვილი ინჟინერი... მოსკოვში არაერთი მეტროსადგურია მისი აშენებული. თავიდან გიას პროფესიულ არჩევანს არასერიოზულად უყურებდა. მერე, აღიარებული რომ გახდა, მისი ფილმები მოსწონდა, თუმცა მაინც არასერიოზული პროფესიის წარმომადგენლად თვლიდა.
- გია დანელიას მიხეილ ჭიაურელთან ჰქონია არაჩვეულებრივი ურთიერთობა. როგორც ვიცი, მისი მოყოლილი არაერთი ამბავი მერე დანელიას ფილმის სიუჟეტად იქცა.
- ძველ თბილისზე მიშას მოყოლილი ამბები სხვადასხვა ფილმში მხვდება. მის მონაყოლზე რიგები იყო. სახლში ხშირად მოსულან რეჟისორები, ძია მიშა, ეს როგორ გავაკეთოთო. მიშა ჭიაურელი იყო უშრეტი ენერგიისა და უზღვავი ინფორმაციის დამტევი ადამიანი. მისი მონაყოლის მიხედვით მუსიკალური ნომრები და დეკორაციებიც იდგმებოდა. გიაც ჩვენთან რომ ჩამოდიოდა, საათობით იჯდა პაპაჩემთან და რაღაცებს აყოლებდა. როგორც ვიცი, "არ დაიდარდოს" ერთ-ერთი ეპიზოდი, კერძოდ, ექიმ ლევანის მიერ სიცოცხლეში საკუთარი ქელეხის ინსცენირება პაპაჩემის მოყოლილი ამბის მიხედვით გადაიღო. ამის შესახებ წერს კიდეც გია თავის მოგონებებში. ამ თავს "დირექტორის გასვენება" ჰქვია.
- ამ ფილმში ქალბატონი სოფიკოც თამაშობს.
- ხომ საუცხოო ურთიერთობა ჰქონდათ გიას და სოფიკოს, მაგრამ გადასაღებ მოედანზე ხდებოდნენ მსახიობი და რეჟისორი. ეს როლი სოფიკოსთვის შეიქმნა და მან საკუთარი თავი ბრწყინვალედ ითამაშაო, ამბობდა გია.
სოფიკო არაჩვეულებრივი დედა იყო, მეგობრული, უნიკალური თავისი თავმდაბლობით, შემართებით, კაცთმოყვარეობით... ამიტომაც უყვარდათ. მაყურებელი ყოველთვის გრძნობს არტისტის უკან პიროვნებას. სოფიკოს უზომოდ უყვარდა თავისი ქვეყანა, ხალხი, საქმე. რამდენჯერ სცადეს მოსკოვში წაეყვანათ, თეატრები ეპატიჟებოდნენ, სახლს აძლევდნენ, მაგრამ ყველას ეუბნებოდა, მე ჩემი თბილისიდან არსად წავალ, საქართველოს ვერასდროს დავტოვებო. ძალიან უყვარდა აქაურობა.
- მართალია, რომ შვილები ყოველთვის თან ახლდით გადაღებებზე?
- კი, სულ გადაღებაზე ვიყავით. ჩვენზე ყველას ამაგი აქვს: გამნათებელს, მძღოლს, გრიმიორს... ერთი ოჯახივით ვიყავით.
"არ დაიდარდოს" გადაღება მახსოვს კარგად. გადაღებების დამთავრების შემდეგ, ერთ დღესაც მოვედი სკოლიდან და ჩვენები სხედან, სადილობენ. ვხედავ, სუფრასთან ზის ვარლამი. ფილმში ვარლამი ხომ სოფიკოს შვილია. დედა მეუბნება, ნიკუშა, აქამდე არ გეუბნებოდით, მაგრამ ახლა აღარ დაგიმალავთ, ეს არის შენი ძმა, აწი ჩვენთან იცხოვრებსო. მაგრად გამიხარდა. სახეზე ემჩნეოდა, რომ მაგარი ხულიგანი იყო და ვიფიქრე, ძლივს ჩემი ჭკუისა შემოემატა ოჯახს-მეთქი, მაგრამ დიდხანს არ გასტანა ჩემმა სიხარულმა - გაგაშაყირეო, სიცილით მითხრა დედაჩემმა. სხვათა შორის, ვარლამი გია დანელიამ აღმოაჩინა ქუჩაში, შემთხვევით. მანქანიდან დაუნახავს ძველი თბილისის მიდამოებში და თანაშემწისთვის უთქვამს, ნახე, ვარლამი მოდისო.
