კადიროვმაც დაძრა თავისი „არმია“ უკრაინისკენ... - კვირის პალიტრა

კადიროვმაც დაძრა თავისი „არმია“ უკრაინისკენ...

რუსეთის შეირაღებული ძალების საბატალიონე-ტაქტიკური ჯგუფების თავმოყრა, საშტატო საბრძოლო ტექნიკასთან ერთად, უკრაინის საზღვრების სიახლოვეს კვლავ გრძელდება, მაგრამ ეტყობა, კრემლს ესეც ეცოტავება და უკრაინის მიმართულებით უკვე თავისი, ფაქტობრივად, მეორე შეირაღებული ძალების -„როსგვარდიის“ გადასროლა დაიწყო.

რუსეთის „როსგვარდია“ 2016 წელს შეიქმნა, მასში შინაგანი ჯარების, „ომონის“ რაზმებისა და დაცვის პოლიციის ქვეგანყოფილებების გაერთიანებით.

„როსგვარდიის“ პირადი შემადგენლობის რაოდენობა 300 ათას კაცს აჭარბებს და ის მეორე არმიაა პუტინისთვის, რადგან ყველაზე კრიტიკულ მომენტში, თუკი რუსეთში მოსახლეობის მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყება, კრემლის რეჟიმი სწორედ „როსგვარდიამ“ უნდა შეინარჩუნოს, მიტინგების ჩანასახშივე დარბევებით.

თუმცა, გარდა რეზინის ხელკეტებისა და წყლის ჭავლის მანქანებისა, მიტინგების დასაშლელად, „როსგვარდიის“ შეირაღებაშია ტანკები, ჯავშანმანქანები, არტილერია და საკუთარი ავიაციაც კი.

და ხუთიოდე დღის წინ სწორედ ამ მნიშვნელოვანი ძალის მობილიზირება და უკრაინის საზღვრებისკენ გადასროლა დაიწყო რუსეთის ხელისუფლებამ, მორიგი სწავლების საფარქვეშ.

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დიდი ომის დაწყების შემთხვევაში, „როსგვარდიას“ თავისი ამოცანა დაეკისრება - რუსეთის შეირაღებული ძალების მიერ უკრაინის ტერიტორიის დაპყრობის შემდეგ უკრაინის ქალაქებში საოკუპაციო რეჟიმის უზრუნველყოფა ანუ პუტინის „როსგვარდია“ იმავე ფუნქციას შეასრულებს, რასაც ბერიას ენ-კა-ვე-დეს ჯარი აკეთებდა მეორე მსოფლიო ომის დროს...

„როსგვარდიას“ ოპერატიულად ემორჩილება ჩეჩნეთის ტერიტორიაზე დისლოცირებული რამდენიმე დანაყოფი, მათ შორის - სკანდალურად ცნობილი, ახმატ კადიროვის სახელობის141-ე სპეციალური მოტორიზებული პოლკიც.

1-foto-1644231545.jpg
კადიროვის მამის სახელობის პოლკი უკრაინის საზღვრისკენ მიემართება

ეს ჩეჩნეთის დღევანდელი ლიდერის, რამზან კადიროვის „სასახლის არმიაა“, რომელიც დაუნდობლად უსწორდება თავისი „ფადიშაჰის“ (როგორც კადიროვს ჩეჩნეთში, ზურგსუკან ეძახიან) ყველა ოპონენტს, მათი რუსეთის ნებისმიერი ქალაქიდან მოტაცებისა და პოლკის ყაზარმების სარდაფებში წამების ჩათვლით.

ახალი წლის დღეებში რამზან კადიროვმა სკანდალური განცხადება გააკეთა - პუტინის ადგილზე რომ ვიყო, უკრაინასთან პრობლემებს დიდი ხანია, ძალის გამოყენებით მოვაგვარებდიო.

რამდენიმე დღის შემდეგ იგრძნო, რომ „იმპერატორის“ ფუნქციებში შეიჭრა, კადიროვმა ერთგვარი ტაქტიკური უკანდახევა განახორციელა, დააზუსტა, რომ წინა განცხადება, როგორც კერძო პირმა გააკეთა და არა - მაღალი თანამდებობის ჩინოვნიკმა...

და როდესაც რუსეთის „როსგვარდიის“ გადასროლა დაიწყო უკრაინის საზღვრებისკენ, ბუნებრივია, კადიროვი გვერდზე არ დარჩებოდა - მამამისის სახელობის პოლკის ჯავშანმანქანები უკვე დაფიქსირდა უკრაინისკენ მიმავალ გზებზე.

2-foto-1644231594.jpg
რამზან კადიროვი მზადაა პუტინს მხარში ამოუდგეს უკრაინის წინააღმდეგ...

შამილ ბასაევის მეთაურობით, აფხაზეთში ქართველების წინააღმდეგ მებრძოლი ჩეჩნური ბატალიონის გარდა, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ცხინვალიდან ქართულ სოფლებს იამადიევის რაზმებიც უტევდნენ, ხოლო 2014 წლის გაზაფხულზე უკვე კადიროვის მიერ გაგზავნილი ასობით ჩეჩენი მებრძოლი უკრაინის აღმოსავლეთში, დონბასში, ადგილობრივ მშვიდობიან მოსახლეობას აწიოკებდა...

რუსეთის ხელისუფლების მიერ ნაციონალური უმცირესობების გამოყენება და მათი შესევა სხვა ქვეყნებისკენ, არახალი მეთოდია და ეტყობა, ასე გამეორდება იმ შემთხვევაშიც, თუკი პუტინი მაინც გაბედავს უკრაინის წინააღმდეგ დიდი ომის წამოწყებას - მისი „ჯარისკაცი“ რამზან კადიროვი ხომ ყველა ბრძანების, მათ შორის - დანაშაულებრივის, შემსრულებელი გახდება...