"ერევნის მოტივაცია ის იყო, რომ ქართული სახელწოდება "მაწონი" შეიძლება სომხურ "მაცუნში" აერიოთ" - კვირის პალიტრა

"ერევნის მოტივაცია ის იყო, რომ ქართული სახელწოდება "მაწონი" შეიძლება სომხურ "მაცუნში" აერიოთ"

სომხურ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში რამდენიმე დღეა, გრძელდება აჟიოტაჟი, რომლის თანახმად, თბილისი კრძალავს სომხური წარმოების რძის პროდუქტის - „მაცუნის“ რუსეთში ექსპორტს, საქართველოს ტერიტორიის გავლით.

ამასთან დაკავშირებით, სომხური საინფორმაციო სააგენტო „არმენპრესი“ (Արմենպրես) აქვეყნებს სტატიას სათაურით - „საქართველო თავის ტერიტორიაზე „მაცუნის“ მარკირების მქონე პროდუქციის ტრანზიტს კრძალავს: როგორ წყვეტენ პრობლემას მწარმოებლები?“ (ავტორი - ანა გრიგორიანი), რომელშიც განმარტებულია ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის წარმოქმნილი პრობლემის მიზეზი, მისი ისტორია და მოგვარების გზები.

სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, მიზეზი ისაა, რომ ისევე, როგორც საფრანგეთს აქვს დარეგისტრირებული თავისი კონიაკი და შამპანური წარმოშობა/წარმოების გეოგრაფიული მაჩვენებლით (Geographical indication, GI), საქართველომაც დაარეგისტრირა ქართული წარმოების რძის პროდუქტი სახელწოდებით „მაწონი“. რა თქმა უნდა, სომხეთის უწყებამ ამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა „მაცუნის“ სომეხ მწარმოებლებს, რომ საქართველო ოფიციალურად ამზადებს თითქმის ანალოგიური სახელწოდების მქონე რძის პროდუქტს - „მაწონს“ და გააფრთხილა, რომ ამ ფაქტის გამო შეიძლება გარკვეული პრობლემა შეიქმნას, თუ ისინი „მაცუნის“ ექსპორტს საქართველოს ტერიტორიის გავლით განიზრახავენ.

„ჯერ კიდევ 2011 წელს სომხეთის ინტელექტუალური საკუთრების საკითხებში უფლებამოსილმა უწყებამ უკმაყოფილება გამოხატა იმის წინააღმდეგ, რომ საქართველომ ევროკავშირის შესაბამის ორგანოში „მაწონი“ დაარეგისტრირა. ერევნის მოტივაცია ის იყო, რომ ქართული სახელწოდება „მაწონი“ შეიძლება [მყიდველებს] სომხურ „მაცუნში“ აერიოთ, მაგრამ სომხეთის პოზიცია უარყოფილი იქნა“, - ამბობს სამინისტროს პრესმდივანი გაიანე ანტონიანი „არმენპრესის“ კორესპონდენტთან საუბარში.

როგორც პრესმდივანი აღნიშნავს, სომხეთის მთავრობა გეოგრაფიული მაჩვენებლის გამოყენებასთან დაკავშირებით ქართველ კოლეგებთან თანამშრომლობს: „ამ კონტექსტში, ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივით, მომზადდა ცვლილებები, რომლებიც უნდა შევიდეს სომხეთის რესპუბლიკის კანონში „გეოგრაფიული მაჩვენებელების შესახებ“. ეს საშუალებას მისცემს იმ უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს, რომელიც სასოფლო-სამეურნეო სექტორის კოორდინირებას ახდენს, რომ გეოგრაფიული მაჩვენებელი სამომავლოდ მხოლოდ თავისი სახელით დაარეგისტრიროს. დღევანდელი მდგომარეობით, გეოგრაფიული მაჩვენებლის რეგისტრირებას პროდუქციის მწარმოებელი ახდენს.

„კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, „მაცუნი“ სომხეთის რესპუბლიკაში გეოგრაფიული მაჩვენებლით იქნება დარეგისტრირებული. რაც შეეხება მის ექსპორტს სხვადასხვა ქვეყანაში, საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით, ეს მოხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც თბილისი და ერევანი ხელს მოაწერენ შეთანხმებას „გეოგრაფიული მაჩვენებლების ურთიერთაღიარებისა და დაცვის შესახებ“, - განმარტავს გაიანე ანტონიანი, - „შეთანხმების საკითხი განხილული იქნა სომხეთ-საქართველოს უწყებათაშორისო კომისიის სხდომაზე. შემუშავებულია დოკუმენტის პროექტი და დებულება გეოგრაფიული მაჩვენებლების თაობაზე, შედგენილია იმ გეოგრაფიული დასახელებების სია, რომლებიც ორივე ქვეყანაში არსებობს. დოკუმენტები უახლოეს ხანში კვლავ იქნება განხილული“.

„მაცუნს“ სომხური კომპანია „მარიანა“ აწარმოებს და რუსეთის ბაზარს აწვდის. 2021 წლის აგვისტო-სექტემბერშიც იყო პრობლემები „მაცუნის“ რუსეთში ექსპორტთან დაკავშირებით, როცა საქართველომ ამ პროდუქციის თავის ტერიტორიაზე შეტანა აკრძალა. პროდუქციის დასახელებასთან დაკავშირებული პრობლემის თავიდან აცილების მიზნით, კომპანიამ ეტიკეტზე 2021 წლის სექტემბრიდან წარწერა „მაცუნი“ „სომხური მთის იოგურთით“ შეცვალა. „იმ პერიოდში ეკონომიკის მინისტრის ჩარევით, სომხური „მაცუნის“ გარკვეული პარტია რუსეთში მაინც გავიტანეთ, თუმცა სწრაფად მოვახდინეთ ეტიკეტის ცვლილებაც“, - ამბობს კომპანია „მარიანას“ დირექტორის მოადგილე ქრისტინა კარაპეტიანი. როგორც ის აცხადებს, მართალია, საქართველომ თავისი პროდუქციის [„მაწონის“] გეოგრაფიული მაჩვენებელი დიდი ხნის წინ დაარეგისტრირა, მაგრამ, ამის მიუხედავად, მსგავსი სახელის მქონე სომხური პროდუქციის ტრანზიტის პრობლემა ბოლო წლებამდე არ არსებობდა, არავინ არაფერს ითხოვდა, არავინ კრძალავდა და დაბრკოლებებს არ ქმნიდა.

კითხვაზე, შეუძლია თუ არა ამ საკითხს რუსეთში პროდუქციის გაყიდვას პრობლემები შეუქმნას, ქრისტინა კარაპეტიანი ამბობს, რომ რასაკვირველია, მომხმარებელს კითხვები უჩნდება, თუმცა ჩვენ გვყავს ჩვენი წარმომადგენლები, რომლებიც მაღაზიებს პროდუქციის სახელწოდებაში შეტანილ ცვლილებას განუმარტავენ, რათა მათ მომხმარებელს აუხსნან, რომ „სომხური მთის იოგურთი“ იგივე სომხური „მაცუნია“. რა თქმა უნდა, სახელწოდების შეცვლამ გარკვეული ფინანსური დანახარჯები გამოიწვია“.

სხვათა შორის, რძის პროდუქტის დასახელება შეცვლილია მხოლოდ საექსპორტო პარტიებზე. სომხეთში, ადგილობრივ ბაზარზე, „მაცუნი“ კვლავ „მაცუნად“ რჩება.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო