"პირველად ზურგიდან შევნიშნე ის, შემობრუნდა და მისი თვალები დავინახე - ბუმ, აი, მაშინ დაიწყო ყველაფერი" - კვირის პალიტრა

"პირველად ზურგიდან შევნიშნე ის, შემობრუნდა და მისი თვალები დავინახე - ბუმ, აი, მაშინ დაიწყო ყველაფერი"

“ურთიერთობები მთავრდება”, - ამბობს ხოლმე ჯონი დეპი ძველი ურთიერთობის დასრულების შემდეგ და მალევე ახალ პარტნიორს იჩენს. ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი, ჯონი კრისტოფერ დეპი ჰოლივუდში მრავალფეროვანი სასიყვარულო ისტორიებით არის ცნობილი. ჯერ იყო უინონა რაიდერი, შემდეგ უმშვენიერესი კეიტ მოსი და კეიტის შემდეგ კიდევ ათობით ცნობილი და უცნობი მოდელი თუ მსახიობი. ასე ამბობენ, ვინ დათვლის, დეპის ცხოვრებაში რამდენი ქალი ყოფილა, თუმცა ვისთანაც არის, ერთგული და მოსიყვარულეაო. რას გაუგებთ ჰოლივუდს, მანდ ხომ ყველასა და ყველაფერს განიხილავენ და არც 58 წლის მსახიობზე საუბარს ერიდებიან.

ჯონის პირველი სიყვარული ვიზაჟისტი ლორი ენ ელისონი იყო. დეპმა და ლორიმ 1983 წელს იქორწინეს და ორი წლის შემდეგ, 1985 წელს, განქორწინება გადაწყვიტეს. სწორედ ამ დროს მიიღო დეპმა თავის კარიერაში ერთ-ერთი ცნობილი როლი და ცხოვრებაში გარდამტეხი ნაბიჯებიც გადადგა. 1985 წელს, განქორწინების შემდეგ დეპის ცხოვრებაში შერილინ ფენი გამოჩნდა, დეპის ახალი ურთიერთობა პრესაში მალევე გავრცელდა და ამერიკელი მსახიობის წინა ქორწინების დანგრევა სწორედ შერილინს დაედო ბრალად. წყვილი სამ წელიწად-ნახევარში დაშორდა, დეპისა და ფენის ურთიერთობა ნიშნობით შემოიფარგლა და უეცარი განშორებით დასრულდა.

depppirates2-1644239788.jpg

ამას მალევე მოჰყვა მეორე შეწყვეტილი ნიშნობაც, როდესაც დეპმა 80-იანი წლების ცნობილ მსახიობთან - ჯენიფერ გრემთან დაიწყო ურთიერთობა და ხელის თხოვნის შემდეგ მსახიობს დაშორდა, კვლავ არ გაუმართლა დეპს სიყვარულში.

1990-იან წლებში ჰოლივუდში ხმა გავარდა, რომ ფილმმა - “ედვარდ მაკრატელხელებამ” დეპის ცხოვრებაში ახალი სიყვარული გამოაჩინა - დიდ ეკრანებზე მოდებულმა სევდიანმა და, ამავდროულად, კომედიურმა დრამამ დეპს უინონა რაიდერი აპოვნინა.

მათი სიყვარული ნამდვილად გადასაღებ მოედანზე დაიწყო. ფილმის გამოსვლიდან მალევე დეპმა "Stranger Things"-ის ვარსკვლავს ცოლობა შესთავაზა. წყვილის ბედნიერება მთელმა მსოფლიომ გაიზიარა, წითელი ხალიჩა, დაჯილდოვებები, უინონა და დეპი ყველგან ერთად ჩნდებოდნენ. სიყვარულის დასამტკიცებლად მსახიობმა საყვარელი ქალის სახელი სხეულზე დაიწერა - “უინონა სამუდამოდ”, თუმცა მათმა სიყვარულმა სამუდამოდ ვერ გაძლო და დეპმა ნიშნობა ჩაშლილად გამოაცხადა.

