"მე გეტყვი, სა მტკივა და შენ მითხარი, რა მტკივა“
რძალ-დედამთილიანი და წყევლა გურულად
ნათელა მეფარიშვილი-მეგრელიშვილი მალე 81 წლის გახდება. წუხს, რაც კორონა შემხვდა, სახელები და გვარები ზოგჯერ მავიწყდება და ვიკლავ მაგიზა თავსო. სოციალურ ქსელში აქტიურია. დღემდე ჩოხატაურელებს ქართულ ხალხურ სიმღერას ასწავლის. იქაურები ძალიან დიდ პატივს სცემენ, რაც მისი უშუალობის, იუმორის, სიკეთისა და სტუმართმოყვარეობის დამსახურებაა. ჩოხატაურში ჩამოსულიყავი, კაი იქნებოდა, კარგად გამიცნობდიო, მიმიპატიჟა მეც. ზაფხულში-მეთქი, დავპირდი და, ზაფხულში აქ რომ შამეიხედო, გეიქცევი, იმდენი ვართო. ქალბატონი ნათელა მხოლოდ სიმღერას კი არ ასწავლის მომავალ თაობას, თავიანთი ქვეყნის, კუთხისა და ტრადიციების სიყვარულსაც შთაუნერგავს მათ.
- გურია ულამაზესი კუთხეა, მდიდარი არა მარტო ბუნებით, არამედ ხალხის ნიჭიერებით. ჯერ მარტო სიმღერა რად ღირს! გურულ კაცს არ შეუძლია მშვიდად გამოთქვას თავისი სულიერი განცდები, ამიტომ აქვთ სიმღერის ტემპიც ასეთი გიჟმაჟი.
ჩოხატაურის სოფელ გორაბერეჟოულში დავიბადე. ისტორიულია ეს სოფელი, ერისთავების რეზიდენცია იყო. იქ დაიწყო პირველი ქართული ჩაის წარმოება. ხუთი და-ძმიდან ნაბოლარა ვიყავი, მაგრამ იმფერი მშობლები მყავდა, რომ გაჭირვება არასდროს გვიგრძნია. მამაჩემი, მერე უკვე ჩემი ძმებიც, თანამდებობის პირები იყვნენ. ბაბუასთან, გიორგი მეფარიშვილთან ვინ აღარ მოდიოდა სახლში სიმღერის შესასწავლად - დათიკო მათითაიშვილი, გიგო და არტემ ერქომაიშვილები, ბევრი სხვაც. ერთ ამბავს მოგიყვებით: ჩოხატაურში იყო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი. რვა კლასის დამთავრების შემდეგ სწავლას იქ აგრძელებდნენ. მეც ეს ტექნიკუმი დავამთავრე, საბუღალტრო-ეკონომიკური. ჩემზე ადრე იქ ჩემი და-ძმა სწავლობდა, ტყუპია, ახლა 87 წლისანი. ერთხელ კრებაზე მშობლები დაიბარეს და რაკი მამა ყრილობაზე იყო წასული თბილისში (დედაც ახლდა), ბაბუაჩემი მივიდა. ამოიკითხეს ჩემი ძმის სახელი და გვარი - გიორგი მეფარიშვილი. ყველა საგანში ორიანი ჰქონდა, მარტო სიმღერასა და ფეხბურთში ეწერა 5. ბაბუამ სიტყვა მოითხოვა, თუ შეიძლება, "უჩიტლებთან" ერთი შეკითხვა მაქვსო. ბრძანეთ, ბატონოო. სიმღერა ქე მისწავლებია კარგად და ხუთიანიც ჰქონია, ამ ბურთს ქე დასდევს ჭალაში, უსწავლია თვითონ და თქვენ აქანე რაღას ასწავლითო?
