"დროა, ოპოზიციამ დაიწყოს ბრჭყალების გამოჩენა“ - კვირის პალიტრა

"დროა, ოპოზიციამ დაიწყოს ბრჭყალების გამოჩენა“

„ვადამდელი არჩევნების საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა“

"დღეს ვინც ოპოზიციის პარლამენტში ყოფნას მიზანშეუწონლად მიიჩნევს, პოლიტიკური ანტივაქსერია", - ასეთი შინაარსის სტატუსი დაწერა თავისი ფეისბუკის გვერდზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ. საინტერესოა, რა ხდება "ნაციონალურ მოძრაობაში", რამდენად შეესაბამება რეალობას გავრცელებული მოსაზრება, რომ გუნდში დაპირისპირება გამწვავდა, დარჩა თუ არა მთავარ თემად ვადამდელი არჩევნების საკითხი ოპოზიციის საერთო დღის წესრიგში და მართლა რომან გოცირიძემ დაუწერა თუ არა ეკონომიკური გეგმა სააკაშვილს, ამ საკითხებზე რომან გოცირიძე გვესაუბრება:

- გუნდში არანაირი განხეთქილება არ არის, უბრალოდ, გარედან არ წყდება კრიტიკა. აკრიტიკებენ არა მარტო "ნაციონალურ მოძრაობას", არამედ მთელ ოპოზიციას, რა უნდათ ამ არალეგიტიმურ პარლამენტშიო. გასაგებია, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, მაგრამ თვითმმართველობის არჩევნებიც ხომ გაყალბდა, მაშინ რატომ არიან ოპოზიციონერები საკრებულოში?! "ნაციონალურ მოძრაობას" 500 დეპუტატი ჰყავს საკრებულოში. ხომ დიდი უაზრობა იქნებოდა, ოპოზიციას ეთქვა, რომ დარღვევით ჩატარდა თვითმმართველობის არჩევნები და საკრებულოებში არ შევალთო?! ანტივაქსერებივით მომაბეზრებელია ის ხალხი, ვინც ჯერ პარლამენტში შესვლის გამო გვამუნათებდა და მერე ბოიკოტის დასრულების გამო. ჩაიარა უკვე მატარებელმა და ხომ შეიძლება მოეშვან ხელების ქნევას?! დავასრულეთ თუ არა ბოიკოტი და შევედით პარლამენტში, მაშინვე გავაცოცხლეთ პროცესი. ყველას ვაჩვენეთ, რა ანტისახელმწიფოებრივი დოკუმენტი მიიღო მმართველმა გუნდმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის სახით. შეიძლება ითქვას, მხილების დღე გავმართეთ. ოპოზიციის ფუნქციაც ეს არის - უნდა ვამხილოთ ხელისუფლების მოღალატეობრივი ქმედებები, დავბლოკოთ ცუდი გადაწყვეტილებები. ოპოზიციას არც ერთ ქვეყანაში არ გააქვს კანონები ტაშის გრიალით. ჩვენც რომ ვიყავით ხელისუფლებაში, ვერც მაშინ გაჰქონდა ოპოზიციას კანონები. ასე რომ, ამას ნუ მოგვთხოვენ და ჩვენს დანიშნულებას გადასარევად შევასრულებთ. თუ ვინმეს ჯერ კიდევ ვერ გაუგია, მათ გასაგონად მინდა ვთქვა - ოპოზიციის როლი პარლამენტში ათმაგდება, როდესაც ქვეყანაში საპარლამენტო მმართველობაა. როდესაც გამარჯვებული პარტია აყალიბებს მთავრობას, უმრავლესობა ჰყავს პარლამენტში და ამასთან, შეცვლილი კონსტიტუციით პარლამენტი ირჩევს პრეზიდენტს, ანუ მთელი ხელისუფლება - საკანონმდებლო, სასამართლო და აღმასრულებელი - მთლიანად ერთი პოლიტიკური ძალის ხელშია. უდიდესი როლი ენიჭება ოპოზიციის როლს პარლამენტში. უკვე დროა, ოპოზიციამ დაიწყოს საკუთარი ძალის, ბრჭყალების გამოჩენა.

- მმართველი გუნდის თქმით, რუსეთის ხსენება საჭირო არ იყო, რადგან რეზოლუცია უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას ემსახურებოდა.

- გამოდის, მათ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტი ზურაბიშვილი ოპოზიციასთან ერთად ქვეყნის საზიანოდ მოქმედებს?

- რას გულისხმობთ?

