"სამოთხე და ჯოჯოხეთი" – ადგილი, სადაც ზევსი ურჩხულ ტიფონს შეერკინა - კვირის პალიტრა

"სამოთხე და ჯოჯოხეთი" – ადგილი, სადაც ზევსი ურჩხულ ტიფონს შეერკინა

იხილეთ დასაწყისი - მღვიმის ხელმწიფის საუფლოში

"ასთმის მღვიმიდან" გავეშურეთ იქვე, 500 მეტრში, ნარლიკუიუს დასახლების ზემოთ, სადაც ბუნებრივი კარსტული მღვიმეები - სამოთხის უფსკრული და ჯოჯოხეთის ორმო, შემოკლებით - "ჯენეთ-ჯეჰენემი" ანუ ქართულად "სამოთხე-ჯოჯოხეთი" გვეგულებოდა. მართლაც გასაოცარი ადგილი აღმოჩნდა, შთამბეჭდავი და... მითებით დახუნძლული. საგანგებოდ მოწყობილი ადგილიდან თავდაპირველად „ჯოჯოხეთის“ უფსკრულს გადავხედეთ. სიმართლე გითხრათ, იქ ჩასვლის არც სურვილი გვქონდა და არც დრო, ასე რომ, 75 მეტრში მდებარე „სამოთხის“ ნაწილში გასეირნება ვამჯობინეთ.

2-3-1644303830.jpg
გზის გასაყარზე - მარცხნივ „სამოთხე“, მარჯვნივ „ჯოჯოხეთი“

მღვიმისკენ მიმავალ გზაზე იმდენი კიბე ჩავიარეთ (და ამოვიარეთ), რომ ჩვენმა „მთვლელმა“ რუსუდან ქაფიანიძემაც კი დაკარგა სათვალავი. მოგვიანებით შევიტყვეთ, რომ 250 მ სიგრძის, 110 მ სიგანისა და 70 მ სიღრმის სამოთხის უფსკრულისკენ ჩამავალი კიბე სულ რაღაც 450-საფეხურიანი (?!) ყოფილა!

3-1644303910.png
ზეციდან დანახული „სამოთხე და ჯოჯოხეთი“

გამოქვაბულის შესასვლელის პირდაპირ, უგრძესი კიბის მე-300 საფეხურთან იდგა მე-5 საუკუნის ღვთისმშობლის სახელზე აგებული ბაზილიკის ტიპის ლამაზი ეკლესის ნანგრევი, რომელიც მე-19 საუკუნეში მეჩეთად გამოიყენებოდა. მითების ეპოქაში ამ ადგილას ზევსის ტაძარიც ყოფილა - სწორედ აქ ებრძოდა, თურმე, ღმერთების მეფე ურჩხულ ტიფონს.

4-3-1644303956.jpg
„ჯოჯოხეთს“ მხოლოდ ზემოდან გადავხედეთ

ვერ გეტყვით, ამ მღვიმეებში რა შექმნა ადამიანის ხელმა და რა - ღვთისამ, მაგრამ გინდ მღვიმე ვუწოდოთ და გინდ - გამოქვაბული, ნებისმიერ შემთხვევაში, იქ მაინც უხსოვარ დროში დააბიჯებ... ისე, დაბიჯების რა გითხრათ, რადგან ჩვენ წინ არსებული "სამოთხის" მღვიმის შესასვლელი ისეთი სველი და მოლიპული აღმოჩნდა, ხოლო ჩვენ სათანადო ფეხსაცმელიც კი არ გვეცვა, ყინულებს დავნებდით და ვცდილობდით, ფრთხილად "გვესრიალა"...

5-3-1644304030.jpg
ღვთისმშობლის სახ. ბაზილიკა, სადაც ადრე ზევსის ტაძარი მდგარა

მღვიმის სიღრმეში მაინც ვერ შევედით - იქ კიდევ უფრო სახიფათო საფეხურები ყოფილა, თანაც - მოაჯირის გარეშე, გული კი ძალიან დაგვწყდა, რადგან ტიფონის მღვიმე ამ უზარმაზარი უფსკრულის სულ ბოლოს ყოფილა, როგორც აღწერენ - ეშმაკის თეატრი სველი, დაკბილული კიდეებით. ადგილობრივებს მიაჩნიათ, რომ ეს არის მარადიული ღუმელის კარიბჭე, რომელზეც, თურმე, ისტორიკოსი სტრაბონი თავის "გეოგრაფიაშიც" აღნიშნავს.