უმაღლესის დამთავრების შემდეგ მამა ჩოხატაურში რომ დაბრუნებულა, სოფლის თავმჯდომარედ გაუნაწილებიათ. ჩამოუყალიბებია ქალთა და ვაჟთა ანსამბლი, სხვადასხვა კონკურსშიც წარმატებით მონაწილეობდნენ. ტრადიცია გრძელდება. მე ორი შვილი მყავს და ორივე კარგად მღერის. მათი ცოლებიც - ერთი ფორტეპიანოზე უკრავს, მეორე "ნერგებში" მღეროდა. შვილიშვილებიც მღერიან, უფროსი "შავნაბადას" წევრია. ვერ წარმოიდგენთ, ზაფხულობით რა ამბავია ჩვენთან. ახლა ჩოხატაურში შვილთან და რძალთან ერთად ვცხოვრობ. ხუთი შვილიშვილი და რვა შვილთაშვილი მყავს. აი, ეს ხიბლი აქვს წლებსა და სიბერეს, ამდენ თაობას რომ მოესწრები.
19 წლის ვიყავი, რომ გავთხოვდი. ბახმაროში გვქონდა სახლი, იქ ვისვენებდით ხოლმე. თურმე გვერდით არ ცხოვრობს? მეგრელიშვილებსაც იქ ჰქონიათ სახლი და ერთ დღეს ნაძვის ტოტზე რომ ვკატაობდი, მაშინ შევუმჩნევივარ... თავიდანვე მოგვეწონა ერთმანეთი. ცხენოსანი იყო, არაერთგზის გამარჯვებული დოღებსა და რბოლებში, გარეგნობითაც შესახედი და მომეწონა. მამაჩემი სასტიკად წინააღმდეგი იყო, თუ გაჰყვები, იცოდე, შუბლს გაგიხვრეტო.
- რატომ?
- ობოლი იყო. მამა 38 წლისა მოუკვდა და ავტობუსის მძღოლად მუშაობდა. არც ნასწავლი იყო. ერთი სიტყვით, მაინც გავყევი. მამამ დაიბარა და უთხრა, რაკი ჩემი სიძეობა გაბედე, ახლავე საბუთები მოაგროვე, უმაღლესში უნდა მოგაწყოო. კი მოაწყო, მაგრამ გზადაც არ გაუვლია ახლოს. 45 წლისაც არ ვიყავი, როდესაც დავქვრივდი. სამსახურს თავი დავანებე - მაშინ რაიონის საყოფაცხოვრებო მომსახურების სფეროში ვმუშაობდი ორგანიზატორად და ჩემი მეორე პროფესიით დავიწყე მუშაობა... ქმარი ავად რომ გამიხდა, ლენინგრადში მოგვიწია რამდენიმე თვე ყოფნამ. იქ შევისწავლე კოსმეტოლოგია, ჩამოსვლის შემდეგ კი მელო ყიფიანს - პირველი კოსმეტოლოგი იყო თბილისში - მივებარე და ვისწავლე მალამოების დამზადება. დღემდე ვამზადებ, საიდან აღარ მაკითხავენ. 81 წლის გავხდები და თავის მოვლის გარეშე ოთახიდან არ გამოვალ. რა დროსაც არ უნდა მოხვიდე, წაუსმელს ვერ მნახავ. ქალი ყოველთვის ფორმაში უნდა იყოს. წასმა ყველას უხდება, ახალგაზრდასაც და მოხუცსაც, ლამაზსაც, უშნოს ხომ - მით უმეტეს. რაც მე ქალები გამომიკეთებია და გამილამაზებია, იმდენი სიკეთე ჰქონდეს ყველას!
მეუღლის გარდაცვალების შემდეგ შემომთავაზეს, სიმღერას ხომ არ ასწავლი ბავშვებს მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლშიო და დავთანხმდი... მიხარია, რომ მარტო ჩემები კი არა, ჩოხატაურში უკვე ყველა მყვება სიმღერაში, იმდენს ვასწავლე. კულტურის სამინისტროს მოსწავლე-ახალგაზრდობის მომღერალთა გუნდის, "ხასანბეგურას" გარდა, სტუდია "ნენაც" გავხსენი. აი, ამდენი წელი გავიდა და კონკურსებზე სულ პირველ ადგილს ვიღებთ. კოვიდპანდემიის დროს ჩოხატაურში ჩამოვიდა რეჟისორი ლევან კოღუაშვილი, რომელიც ფილმს იღებს გურიაზე, ჩემზე, ჩემს ანსამბლზე.
