„უნდა დავუჯეროთ თუ არა პრეზიდენტობის კანდიდატ ერიკ ზემურს, რომელიც ამბობს - „რუსები ისტორიულად სხვებს თავს იშვიათად ესხმოდნენ“ - Le Monde - კვირის პალიტრა

„უნდა დავუჯეროთ თუ არა პრეზიდენტობის კანდიდატ ერიკ ზემურს, რომელიც ამბობს - „რუსები ისტორიულად სხვებს თავს იშვიათად ესხმოდნენ“ - Le Monde

ფრანგულ გაზეთ „ლე მონდში“ (Le Monde) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - „უნდა დავუჯეროთ თუ არა პრეზიდენტობის კანდიდატ ერიკ ზემურს, რომელიც ამბობს - „რუსები ისტორიულად სხვებს თავს იშვიათად ესხმოდნენ“ (ავტორი - უილიამ ოდიურო).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

„ამას წინათ საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა ერიკ ზემურმა ტელეკომპანია „ფრანსე-5“-ის (France-5) ეთერში, ნატოსა და ევროპულ უსაფრთხოებაზე საუბრის დროს, განაცხადა, რომ იგი რუსულ საფრთხეს ევროპისათვის არარეალურად მიიჩნევს. „თქვენ ნამდვილად გჯერათ, რომ რუსეთი, ვთქვათ და, პოლონეთს თავს დაესხმება? მე არ მჯერა. ისტორია კარგად მაქვს შესწავლილი და ვიცი, რომ რუსები პირველები ძალიან იშვიათად თუ იჭრებოდნენ სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე. სულ ბოლოს მათ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები იმიტომ დაიკავეს, რომ რუსების მოსვლამდე ის ქვეყნები გერმანელებს ჰქონდათ დაპყრობილი“, - აღნიშნა ფრანგმა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

რამდენად მართალია ერიკ ზემური: „პრო“ და „კონტრა“

ვპასუხობთ მუსიე ზემურს: წარსულზე რომ არაფერი ვთქვათ, ახლო ისტორია გვაჩვენებს, რუსეთისათვის უცხო არ არის მილიტარისტული განწყობა და მისი რეალიზება. აი, ახლაც რუსეთ-უკრაინის საზღვარზე დაძაბულობაა, რასაც ბევრი ადამიანი თავდასხმის წინაპირობად თვლის. 2014 წელს რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის - ყირიმის ანექსია მოახდინა, უფრო ადრე კი, 2008 წელს, რუსეთის არმიამ საქართველოს მიმართ სამხედრო ინტერვენცია განახორციელა.

ამასთან ერთად, ისტორიკოსებმა, რომლებსაც ჩვენმა ჟურნალისტებმა კითხვები დაუსვეს, ასეთი პასუხი გაგვცეს: მიუხედავად იმისა, რომ ერიკ ზემური თავისი ნათქვამით კვერს უკრავს რუსებს მათი ისტორიის სუბიექტურად და ტენდენციურად შეფასებაში, იგი ზოგიერთ მომენტში სიმართლეს ამბობს: თავისი ისტორიის განმავლობაში რუსეთი ხშირად იყო ხოლმე იმ სახელმწიფოს მდგომარეობაში, რომელიც მასზე სხვების თავდასხმის დროს იძულებული იყო საპასუხო ნაბიჯები გადაედგა. 1812 წლის „სამამულო ომი“, რომლის დროსაც რუსეთმა „ევროპას გადაუარა“, ნაპოლეონ ბონაპარტესდროინდელი საფრანგეთის იმპერიის თავდასხმაზე რუსების კონტრშეტევას წარმოადგენდა. 1914 წელს, პირველ მსოფლიო ომში, რუსეთი იმიტომ ჩაება, რომ მას ომი, პირველმა, გერმანიამ გამოუცხადა, 1941 წელს კი რუსეთს თავს დაესხა ადოლფ ჰიტლერის არმია (1939 წლის პაქტის დარღვევით), რომელმაც მანამდე პოლონეთი დაიპყრო და, საერთოდ, მეორე მსოფლიო ომის დაწყების ინიციატორი იყო.

„თვითონ რუსები აცხადებენ, რომ ისინი პირველები არასოდეს გამოდიან სამხედრო მოქმედების დაწყების ინიციატივით“, - ამბობს ფრანსუა-კრავიე ნერარი, სორბონის უნივერსიტეტის რუსეთის ისტორიის ლექტორი. როცა ერიკ ზემური ამბობს, რომ ფაშისტური გერმანიის თავდასხმამ რუსეთის წითელი არმიის დასავლეთ ევროპაში შეჭრა განაპირობაო, ამ თვალსაზრისით იგი, გარკვეულწილად, მართალია. რაც შეეხება პროსაბჭოურ სამხედრო ალიანსს - „ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციას“, ის ჩამოყალიბდა ნატოზე უფრო გვიან ანუ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შექმნის საპასუხოდ. უნდა ვიცოდეთ, რომ რუსეთის სამხედრო დოქტრინა განპირობებულია იმპერატორ ნაპოლეონის, კაიზერ ვილჰელმისა და რაიხსფიურერ ადოლფ ჰიტლერის თავდასხმებით. ამით აიხსნება რუსეთის სწრაფვა, რომ დასავლეთიდან მას ბუფერული ტერიტორიები ჰქონდეს.

