"ჩემი გული მკვდარი იყო და სიმღერის დროს სულ ცრემლები მახრჩობდა"
"ახლაც მახსოვს, ბიზნესმენების და იმ ხალხის გაყინული თვალები, რომლებიც მისმენდნენ, მაგრამ არ მაფინანსებდნენ. მათ ჩემი წარმატებული მომავლის არ სჯეროდათ..."
ბოლო პერიოდში, მსოფლიოში წარმატებულ ქართველ საოპერო მომღერალს - თამარ ივერს მისი პროფესიისგან სრულიად განსხვავებულ საკითხებზე უხდება ტელევიზიასა და პრესაში გამოჩენა... თუმცა, ამჯერად, "კვირის პალიტრამ" ცნობილ სოპრანოსთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა მის შემოქმედებასა და პირად ცხოვრებაზე:
- თამარ, ობოლი გოგონა, გაჭირვებული ქვეყნიდან, მსოფლიოში წარმატებული საოპერო მომღერალი გახდით... რამდენად რთული გზა გაიარეთ?
- რა თქმა უნდა, ურთულესი გზა გავიარე... მოგეხსენებათ, 1990-იან წლებში დიდი გაჭირვება იყო... მით უმეტეს, ჩემთვის, რადგან მამა, ოპერის მომღერალი - ავთანდილ ჯავახიშვილი ოჯახს ხელიდან გამოგვეცალა. დავრჩით მე და დედა, მაშინ მხოლოდ 19 წლის ვიყავი... გამიმართლა იმ მხრივ, რომ მამას მეგობარმა, ცნობილმა საოპერო მომღერალმა - ალეკო ხომერიკმა ახალშექმნილ, ბათუმის საოპერო თეატრში ამიყვანა... ამ თეატრში ავიდგი ფეხი, როგორც საოპერო მომღერალმა. მალე, საკმაოდ წარმატებული შედეგი დავდე - მარეხის პარტიით - სპექტაკლში "აბესალომ და ეთერი", დეზდემონას პარტიით - "ოტელო"-ში... ამ წარმატებამ განაპირობა თბილისში ჩემი მიწვევა კონცერტებზე...
შემდეგ პაატა ბურჭულაძემ ცნობილი ფესტივალი - "ბრავო" ჩაატარა, სადაც ასევე წარმატებით ვიმღერე დეზდემონას პარტია... მსოფლიოში აღიარებულ დიდ მომღერლებთან - რენატო ბრუზონთან და მსოფლიო ლეგენდებთან ერთად ვიმღერე პატარა გოგონამ... თბილისელმა საზოგადოებამ მაშინ "მომნათლა" როგორც საინტერესო და პერსპექტიული მომღერალი.
შემდეგ, გადავწყვიტე, საზღვარგარეთ ჯუზეპე ვერდის სახელობის კონკურსზე წავსულიყავი... ახლაც მახსოვს, ბიზნესმენების და იმ ხალხის გაყინული თვალები, რომლებიც მისმენდნენ, მაგრამ არ მაფინანსებდნენ. მათ ჩემი წარმატებული მომავლის არ სჯეროდათ... ბოლოს ბათუმის მერმა - ასლან სმირბამ ასლან აბაშიძესთან შუამდგომლობით დამაფინანსა... კონკურსზე გავიმარჯვე, მეორე ადგილი ავიღე სრულიად უპატრონოდ ჩასულმა... პირველი ადგილი გამოცდილმა მომღერალმა ქალმა აიღო, რომელიც უკვე 35 წლის იყო და მისთვის ეს ბოლო კონკურსი იყო... მთელ მსოფლიოში კონკურსები 35 წლამდე ტარდება და მას ასაკის გამო რაღაცნაირად გაამარჯვებინეს... არ დამავიწყდება, ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა რომ მითხრა, შენ საუკეთესო იყავი, მაგრამ ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხარ, კიდევ ბევრ კონკურსში შეგიძლია მონაწილეობა მიიღო და ამისთვის ეს ბოლო კონკურსიაო...
ჟიურის ერთ-ერთი წევრი ავსტრიიდან იყო, რომელმაც მითხრა, რომ ვენაში მოცარტის სახელობის კონკურსი ტარდება და ბედი იქაც გეცადათო... მოცარტის მუსიკა ძალიან მიყვარდა, რაც კიდევ უფრო ხაზს უსვამს მომღერლის ინტელექტს, დავეთანხმე და დავიწყე მზადება ურთულესი კონკურსისთვის, ჩემს პიანისტთან - ცირა ქამუშაძესთან ერთად... წავედი და იქ ძალიან დიდი ტრიუმფით პირველი პრემია მივიღე...
