ერთიანი საბარათე სისტემა ტრანსპორტში? ჩვენ, ერთგვარად შევეჩვიეთ ცუდ ცხოვრებას - კვირის პალიტრა

ერთიანი საბარათე სისტემა ტრანსპორტში? ჩვენ, ერთგვარად შევეჩვიეთ ცუდ ცხოვრებას

პირველ ეტაპზე დავფიქრდი, რამდენს ვხარჯავდი ყოველ თვე ტრანსპორტში. ადვილია, ერთი ხელის მოსმით თქვა, - განვითარებულ ქვეყნებში ასეა და მორჩა, ჩვენც უნდა მივიღოთ, როცა ადამიანებს თანხის ერთდროულად გადახდა უჭირთ, მაგრამ მეორე მხრივ, უნდა ითქვას, რომ მერიას უწევს რეალობას გაუსწოროს თვალი.

ჩემთვის მისასალმებელია ფასისა და მომსახურების ერთიან ჭრილში განხილვა, რაც უდავოდ ითხოვდა რეგულაციას, მაგრამ მე პრობლემას სხვა კუთხით ვხედავ და ვიდრე ამ პრობლემაზე დავწერ, შეუძლებელია არ ვთქვა:

ბევრჯერ გამიკრიტიკებია ე. წ ყვითელი "მარშრუტკების" მუშაობა და უდავოა, ეს სამგზავროდ გადაკეთებული საბარგულები, ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოსცილებოდა დედაქალაქს, ისევე როგორც, აბსოლუტურად სამარცხვინო ყვითელი ავტობუსები. მაგრამ, იქნებ მერს კარგი მრჩეველიც ჰყოლოდა. ეთქვა, იქნებ საერთოდ ამოვიღოთ „მარშრუტკები“, დარჩეს ქალაქი მეტროსა და ლურჯი ავტობუსების ამარა და თანხაც დაიზოგებაო. ანაც, პირიქით მხოლოდ მიკროავტობუსები და მეტრო... თუკი შესაძლებელი იყო ასე, რა თქმა უნდა. მაგრამ, როგორც ჩანს არავინ ურჩია და ამ კუთხით არც დაწყებულა მსჯელობა. ამ მონაცემებით კი რაც გაკეთდა არის სწორი.

ოპოზიცია, რომელიც უარგუმენტოდ ილანძღება, გავახსენებდი, სამგზავროდ გადაკეთებული ყვითელი საბარგულები მიშამ რომ ჩამოიყვანა, ეგრევე 80 თეთრი გაგვიხადა მგზავრობა. რაღაც, მაშინ არ მახსოვხართ ხალხის სოციალურ პრობლემაზე მაჩხუბრები.

მიზანმიმართულად ატყუებთ, მაგალითად, პენსიონერს როცა ეუბნებით,- 250 ლარი უნდა გადაიხადო ტრანსპორტშიო. თუ პურის ფული არ აქვს, სამსახური არ აქვს, ასეთი ხომ არ დადის ყოველდღე ორი-სამი ტრანსპორტით? თანაც, სოციალურად დაუცველებისთვის, პედაგოგებისთვის და სხვა მსგავსი კატეგორიისთვის არაფერი იცვლება...

აქ კიდევ ერთი საგულისხმო ფაქტია, მე რასაც შევსწრებივარ რიგი მოქალაქეები არ იხდიდნენ ავტობუსებში. რა ხრიკებს არ მიმართავდნენ ამისთვის... ჩვენი ხალხი ზოგადად მიჩვეულია, რომ მოჰპაროს სახელმწიფოს, „გაახალტუროს“ და მერე იქით დააბრალოს მიჭირს რა ვქნა? არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში ამას არ გაპატიებენ. არც ასეთ პოლიტიკურ ძალას აირჩევდნენ, ვინც ამართლებს მსგავს ქმედებას. ეს იმას, ნიშნავს, რომ არასოდეს არ იფიქრებს ხალხის განვითარებაზე, არამედ მუდმივად დაგტოვებთ ავტობუსიდან გაქცევის, „გახალტურების“, სახელმწიფოსგან თანხის მოპარვის იმედად.

დღეს მთავარია დავინახოთ სხვა პრობლემები. რამდენიმე მაგალითს დავწერ და გთხოვთ ყურადღებით გააანალიზეთ.