- ია ნინიძეც გადასაღებ მოედანზე გაიცანით?
- ია "ვერის უბნის მელოდიების" გადაღებისას არ გამიცნია, გვიან გავიცანი, მიუხედავად იმისა, რომ როცა პატარა იყო, ჩვენთან მოდიოდა ხოლმე. "ციური მერცხლების" ჩვენება იყო კინოს სახლში, იქ გავიცანი და მალეც დავოჯახდით.
- ახლა როგორი ურთიერთობა გაქვთ?
- ნორმალური, მეგობრული, თუმცა ძალიან იშვიათად ვხვდებით ერთმანეთს. ის მოსკოვში ცხოვრობს. იას ძალიან უყვარდა ჩემი მშობლები.
- გია დანელიას ფილმებიდან თქვენ რომელი ფილმი გიყვართ განსაკუთრებით?
- "არ დაიდარდო", "მიმინო", "ქინ-ძა-ძა"... იცით, რომ "მიმინო" თავიდან ქართველისა და თბილისელი რუსის მეგობრობაზე უნდა ყოფილიყო? ლეონოვს უნდა ეთამაშა მთავარი როლი, მაგრამ მოსკოვს რომ სცენარი უნახავს, უთქვამს, ასეთი რუსი არ არსებობსო.
- ქალბატონი სოფიკო კარგი თამადაც ყოფილა...
- კი, სოფიკო კარგი თამადა იყო. სახლში ხშირად თამადობდა. ხანდახან კაცებსაც კი აჩუმებდა - რამაზ ჩხიკვაძეს, კოტეს, კახი კავსაძეს, გურამ საღარაძეს... ითხოვდნენ ხოლმე, სოფიკო იყოს თამადაო.
- გია დანელიას თუ უთამადია?
- გია არ იყო დიდად მოლაპარაკე, ამიტომ არც არასდროს თამადობდა.
- თქვენ რას გირჩევდათ ხოლმე ქალბატონი სოფიკო?
- მეუბნებოდა, დრო არ დაკარგო, ისე გაირბენს, გამოხედვას ვერ მოასწრებო. ფიქრში ნუ ფლანგავ დროს, უფრო მეტი იმოქმედე, უფრო მეტი იმუშავე, რომ ის, რაც მოგცა უფალმა, ფუჭად არ დაკარგოო. ეს იყო მისი რჩევაც და ანდერძიც.
„ასე აღარ იხუმრო...“
"ქინ-ძა-ძას" გადაღებების შემდეგ გია დანელიას ამერიკელი რეჟისორი დაუკავშირდა და მისი ფილმისთვის სპეცეფექტებზე მუშაობა შესთავაზა, რადგან აღფრთოვანებული იყო საფრენი აპარატით (გრავიცაპა)."რეჟისორს ვუთხარი, რომ ჩემს ფილმში არანაირი სპეცეფექტები არ ყოფილა და საფრენი აპარატი რუსი სამხედროების შექმნილი იყო.ამერიკელი რეჟისორი თავდაცვის სამინისტროში მივიდა, საიდანაც მოგვიანებით დამირეკეს და მთხოვეს, ასე აღარ მეხუმრა"
გია დანელიას ჩანაწერებიდან:
ლეონოვი თუ მკრტიჩიანი?
"როგორც ბევრი აღნიშნავს, ფრუნზიკ მკრტიჩიანის გმირი ფილმიდან "მიმინო" ამ მსახიობის საუკეთესო როლია კინოში, არადა, თავის დროზე ჩვენს მიერ აგდებული მონეტა მეორე მხრიდან რომ დაცემულიყო, შესაძლოა, მას არც ეთამაშა და ფილმიც სრულიად განსხვავებული გამოსულიყო. როცა სცენარის დიდი ნაწილი დაიწერა და ბუბა კიკაბიძის გმირი ვალიკო მიზანდარი მოსკოვში ჩაფრინდა, გაჩნდა კითხვა, სასტუმროს ნომერში მარტო დავაბინაოთ თუ ვიღაცასთან ერთადო. მაშინვე ვიფიქრეთ, რომ ვინმესთან ერთად უფრო სახალისო იქნებოდა, მაგრამ, ვისთან ერთად - ლეონოვთან თუ მკრტიჩიანთან? ორივე ვარიანტი საინტერესო გვეჩვენა, ამიტომ მონეტის ერთ მხარეს ერთი გვარი დავწერეთ, მეორე მხარეს - მეორე. ავაგდეთ და მკრტიჩიანმა გაიმარჯვა".