ყველა სოპრანოსთვის დიდი ბედნიერებაა ვერდისა და მოცარტის კონკურსების გამარჯვებული გახდეს, მაშინ უკვე, ჩემთვის ევროპის საუკეთესო თეატრების კარი გაიღო... მოცარტის კონკურსზე იმყოფებოდა გრაცის თეატრის მომავალი ინტენდანტი - კარენ სტოუნი, რომელმაც დიდი სურვილი გამოთქვა მის თეატრში მივეღე... ამ თეატრში "ევგენი ონეგინის" პრემიერაზე ვენის "შტადს ოპერის" დირექტორი ჩამოვიდა, რომელსაც - ტატიანას როლში ძალიან მოვეწონე და მყისვე ვენის "შტატს ოპერაში" "ბოჰემაზე" მიმიწვია... სანამ გრაცში მუშაობას დავიწყებდი, მანამდე ბონში ვიმღერე ათი სპექტაკლი - "დონ-კარლოსი", სხვა თეატრებშიც...
დალხენილი არ ვყოფილვარ კარიერის დასაწყისში, არავინ დამხმარებია, თუმცა მცდელობები მქონდა - ერთ ცნობილ მომღერალს რომ ვთხოვე, და ჩემი ნამღერის ვიდეოჩანაწერებიც მივეცი, ვინმესთან დავეკავშირებინე, სამწუხაროდ, არ დამეხმარა... ჩემით შევძელი ფეხზე დავმდგარიყავი და ევროპაში, როდესაც მას ერთ გალაკონცერტზე შევხვდი, გაკვირვებულმა მკითხა, აქ როგორ მოხვდი, ვინ არის შენი აგენტიო... ვუპასუხე - ჩემი აგენტი ჩემი ხმაა და ის კონკურსები, სადაც გავიმარჯვე-მეთქი..
დიახ, რთული გზა იყო, მაგრამ როდესაც შენს სიმღერაზე და პროფესიონალიზმზე კონცენტრირებული ხარ, მაშინ ცოტა ხელშეწყობაც ყველაფერს ნიშნავს... ცოტა ხელშეწყობა იყო აჭარის მთავრობის მიერ, კონკურსებზე რომ დამაფინანსეს და ამ კონკურსებმა ამდენად გაამართლა.
- როგორი იყო ევროპული ცხოვრება და ეტაპობრივად როგორ ვითარდებოდა იქ თქვენი კარიერა?
- ევროპული ცხოვრება და კარიერა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ლამაზი მოგონებაა... მოცარტის კონკურსზე ძალიან მოვეწონე ლეგენდარულ სოპრანოს ილეანა კოტრუბასს და გადაწყვიტა დავმეგობრებულიყავით, თავად მამეცადინებდა. თავისი ულამაზესი, შაბიამნისფერი კაბაც მაჩუქა. მისი უდიდესი დამსახურებაც იყო მოცარტის კონკურსზე რომ გავიმარჯვე, რადგან ჟიურის წევრი იყო... დამეგობრების შემდეგ ევროპაში ცნობილ სააგენტოსთან დამაკავშირა. ამ სააგენტოს წარმომადგენელმა რომ მომისმინა, ძალიან მოვეწონე და ე.წ. "მოსმენები" ევროპის თეატრებში გვქონდა...
მოცარტის კონკურსზე 1999 წელს გავედი და იმის შემდეგ დაიწყო ჩემი ძალიან ნაყოფიერი კარიერა... ორ წელიწადში ლონდონის "კოვენტ-გარდენმა" მიმიწვია, შემდეგ ლა-სკალას თეატრმა, ძალიან ნაყოფიერი შემოქმედებითი პერიოდი მქონდა საფრანგეთში ბასტილიის თეატრში. გარნიეში, ტულუზის თეატრში... საფრანგეთის პუბლიკა ყოველთვის ძალიან მიყვარდა და ფრანგებსაც ძალიან ვუყვარდი... იტალიაშიც - არენა დი ვერონა ჩემი ხშირი სცენა იყო... ძალიან საამაყო იყო მეტროპოლიტენ ოპერის სცენა, სადაც მოცარტის ულამაზესი როლები შევასრულე, ძალიან მოსწონდა თეატრის დირექტორს ჩემ მიერ შესრულებული მოცარტი და სულ მოცარტის როლებზე მიწვევდა.
ვენის ოპერიდან მედალი მივიღე, როგორც წლის საუკეთესო სოპრანომ... ავსტრალიაში ვიყავი წარდგენილი - წლის საუკეთესო სოპრანოს ნომინაციაზე...
