დეზინფორმაციული ოპერაცია “ტრესტი”: ხაფანგი რუსული ემიგრაციისთვის - კვირის პალიტრა

დეზინფორმაციული ოპერაცია “ტრესტი”: ხაფანგი რუსული ემიგრაციისთვის

უნდა ვაღიაროთ, რომ დეზინფორმაციული ოპერაციების დაგეგმვის დროს საბჭოთა სპეცსამსახურები უდიდეს ფანტაზიას ავლენდნენ და ახალ-ახალი “ოპერატიული კომბინაციებით” მათთვის სასურველი, მცდარი ინფორმაციის გავრცელების მიზანსაც ხშირად აღწევდნენ.

უკვე ითქვა, რომ ოპერაცია “ტრესტი” სპეცსამსახურების სახელმძღვანელოებშია შეტანილი და დეზინფორმაციული და “აქტიური” ოპერაციების ნიმუშადაა მიჩნეული. ამჟამად ამ მრავალწლიანი და რთული ოპერაციის დაწვრილებითი ანალიზით არ დაგღლით, მხოლოდ ცნობილი რუსი ემიგრანტის - ვასილ შულგინისთვის (1878-1976) გამოყოფილ როლზე შევჩერდებით, რომელიც “ტრესტში” მან მისდაუნებურად შეასრულა.

ვ. შულგინი პოლიტიკაში პუბლიცისტიკიდან აღმოჩნდა. ის თავიდანვე გამოირჩეოდა მონარქისტული, ნაციონალისტური და ანტისემიტური შეხედულებებით, რასაც არც მალავდა კიევში გამომავალი საკუთარი გაზეთის - “კიეველების” ფურცლებზე.

XX საუკუნის დასაწყისში რუსეთში არსებული ქაოსისა და ანარქიის პირობებში, ვ. შულგინმა სწრაფი და წარმატებული პოლიტიკური კარიერის შექმნა მოახერხა. ის გახლდათ რუსეთის II, III, და IV სახელმწიფო სათათბიროების დეპუტატი და რუსეთის პრემიერ-მინისტრ პ. სტოლიპინის იდეების ერთგული სიცოცხლის ბოლომდე. მონარქისტ და რევოლუციების სასტიკ მოწინააღმდეგე ვ. შულგინს რუსეთის უკანასკნელი იმპერატორი, ნიკოლოზ II მფარველობდა. თუმცა 1917 წლის 2 მარტს შულგინი, რუს პოლიტიკოს გუჩკოვთან ერთად, ფსკოვში გაემგზავრა, რუსეთის იმპერატორისა და უმაღლესი მთავარსარდლის შტაბში და ნიკოლოზ II-ს გადადგომის მანიფესტზე ხელი მოაწერინა. რუსი მონარქისტები შულგინის ამ მოქმედებას მონარქიზმის ღალატად თვლიდნენ, თავად შულგინი კი მიიჩნევდა, რომ ამ გზით მას სურდა მეფისა და სამეფო ოჯახის სიცოცხლის რევოლუციური ბრბოების თავდასხმისგან გადარჩენა.

1917 წლის ნოემბრამდე ის აგრძელებდა კიევში მონარქისტული და შოვინისტური იდეებით განმსჭვალული გაზეთის გამოცემას, თუმცა როცა შულგინმა აშკარა ანტიუკრაინული სტატიების ბეჭდვაც დაიწყო (მან უკრაინის ეროვნული სახელმწიფოს შექმნის მცდელობებს უკრაინული სეპარატიზმის გამარჯვება და უკრაინის ოკუპაციაც კი უწოდა). უკრაინის რესპუბლიკის ხელისუფლებამ გაზეთი “კიეველები” დახურა.

იმ პერიოდიდან შულგინი, იდეოლოგიურ და პროპაგანდისტულ საქმიანობასთან ერთად, აქტიურად ერთვება “თეთრების“ დაზვერვა-კონტრდაზვერვით ოპერაციებში. ის იყო “თეთრების“ ფარული სადაზვერვო სტრუქტურის - “აზბუკას” შემქმნელი და ხელმძღვანელი.