ბარაკ ობამას "კუ"!
გია დანელია ერთ-ერთ ინტერვიუში ჰყვება, რომ მოისმინა რუსი ჟურნალისტის საუბარი ბარაკ ობამას დასთან.
ჟურნალისტმა მას ჰკითხა: - რა იცის თქვენმა ძმამ რუსეთის შესახებ? ბარაკ ობამას დამ უპასუხა: - ჩვენი მშობლების სახლში იყო რაღაც იდიოტური ფილმის კასეტა, რომელსაც ჩემი ძმა დაუსრულებლად უყურებდა, შემდეგ კი ყველა კითხვაზე ასე პასუხობდა: "კუ"!
"დირექტორის გასვენება"
"ჭიაურელის ნაამბობიდან: ოცდაათიან წლებში ტიფლისის კინოსტუდიის დირექტორი მძიმედ გახდა ავად. ექიმმა უთხრა, ძალიან ცოტა ხნის სიცოცხლე დაგრჩაო. დირექტორმა სასწრაფოდ პარტიული ბიუროს წევრები გამოიძახა საავადმყოფოში, რათა მისი გასვენება დაეგეგმათ.
ხმის მიცემის პრინციპით დასახელდა, თუ ვინ დაწერდა ნეკროლოგს, ვინ გამოვიდოდა სამოქალაქო პანაშვიდზე სიტყვით... დაამტკიცეს კუბოს ესკიზი. გადაწყდა, რომ შესრულდებოდა ევროპული მუსიკა - სახანძროს სასულე ორკესტრი და ნაციონალური - ზურნა, დოლი და მომღერალი რანტიკა პლეხანოვის სახინკლიდან. განიხილეს ასევე, თანამდებობის პირთაგან ვის დაპატიჟებდნენ ქელეხში და ვინ იქნებოდა თამადა (თამადად მიხეილ ჭიაურელი დაუმტკიცებიათ). დარჩათ მხოლოდ იმის განსაზღვრა, რომელი მარშრუტით იმოძრავებდა სამგლოვიარო პროცესია.
- წავიდეთ ვერეს ხიდით, შემდეგ გოლოვინის გამზირით, - ამბობდა დირექტორი.
- გოლოვინზე ახლა ყველაფერი გადათხრილია - ტრამვაის რელსებს ამონტაჟებენ. იქნებ პლეხანოვის ქუჩით...
- არა! - დირექტორმა კატეგორიული უარი თქვა, - პლეხანოვით არ მინდა!
ამ კრების შემდეგ დირექტორმა ხუთ წელიწადს იცოცხლა".
ბენჟამენის დისშვილი ვარლამი
"ბენჟამენის დისშვილი ვარლამი შემთხვევით აღმოვაჩინეთ პურის მოედანზე. მანქანიდან დავინახე რიჟა, ცხვირა ბიჭუნა. აი, ვარლამი, გაიცანი-მეთქი, ვუთხარი დათოს. დათო მისკენ წავიდა. ბიჭი გაიქცა. დათო გამოუდგა. რომ დაბრუნდა, ხელი შუბლზე ჰქონდა მიდებული: ბიჭს თვალებს შორის იატაკის ჯოხი უთავაზებია. მის მშობლებთან მივედით და გადაღებაზე დავითანხმეთ. როგორც გაირკვა, ბიჭი ასე იმიტომ მოქცეულა, რომ მშობლებს ჰყავდათ დაშინებული, მიმნდობ ბიჭებს უცხოები იტაცებენ და მათგან საპონს ხარშავენო.გადაღებებზე ბიჭები ამბობდნენ, რაღა ასეთი ცხვირა აირჩიეს, უფრო ლამაზი ვერავინ ნახესო? ვარლამი კი პასუხობდა, მე ცხვირის გამო კი არა, ჩემი ღირსებებისა და ნიჭის გამო ამირჩიესო".
ასევე დაგაინტერესებთ: "როდესაც დავინახე, როგორ თამაშობდა სოფიკო ჭიაურელი, მივედი სცენასთან, სახით ხელებს დავეყრდენი და ვუყურებდი. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ..."