წაგებით მოგებული "კანტო-შო“ - კვირის პალიტრა

წაგებით მოგებული "კანტო-შო“

ქართული ფუტსალის ახალი სიმაღლე

...ნიდერლანდებშია, გასტროლებზე.

- საღამომდე არ ჩამოვა?!

კინოფილმ "გარიგების" მთავარი გმირის მსგავსად, ნიდერლანდები საქართველოს ფუტსალის ნაკრებმაც მოიარა, ოღონდ... "გასტროლებზე" ნამდვილად არ ყოფილა. მეტიც, "დაბალი მიწებიდან" ("ნიდერლანდები" ასე ითარგმნება. - რ.შ.) მაღალი შედეგი წამოვიღეთ - ავთანდილ ასათიანის გუნდმა პირველად ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე და კონტინენტის რვა საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრა სადებიუტო ცდაზე მოახერხა!

"ევრო-2022"-ის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანს (3:2) და ბოსნია-ჰერცეგოვინას (2:1) აჯობა და ვადაზე ადრე მოიპოვა პლეი-ოფის საგზური, ფეხბურთელებისა და მოტივაციის დანაკლისმა დიდი ანგარიშით წააგებინა ევროპის შვიდგზის ჩემპიონ ესპანეთთან, მეოთხედფინალში კი ბოლო წამამდე უკანასკნელი ძალით ეომა რუსეთის ნაკრებს, მაგრამ სენსაციის მოსახდენად არც იღბალი ეყო და არც ენერგია...

დიახ, სენსაციის, რადგან რუსეთის ნაკრები უძლიერესი გუნდია - ევროპის ჩემპიონი, კონტინენტის ყველა პირველობის მონაწილე, მიმდინარე ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი... რუსები ფუტსალს დიდ ყურადღებას და ფინანსებს უთმობენ და ნაკრებში უმაღლესი კლასის ბრაზილიელებიც ჰყავთ - რობინიოს და პაულინიოს დასახელებაც კმარა!

შეგეშინდათ? ცხადია, რუსეთის ნაკრების ნატურალიზებულ ბრაზილიელებს დიდი ფეხბურთის ვარსკვლავებთან საერთო მხოლოდ სახელები აქვთ, მაგრამ დარბაზის ფეხბურთის დონეზე კომპეტენცია არც ერთ მათგანს არ დაეწუნება და გუნდისთვის დიდი სარგებელიც მოაქვთ.

ბრაზილიელების ნაკლებობას არც საქართველოს ნაკრები უჩივის. მეტიც, სასტარტო ხუთეულის 80%-ს სწორედ ნატურალიზებული მოთამაშეები შეადგენენ, მაგრამ... მოდი და, რომელიმე მათგანს დაუწუნეთ კომპეტენცია, გამარჯვების წყურვილი, სიყვარულის და მოტივაციის ნაკლებობა... სიყვარული იმ ქვეყნისა, რომლის ღირსებასაც წლებია იცავენ...

რონინიო, ელისანდრო, თალესი, შაგინია, ბრუნო პეტრი, ვილიანი - დიდი ხანია, ბრაზილიელი ფეხბურთელები საქართველოს ნაკრების ღირსებას იცავენ (რონინიო სულაც 10 წელიწადზე მეტია! გარდა ამისა, არის კიდევ რამდენიმე მოთამაშე, რომლებიც ამ ტურნირზე ვერ გვეხმარებიან). ნატურალიზებული მოთამაშეები ფუტსალში არავის უკვირს, განსაკუთრებით, პოსტსაბჭოთა ქვეყნების ნაკრებებში. მაგალითად რუსეთისა და აზერბაიჯანის დასახელებაც იკმარებს, რომლებიც სტაბილურად მონაწილეობენ ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე. არა მარტო სტაბილურად, წარმატებითაც - რუსები ჩემპიონებიც არიან, ფინალშიც უთამაშიათ.

დიახ, ფუტსალში ნატურალიზებული ბრაზილიელების სიმრავლე არც ახალია და არც გასაკვირი. ისიც გასაგებია, რომ წარმატებული თამაშის მიუხედავად, გულშემატკივრის ნაწილი უკმაყოფილოა სასტარტო შემადგენლობაში ქართველი მოთამაშეების სიმცირით. ბუნებრივია, ყველას გვინდა წარმატებას მხოლოდ ქართველი ფეხბურთელებით მივაღწიოთ, მაგრამ... ყველა ვხედავთ, რომ დღეს არსებული დაფინანსებითა და კონტინგენტით ეს, ფაქტობრივად, შეუძლებელია. დიახ, ბევრი კარგი მოთამაშე გვყავს, ბოლო წლებში ფუტსალს მეტი ყურადღებაც ექცევა (როგორც პროფესიულ, ისე სამოყვარულო დონეზე), მაგრამ ეს არ კმარა.

როგორ არა, შეგვიძლია უარი ვთქვათ "ლეგიონერებზე", საქართველოს ნაკრებში მხოლოდ ქართველი ფეხბურთელები ვათამაშოთ და დაველოდოთ, როდის მიაღწევს წარმატებას ქართული გუნდი. თუმცა... იმაზეც დავფიქრდეთ: ასეთი არჩევანი აქამდე რომ გაგვეკეთებინა, როდის ვითამაშებდით ევროპის ჩემპიონატზე?!