ბევრი საოცნებო როლი ავისრულე, ბევრის რეალიზებას ამიერიდან ვაპირებ, რადგან შემდეგ ჩემს შემოქმედებით ცხოვრებაში გარკვეული მიზეზების გამო პაუზა ჩამოვარდა...
რაზეც ხაზი მინდა გავუსვა და ჩემთვის ყველაზე საამაყოა, არ არსებობს მომღერალი მისი კარიერის მანძილზე, ერთი სპექტაკლი მაინც არ გაეუქმებინოს... ჩემი კარიერის მანძილზე არც ერთი სპექტაკლი არ ჩამიგდია თუნდაც ავადმყოფობის გამო... ამიტომაც ჩემი აგენტი თვლიდა, რომ საოცრად საიმედო მომღერალი ვიყავი. ამბობდა, თამარ ივერი მოკვდება და მაინც იმღერებსო... დღესდღეობით ეს ძალიან იშვიათი და წარმოუდგენელია. ძალიან გული მტკივა, საქართველოში რომ ყველაფერზე ზერელე დამოკიდებულებაა... როდესაც კონცერტს აანონსებ, უნდა ჩათვალო, რომ ათი მომღერლიდან ორი ან სამი მომღერალი არ იმღერებს და მიზეზები არ დაელევათ.
- საქართველოსთანაც მუდამ გქონდათ შემოქმედებითი კავშირი...
- ასე ვერ ვიტყოდი... უფრო მეტად დედასთან ჩამოვდიოდი, როდესაც აქტიურ კარიერაში ვიყავი და მომთაბარე ცხოვრებას ვეწეოდი. შეიძლება ითქვას, რომ სულ "ჩემოდნებზე ვიჯექი"... ადრე, აჭარის კულტურის დღეების ფარგლებში ვიმღერე თბილისში, შემდეგ ძალიან იშვიათად გალა-კონცერტებზე... მათ შორის, ორჯერ მიხეილ სააკაშვილის საინაუგურაციო კონცერტზე... თბილისის ოპერაში არ დავბადებულვარ, თორემ იქ გავიზარდე, სულ მამაჩემთან ვიყავი იქ, ოპერის ბავშვთა გუნდშიც ვმღეროდი, მახსოვს, ოდისეი დიმიტრიადი დირიჟორობდა... შემდეგ ოდისეი დიმიტრიადიმ ბათუმშიც იდირიჟორა და ძალიან გაუკვირდა, როცა შევახსენე, თბილისში ბავშვთა გუნდში ვიყავი და ახლა მარეხის პარტიას ვასრულებ-მეთქი "აბესალომ და ეთერი"-დან.
ჩემი პირველი დიდი სპექტაკლი თბილისის ოპერის თეატრში 2016 წელს იყო, როდესაც ექვსწლიანი პაუზის შემდეგ ახალგარემონტებული ოპერის თეატრი გაიხსნა. მე გახსნაზე ეთერის პარტიას ვმღეროდი "აბესალომ და ეთერი"-დან... შემდგომ კიდევ რამდენიმე სპექტაკლში და გალა-კონცერტებში ვიმღერე.
- იღბლიანი ქორწინება, მეუღლე, შვილები... თვლით, რომ ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თუნდაც ამდენად წარმატებული კარიერა?
- ნამდვილად ჰარმონიული ოჯახი მაქვს... ოჯახი ძალიან გვიან, ფაქტობრივად კარიერის ზენიტში შევქმენი. მიხარია, რომ ისეთ ადამიანს შევხვდი, როგორიც რაულია. ადამიანი ვერ იტყვი, რა უფრო მნიშვნელოვანია... მე ვარ ადამიანი, ვისთვისაც სიმღერა და ჩემი ხელოვნება სულის საზრდოა... ამას მხოლოდ ბავშვების გასეირნება და სადილების მომზადება ვერანაირად ვერ შემიცვლის. არსებობენ ქალები, რომლებიც ამბობენ, ჩემთვის დედობა უფრო მნიშვნელოვანიაო, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ასე არ არის... ყოველთვის ვიყავი როგორც "მარტოხელა მგელი" ჩემს კარიერაში და ეს რეფლექსი, ინსტინქტი გამომყვა... დღესაც ძალიან აქტიურად ვაგრძელებ მეცადინეობას, ისევ ჩემს პროფესიაში ვარ, უბრალოდ გარკვეული დროით პაუზა მაქვს... ბავშვებსაც ყურადღებას არ ვაკლებ, რა თქმა უნდა...