- იმას, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საკმაოდ მწვავე განცხადება გააკეთა საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობის გამო. თუმცა, როგორც ჩანს, ის აიძულეს ასე ელაპარაკა. აბა, რას უნდა ნიშნავდეს, პეკინის ოლიმპიადაზე მიმავალი პოლონეთის პრეზიდენტი თბილისში რომ დაყოვნდა და აეროპორტშივე შეხვდა პრეზიდენტს. ფაქტობრივად, პრეზიდენტი ზურაბიშვილი ჯიკავ-ჯიკავით აიძულეს, განცხადებები გაეკეთებინა, თუმცა ამ ქალბატონმა მაინც მოახერხა და კოჭი გაუგორა ბიძინა ივანიშვილს. რას ვგულისხმობ და იმას, რომ ზურაბიშვილმა თქვა, დათმობაზე უნდა წავიდეს ორივე ქვეყანაო. მაინც რა დათმობაზე უნდა წავიდეს უკრაინა, რომლის ტერიტორიები ოკუპირებულია, საზღვრებთან 120 000 რუსი ჯარისკაცი ჰყავს მიმდგარი?! ამ წინადადებით სრულიად გაუუფერულა თავისი კარგი განცხადებები. თქვენ იცით, ოპოზიცია კიევში რომ იყო, მთელი ცივილიზებული სამყარო სხვადასხვა ფორმით ცდილობს უკრაინის მხარდაჭერას. აგერ, თურქეთის პრეზიდენტმა ჯერ იარაღი გაუგზავნა უკრაინელებს, მერე თავად ეწვია კიევში. ამ დროს საქართველოს მთავრობა ჩირგვებში ზის და ერთი ხეირიანი განცხადების გაკეთებასაც ვერ ბედავს. ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ "ოცნება" პირდაპირ არის დაკავშირებული რუსულ ინტერესებთან. ნახეთ, სადამდე დაეცნენ, პუტინის ოპოზიციაში მყოფ პოლიტიკოსებსაც კი არ უშვებენ საქართველოში. შოვინისტ ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებს პატივით უმასპინძლდებიან და ოპოზიციონერი ნავალნის პარტიის წარმომადგენლებს საზღვარზე არ უშვებენ. რუსეთი ისე გათავხედდა, ქართულ მედიასაც მოუნდომა შეზღუდვების დაწესება, თურმე ლავროვს ქართველი ჟურნალისტის საოკუპაციო ხაზთან მომზადებული სიუჟეტი არ მოსწონებია.

- ბატონო რომან, როგორც გაირკვა, ნავალნის პარტიის წარმომადგენელს დმიტრი გუდკოვს თავის დროზე ცხინვალისა და სოხუმის დამოუკიდებლობისთვის აქვს მხარი დაჭერილი. ამასთან, ყველას კარგად გვახსოვს, რომ ნავალნი ქართველების მიმართ სულაც არ იყო კეთილგანწყობილი.

- ნავალნი 20 წლის წინ რას ამბობდა, რა მნიშვნელობა აქვს, როდესაც დღეს პუტინის პირადი მტერია და ციხეშია გამოკეტილი. ჯერ ერთი, მან ბოდიში მოუხადა ქართველებს, მერე კიდევ, ნავალნის განცხადებები კი არა, მნიშვნელოვანი ის არის, თუ რა მორალური და სამართლებრივი კრიტერიუმებით მოქმედებს საქართველოს ხელისუფლება. ნავალნის და გუდკოვს თავი დავანებოთ, ოპოზიციის ახალგაზრდა აქტივისტი არ შემოუშვეს ქვეყანაში. მან დასცინა კიდეც საქართველოს ხელისუფლებას - დაბადებულიც არ ვიყავი, როდესაც რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა და პასუხს მე მთხოვენო. გუდკოვმაც თქვა, რომ ის მას შემდეგ აღარ ჩასულა აფხაზეთსა და ცხინვალში, რაც საქართველომ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონი მიიღო.

- ბატონო რომან, მმართველი გუნდის ლიდერების ერთი ნაწილი ამბობს, რომ მხარს დაუჭერენ თქვენი პარტიის ინიციატივას სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ. როგორ გგონიათ, რატომ უჭერენ თქვენს ინიციატივას მხარს?

- სინამდვილეში "ქართულ ოცნებას" არ უნდა კომისიის შექმნა, მაგრამ თუ მაინც შეიქმნება, ურჩევნიათ თავადაც იქვე იყვნენ და "ველოსიპედის ბორბალში ჯოხები გაუყარონ". ამ კომისიისთვის საჭირო 50 ხმა უკვე გვაქვს. მთელი ოპოზიცია გვიჭერს მხარს. თუ ვინმე გადაიფიქრებს და ამისთვის კორონას ან სხვა რამეს მოიმიზეზებს, რომ პარლამენტში არ მოვიდეს, მაშინ კომისია ვერ შეიქმნება.

- სააკაშვილს ეკონომიკური გეგმა მართლა თქვენ დაუწერეთ?

- დოკუმენტის ავტორი თავიდან ბოლომდე მიხეილ სააკაშვილია. იქ არის საკითხები, რომლებსაც მე არ ვიზიარებ, მაგალითად, საგადასახადო სისტემის შესახებ ჩვენ სხვადასხვა აზრი გვაქვს. ასევე სხვადასხვა შეხედულება გვაქვს ჰესებზე - მისგან განსხვავებით მე დიდი ჰესების მშენებლობას ვუჭერ მხარს. საერთო ჯამში საკმაოდ პროგრესული დოკუმენტია, რომელიც ნამდვილად შეიძლება გახდეს სამოქმედო გეგმის საფუძველი.

- თქვენი პოლიტიკური დღის წესრიგის თემა ისევ ვადამდელი არჩევნებია?

- რაც უფრო დიდხანს დარჩება "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში, მით მეტად დაზიანდება ქვეყანა. ამიტომ ჩვენი მთავარი ამოცანაა ამ პოლიტიკური გუნდის მართვის ბერკეტებიდან მოხსნა. ამ ბრძოლაში ყველაზე ეფექტური საპარლამენტო ბრძოლაა. ამიტომ ვადამდელი არჩევნების საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა.

ხათუნა ბახტურიძე