100 მლნ-იანი "პინგვინები“ ზღვაში იძირებიან... - კვირის პალიტრა

100 მლნ-იანი "პინგვინები“ ზღვაში იძირებიან...

10-დოლარიანი საწვიმრით 100 მლნ დოლარიანი თვითმფრინავის "ჩამოგდება“ მართლაც რომ ტრაგიკომედიური შემთხვევაა

ავიამზიდი ურთულესი და უძვირესი საბრძოლო სისტემაა და ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ მისი გემბანიდან თვითმფრინავების ყოველი აფრენა-დაფრენის მომენტის ვიდეოფიქსირება ხდება.

ორიოდე დღის წინ ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა შემზარავი ვიდეოკადრები, თუ როგორ ეჯახება ავიამზიდის გემბანს თვითმფრინავი, ცეცხლი უჩნდება და შემდეგ ზღვაში ვარდება...

ავიამზიდების ერთსაუკუნოვანი ისტორიის პერიოდში ასობით ასეთი ავარია და კატასტროფა მომხდარა, მაგრამ ეს ბოლო შემთხვევა მაინც გამორჩეულია, რადგან ორიოდე წამში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა თითქმის 100 მლნ დოლარის ღირებულების მეხუთე თაობის მრავალდანიშნულების საგემბანო თვითმფრინავი - F-35C დაკარგეს.

F-35 Lightning II-ის პროგრამაზე (ამ თვითმფრინავს სხვანაირად „პინგვინადაც“ მოიხსენიებენ, მისი აეროდინამიკური ფორმების გამო) პენტაგონს განსაკუთრებული იმედები აქვს დამყარებული, რადგან „სტელსის“ ტექნოლოგიით შექმნილმა ამ, თანამედროვე მრავალდანიშნულების თვითმფრინავმა ამერიკული საბრძოლო ავიაციის სხვადასხვა საფრენი აპარატი უნდა ჩაანაცვლოს.

alada2-1644322088.jpg
ხმელთაშუა ზღვის ფსკერიდან ამოღებული ბრიტანული "პინგვინი“


ამიტომაც აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების შეიარაღებაში მიღებულია F-35A მოდიფიკაცია, აფრენა-დაფრენის ტრადიციული სქემით, საზღვაო ქვეითთა კორპუსის ავიაციამ არჩევანი მცირე გარბენით აფრენისა და შვეულად დაშვების F-35B ვარიანტზე გააკეთა, ხოლო სამხედრო-საზღვაო ძალებმა ატომური ავიამზიდებიდან კატაპულტის დახმარებით აფრენისა და აეროფინიშორის საშუალებით გემბანზე დაჯდომის უნარის მქონე F-35C მოდიფიკაცია მოიწონეს.

2006 წლიდან მოყოლებული, ცნობილმა ამერიკულმა აეროკოსმოსურმა კორპორაციამ - „მარტინ-ლოქჰიდმა“ 760 ცალი სამი მოდიფიკაციის „პინგვინი“ დაამზადა, გეგმაში კი 2 700-მდე ასეთი თვითმფრინავის აწყობაა გათვალისწინებული.

იმის გამო, რომ ამ კლასის საბრძოლო თვითმფრინავისთვის F-35 -ის ფასმა კოსმოსურს მიაღწია და 100 მლნ დოლარს გადააჭარბა (თუმცა „პინგვინების“ სერიული წარმოების გაფართოების შემდეგ მათი საცალო ფასი მნიშვნელოვნად იკლებს და, თითქმის, 80 მლნ-მდეც უკვე ჩამოვიდა). ამ თვითმფრინავებთან დაკავშირებული ყოველი ავარია და, მითუმეტეს - კატასტროფა, დიდ ვნებათაღელვას იწვევს მის მფლობელებს შორის - შეიარაღებაში F-35 -ები კი ამერიკელების გარდა, იაპონელებს, ბრიტანელებს, ავსტრალიელებს, ჰოლანდიელებს, დანიელებს, ნორვეგიელებს, ბელგიელებს, იტალიელებს, სამხრეთ-კორეელებსა და ისრაელს ჰყავს.

alada3-1644322088.jpg
ავიამზიდის გემბანზე დამჯდარ "პინგვინს“ აეროფინიშორის ბაგირი აჩერებს


2014 წლიდან მოყოლებული, „პინგვინებთან“ დაკავშირებით არანაკლებ 14 საავიაციო შემთხვევა მოხდა და 7 თვითმფრინავი საბოლოოდ დაიკარგა.