ჩემს ცხოვრებაში ურთულესი ეტაპი იყო, რადგან ხმა შემეცვალა, ჟღერადობით უფრო მეტად დრამატული გახდა, ამიტომაც დამატებითი მეცადინეობა დამჭირდა, სხვა რეპერტუარზე რომ გადავსულიყავი.
- საქართველოში, როგორც ვიცი, დედის ურთულესი ჯანმრთელობის პრობლემების გამო დაბრუნდით...
- დიახ, არ ვაპირებდი საქართველოში ცხოვრებას, მაგრამ გადმოვედი იმის გამო, რომ ბავშვები ქართველებად გამეზარდა. მათთვის ჩურჩხელა რაღაც სანთელი არ ყოფილიყო და ხინკალზე, ხაჭაპურზე მხოლოდ წიგნებიდან არ სცოდნოდათ. მიხარია სულით და ხორცით ქართველებად რომ იზრდებიან...
რასაკვირველია, ყველაზე მეტად ჩემი მოხუცი დედისთვის გადავწყვიტე გადმოსვლა, რომელმაც სიცოცხლე მაჩუქა და მთელი კარიერის მანძილზე გვერდით მედგა. მთელ ცხოვრება გადამყვა... მე მშობლების ქორწინებიდან დაახლოებით რვა წლის შემდეგ გავჩნდი... მთელი რვა წელი დედა მკურნალობდა, ახტალის ტალახებზე, ბალნეოლოგიურში და სად არ დადიოდა... მან კბილები დაკარგა, ვენები დაუავადდა და ჯანმრთელობა გაინადგურა ამდენი წამლებით და მკურნალობით, როგორმე რომ შვილი ჰყოლოდა... ძალიან ბევრი იწვალა მე რომ გავეჩინე და მე მას ცხოვრების ბოლოს მარტო ვერ დავტოვებდი... ვერასოდეს ვერ გადავიხდიდი იმ ამაგს, უბრალოდ საკუთარი თავის მადლიერი ვარ, რომ ცხოვრების ბოლომდე დედას გვერდით ვიყავი.
- ძალიან იშვიათად, მაგრამ ხელოვანებს ცხოვრებაში ყოფილა, როდესაც უდიდესი პირადი ტრაგედიების დროს სცენაზე დგომა მოუხდათ... გვიამბეთ თქვენი ცხოვრებს უმძიმეს წუთებზე...
- დიახ, ეს ჩემს ცხოვრებაში იმდენად ურთულესი მომენტი იყო, არ ვიცი, რა დავარქვა... მე ზემოთ აღვნიშნე, რომ ძალიან ვამაყობ, ცხოვრებაში სპექტაკლი რომ არ გამიუქმებია-მეთქი...
ივლისში აღმოვჩნდი სიტუაციაში, მიუხედავად ყველაფრისა, აუცილებლად რომ უნდა მემღერა... ვერავინ ვერ შემცვლიდა, სხვა სოპრანო ვერ იმღერებდა, რადგან ეს არ იყო სპექტაკლი, სადაც რაღაც როლს მღერი და ვთქვათ, იქ ვიღაც სათადარიგო მომღერალი ზის... გალაკონცერტი იყო, სადაც სოლოც უნდა მემღერა და დუეტიც. თუ გამოსვლაზე უარს ვიტყოდი, ფაქტობრივად კონცერტი ვარდებოდა, ტენორიც ვეღარ იმღერებდა...
სანამ ავსტრიაში წავიდოდი, დედას შეტევა ჰქონდა და საავადმყოფოში გადავიყვანეთ. რეანიმაციაში იწვა... ისიც საბედისწერო იყო, რომ ეს ჩემი გაფრენის დღეს მოხდა. საღამოს ექვს საათზე მივფრინავდით და დილის ცხრა საათზე დედას შეტევა დაემართა... კიდევ კარგი დედასთან სამყოფი დრო მქონდა. როდესაც სასწრაფომ წაგვიყვანა და რეანიმაციაში გადაიყვანეს, პროფესორმა დამაიმედებელი ვეღარაფერი გვითხრა, ძალიან გამოფიტულია და ანალიზები არ მოგვწონსო...
დედას წოლითი რეჟიმი ჰქონდა, ბოლოს ძალიან დადნა... მიუხედავად იმისა, რომ მხნე ქალი იყო, საუბარი, მსჯელობა შეეძლო, ფიზიკურად ძალიან დასუსტდა... თავისი თავი თვითონ მიიყვანა ამ დონემდე, რადგან სულ გასეირნებას ვთხოვდი და სულ წოლა უნდოდა, მხოლოდ აივანზე თუ გამოვიდოდა ცოტა ხნით. ფობია ჰქონდა, გარეთ გასვლის ეშინოდა. არ ვიცი, ეს მოხუცური დეპრესია თუ რა იყო.