ვიმეორებ - ყველას გვირჩევნია ქართულ ფუტსალს იმდენი კარგი მოთამაშე ჰყავდეს, ფეხბურთელების ნატურალიზებაზე ფიქრი კი არა, მათ შორის არჩევნის გაკეთებაც გვიჭირდეს. მაგრამ განა ასეთი რა ფუჭდება დღეს, როცა ბრაზილიელების გვერდით ჩვენებურებიც (თუნდაც შედარებით ნაკლები დროით) მაღალ დონეზე თამაშობენ, მათთან ერთად იზრდებიან და აგროვებენ ისეთ ფასდაუდებელ გამოცდილებას, რასაც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაში ჰქვია?!

ვინც მხოლოდ მატჩების ანგარიშებს და შემადგენლობას არ ნახულობს და მეტ-ნაკლებად ფუტსალშიც ერკვევა, ისიც ეცოდინება, რომ თამაშის დროს ფეხბურთელები ხშირად იცვლებიან. რომ შედარებით მცირე სათამაშო დროის მიუხედავად, სებისკვერაძე, თოდუა, თოფურია, კეკელია, კურტანიძე, ჯვარაშვილი (რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის ტრავმის გამო გამოგვაკლდა) და სხვა ქართველი მოთამაშეები ისეთივე საჭირო და სასარგებლო არიან ეროვნული გუნდისთვის, როგორც რონინიო, ელისანდრო ან ბრაზილიაში დაბადებული სხვა რომელიმე მოთამაშე.

ბრაზილიელი ფეხბურთელები "პასპორტის ხათრით" არ თამაშობენ საქართველოს ნაკრებში. შესაძლოა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის დროს ჩუმად არიან, მაგრამ სათქმელს მოედანზე ამბობენ, მოედანზე სწორედ რომ საქართველოსთვის თამაშობენ - ისე ვირტუოზულად, ისეთი გულით, ემოციითა და ტემპერამენტით, მხოლოდ ბრაზილიელებს რომ შეუძლიათ!

fut2-1644164534.jpg
მადლობა საქართველოს ნაკრების ყველა წევრს - განურჩევლად დაბადების ადგილისა და ევროპის ჩემპიონატზე ნათამაშები წუთების!

გულიანად და საოცარი თავდადებით, მათ შორის რუსეთთან მატჩშიც. ქართველი რომ რუსთან ითამაშებს, ბრაზილიელს ისეთივე ჟინი და მონდომება როგორ უნდა მოსთხოვო? განა ცუდი ბიჭები არიან, მთელი გულით არ თამაშობენ, ან გამარჯვება არ სურდათ. სხვა რომ არაფერი, პროფესიონალები არიან, ყველა შეხვედრაში მოსაგებად იხარჯებიან და რას დააკლებდნენ თამაშს, რომლის სასწორზეც ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალის საგზური იდო?!

მაგრამ სატურნირო მოტივაციის და გამარჯვების წყურვილის გარდა, არსებობს რაღაცები, რაც ქართველმა რუსს პირისპირ უნდა უთხრას!

უთხრეს კიდეც, როცა მოედანზე იყვნენ. სპორტის სხვა სახეობების მსგავსად, რუსებს არც ფუტსალში დავუთმეთ რამე. მაგრამ გამოცდილებამ და უფრო "გრძელმა" სათადარიგო სკამმა თავისი გაიტანა, საქართველოს ნაკრების ხუთეული ძალიან დაიღალა, ბოლო წამებზე იღბალმაც რუსეთის ნაკრების მეკარის ფორმა მიიღო და... 1:2-ზე, როცა საქართველოს ნაკრები მთელი გუნდით უტევდა და შეუპოვრად ცდილობდა მინიმალური ჩამორჩენის გაბათილებას, ჩიშკალამ დაუცველ კარში შეაგორა ბურთი -1:3...

"...დღეს ყველაფერი გავაკეთეთ და თავაწეულები ვბრუნდებით სამშობლოში. მაგრამ ჩვენ ევროპის ჩემპიონატზეც დავბრუნდებით, აგერ ნახავთ თუ არა! საქართველოს გაუმარჯოს!" - ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა ეს სიტყვები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში დამარცხების შემდეგ უთხრა თავის შეგირდებს. ძალიან დაძაბული და ემოციური მატჩის შემდეგ.

"საქართველოს გაუმარჯოს! საქართველოს იმ ნაკრებს, რომელიც ფავორიტთან კი დამარცხდა, მაგრამ ბოლო წამამდე თამაშში იყო, დროის და ენერგიის ბოლო ნიშნულამდე იბრძოდა უძლიერესი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ. წააგო, მაგრამ თავაწეული ბრუნდება ნიდერლანდებიდან. ამაყია, რადგან თავდაუზოგავად იბრძოლა და ახალი ფურცელი ჩაწერა იმ თამაშების ისტორიაში, რომლებსაც ფეხით და ბურთით თამაშობენ. "დღეს წავაგეთ, მაგრამ ქართულმა ფუტსალმა მოიგო!" - ესეც ავთანდილ ასათიანის სიტყვებია.