- ამ ასაკში, ალბათ, ხშირად ფიქრობთ განვლილ წლებზე, რამეზე გწყდებათ გული?
- ერთადერთი, იმაზე მწყდება გული, რომ ადრე უფრო მეტად უყვარდათ ადამიანებს ერთმანეთი, მეტ პატივს სცემდნენ, მეტი მორიდება იყო, უფროსი და უმცროსი იცოდნენ. რომ გავთხოვდი, მამამ გამაფრთხილა, არ გავიგო, რომ ქმრის მშობლებს ან მაზლს პატივი არ სცეო. ჩემმა დედამთილმა ოთხი შვილი გაზარდა მარტომ, ბევრი რამ გამოიარა და თავისებური ხასიათი ჰქონდა. წყევლა იცოდა, თორემ ისე დიდებული ქალი იყო. ერთ დილას იწყევლება, რა იყო-მეთქი, ვკითხე. რავა რაია, რაცხა ერთი პწკილა სიმინდი დავთესე, გადამიჩხრიკა ქათმებმა, ქში, ქში, მოგძრა ლაქშიო. მერე აგერ არაა დომენტი, დაგიხნავს ეზოს-მეთქი და ვინაა დომენტიო? შენი მაზლი-მეთქი და, მაგას შეეშალა აზრი, არ დამიხნა ეზო, ამოუვარდა თეძო, არ მათხუა წალდი, არ მიაღწია წლამდიო. ერთი მტკაველი მიწა არ დამითესა მარანზე, მაგან არ გეიარა ბარაზეო (ქვეყანაზეო). ასე იცოდა თქმა, თორემ ისე ნამეტანი კაი ქალი იყო. ცუდად გახდა ერთხელ და წავიყვანეთ ექიმთან, ძიმითში, სერგო მუხაშავრიასთან. აბა, მითხარით, რა გტკივათო? დედა, ღმერთო, მომკალი, მე რა ვიცი, რა მტკივაო?! მე გეტყვი, სა მტკივა და შენ მითხარი, რა მტკივაო. კარგი, ქალბატონო, დაწყნარდით, ახლავე ყველაფერს გამოგიწერთ, დამამშვიდებელსაცო. რა მაქვს შენი დასაწყნარებელი, გიჟი კი არ ვარო? ღმერთმა კარგად გამყოფოთო, უთხრა ბოლოს ექიმმა. ასეთი ხასიათი რომ ჰქონდა, კი მიჭირდა ხასიათის შეწყობა, მაგრამ ბრძანება იმფერი მქონდა მამაჩემისგან, ენა არ უნდა ამომეღო.
- რას უსურვებდით ჩვენს ქვეყანას?
- მინდა, საქართველო იყოს საუკეთესო ქვეყანა. ქართველი პირველია გინდ ვაჟკაცობით, გინდ შეხედულებით, თუმცა დღეს ბევრი რამ არ მომწონს. ტანზე გამძრალი და შიშველი დადიენ, დახეული და დაფლეთილი ტანსაცმლით. ერთი მოვიდა სიმღერაზე, ცხვირი ჰქონდა გახვრეტილი და ზედ საყურე დაბნეული. დედა, რა გიქნია-მეთქი ეს და, XXI საუკუნეა ახლაო. საუკუნეები ტრადიციებს, სირცხვილ-ნამუსს, საქციელს, ღირებულებებს ცვლის? მშობლების ბრალია ეს ყველაფერი. ჩემს შვილიშვილებს სულ ვეუბნები, ნუ უყურებთ, ვინ რა ქნა, უყურეთ თქვენს ოჯახსა და მშობლებს-მეთქი. სწორედ იმიტომ, რომ ტრადიციები არ დაკარგულიყო და ჩვენი ფოლკლორი აღორძინებულიყო, 2018 წლის სექტემბრიდან ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის მხარდაჭერით ვახორციელებთ პროექტს "ჩვენი წინაპრები და შთამომავლები ბავშვთა უფლებების სადარაჯოზე". ამ პროექტის მიზანია კულტურული მემკვიდრეობის, ტრადიციების შენარჩუნება, ფოლკლორის კვლევა, დაცვა და პოპულარიზაცია.
ნინო ჯავახიშვილი