წარმოიდგინეთ, მე რა დღეში ვიყავი, როცა ვენაში ჩავედი და სადღაც ოთხ დღეში უკვე კონცერტი იყო. მუდმივად ვრეკავდი და დედას შესახებ ვკითხულობდი, მეუბნებოდნენ სტაბილურად არისო... ამ დროს თურმე მატყუებდნენ და სიმართლე ჩემმა მეუღლემაც იცოდა და თბილისში ჩემმა ახლობლებმაც... სიმართლეს ყველა მიმალავდა, რადგან ეგონათ კონცერტზე ვეღარ გამოვიდოდი...
კონცერტის დღეს ჩემი მეუღლე სასტუმროს ეზოში ჩავიდა მოსაწევად, ტელეფონზე საუბრობდა და იმ დროს აივანზე ვიყავი... მომესმა, მუხის სასახლე მოიტანეთ, ჯერჯერობით მაცივარში იყოს, კონცერტის მერე ვეტყვი და მაშინვე წამოვალთო... მაშინვე მივხვდი, როგორ ყველაფერს მიმალავდნენ და საშინელი კივილი, ტირილი ამიტყდა. არ მსურს დეტალურად მოვყვე, რაც დამემართა. სულ ორ-სამ საათში კი კონცერტი იყო...
ეს იყო ჩემი მხრიდან საშინელი გმირობა, თუ როგორ გავედი კონცერტზე, როგორ გავუღიმე აუდიტორიას და არავის მოვახვიე თავს ჩემი ტრაგედია... რაღაც მომენტში მინდოდა მეთქვა, მაპატიეთ თუ რაღაც ისე ვერ იქნება, ასეთი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში-მეთქი, მაგრამ ვიფიქრე, ეს რომ გამოვაცხადო, მაშინ დარბაზი დაიძაბება-მეთქი... კონცერტის მერეც რომ მეთქვა, ცუდ აკორდზე დამთავრდებოდა...
შემდეგ "ფეისბუკზე" დავდე ჩემი გამოსვლა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ იქ ყველა სიცილი, ღიმილი, მსახიობური გარდასახვა იყო... ჩემი გული მკვდარი იყო და სიმღერის დროს ცრემლები მახრჩობდა. ყელში ბურთი მეჩხირებოდა, მაგრამ ვეცადე აუდიტორიას ეს არ ეგრძნო. რადგან მე ეს ყველაფერი გადავლახე, ეს ყოფილა, რასაც პროფესიონალიზმი ჰქვია... ძალიან ცუდ დღეში იყო კონცერტის ორგანიზატორი, დარწმუნებული იყო, უარს ვიტყოდი და ვერ ვიმღერებდი... ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული, დიდი დარტყმა და ცხოვრებისეული გამოცდა იყო.
- პანდემიის შემდეგ ისევ საქართველოში დარჩებით?
- არ ვიცი სად მომიწევს ყოფნა... დღეს საქართველოში ვასწავლი კონსერვატორიაში, როგორც ვოკალის პედაგოგი. მყავს არაჩვეულებრივი მოწაფეები... კულტურის სამინისტროდან (როგორც ორმაგი მოქალაქე - საქართველოსი და ავსტრიის) წარმომადგენელი ვარ - საქართველო-ავსტრიის კულტურული ურთიერთობების ატაშე... ავსტრიის კულტურის სამინისტროსთან, "შტატს ოპერასთან" მჭიდრო ურთიერთობა მაქვს... ბათუმში ვაარსებ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს, ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსს...
რაც შეეხება ყოველდღიურობას, მოგეხსენებათ ძალიან მიყვარს ცხოველები და ცხრა ცხოველი მყავს... ძალიან გულს მტკენს მიუსაფარი ცხოველების ბედი და ახლაც ერთ მიუსაფარ ძაღლს ვპატრონობ, რომელიც ტრასაზე ვიპოვე, ვიღაცის მანქანამ დაარტყა და წამოვიყვანე, სტაციონარში მყავს ამჯერად... სამომავლოდ ვეტკლინიკის და ზოომაღაზიის გახსნას ვაპირებ, ამ საქმისთვის პროფესიონალებს ავიყვან... ასე მსურს პატარა აგური დავდო ცხოველების მოვლაში, რადგან ეს უპირველესად მე მანიჭებს სიამოვნებას. მხოლოდ საბურთალოზეა თავმოყრილი ვეტკლინიკები, სხვაგან სავალალო სიტუაციაა და ეს აუცილებლად უნდა გამოსწორდეს!
(სპეციალურად საიტისთვის)