6-2-1644304077.jpg
ბაზილიკის სტუმრები

ლეგენდის თანახმად, მღვიმის მიწისქვეშა მდინარე უერთდება მითიურ მდინარე სტიქსს, რომელიც არის ცოცხალთა და მიცვალებულთა სამეფოების საზღვარი-გასაყარი. ამ მდინარის გადალახვის შემდეგ ხვდებოდნენ სულები "მიცვალებულთა სამეფოში", რომელსაც იცავდა ტიფონისა და ექიდნას შვილი - ურჩხული, სამთავიანი ძაღლი ცერბერუსი, რომელსაც შხამიანი ბასრი ეშვები ჰქონდა.

7-2-1644304132.jpg
ბაზილიკიდან ცაც კი სხვანაირად მოსჩანდა

სტიქსი კი იყო ოკეანოსისა და ტეთისის ასული, ამავე სახელწოდების მდინარის ღვთაება, რომელიც ტიტანებისა და ოლიმპოს ღმერთების ბრძოლის დროს, შვილებთან ერთად, ზევსს ამოუდგა მხარში და ტიტანების დამხობის შემდეგ, ზევსისვე ბრძანებით, ღმერთებისა და ადამიანების უდიდესი საფიცარი გახდა. ამბობენ, რომ ამ ლეგენდების ადგილობრივებსა და ტურისტებს, თურმე, დღესაც სჯერათ, რადგან მღვიმის სიღრმეში შესულებს შორიდან ესმით მიწისქვეშა ნაკადის ღრიალი.

8-2-1644304383.jpg
„სამოთხის“ მღვიმის შესასვლელისკენ - კიბის ბოლო საფეხურები

"სამოთხეზე" გარშემოწერილობით პატარა, მაგრამ მასავით ღრმა ორმო, სახელად "ჯოჯოხეთი" ანუ "ჯეჰენემი" "ჯენეთის" მღვიმის ჩრდილოეთით, 75 მეტრშია. გამარჯვების შემდეგ, დროებით, სწორედ აქ ჰყავდა, თურმე, ზევსს ტიფონი დამწყვდეული.

9-1644304441. (2).jpg
მღვიმის სიღრმეში შესულებს შორიდან ესმით მიწისქვეშა ნაკადის ღრიალი

ზევსის ტაძარი კი, როგორც ამბობენ, აქ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1000-ზე მეტი ხნიდან არსებობდა, V ს-მდე. აქაურ მღვიმეებსაც მუდამ ღმერთების ცხოვრებას უკავშირებდნენ. ამით უკვე იოლად ამოსაცნობი იყო, რატომ უწოდეს იქვე, შორიახლოს არსებულ "ასთმის მღვიმეს" ერთ-ერთ სახელად "ტიფონის საწოლი"...

10-2-1644304491.jpg
სული მოვითქვით და...

იმ დღეს საკმაოდ გადავიღალეთ, "სამოთხის" მღვიმესთან სული მოვითქვით და კვლავ დაუსრულებელ კიბეებს ავუყევით. რელაქსისთვის საღამოს ისევ კიზ კალესის სანაპიროს მივაშურეთ. ხმელთაშუა ზღვაშიც შევცურეთ, უსაშველოდ მარილიან წყალს გამოვემშვიდობეთ, ცოტა ხნით ზღვისპირა კაფეშიც მოვკალათდით, ვიმხიარულეთ და სასტუმროსკენ გავწიეთ, მოსასვენებლად. მომდევნო დღეს უდიდესი სანახაობები გველოდა ქალაქ თარსუსში.

(გაგრძელება იქნება)

ყველა ფოტო ეკუთვნის ავტორს