1918 წლის თებერვალში, როდესაც ბოლშევიკებმა კიევი დაიკავეს, შულგინი დააპატიმრეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. ეს გარემოება დღემდე საიდუმლოებითაა მოცული: რატომ დაინდეს ბოლშევიკებმა ცნობილი მონარქისტი და ანტიბოლშევიკური გაზეთის რედაქტორი მაშინ, როცა “თეთრების“ მხარეს მებრძოლ ჯარისკაცსაც კი დაუნდობლად ხვრეტდნენ? ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში პასუხი რუსეთის ეფ-ეს-ბეს არქივებში უნდა იყოს დამალული.

შულგინი თეთრი მოძრაობის მთავარი იდეოლოგ-პროპაგანდისტი და რუსეთის იმპერიის დაშლის სასტიკი მოწინააღმდეგეც გახლდათ, ასევე - განსაკუთრებით გამოირჩეოდა ანტიქართული (ისევე, როგორც ანტიუკრაინული) გამოსვლებით და მოქმედებებით.

1920 წლის შემოდგომიდან შულგინი ემიგრაციაში იმყოფებოდა. ის გენერალ ვრანგელის მიერ შექმნილი “დევნილი მთავრობის” აქტიური წევრი გახდა. თითქმის საუკუნოვანი სიცოცხლის მანძილზე ვ. შულგინმა, სულ მცირე, ორჯერ გაუწია საბჭოთა რეჟიმს უდიდესი სამსახური დეზინფორმაციის გავრცელებაში. ორივე ფაქტი რუსული ემიგრაციის დაპირისპირებისა და ერთიანობის რღვევისა მიზეზი გახდა.

დეზინფორმაციული ოპერაცია “ტრესტი” რუსული ემიგრაციის რომელიმე ცნობილი წარმომადგენლის საბჭოთა კავშირში შემოტყუებას და შემდეგ, მისი საშუალებით, საბჭოთა რეჟიმზე დადებითი ინფორმაციის გავრცელებას ითვალისწინებდა. ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გამგზავრებული ჩეკისტები თავს საბჭოთა კავშირში არსებული ფარული მონარქისტული ორგანიზაციის წევრებად ასაღებდნენ და რუსულ ემიგრაციას ერთობლივი საიდუმლო ოპერაციების ჩატარებისკენ მოუწოდებდნენ. მონარქისტმა ვასილი შულგინმა სურვილი გამოთქვა, ფარულად გამგზავრებულიყო საბჭოთა კავშირში და იქ “მონარქისტებს” შეხვედროდა.

ჩეკისტებმა საზღვარზე სპეციალური "ფანჯარა" მოუწყვეს შულგინს და ის დაუბრკოლებლად შევიდა სსრკ-ის ტერიტორიაზე.

1925 წლის 23 დეკემბრიდან 1926 წლის 6 თებერვლამდე ვ. შულგინი “ფარულად” (როგორც თავად ეგონა) იმყოფებოდა საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, სადაც მასზე, როგორც თეთრი მოძრაობის ცნობილ წევრზე, დაპატიმრებისა და დახვრეტის სანქცია იყო გაცემული. შულგინის ამ ვიზიტის შესახებ რუსული ემიგრაციის ლიდერების მხოლოდ მცირე ნაწილმა იცოდა და მას თავად ბარონი ვრანგელი გულშემატკივრობდა.