დიახ, ქართულმა ფუტსალმა მოიგო ევროპის ჩემპიონატზე გამართული ოთხიდან ორი მატჩი, მოიგო გულშემატკივრის გული და "დაბალი მიწებიდან" წამოიღო მაღალი შედეგი, წამოიღო ფასდაუდებელი გამოცდილება, რომელიც სპორტის ამ სახეობას გაცილებით მაღალ დონეზე აიყვანს საქართველოში.

და იმის მიუხედავად, მოგვეწონა თუ არა რომელიმე კონკრეტული მატჩის შედეგი, ჩვენი გუნდის შემადგენლობა თუ ტაქტიკა, საქართველოს ფუტსალის ნაკრებისთვის მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის! სწორედ ამ გუნდმა (სამწვრთნელო შტაბის, მოთამაშეებისა და ყველა იმ ადამიანის ჩათვლით, თუნდაც მცირე წვლილი რომ მიუძღვის ქართული ფუტსალის განვითარებაში) მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის საგზური. მოიპოვა და წარმატებითაც ითამაშა კონტინენტის ჩვენთვის სადებიუტო ჩემპიონატზე. აუცილებლად მოვა დრო, როცა საქართველოს ნაკრები სრულად ქართველი ფეხბურთელებით იქნება დაკომპლექტებული. მაგრამ მანამდე მადლობა ვუთხრათ ჩვენი ნაკრების ყველა ფეხბურთელს. ყველას, განურჩევლად დაბადების ადგილისა თუ ევროპის ჩემპიონატზე ნათამაშები წუთებისა. მადლობა ბრაზილიელ მოთამაშეებს, რომლებსაც წლებია, თავიანთი წვლილი შეაქვთ ქართული ფუტსალის განვითარებაში. მადლობა ქართველ ფეხბურთელებს, რომლებიც მათთვის მიცემული მცირე ან შედარებით მეტი დროის განმავლობაში, საოცარი მონდომებით იბრძოდნენ, მადლობა ნაკრების სამწვრთნელო შტაბს - ავთანდილ ასათიანის თავკაცობით...ვიმეორებ: დიახ, შეგვიძლია საქართველოს ნაკრებში მხოლოდ ქართველი ფეხბურთელები ვათამაშოთ და დაველოდოთ, როდის მიაღწევს წარმატებას მთლიანად ქართული გუნდი, მაგრამ ისიც გავაცნობიეროთ -ასეთი არჩევანი აქამდე რომ გაგვეკეთებინა, როდის ვითამაშებდით ევროპის ჩემპიონატზე?!

ოღონდ... ძირითადი ხუთეულიდან თუნდაც ოთხი იყოს ბრაზილიელი, ჩვენი გუნდის კაპიტანი და ლიდერი მაინც ზვიადი იქნება: ზვიად კუპატაძე - საქართველოს ნაკრების მეკარე, კაპიტანი, ლიდერი!

ზვიად კუპატაძე - ძალიან გამოცდილი, საიმედო, ემოციური გოლკიპერი, რომელმაც მთელი ტურნირის განმავლობაში ფანტასტიკურად ითამაშა, ურთულესი დარტყმები მოიგერია და ლომის წილი დაიდო საქართველოს ნაკრების წარმატებულ და ღირსეულ გამოსვლაში.

ამაში ყველა დამეთანხმება, ვისაც ნიდერლანდების დარბაზებში საქართველოს ნაკრების კაპიტნის საოცარი ჟინი, თავდადება, "სეივები" უნახავს.

მხოლოდ ზვიადმა არა: მთელმა გუნდმა გაგვახარა ზედიზედ ორი "ქამბექით" (ჩამორჩენის შემდეგ მოგებული თამაში). აზერბაიჯანის ძლიერ ნაკრებთან სულაც 0:2 ვაგებდით, მაგრამ 3:2 გავიმარჯვეთ, ბოსნიას 0:1 "ამოვუქაჩეთ", რუსებთან მატჩშიც მალევე გავათანაბრეთ ანგარიში...

გამორჩეულ სუმოისტებს გადაეცემათ "კანტო-შო"- მებრძოლი სულის გამოვლენისთვის დაწესებული სპეციალური პრიზი.

თუ მსგავს ჯილდოს ფუტსალშიც დავაწესებთ, "კანტო-შო" სწორედაც რომ ალალია საქართველოს ნაკრებისათვის!

დღეს წავაგეთ, მაგრამ ქართულმა ფუტსალმა მოიგოო - რუსეთთან მატჩის შემდეგ თქვა ავთანდილ ასათიანმა. არადა, მხოლოდ იმ თამაშზე კი არა, მთელ ტურნირზე შეიძლება ამის თქმა!

ქართულმა ფუტსალმა მოიგო - ორი მატჩიც, "კანტო-შოც" და გულშემატკივრის გულიც!