100 მლნ დოლარიანი თვითმფრინავის დაკარგვა ნებისმიერ, თუნდაც - აშშ-ის დონის ქვეყნის ბიუჯეტისთვის სერიოზული დარტყმაა და ეს განსაკუთრებით მტკივნეულია მაშინ, თუკი ეს ხდება არა თვითმფრინავის რამე კონსტრუქციული თუ ტექნიკური ხარვეზის გამო, არამედ - პილოტის შეცდომის ან უფრო უარესი, ცუდად მორგებული საწვიმრის ავიამზიდის გემბანზე „გაფრენის“ გამო...

2021 წლის 17 ნოემბერს ხმელთაშუა ზღვაში მცურავი ბრიტანული ავიამზიდის - „დედოფალი ელიზაბეტის“ გემბანის ტრამპლინიდან F-35B-ის აფრენის მომენტში, პილოტმა მოასწრო კატაპულტირება (თუმცა გაშლილი პარაშუტი გემბანის წინა ნაწილს გამოედო და კინაღამ იმსხვერპლა მფრინავი), ხოლო ასმილიონიანი „პინგვინი“ ზღვაში ჩავარდა და ჩაიძირა.

alada4-1644322088.jpg
სამხრეთ-ჩინეთის ზღვაში ჩავარდნილი ამერიკული "პინგვინი“ ჩაძირვამდე


ვიდეოკადებში გამოჩნდა,რომ პილოტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან მისი F-35B-ის გემბანიდან აფრენის სიჩქარე კრიტიკულამდე დაეცა.

ბრიტანული ავიამზიდიდან აფრენისას “პინგვინის“ ავარია და პილოტის კატაპულტირების ვიდეოკადრები

როგორც შემდგომ ბრიტანელმა გამომძიებლებმა დაასკვნეს, „პინგვინის“ რეაქტიული ძრავის გაწევის ძალა იმიტომ დაეცა, რომ ძრავმა ჰაერმიმღებიდან "შეისრუტა“ უცხო სხეული, რომელიც, სავარაუდოდ, პოლიეთილენის ის საწვიმარი გახლდათ, რომელიც ქარმა გემბანზე მდგომ ერთ-ერთ მეზღვაურს მოჰხადა...

10-დოლარიანი საწვიმრით 100 მლნ დოლარიანი თვითმფრინავის „ჩამოგდება“ მართლაც რომ ტრაგიკომედიური შემთხვევაა.

ამ ავარიას გაგრძელებაც ჰქონდა, რადგან ბრიტანელები და ამერიკელები უფრთხოდნენ, რომ ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე ჩაძირული, მეხუთე თაობის საიდუმლო ტექნოლოგიით დამზადებული „პინგვინის“ ფრაგმენტები რუსეთის სამხედრო დაზვერვას წყალქვეშა ნავის გამოყენებით არ მოეპარა.

ამიტომაც „პინგვინის“ „ჩაყვინთვის“ ადგილზე დღედაღამ მორიგეობდნენ ამერიკელებისა და ბრიტანელების სამხედრო ხომალდები, სანამ იტალიელი მეზღვაურების დახმარებით, ა.წ.-ის 8 დეკემბერს ხმელთაშუა ზღვის ფსკერიდან არ ამოიტანეს დამტვრეული „პინგვინი“.

„პინგვინთან“ დაკავშირებული ბოლო საავიაციო შემთხვევა კი სულ ახლახან, 2022 წლის 25 იანვარს სამხრეთ-ჩინეთის ზღვაში მოხდა, როდესაც ამერიკულ ატომურ ავიამზიდზე - „კარლ ვინსონზე“ დაშვებას ახორციელებდა F-35C-ის პირველი ქალი-პილოტი.