“როდესაც ნიშნობა ჩავშალეთ, მძიმე დეპრესია დამეწყო, ჯონი ჩემთვის პირველი მამაკაცი იყო და გულში ყოველთვის დამრჩება ის. ჩვენმა დაშორებამ და ამხელა დარტყმამ გამანადგურა, მცირე დროით სამსახიობო კარიერას ჩამოვშორდი, შემდეგ მივხვდი, რომ ეს საქმიანობა მიყვარდა და შემოთავაზებებზე თანხმობის თქმაც დავიწყე”, - თქვა უინონამ ერთ-ერთ ინტერვიუში.

joni-depi-1644239965.jpg

ჩაშლილი ნიშნობის და დიდი განშორების შემდეგ, ერთ-ერთ ზაფხულს, დეპს მკლავზე ამოტვიფრული სვირინგი გამოუჩნდა, სადაც "Winona forever" უკვე აღარ ეწერა და მსახიობმა საყვარელი ქალის სახელი სასაცილო კომბინაციად აქცია, "wino forever". მაშინ კი ყველა მიხვდა, რომ დეპი და რაიდერი აღარ შერიგდებოდნენ.

1994 წელს დეპის ცხოვრებაში მორიგი გახმაურებული რომანი დაიწყო, მსახიობმა პირველად მისწერა სუპერმოდელ კეიტ მოსს, მაშინ მოსი 20 წლის იყო, მოდელს საკუთარი სახლი არ ჰქონდა და მისი შემოსავლის წყარო რამდენიმე კლუბში ცეკვა იყო. მოსი უბრალოდ ლამაზმანი გახლდათ, რომელსაც რამდენიმე ცნობილი ადამიანი იცნობდა, თუმცა მოდელს წინ დიდი და ბრჭყვიალა კარიერა ელოდა. მოსი და დეპი პირველი შეხვედრიდან რამდენიმე თვეში ერთად გამოჩნდნენ, მოდელსა და მსახიობს ერთად მუდამ სკანდალურ განხილვებსა და სტატიებში მოიხსენიებდნენ - სასტუმროში ატეხილი ჩხუბი, დამსხვრეული შამპანურის ბოთლები და არასასიამოვნო ბრალდებები. წყვილის ველური, ვნებიანი და არასტაბილური რომანი პრესის განხილვის საგანი ხდებოდა. 1998 წელს კი დეპი და კეიტ მოსი ერთმანეთს დაშორდნენ.

„აქამდე არასდროს ვყოფილვარ ასეთი ემოციური, ქალის გამო“, - თქვა დეპმა Hello-სთვის მიცემულ ინტერვიუში და აღიარა, რომ კეიტთან დაშორება მისთვის რთული აღმოჩნდა.

არც მოსს გადაუტანია მარტივად დეპის დაკარგვა. მოდელმა Vanity Fair-ს 2012 წელს უამბო, როგორ ტიროდა და განიცდიდა ურთიერთობის დასრულებას. "არ არსებობს არავინ, ვინც ოდესმე ჩემზე ზრუნვა შეძლო. ჯონმა ცოტა ხნით მოახერხა და მე მჯეროდა მისი ნათქვამის. უკვე დავკარგე ის განცდა, რომ ამას სხვაც შეძლებს”, - თქვა მოდელმა ინტერვიუში.

joni-depi-1644240051.jpg

კეიტ მოსთან დაშორების შემდეგ დეპის ცხოვრებაში რამდენიმე მცირე წარუმატებელი რომანიც შედგა და მსახიობმა მისი შვილის დედა გაიცნო. პაპარაცებმა დეპი ფრანგ მოდელთან და მსახიობთან - ვანესა პარადთან შენიშნეს, მათი ურთიერთობა სხვა რომანებისგან განსხვავებით, საინტერესოდ დაიწყო და 14 წელი გაგრძელდა.

1998 წელს დეპი პარიზში მსახიობ რომან პოლანსკის ფილმის - “მეცხრე კარიბჭის” გადაღებებზე იყო, როდესაც სასტუმროში გამართულ ვახშამზე მოდელი და მსახიობი ვანესა პარადი მოვიდა. დეპმა მოდელის დანახვაზე თქვა, რომ მისი მარტოხელა ცხოვრება სწორედ იმ წამს დასრულდა.

