"მხოლოდ ის ვიცი, რომ სააკაშვილი პატიმარია და ეზღუდება უფლებები - მართლაც დაირღვა თუ არა მისი უფლებები, არ ვიცი“
ხელისუფლება ბევრ რუსულ საქმეს აკეთებს. რატომ, არ ვიცი. ამიტომ ვინმეს რუსეთის აგენტს ვერ დავარქმევ. რის გამოც ასეთი რეზოლუცია დაიწერა, შიშით არ იყო განპირობებული. ეს იყო გათვლილი იმაზე, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კიდევ ერთი კონფლიქტი გაეჩაღებინათ
"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" იმედოვნებენ, რომ თებერვლის ბოლოს პარლამენტში საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე შესაძლო ძალადობრივი, შეურაცხმყოფელი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მოხერხდება.
პარლამენტში ინიცირებული პროექტით საგამოძიებო კომისიამ 11-კაციანი შემადგენლობით უნდა იმუშაოს.
კანონის თანახმად, საგამოძიებო კომისიაში ოპოზიცია არ უნდა იყოს ნახევარზე ნაკლები. ამასთან, ოპოზიციის წარმომადგენელი უნდა იყოს ან კომისიის თავმჯდომარე, ან კომისიის მდივანი.
პარტიაში აცხადებენ, რომ კომისიის შესაქმნელად საჭირო 50 ხმას ოპოზიცია "ქართული ოცნების" გარეშე, დამოუკიდებლადაც შეაგროვებს. თუმცა, მათი ვარაუდით, "ოცნება" კომისიაში მის მიმართ ლოიალური ოპოზიციონერი დეპუტატების შეყვანას შეეცდება.
მოახერხებს თუ არა ქვეყნის მთავარი ოპოზიციური ძალა კომისიის შექმნისთვის დეპუტატების 1/3-ის შეგროვებას, უახლოეს მომავალში გამოჩნდება. მანამდე კი ცნობილია, რომ "გირჩი" ყოფილ თანაგუნდელებს მხარს დაუჭერს "ბარტერული შეთანხმებით".
რაზე შეუთანხმდა "გირჩი" "ნაციონალურ მოძრაობას" და ადანაშაულებენ თუ არა ხელისუფლებას პრორუსული ინტერესების გატარებაში, "კვირის პალიტრა" საპარლამენტო უმცირესობის წევრს იაგო ხვიჩიას ესაუბრა.
- სააკაშვილის ციხიდან კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობა არ არსებობს, მაგრამ მივეხმარებით ჩვენს კოლეგებს, რომ შეიქმნას კომისია ყოფილი პრეზიდენტის საზღვარგარეთ მკურნალობისთვის.
მის ჯანმრთელობაზე ამდენი საუბარი არ არის კარგი. ვფიქრობ, შეცდა "ნაციონალური მოძრაობა", როცა გორის ჰოსპიტალში ითხოვდა მის გადაყვანას. პირიქით, თავიდანვე საზღვარგარეთ გადაყვანა უნდა მოეთხოვათ და ამას ამხელა აჟიოტაჟი აღარ მოჰყვებოდა. - მაგრამ მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ 11 ნოემბერს ციხის საავადმყოფოში გადაყვანის დროს დაირღვა მისი უფლებები და ობიექტურ გამოძიებას ითხოვს.
- ამის აუცილებლობა არ არის, მაგრამ "გავუცვალეთ" "ნაციონალურ მოძრაობას" და თუ ჩვენ დაგვჭირდება კომისიის შექმნა, დაგვიჭირონ მხარი და აღარ მოგვიხსენიონ საკუთარი მედიასაშუალებებით როგორც "ქოცებთან" შეკრული პარტია და ა.შ. ასეთი ბარტერი გავაკეთეთ. იქითა მხრიდანაც არის ეს პირობა, დანარჩენი ვნახოთ, როგორ მოიქცევიან.
გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს რაც შეეხება, ამ საკითხზე მხოლოდ ამით ვერ ვიმსჯელებ, ამომწურავი ინფორმაცია კი არა მაქვს. მხოლოდ ის ვიცი, რომ სააკაშვილი პატიმარია და ეზღუდება უფლებები - იმის იქით რა იყო, მართლაც დაირღვა თუ არა მისი უფლებები, არ ვიცი.