ედუარდ შმიდტის ყალბი საბუთებით (რომელიც სინამდვილეში მოსკოვში, ლუბიანკაზე, საბჭოთა ჩეკისტების დამზადებული იყო!) შულგინმა პრობლემების გარეშე გადმოკვეთა საზღვარი და ამ მოკლე პერიოდში კიევის, მოსკოვისა და ლენინგრადის მონახულება მოასწრო. “უსაფრთხოების მიზნით” მას მუდმივად თან ახლდნენ “ტრესტის ბოევიკები” (რეალურად კი - ჩეკისტები), რომლებიც განსაზღვრავდნენ, თუ რა უნდა ენახა შულგინს და ვის უნდა შეხვედროდა. ჩეკისტების თანხლებით, შულგინმა მოინახულა სამი ქალაქი - მოსკოვი, კიევი და ლენინგრადი. ვიზიტის დასასრულს “ტრესტის ბოევიკებმა” მორიდებით სთხოვეს შულგინს, ნანახ-გაგონილი წიგნში აღეწერა. ევროპაში დაბრუნების შემდეგ შულგინი წიგნზე ("სამი დედაქალაქი") მუშაობას შეუდგა. წიგნის დაბეჭდვამდე შულგინმა ხელნაწერი გამოუგზავნა საბჭოთა კავშირში “საიდუმლო მონარქიული ორგანიზაციის ხელმძღვანელებს” - რეალურად კი, ხელნაწერში შესწორებები ლუბიანკაზე ო-გე-პეუს მაღალჩინოსნებს: მენჟინსკისა და არტუზოვს შეჰქონდათ.

kk-1644301466.jpg
ოპერაცია “ტრესტის” ხელმძღვანელები: ძერჟინსკი და მენჟინსკი

ვ. შულგინმა 1927 წლის დასაწყისში ბერლინში გამოსცა საბჭოთა კავშირში მოგზაურობის შთაბეჭდილებების წიგნი სიმბოლური სახელწოდებით - “სამი დედაქალაქი”, სადაც ის “კომუნისტების მეთაურობით აღორძინებულ რუსეთზე” საქებარ სიტყვებს არ იშურებდა.

იმ წლებში საბჭოთა კავშირში “ნეპი” (ე.წ. ახალი ეკონომიკური პოლიტიკა) ბობოქრობდა და დიდ ქალაქებში სიცოცხლე ჩქეფდა. ბევრმა გადამალული სიმდიდრე გამოაჩინა და ამქვეყნიურ განცხრომას მიეცა, თუმცა “ნეპი”, ეს “კომუნისტური სათაგური”, მალევე დაიხურა და ათი ათასობით საბჭოელის ქონება და სიცოცხლე იმსხვერპლა.

შულგინი, რომელიც ბოლშევიკების მარცხს დღედღეზე ელოდა, განცვიფრებული შეჰყურებდა სიმდიდრითა და მხიარულებით მჩქეფარე ცხოვრებას... ჩეკისტების მიერ შერჩეულ რესტორნებსა და ოჯახებში. ინფორმაციულ ვაკუუმში მყოფი შულგინი სიახლეებს მხოლოდ საბჭოთა პრესიდან და “ტრესტელ-ჩეკისტების” მონათხრობიდან იღებდა.

ცნობილი მონარქისტის ამ ოპუსმა რუსულ ემიგრაციაში დიდ დაპირისპირებას დაუდო საფუძველი. ემიგრაცია, ფაქტობრივად, ორ ნაწილად გაიყო: ერთნი საბჭოთა კავშირს “დიადი რუსეთის” ისტორიულ მემკვიდრედ და მის ამღორძინებლად მიიჩნევდნენ, სხვები კი კარგად ხედავდნენ საბჭოთა სისხლიანი რეჟიმის ნამდვილ სახეს.

ამ წიგნის გამოცემის შემდეგ ვ. შულგინთან ბევრმა რუსმა ემიგრანტმა გაწყვიტა ურთიერთობა და ის იძულებული გახდა, ჩამოშორებოდა პოლიტიკურ მოღვაწეობას და 1930 წელს იუგოსლავიაში წასულიყო საცხოვრებლად.