“მას თეთრი, ზურგზე ღია კაბა ეცვა, მახსოვს მისი ზურგი და კისერი. პირველად მხოლოდ ზურგიდან შევნიშნე ის, შემდეგ შემობრუნდა და მისი თვალები დავინახე - ბუმ, აი მაშინ დაიწყო ყველაფერი”, - თქვა დეპმა Daily Mail-თან ინტერვიუში.

“თქვენ გიგრძნიათ ეს ყველაფერი? - მე ნამდვილად არ ვიცი, რა იყო, დავინახე და გავიფიქრე: “რა ხდება ჩემს თავს?”

joni-depi-1644239733.jpg

გაცნობიდან რამდენიმე თვეში ვანესა პარადი და ჯონი დეპი დაქორწინდნენ, ერთ წელიწადში კი ჰოლივუდს მომავალი ვარსკვლავი - ლილი-როუზ დეპი შეუერთდა და ჯონი პირველი შვილის მამა გახდა. ორი წლის მერე მოდელსა და მსახიობს კიდევ ერთი შვილი - ჯონ კრისტოფერ დეპი შეეძინათ. 2012 წელს მსოფლიო სკანდალურმა დაშორებამ გააოგნა, როდესაც პარადიმ გამოაცხადა, რომ ის და დეპი მეგობრულად დაშორდნენ.

წყვილის დაძაბული ურთიერთობა დროდადრო მედიის განხილვის თემა ხდებოდა, თუმცა ოჯახური კონფლიქტი ოჯახშივე რჩებოდა და ამ თემას არც დეპი და არც ვანესა საჯაროდ არასდროს განიხილავდა.

„ურთიერთობები ძალიან რთულია. განსაკუთრებით იმ ჭრილში, რომელშიც მე ვარ, იმიტომ, რომ მე მუდამ შორს ვარ მათგან. ეს მარტივი არ ყოფილა ჩემთვის, ეს მისთვისაც რთული იყო და განშორება ბავშვებისთვისაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა”, - თქვა დეპმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

2012 წელს, დაშორებიდან ერთი წლის შემდეგ, დეპმა საჯაროდ ისაუბრა ოჯახზე, განშორებასა და საკუთარ განცდებზე. როგორც 14 წლის შემდეგ გაირკვა, ჯონისა და ვანესას ოჯახი სულაც არ იყო იდეალური, ურთიერთობის ბოლო წლებში დეპი სასმელს მიეძალა, ამან კი ამ ორს შორის გრძნობები სრულიად გააქრო.

2015 წელს დეპის ბოლო ურთიერთობაც დაიწყო, რომელიც დღემდე სკანდალური განხილვებით მიმდინარეობს და ჰოლივუდში არ გადაწყვეტილა, ექნება თუ არა ჯონ კრისტოფერ დეპს მოძალადის სტატუსი. 2015 წელს მსახიობმა დანიელი გოგონა ემბერ ჰერდი გაიცნო. 15-თვიანი ქორწინების შემდეგ მსახიობმა განქორწინება მოითხოვა და დეპს ოჯახური ძალადობის ბრალდებით უჩივლა, სასამართლო დავა ამ დრომდე არ დასრულებულა. მსახიობის სასიყვარულო ურთიერთობები კი ჯერჯერობით ემბერის სკანდალით შეჩერდა, ჰოლივუდი იძიებს დეპის ბრალდებას, რომელმაც შესაძლოა მსახიობს მთელი კარიერა დაუნგრიოს. დეპისა და ემბერის ამბის გამო ჯონის რომანტიკული სკანდალები დავიწყებას მიეცა, თუმცა თუ მათი დავა მალე გაირკვევა, შესაძლოა ჯონის გვერდზე კიდევ სხვა ლამაზმანიც ვიხილოთ.

(სპეციალურად საიტისთვის)