ომის აშკარა პრევენცია დასავლეთისგან - ის, რაც აგვისტოს ომის წინ დაგვაკლდა... - კვირის პალიტრა

ომის აშკარა პრევენცია დასავლეთისგან - ის, რაც აგვისტოს ომის წინ დაგვაკლდა...

რაც უფრო ახლოვდება თებერვლის შუა რიცხვები, მით უფრო იმატებს დაძაბულობა და გაურკვევლობა. მართლაც დაესხმება თავს რუსეთი უკრაინას თუ პუტინი დიდ ბლეფს თამაშობს, რათა უკრაინასა და დასავლეთში მუდმივი დაძაბულობა შეინარჩუნოს?

დასავლეთის სადაზვერვო სტრუქტურების ანალიტიკოსები თავიანთი ქვეყნების პოლიტიკურ ლიდერებს შეახსენებენ, რომ პუტინი 20 თებერვლამდე, ჩინეთში ზამთრის ოლიმპიური თამაშების დამთავრებამდე, აქტიურ ქმედებას, ალბათ, არ დაიწყებს, მაგრამ რა მოხდება თვის ბოლოს, დღეს ზუსტად ვერავინ იტყვის, შეიძლება თვითონ პუტინიც კი. ამიტომაც დასავლეთის პოლიტიკურ ლიდერებს და ნატოს ხელმძღვანელობას რჩებათ მნიშვნელოვანი ბერკეტი, გააგრძელონ შესაძლო ომის თავიდან აცილების ფართომასშტაბიანი პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც აშშ-ის პრეზიდენტის თაოსნობით გასული წლის შემოდგომიდან დაიწყო.

Aარც 2008 წლის აგვისტოს ომის და არც 2014 წლის ყირიმსა და დონბასში რუსული არმიის შეჭრის წინ დასავლეთს ასე ყველას დასანახავად არ გაუვრცელებია ამდენი კოსმოსური ფოტოსურათი, რომლებზეც საქართველოსა თუ უკრაინის საზღვრებთან შეტევისთვის თავმოყრილი რუსული სამხედრო დაჯგუფებები და საბრძოლო ტექნიკა ჩანს. და არა იმიტომ, რომ მაშინ ამერიკული, ბრიტანული თუ ფრანგული სადაზვერვო თანამგზავრები კოსმოსური ორბიტიდან ვერ ხედავდნენ ჩრდილოეთ ოსეთსა და სეპარატისტულ აფხაზეთში დამატებით შეყვანილ რუსულ სამხედრო შენაერთებსა თუ ტექნიკას, ან ყირიმის ნახევარკუნძულისკენ მცურავი დიდი რუსული სადესანტო ხომალდები შავი ზღვის ტალღებში არ ჩანდა. დასავლეთის პოლიტიკური ლიდერები მაშინაც ცდილობდნენ პრევენციული ღონისძიებების ჩატარებას ომის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ ეს მხოლოდ ვიწრო პოლიტიკურ წრეებში ხდებოდა და ფართო საზოგადოებისთვის, მეტწილად, უცნობი იყო, სანამ წლების შემდეგ პენსიაზე გასული პოლიტიკოსები ამ ყველაფერს მემუარებში არ გაიხსენებდნენ, ზოგჯერ შელამაზებულადაც კი.

იმის თქმა გვინდა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის წინა პერიოდში ამერიკელი დიპლომატები, მათ შორის - სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი პუტინსა და სააკაშვილს პირადად ეწვია მოსალოდნელი ომის თავიდან აცილების მიზნით, თუმცა აქედან რა გამოვიდა, ყველამ კარგად დავინახეთ.

დასავლეთმა დაინახა რა, რომ პოლიტიკურ კულუარებში ომის პრევენციული ზომები ნაკლებად ეფექტიანი აღმოჩნდა, მოქმედების ახალი ტაქტიკა აირჩია - ხმამაღლა, სახალხოდ, ყოველდღე აცხადებს, რომ რუსეთმა ყველა მოსამზადებელი სამუშაო ჩაატარა უკრაინის გარშემო ჯარების გადაჯგუფებისთვის და მზად არის ამ ქვეყნის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის წამოსაწყებად.

ბოლო ერთთვიანმა წინასაომარმა განწყობამ, ომი შეიძლება დღე-დღეზე დაიწყოსო, უარყოფითი შედეგიც მოიტანა - უკრაინის მოსახლეობაში იმატა პანიკამ, პრობლემები შეექმნა უკრაინის ეკონომიკას და საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ თავად უკრაინის ხელისუფლებას ათქმევინა, ხალხო, გთხოვთ, ნუ ნერვიულობთ, რუსი სამხედროები კი არიან ჩვენი ქვეყნის საზღვრებთან თავმოყრილი, მაგრამ ჯერჯერობით არ ჩანს იმის ნიშნები, რომ მართლაც აპირებენ შეტევაზე გადმოსვლასო.მუდმივ ძახილს, მგელი მოდის, მგელი მოდისო, რა უარყოფითი შედეგიც მოსდევს, ძველი ქართული არაკიდანაც კარგად ჩანს, ასე რომ, კიდევ დიდხანს ომის დაწყების მოლოდინს ვერც უკრაინელები გაუძლებენ და ვერც - დასავლეთი (შეიძლება ესეც იყოს პუტინის ჩანაფიქრი), მაგრამ ფართომასშტაბიანი პრევენციული ზომები, რომლებიც დასავლეთმა რამდენიმე თვით ადრე მიიღო, მაინც გამართლებულია, მით უფრო, რუსეთისთვის სერიოზული ეკონომიკური სანქციების დაწესების მუქარისა და უკრაინის არმიისთვის თანამედროვე თავდაცვითი შეიარაღების დიდი პარტიების გადაცემის ფონზე და ცხადია, გაცილებით სჯობს ომის შემდგომ დაგვიანებულ "შეშფოთება-აღშფოთებას".