პოლონურმა "გრომებმა“ ჯერ ქართულიცა დაიცვეს, ახლა უკრაინულის ჯერი დგება...
თუკი ამერიკელები და ბრიტანელები უკრაინას რუსული ტანკების ასაფეთქებელ რაკეტებს აწვდიან, პოლონეთი მას რუსული თვითმფრინავების ჩამოსაყრელი საზენიტო რაკეტებით დაეხმარება
ნატოს წევრი ქვეყნები აგრძელებენ უკრაინის არმიისთვის ლეტალური შეიარაღების მიწოდებას. მართალია, შეიარაღების ეს სახეობები, ძირითადად, თავდაცვითი დანიშნულებისაა და ახლო მანძილზე მოქმედებს, მაგრამ ისინი თანამედროვეა და მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკის წინააღმდეგ გამოყენებისას დიდი საბრძოლო ეფექტიანობით გამოირჩევა. ოღონდ თუკი ამერიკელებისა და ბრიტანელების მიერ უკრაინის არმიისთვის მიწოდებული შეიარაღება, ძირითადად, ტანკსაწინააღმდეგო დანიშნულებისაა, ნატოს კიდევ ერთმა წევრმა, პოლონეთმა, უკრაინელების დასახმარებლად გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებიც გაიმეტა.
პოლონეთი უკრაინის უშუალო მეზობელია და კარგად აქვს გაცნობიერებული ის, თუნდაც ისტორიული, საფრთხე, რაც რუსეთისგან მომდინარეობს.
ბოლო ათასი წლის განმავლობაში რუსეთსა და პოლონეთს შორის დაახლოებით ოცი ომი გაიმართა, მათგან ბოლოს წინა - ერთი საუკუნის წინ, როდესაც 1919-1920 წლებში უკვე ბოლშევიკური რუსეთის არმიამ გამანადგურებელი მარცხი იწვნია და ლენინ-სტალინ-ტროცკის ხელისუფლებამ ვერ შეძლო მომავალ საბჭოთა კავშირში პოლონეთის შეთრევა, როგორც იმავე პერიოდში სამხრეთ კავკასიაში დამოუკიდებლობაგამოცხადებული საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ოკუპაციით მოახერხა.
სამაგიეროდ, 1939 წელს, კრემლმა რევანში აიღო და სტალინმა ჰიტლერთან გარიგებით პოლონეთი შუაზე გახლიჩა.
ამ მცირე ისტორიული რაკურსით კარგად ჩანს კრემლისადმი პოლონელების "სიყვარული", ამიტომაც ნატოს წევრი ეს ქვეყანა ყოველთვის მხარს უჭერდა და უჭერს საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრებას.
2008 წლის აგვისტომდე პოლონეთმა საქართველოს მიჰყიდა "გრომის" ტიპის გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები საზენიტო რაკეტების მარაგით ანუ გააკეთა ის, რაც მაშინ აშშ-მაც კი ვერ გაბედა.
აგვისტოს რამდენიმედღიან ომში ქართულმა არმიამ პოლონური საზენიტო "გრომები" მეტ-ნაკლები წარმატებით გამოიყენა და ექვს ჩამოგდებულ და სამ-ოთხ მძიმედ დაზიანებულ რუსულ თვითმფრინავში მათი წვლილიც არის.
სხვათა შორის, პირველი პოლონური "გრომები" უკრაინის ტერიტორიაზე 2014 წლის გაზაფხულიდან გამოჩნდა, ოღონდ, სამწუხაროდ, დონბასში, პრორუსი სეპარატისტების შეიარაღებაში. ეს აგვისტოს ომის დროს ქართული არმიის კუთვნილი და რუსების მიერ ნაალაფარი "გრომის" რამდენიმე გასაშვები დანადგარი და რაკეტა იყო, რომლებიც შემდეგ რუსეთის სამხედრო დაზვერვამ უკრაინის აღმოსავლეთში მოქმედ თავის სადაზვერვო-დივერსიულ ჯგუფებს გადასცა აეროდრომების სიახლოვეს ჩასაფრებიდან დაჯდომა-აფრენის რეჟიმში მყოფი უკრაინული სატრანსპორტო თვითმფრინავების ჩამოსაყრელად.
ბოლო ინფორმაციის თანახმად, პოლონეთი უკრაინას მიაწვდის "გრომის" თანამედროვე, მოდერნიზებულ ვარიანტ "პერუნს", რომლის სროლის მანძილი 6,5 კმ-მდეა გაზრდილი, მოქმედების სიმაღლე კი - 4 კმ-მდე, რითაც ის ასევე აღემატება რუსულ "იგლას".
გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების რაოდენობის გაზრდა (ბალტიისპირელებიც აპირებენ უკრაინელებისთვის ამერიკული "სტინგერების" გადაცემას) უკრაინის არმიას საშუალებას მისცემს, მცირე და დაბალი (10 მეტრიდან 3-4 კმ-მდე) სიმაღლის დიაპაზონში მფრენ რუსულ შვეულმფრენებს, მოიერიშე თვითმფრინავებსა და ზოგიერთი ტიპის დრონებს წარმატებით ებრძოლოს.