ამასწინათ, ე. წ „ყვითელი "მარშრუტკით“ ვმგზავრობდი. გზები გადაკეტილი იყო. მგზავრები ეკითხებიან მიზეზს და მძღოლი იწყებს ლანძღვას „რა ყველაფერი მე უნდა ვიცოდე...“ მერე ვეკითხებით დანიშნულების ადგილამდე თუ მიგვიყვანდა და აღმოჩნდა, რომ ალტერნატიული გზები საერთოდ არ იცოდა... ბოლოს, სადღაც სანაპიროზე ჩამოგვყარა. ჩემს გარდა ყველამ მაინც გადაიხადა მგზავრობის საფასური. რადგან, არ მიმიყვანა დანიშნულების ადგილზე, მოგვემსახურა ცუდად და არაფერი არ იცოდა, რისთვის გადამეხადა. მე უნდა მქონდეს ბერკეტი ჩემს ქვეყანაში, რომ მსგავს სიტუაციაში დავიცვა თავი.

ასეთ ამბებში სასაცილო არის ის, რომ რიგ შემთხვევებში ხალხი ამართლებს მძღოლს. გესმით? ჩემზე კარგად ჩაცმულ-დახურული ხალხი, თუ კი არ იხდის ტრანსპორტში იმათ ამართლებ და როცა ცუდი მომსახურებისთვის არ იხდი, იმას ამტყუნებ. ჩვენ ერთგვარად შევეჩვიეთ ცუდ ცხოვრებას და განვითარებაზე როგორ ვიფიქრებთ. რატომ არ გვინდა მოვითხოვოთ უკეთესი. საზღვარგარეთ ვიდრე ერთკვირიან ბარათს შევიძენდი, მთელი თანხა დამეხარჯა ერთდღიან მომსახურებაზე. სულ ვამბობდი, რომ კულტურულად გამძარცვეს-მეთქი. მაგრამ მერე ვყიდულობდი ბარათებს და ვიღებდი ადამიანურ მომსახურებას.

ხაზგასმით ვამბობ, რომ თუ მძღოლის მორალს და კულტურის განვითარებას დაველოდებით, კიდევ 30 წელი მოგვიწევს ასეთ ყოფაში ცხოვრება. მენეჯმენტი იმისთვის არ არის, რომ მხოლოდ თანხა აკრიფო და წაიღო სახლში. ევროპულ ქვეყნებში მძღოლი გაფრთხილებულია გზების მოსალოდნელი გადაკეტვის შესახებ, „დატრენინგებულია“ ალტერნატიული გზების შესახებ და ასევე, რაც არ უნდა იცოდეს, ვალდებულია გიპასუხოს კულტურულად და არა ლანძღვით. თუ ვინმეს ფსიქიკა და ნერვები არ ჰყოფნის უშვებენ სახლში.

გამაკვირვა იმ ამბავმა, რომ ზოგიერთ ადგილებში აქვთ სპეციალური დანადგარი. აიღებ ყურმილს და ეგრევე გპასუხობენ. შენ ეუბნები ვდგავარ აქა და აქ, ველოდები ამა და ამ ნომერს და ის გეუბნება რომ ამ ფაქტის გამო აგვიანდება ან ჩაიხსნა, ან 8 წუთის ნაცვლად იქნება 16 წუთში და შენ წყვეტ, ალტერნატიულ გზას მოძებნი თუ დაელოდები. მაგრამ არავინ დაგცინის, თუ გეჩქარება წაბრძანდი ტაქსით...როდის მოვახერხებთ ჩვენ ამ მომსახურებამდე განვითარებას? 30 წელში წესიერი მომსახურება მაინც ხომ უნდა გვესწავლა. ამას სჭირდება ის, რომ მე როგორც მოქალაქეს არა მაქვს ბერკეტი თავი დავიცვა. არ უნდა ვრჩებოდე გალანძღული და დამცირებული.

ერთი შეხედვით, ჩემთვის როგორც ამ ქალაქის მკვიდრისთვის, როგორც იმ გაჩანაგებული და შეურაცხმყოფელი ტრანსპორტის ჩანაცვლება იყო სწორი, ერთიანი საბარათე სისტემის შემოღებაც არის სწორი, მთავარია ვიფიქროთ ფასისა და ცივილური მომსახურების ერთიან ჭრილში განხილვაზე.

ალბათ კომპანიამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ ზუსტად ისე მიხაროდეს თეთრპერანგიანი, სუფთა და კულტურული, ინფორმირებული მძღოლების დანახვა, როგორც ევროპის ქვეყნებში.

თუ გვინდა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, უნდა გაგვიჩნდეს სურვილი მომსახურების ხარისხი შევცვალოთ, ერთმანეთისადმი ცივილური დამოკიდებულება ჩამოვაყალიბოთ, გადავიდეთ განვითარების შემდეგ ეტაპზე. ხომ ასეა?