"სანამ "ნაციონალები“ და "ოცნება“ ერთმანეთს აცოცხლებენ, არაფერს არ ველი ქვეყნისთვის სასიკეთოს“
"სააკაშვილის საქმის ობიექტური გამოძიება რომ დაიწყოს, იმაზე გაცილებით მეტ და მძიმე დანაშაულში იქნება მხილებული, ვიდრე დღეს არის“
"ქართული ოცნების" ყოფილი წევრის ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, დღეს არც "ქართული ოცნება" დაუშვებს, რომ ქვეყანა ამოძრავდეს და სამუშაო პროცესი დაიწყოს, და არც "ნაციონალური მოძრაობა". ერთი პოლიტიკური ძალა ხელისუფლების შენარჩუნებისთვის იბრძვის, მეორე კი ხელისუფლების ხელში ჩაგდებისა და რევანშისთვის. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ლევან გოგიჩაიშვილი გვესაუბრება:
- მე რომ დღეს მმართველ გუნდს წარმოვადგენდე, აუცილებლად დავუჭერდი მხარს სააკაშვილის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნას. გარწმუნებთ, მისი საქმის ობიექტური გამოძიება რომ დაიწყოს, იმაზე გაცილებით მეტ და მძიმე დანაშაულში იქნება მხილებული, ვიდრე დღეს არის. მე თუ მკითხავთ, უნამუსობად შეიძლება ჩაითვალოს, სააკაშვილის მიერ მილიონების გაფლანგვას "პიჯაკების საქმე" რომ დაარქვეს. 7 ნოემბერი გაიხსენეთ, ისიც, როგორ იქცეოდა ამ საქმის განხილვისას - ცდილობდა თავისი დანაშაული სხვისთვის გადაებრალებინა. ყველას და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თავისი ოჯახის წევრები არ დაინდო. რა ჰქვია ამას, თუ არა უნამუსობა?! დგანან ახლა სააკაშვილის მომხრეები და იმუქრებიან, სააკაშვილის წამების ფაქტები უნდა გამოვიძიოთ და გამოვააშკარაოთო. რა ეტყობა სააკაშვილს წამების?! თუ წამების გამოაშკარავებაზე მიდგება საქმე, მე მკითხონ, რა ხდებოდა გლდანის ციხეში ყოველდღე. წამება და არაადამიანური მოპყრობა იქ იყო, თუ იყო. ეს იმას არ ნიშნავს, რომ "ნაციონალების" ჯიბრზე სააკაშვილს სისტემა უნდა დაუპირისპირდეს, თუმცა ჩვენ ხომ ვიცით, რომ მაგათ ჭიქაში ქარიშხლის ატეხა სჩვევიათ. ძალიან კარგი იქნება, თუ მართლა შეიქმნება საგამოძიებო კომისია, ოღონდ მან სააკაშვილის ჯერ კიდევ დაფარული დანაშაულებრივი ქმედებებიც უნდა გამოააშკარაოს. თორემ მხოლოდ ვითომ წამებაზე საუბარი კიდევ ერთი საბაბი გახდება "ნაციონალებისთვის", რომ ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ იყვირონ და იჩხუბონ.
- პროცესების როგორ განვითარებას ელოდებით?
- სანამ "ნაციონალები" და "ოცნება" ერთმანეთს აცოცხლებენ, არაფერს არ ველი ქვეყნისთვის სასიკეთოს. ვაღიაროთ - ის, რაც ახლა ქვეყანაში ხდება, მხოლოდ სააკაშვილისა და მმართველი გუნდის ლიდერების ბრალი არ არის, ჩვენც მიგვიძღვის ბრალი. ვერ შეიკრიბა ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ ორ მონსტრს ხელს შეუშლის პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნაში. არ ვწუწუნებ, სხვებთან ერთად ამაში ჩემს თავსაც ვადანაშაულებ. ზოგმა გაერთიანება და ერთი სიმძიმის ცენტრის შექმნა ვერ შევძელით, ზოგმა ამბიციებს ვერ ვძლიეთ, ზოგმა ხალხი ვერ დავარწმუნეთ. სანამ არ შევქმნით ისეთ ძალას, რომელიც მოსახლეობის აღქმაში რეალური პოლიტიკური ძალა იქნება, მანამდე ასეთი "გამიშვი-გამატარე" იქნება, ქვეყანა კი ისევ დაპაუზებული.
- რატომ ვერ ახერხებენ პოლიტიკოსები მოსახლეობის ნდობის მოპოვებას?
- საერთო ენას ვეღარ ვპოულობთ. ვიმეორებ - სანამ ერთი მმართველობის ცენტრს არ ჩამოვაყალიბებთ, ერთიან ლიდერს არ ავირჩევთ და "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალებს" ცალკე, ერთ ორბიტაზე არ დავტოვებთ, ვერც ამომრჩევლის ნდობას მოვიპოვებთ და ვერც ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოვყალიბდებით.
- თქვენი აზრით, საქართველოში სააკაშვილის ჩამოსვლით ვინ იხეირა ან ვინ წააგო?
- ყველაზე მეტად ხელისუფლებამ იხეირა, ყველაზე წაგებული კი გახარია დარჩა. სააკაშვილი რომ არ ჩამოსულიყო, დღეს სულ სხვა პოლიტიკური რეალობა იქნებოდა. სააკაშვილის "სიურპრიზი" რომ არა, დარწმუნებული ვარ, "ქართულ ოცნებას" ახლა საკრებულოში უმრავლესობა არ ეყოლებოდა და ჩვენ გარდამტეხი პროცესის მომსწრენი გავხდებოდით. თუ მმართველი გუნდი საკრებულოებში უმრავლესობას დაკარგავდა, ეს ნამდვილად შეცვლიდა პოლიტიკურ მოცემულობას.
- რამდენიმე რაიონის საკრებულოში უკვე დაკარგა "ქართულმა ოცნებამ" უმრავლესობა. ეს შეიძლება ოპოზიციის გამარჯვებად მივიჩნიოთ?
- არა, წალენჯიხაში, ჩხოროწყუსა და რუსთავის საკრებულოებში უმრავლესობის დაკარგვა სურათს ვერ შეცვლის. აი, თბილისის საკრებულოში რომ დაეკარგა "ქართულ ოცნებას" უმრავლესობა, ეს ნამდვილად წელში გადატეხდა პროცესს.
- "ნაციონალი" ლიდერები აცხადებენ, რომ რუსთავის საკრებულოში განცდილი მარცხის გამო "ქართული ოცნება" შურს იძიებს და პოლიტიკურ დევნას იწყებს. სწორედ შურისძიებად შეაფასეს დავით კირკიტაძისთვის წარდგენილი ბრალი.
- სინამდვილეში ესეც ისეთივე ფარსია, როგორიც სხვა ყველაფერი, რაც "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის ხდება. თუ "ქართულ ოცნებას" მართლა ვინმეს დაპატიმრება ან დასჯა სურდა, მაშინ უნდა გაეკეთებინა, როდესაც ხალხის დაკვეთა იყო. ახლა გინდ ბრალი წარუდგინონ, გინდ დააპატიმრონ, გინდ ხელკავით ასეირნონ, აზრი აღარ აქვს. დღევანდელ მათ გადაწყვეტილებებს დაბალი ლეგიტიმაცია აქვს.
ხათუნა ბახტურიძე