- როგორ ფიქრობთ, "ქართული ოცნება" დათანხმდება კომისიის შექმნას?
- არ ვიცი. ხელისუფლება ამბობს, მივიღებთ კომისიის მუშაობაში მონაწილეობას და ყველას ვაჩვენებთ, რომ 11 ნოემბერს არ დარღვეულა სააკაშვილის, როგორც პატიმრის უფლებებიო. ვნახოთ, რას იზამენ.
- რისი მომცემი იქნება თითოეული მხარისთვის კომისია?
- გააჩნია კომისიას როგორ შევხედავთ. რაღაცის მომცემი იქნება იმის მიხედვით, თუ რა მნიშვნელობას მიანიჭებენ მხარეები. თუმცა, ვფიქრობ, ამას ახლა იმისთვის აკეთებენ, რომ საზოგადოებაში სააკაშვილის თემამ აქტუალურობა არ დაკარგოს.
- წარსულის გამოცდილება რას გვაძლევს, ქვეყანაში ხომ არაერთი საგამოძიებო კომისია შექმნილა?
- არც ისე ხშირად შექმნილა ამ კონფიგურაციით კომისია. თუმცა, ვფიქრობ, ის ვერ იქნება ეფექტური. ეს საკითხი არ არის ისეთი, რომ დასკვნამ აჟიოტაჟი გამოიწვიოს, იმიტომ, რომ სააკაშვილის ერთი ციხიდან მეორეში გადაყვანას შეეხება.
- უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას რატომ არ დაუჭირეთ მხარი?
- არ დაგვიჭერია იქიდან გამომდინარე, რომ "ქართულმა ოცნებამ" სოლიდარობის აქტი ქოცურ-ნაციონალური დაპირისპირების ტექსტად აქცია. უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა ბევრჯერ გამოვუცხადეთ სხვადასხვა საშუალებით. არა მგონია, ოპოზიციის უკრაინაში ჩასვლა სწორი გამოსავალი იყოს. თუ ვინმე უნდა ჩავიდეს, ეს ხელისუფლება უნდა იყოს.
- თქვენი აზრით, რატომ არ იყო რეზოლუციის ტექსტში ნახსენები რუსეთი?
- გია ვოლსკიმ პირდაპირ და გასაგებად თქვა, "ნაციონალურ მოძრაობასთან" არაფერი გვაქვს საერთო და ერთ ტექსტსაც არ მოვაწერთ ხელსო. ამ ხალხს სინამდვილეში არაფერზე არ უნდა შეთანხმება, მხოლოდ ჩხუბი და ერთმანეთისთვის გადაბრალება სურთ. შესაბამისად, ეს არის ამ ყველაფრის ლოგიკური გაგრძელება.
- ოპოზიცია ირწმუნება, რომ "ქართული ოცნება" პრორუსული ორიენტაციის მთავრობაა. რეზოლუციის ასეთი შინაარსის ტექსტის მერე ეს ეჭვი ხომ არ გაღრმავდება?
- მგონი, ჩვენ ჯერ უნდა გავარკვიოთ, რას ნიშნავს პრორუსულობა და პროდასავლურობა. ნებისმიერი შეცდომა, რომელსაც ხელისუფლება უშვებს, ქვეყანაზე მძიმედ აისახება. ხელისუფლების ეს ნაბიჯები პრორუსული ქმედებაა, მაგრამ პუტინის დავალებით ურეკავენ თუ არა ბიძინა ივანიშვილს, ასრულებს თუ არა მის მითითებებს, არ ვიცი. ფაქტია, ხელისუფლება ბევრ რუსულ საქმეს აკეთებს. რატომ, არ ვიცი. ამიტომ ვინმეს რუსეთის აგენტს ვერ დავარქმევ. რის გამოც ასეთი რეზოლუცია დაიწერა, შიშით არ იყო განპირობებული. ეს იყო გათვლილი იმაზე, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" კიდევ ერთი კონფლიქტი გაეჩაღებინათ.