მაგრამ ჩვენი მხრიდან ისტორიკოსებს ისევ უნდა შევახსენოთ, რომ საბჭოთა კავშირმა (ჩათვალე: რუსეთმა) აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიის ანექსია გერმანიის თავდასხმამდე მოახდინა, ჯერ კიდევ ოპერაცია „ბარბაროსამდე“: ა) საბჭოთა კავშირმა განახორციელა პოლონეთის აღმოსავლეთი ტერიტორიების და რუმინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილის - ბუკოვინისა და ბესარაბიის ანექსია 1939 წელს, გერმანიასთან დადებული პაქტით; ბ) საბჭოთა კავშირმა (რუსეთმა) განახორციელა 1940 წელს ბალტიისპირეთის სახელმწიფოების - ლიეტუვას, ლატვიისა და ესტონეთის ანექსია; გ) საბჭოთა კავშირი (რუსეთი) იყო 1940 წლის „ზამთრის ომის“ ინიციატორი ფინეთთან; დ) საბჭოთა კავშირი აქტიურ სამხედრო ჩარევას ახდენდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საშინაო პოლიტიკაში - უნგრეთში (1956 წელს), ჩეხოსლოვაკიაში (1968 წელს); ე) და ისევ უკრაინა, რომლის ყირიმი რუსეთმა 2014 წელს მიითვისა, დონბასში კი სეპარატიზმი გააღვივა.

ასე რომ, არსებობს ბევრი კონტრარგუმენტი ერიკ ზემურის თვალსაზრისის უარსაყოფად, რომ, თითქოსდა, „რუსები სხვებს თავს იშვიათად ესხმოდნენ“.

ექსპანსიონისტური ტრადიცია

რუსეთის საგარეო პოლიტიკა, შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, ძირითადად, ქვეყნის ზღვებზე გაყვანას ითვალისწინებდა. მოგვიანებით რუსეთი ფართოვდებოდა ჩრდილოეთისკენ და სამხრეთისაკენ, ოთხი მიმართულებით - ფინეთისაკენ, შავი ზღვისაკენ, შუა აზიისა და შორეული აღმოსავლეთისაკენ. შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის ისტორია განუწყვეტელი კოლონიზების ისტორიას წარმოადგენს.

ისიც ფაქტია, რომ რუსეთის შუა აზიისაკენ გაფართოებას ძლიერი წინააღმდეგობა არ ჰქონია. „რუსები მუდმივად განმარტავენ, რომ მათი ქვეყნის ტერიტორიულ გაფართოებას კოლონიური ექსპანსიის ხასიათი არ ჰქონია. ეს იყო ბუნებრივი გაფართოება. ის მეზობელი მიწები, რომელიც რუსეთმა შეიერთა, რუსეთის გეოგრაფიულ გაგრძელებას წარმოადგენს [და არა ოკეანეების იქით მდებარე შორეულ ტერიტორიებს], - ამბობს „ლე მონდესთან“ საუბარში პიერ გონო, სორბონის უნივერსიტეტის პროფესორი.

რაც შეეხება რუსეთის დასავლეთ ნაწილს, მოსკოვი თვლის, რომ მისი მოქმედება ამ მიმართულებით უნდა ჩაითვალოს არა დამპყრობლურ, არამედ - გამაერთიანებელ მოქმედებად. „დიახ, რუსეთის იმპერია ტერიტორიების მიერთებით ჩამოყალიბდა, სხვა იმპერიების მსგავსად“, - აღნიშნავს პიერ გონო, - „მაგრამ რუსი მეფეები აცხადებდნენ, რომ ისინი მხოლოდ იმ მიწებს იბრუნებდნენ, რომლებიც მათ დიდი ხნის წინ დაკარგეს ანუ ყოფილი კიევის რუსეთის ტერიტორიებს“.

რუსეთის მმართველები ასეთი დოქტრინით ხშირად თავს იმართლებდნენ ხოლმე, როგორც უკრაინის მიერთების (კიევის რუსეთის მემკვიდრით), ასევე - პოლონეთის დანაწილების გამო 1795 წელს.

რუსეთი თავის ინტერვენციებს ხშირად ამა თუ იმ მოკავშირე ქვეყნისაგან დახმარების თხოვნით ამართლებს. მაგალითად, 1979 წელს მოსკოვმა დახმარების თხოვნა ნამდვილად მიიღო ავღანეთისაგან (საბჭოთა ჯარის შეჭრის წინ). ავღანეთში 1978 წლიდან საბჭოთა კავშირის მოკავშირე რეჟიმი ბატონობდა. მაგრამ რუსეთის სოლიდარობას, ძირითადად, საჩვენებელი ხასიათი ჰქონდა და უმეტესად ასეთი „დახმარების თხოვნები“ ადგილობრივი პროკომუნისტური პარტიებიდან, მარიონეტული მთავრობებიდან და, უბრალოდ, რუსულენოვანი მოსახლეობისაგან მოდიოდა, რომლებსაც ჯიბეში რუსული პასპორტები ჰქონდათ. ასე მოხდა საქართველოში (აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში) და უკრაინაში (ყირიმსა და დონბასში), სადაც რუსეთმა რუსულენოვანი მოსახლეობის ე.წ. ადგილობრივ თავდაცვის ძალებს (მოლაშქრეებს) თავისი არმიის ჯარისკაცებიც მიაშველა... (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