მეორე მსოფლიო ომის მიწურულს, 1944 წლის დეკემბერში შულგინი საბჭოთა სამხედრო კოტრდაზვერვამ (“სმერშ” - იშიფრება, როგორც “სმერტ შპიონამ”) დააპატიმრა და მოსკოვში გადაიყვანა. 1947 წელს საბჭოთა სასამართლომ “ანტისაბჭოთა საქმიანობისათვის” შულგინს 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ცნობილია, რომ ქ. ვლადიმირის ციხეში საბჭოთა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ნებართვით (ალბათ, უფრო დავალებით) შულგინმა მემუარების წერა დაიწყო. ეს ძალზე მნიშვნელოვანი გარემოებაა, რადგანაც სხვა პატიმრებს განცხადების დასაწერად ერთ ფურცელსაც არ აძლევდნენ.

1956 წელს შულგინი ამნისტიის საფუძველზე გაათავისუფლეს, ხოლო მის ცოლს, რომელიც უნგრეთში ცხოვრობდა, ნება დართეს, ქმართან ჩასულიყო და ისინი სუკ-ის მეთვალყურების ქვეშ, ქ. ვლადიმირში ცხოვრობდნენ.

გასული საუკუნის 60-იან წლებში ვ. შულგინი, ნებსით თუ უნებლიეთ, კვლავ გახდა საბჭოთა სპეცსამსახურების დეზინფორმაციული ოპერაციების აქტიური მონაწილე. 1961 წელს მოსკოვში მრავალათასიანი ტირაჟით დაიბეჭდა ვ. შულგინის წიგნი ”წერილები რუს ემიგრანტებს”, სადაც ის ემიგრანტებს მონანიებისა და სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდებდა.

cc-1644301641.jpg
ვასილი შულგინი

ამ “ნაშრომის” დაწერის წინ სუკ-მა შულგინს იგივე ოინი მოუწყო, რაც 1926 წელს: ის წინასწარ შერჩეულ საწარმოებსა და კოლმეურნეობებში დაჰყავდათ, სადაც “ბედნიერი” საბჭოელები “მხიარულად” შრომობდნენ და “უზრუნველად” ცხოვრობდნენ. სუკ-ის დავალებით დაწერილ ახალ ოპუსში ავტორი დითირამბებს უძღვნიდა საბჭოთა სისტემასა და კომუნისტებს, ცაში აჰყავდა პირადად ნ. ხრუშჩოვი და ა.შ.

ვ. შულგინი წერდა: “რასაც კომუნისტები XX საუკუნის მეორე ნახევარში აკეთებენ, არა მარტო სასარგებლოა, არამედ - სრულიად აუცილებელია 220-მილიონიანი ხალხისთვის” და ჯვაროსნული ლაშქრობა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ სრული უაზრობაა“, - ასკვნიდა ყოფილი მონარქისტი.

1961 წელს ვ. შულგინი კომუნისტური პარტიის XXII ყრილობაზე საპატიო სტუმრად იყო მიწვეული.

უკვე ოთხმოცდაათ წელს მიღწეულ შულგინს, სუკ-მა მორიგი დავალება 1965 წელს მისცა, როდესაც საბჭოთა უშიშროების სცენარით გადაიღეს დოკუმენტური ფილმი - “ისტორიის სამსჯავროზე”, სადაც შულგინი მთავარი გმირია და საბჭოთა სისტემის გამარჯვებაზე საუბრობს.

ის განსაკუთრებით პოპულარულია მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირში 1971 წელს ილფისა და პეტროვის სატირული რომანის - “თორმეტი სკამის” მიხედვით, იმავე დასახელების მხატვრული ფილმი გადაიღეს. ბევრი ლიტერატურათმცოდნე ვასილ შულგინს ერთ-ერთი მთავარი გმირის, კისა ვორობიანინოვის პროტოტიპად მიიჩნევს. გარეგნული მსგავსება მართლაც სახეზეა. ყოფილი მონარქისტი, შემდეგ კი - საბჭოთა რეჟიმის მეხოტბე ვ. შულგინი 1976 წლის 15 თებერვალს, 98 წლის ასაკში გარდაიცვალა.

(მესამე ნაწილის დასასრული)

ბლოგის მეორე ნაწილი

ბლოგის პირველი ნაწილი