რძის შრატით გადარჩენილი ბიზნესი
"გავიგე, რომელი ჯიშები იქნებოდა მომგებიანი წარმოებისთვის და დავუკავშირდი ყველა ფერმერს, ვისაც ეს ჯიშები გასაყიდად ჰყავდა. ძალიან ბევრი სოფელი მოვიარე. ჯიშიანი ღორების ნაწილი სამეგრელოდანაც წამოვიყვანე. ასე მოვაშენე დიუროფი, ლანდრასი... საუკეთესო მაინც ჰემშირის ჯიშია როგორც ნაყოფიერებით, ისე მეხორცულობით“
ვინ იფიქრებდა, რომ ღორის ჭირით მძიმედ დაზარალებული მეღორეობა ჩვენში კვლავ აღორძინდებოდა, თანაც უფრო მიზანსწრაფულად, ვიდრე მეცხოველეობის სხვა რომელიმე დარგი. ამას განაპირობებს დიდი მოთხოვნილება ღორის ხორცზე, რის გამოც ის შემოაქვთ უცხოეთიდან, ავსტრიიდანაც კი. ბოლო წლებში ჩვენს ქვეყანაში არაერთი ღორის ფერმა აშენდა, განსაკუთრებით - კახეთში, საიდანაც დედაქალაქის ბევრი მაღაზია მარაგდება. ისიც ცხადია, რომ საქართველოში წარმოებული ღორის ხორცი გაყინული იმპორტირებული ღორის ხორცისგან საუკეთესო გემოთი განსხვავდება. ღორის მოშენება დაიწყეს ახალგაზრდა ფერმერებმაც, რომლებსაც ამ საქმეში დიდი შრომის სანაცვლოდ საინტერესო პერსპექტივა ეგულებათ.
კაჭრეთელ მერაბ მენოგნიშვილს 200-სულიანი ღორის ფერმა აქვს. ეს ცოტა არ არის და მერაბს დიდი შრომა სჭირდება. თუმცა, როდესაც კარგად იცი, რას მიაღწევ, შეუძლებელი არაფერი გეჩვენება.
- ჩვენს ქვეყანაში ფერმაში 200 სული ღორი დიდი რიცხვია, რისთვისაც არცთუ მცირე თანხაა საჭირო. როგორ შეძელით ფერმის შექმნა? ალბათ, სახელმწიფო დაგეხმარათ...
- სახელმწიფოს ჩემთვის ერთი თეთრიც არ მოუცია და სიმართლე რომ ვთქვა, ეს ძნელად მისაღწევადაც მეჩვენება, მაგრამ გამიხარდება, თუ ვცდები და სახელმწიფო მართლაც დამიდგება გვერდით. ეს ჩემთვისაც სასიკეთო იქნება და ქვეყნისთვისაც... ფერმა კაჭრეთში მხოლოდ ჩემი შრომით გავმართე. უცხოეთში ვიყავი, ვიშრომე, რაღაც თანხა დავაგროვე და სამშობლოში დავბრუნდი. რა უნდა მეკეთებინა ჩემი ნაშრომით, ბევრი არ მიფიქრია. სოფლის მეურნეობა ვიცი და საქმეც ამ სფეროში უნდა წამომეწყო. ჯერ ქლიავისა და ტყემლის ბაღი გავაშენე, მერე ღორების მოშენება დავიწყე. ამ საქმისთვის საკუთარი ავტომობილები გავყიდე, თუმცა ეს მაინც არ იკმარებდა, რომ არა ჩემი მეგობარი, რომელმაც კაჭრეთში საკუთარი ფერმის ცარიელი შენობა დამითმო.
- მეღორეობისა რამე იცოდით?
- არა და ამიტომაც ყველაფერი თეორიულად, გულდასმით შევისწავლე. გავიგე, რომელი ჯიშები იქნებოდა მომგებიანი წარმოებისთვის, მერე კი ყველა იმ ფერმერს დავუკავშირდი, სადაც ეს ჯიშები გასაყიდად ჰყავდათ. ამისთვის ძალიან ბევრი სოფელი მოვიარე. ჯიშიანი ღორების ნაწილი სამეგრელოდანაც კი წამოვიყვანე.
- ასე იწყება ნამდვილი საქმე. რომელი ჯიშები შეარჩიეთ?
- ძირითადად, ის ჯიშები, რომლებიც ბოლო წლებში შემოვიდა ჩვენში და მეხორცულობითა თუ ნამატის სიმრავლით გამოირჩევა. რომ არაფერი შემშლოდა, სპეციალისტიც მახლდა. ასე მოვაშენე დიუროფი, ლანდრასი... საუკეთესო მაინც ჰემშირის ჯიშია როგორც ნაყოფიერებით, ისე მეხორცულობით. მათთან ერთად კი რუსული და სუფთა ქართული ჯიშებიც მყავს, თუმცა უნდა ვთქვა, რომ ქართული ჯიში ძნელად ეგუება ისეთ მეხორცულ ჯიშთან კონკურენციას, როგორიც ახალი ჯიშის ღორებია. მას სხვა პირობები სჭირდება.
- და ამას აკეთებდით ისე, რომ ღორის ჭირის არ გეშინოდათ?