ამერიკულ ავიამზიდზე “პინგვინის“ დაჯდომისას განცდილი ავარიის ვიდეოკადრები

ვიდეოკადრებში ისმის ფრენების ხელმძღვანელის განწირული ხმით კივილი რადიოეთერში, მიმართული პილოტისადმი, რომ მან სასწრაფოდ ფრენის სიმაღლე გაზარდოს, მაგრამ უკვე გვიანია -100 მლნიანი „პინგვინი“ ავიამზიდის გემბანის კიდეს ეჯახება, შასი ტყდება, თვითმფრინავი დიდი სიჩქარით „მიცურავს“ გემბანზე, პილოტი რაღაცნაირად ასწრებს კატაპულტირებას, სანამ ცეცხლწაკიდებული „პინგვინი“ გემბანიდან ზღვაში ვარდება...

ამ საავიაციო შემთხვევაშიც არავინ დაღუპულა, მაგრამ თვითმფრინავის მოტეხილმა ფრაგმენტებმა გემბანზე მყოფი შვიდი მეზღვაური დააზიანა.

ავიამზიდებს, როგორც წესი, ოთხი აეროფინიშორი-გემბანის სიგანეზე გაჭიმული რკინის ბაგირი აქვთ, რომელსაც გემბანზე დაშვებულმა თვითმფრინავმა კუდის ნაწილიდან ჩამოშვებული სპეციალური კაუჭი უნდა წამოსდოს, რომ მრავალტონიანმა და დიდი სიჩქარის მქონე საფრენმა აპარატმა გემბანზე სრული გაჩერება მოასწროს.

ითვლება, რომ კარგი პილოტები მეორე ან მესამე ბაგირს წამოდებენ კაუჭს, ხოლო ვინც პირველ ბაგირზე „ჩამოეკიდება“, ის პილოტი ძალიან ახლოსაა, გემბანის კიდეს დაეჯახოს (როგორც ამ შემთხვევაში მოხდა), ხოლო ვინც ბოლო, მეოთხე ბაგირზე სდებს კაუჭს, მას დიდი შანსი აქვს, შემდგომში საერთოდ გადავარდეს გემბანიდან, რადგან თვითმფრინავი სრულ გაჩერებას ვერ მოასწრებს.

ეხლა უკვე ამერიკელები იმტვრევენ თავს, როგორ ამოიღონ სამხრეთ-ჩინეთის ზღვის ფსკერიდან მორიგი „პინგვინი“ ისე, რომ ჩინელებმა არ მოასწრონ მისი „აწაპვნა“...

ასე ნაქები მეხუთე თაობის, ამერიკული წარმოების „პინგვინების“ ავიამზიდებიდან ზღვებში „ჩაყვინთვის“ თაობაზე რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისტულმა მანქანამ არაერთხელ „იხალისა“ და ნიშნისმოგება არ დააკლო ამერიკულ მხარეს 100 მლნ დოლარად ღირებული ამ თვითმფრინავების ასე მარტივად დაკარგვის გამო, თუმცა საგემბანო თვითმფრინავების დაკარგვა რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალებმაც არა ერთხელ იწვნიეს თავის თავზე, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ერთი ავიამზიდი ჰყავთ თუ ჰყავდათ, რადგან ის მერამდენე წელია სარემონტოდ დგას.

2016 წლის 14 ნოემბერს ხმელთაშუა ზღვაში რუსულ ავიამზიდ „ადმირალ კუზნეცოვის“ (რომელიც მანამდე ცოტა ხნით „თბილისის“ სახელსაც კი ატარებდა) გემბანზე დაჯდომისას ავარია განიცადა МиГ-29К ტიპის გამანაგურებელმა და ზღვაში ჩავარდა, პილოტმა მოასწრო კატაპულტირება.

იმავე წლის 4 დეკემბერს კი რუსული ავიამზიდის გემბანზე დამჯდარმა მძიმე Су-33-მა გაწყვიტა აეროფინიშორის ბაგირი და ზღვაში გადავარდა, პილოტმა კატაპულტირება მოახდინა.

საერთოდ, ავიამზიდიდან აფრენა-დაფრენის ოპერაციის განხორციელება ურთულესი პროცესია და პილოტებისგან უმაღლეს პროფესიონალიზმს მოითხოვს, მაგრამ ამგვარი საავიაციო შემთხვევებისგან მომავალშიც არავინაა დაზღვეული.