- ეს საკითხიც ზედმიწევნით შევისწავლე. საბედნიეროდ, ღორის ჭირი უკვე ჩავლილად ითვლება. ცხოველმა იმუნიტეტი გამოიმუშავა და ვაქცინაციაც არსებობს, რაშიც ვეტერინარი მეხმარება, თუმცა, მქონდა უფრო დიდი პრობლემა და დიდი ზარალი - 200 გოჭი ფაღარათით დამეხოცა.
- მძიმე ზარალია. მიკვირს, ამ საქმეზე ხელი როგორ არ ჩაიქნიეთ... ალბათ, ეს რომელიმე ინფექციამ განაპირობა.
- არ ვიცი, რადგან ვეტერინარებმა ვერაფერი მითხრეს, თავად კი ამდენი ცოდნა არა მაქვს. თუმცა, არც ხელის ჩაქნევა მჩვევია და ასე რუდუნებით დაწყებულ საქმეს ვერ მივატოვებდი. ერთი სიტყვით, ჩემს თავს ვუთხარი, ამას როგორმე უნდა გავუძლო და გამოვასწორო-მეთქი. ამიტომ კითხვით, რატომ მეხოცებოდა გოჭები, საქართველოში ცნობილი ვეტერინარიც კი შევაწუხე, თუმცა ეს ხალხი თავადაც გაოგნებული იყო - რა ანალიზებიც გაკეთდა, არც ერთი არ იძლეოდა პასუხს, რატომ უნდა დამართოდათ გოჭებს ფაღარათი. მოკლედ, არაფერი რომ არ გამოვიდა და შესაბამისი რჩევა ვერავისგან მივიღე, თვითონ მოვიფიქრე მეთოდი, რომელმაც, საბედნიეროდ, გაამართლა: ერთ-ერთი ყველის ქარხნიდან რძის შრატის წამოღება დავიწყე. ამან, ბოლოს და ბოლოს, გვიშველა, დაავადება შეჩერდა და გოჭებიც აღარ მეხოცებოდნენ.
- როგორც ჩანს, შრატით, რომელიც სამკურნალო ნივთიერებებს შეიცავს, კუჭ-ნაწლავის გაჯანსაღება იწყება. ჩემთვის არაერთხელ უთქვამთ, რომ სწორედ მსგავსი მეთოდით ზრდიან ინდაურს, რომელიც ასევე ფაქიზი და ძნელი გასაზრდელია.
- დიახ, ასეა. შრატით მოვედი ამ ეტაპამდე - უკვე 200 სული პირუტყვი მყავს და რეალიზაცია უნდა დავიწყო.
- თუმცა რეალიზაცია ასეთ საქმეში არცთუ იოლია. ფერმებს აქვთ პროდუქციის გასაღების ბაზარი ქალაქის მაღაზიების სახით, თქვენ კი ახლა უნდა დაიწყოთ გასაღების ბაზრის ძებნა. თუმცა, არა მგონია, ხარისხიან პროდუქციაზე რომელიმე კლიენტმა უარი თქვას.
- ვიცი, რომ რეალიზაცია მართლაც ძნელია, ამიტომ ისიც კი ვიფიქრე, საკუთარი მაღაზია ხომ არ გამეხსნა, რომ გაყიდვა გაადვილებულიყო-მეთქი, მაგრამ მერე უარი ვთქვი - ნებისმიერ საქმეს, რომელსაც აკეთებ, პასუხისმგებლობით უნდა მიუდგე. არ გამოვა, მაღაზიასაც და ღორებსაც ისე მოვუარო, რომ ორივე საქმე წარმატებული იყოს. პირიქით, ორივეგან საქმე ერთად გაფუჭდება, ამიტომ ჯერჯერობით ისევ მხოლოდ ხარისხიანი პირუტყვის მოშენებაზე ვიზრუნებ. კლიენტი ხარისხიან პროდუქციას ყოველთვის ჰყავს, მთავარია, სარეალიზაციო ხაზი გაჭრა, იმ ობიექტებს დაუკავშირდე, რომლებიც შენს პროდუქციას სტაბილურად შეიძენენ. პარალელურად, თავადაც უნდა შეძლო მათთვის პროდუქციის სტაბილურად მიწოდება. ამ ეტაპების გავლის შემდეგ საქმე უფრო ადვილად წავა, თუმცა სირთულეებიც ყოველთვის იქნება. ამ ეტაპზე უკვე ღორების ისეთი ნამრავლია, რომ ფერმის გაფართოებაა საჭირო, რისი თანხაც ჯერჯერობით არ გამაჩნია.
- ეს მართლაც პრობლემაა, რომლის მოგვარებაშიც სახელმწიფო თქვენსავით მშრომელ ადამიანს აუცილებლად უნდა ეხმარებოდეს...
- მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ საკუთარი თავის იმედად ვარ. მარტო ვაგვარებ ფერმის ყველა პრობლემას. ფერმაში მუშახელიც მყავს დასაქმებული. იმედი მაქვს, ჩემი შრომა კარგ ნაყოფს გამოიღებს, რასაც უახლოეს ხანში დავინახავ. სწორედ ახლა ვიწყებ ჩემი პროდუქციის რეალიზებას და იმედი მაქვს, კლიენტს ის მოეწონება.