„რუსეთ-ჩინეთის ახალი ტიპის თანამშრომლობა აღემატება „ცივი ომის" დროს დაწყებულ სამხედრო-პოლიტიკურ პარტნიორობას" - რა გეგმები აქვთ პუტინს და სი ძინპინს - კვირის პალიტრა

„რუსეთ-ჩინეთის ახალი ტიპის თანამშრომლობა აღემატება „ცივი ომის" დროს დაწყებულ სამხედრო-პოლიტიკურ პარტნიორობას" - რა გეგმები აქვთ პუტინს და სი ძინპინს

რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებმა მსოფლიოში ძალთა გადანაწილების ახალ აუცილებლობაზე ისაუბრეს

"რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებმა ძალთა გადანაწილების აუცილებლობაზე ისაუბრეს", - წერს გამოცემა CNBC. სტატიაში, რომლის ავტორიც ფრედერიკ კემპია, ვრცლადაა განხილული პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის შეხვედრაზე წამოჭრილი საკითხები.

„ჩვენი დროის ორმა ავტორიტარმა ლიდერმა ერთი მიზნის შესახებ ისაუბრეს და შესაძლოა, იმ კავშირზეც, რომლის მიზანიც ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარებაა, იმ წესრიგის ნაცვლად, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიოში ამერიკამ და მისმა მოკავშირეებმა დაამყარეს.

ჩინეთის ლიდერ სი ძინპინსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სურდათ დარწმუნებულიყვნენ, რომ მსოფლიოს ყურადღება მათი 38-ე შეხვედრისკენ იყო მიმართული, რომელიც 4 თებერვალს პეკინში გაიმართა, რამდენიმე საათით ადრე, ვიდრე ზამთრის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია დაიწყებოდა. ამ შეხვედრების პარალელურად კი, რუსეთის ჯარი ისევ დგას უკრაინის საზღვართან და ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს ისევ ემუქრება“, - წერს სტატიის ავტორი.

"სი ძინპინისა და პუტინის ამბიციური განცხადება, რომელიც, საერთო ჯამში, 5300 სიტყვისგან შედგებოდა, ინგლისურ ენაზე გამოქვეყნდა. განცხადებაში მათ აქცენტი გააკეთეს „მსოფლიოში ძალთა გადანაწილების ტენდენციაზე“, სადაც აშშ-ისა და სხვა დემოკრატიული ქვეყნების ძალთა შემცირება და რუსეთისა და ჩინეთის გავლენის გაძლიერება იგულისხმება...

განცხადებაში უამრავი საინტერესო მონაკვეთია, რაც აუცილებლად უნდა წავიკითხოთ, თუმცა რეზიუმესაც შემოგთავაზებთ: რუსეთი და ჩინეთი ერთიანდებიან და ეს გაერთიანება იმაზე დიდია, ვიდრე სტალინისა და მაოს კავშირი. ისტორიაში პირველად მოხდა, როცა პეკინმა პუტინის მხარე დაიჭირა და დათანხმდა, რომ არ არის საჭირო ნატოს გაფართოება და, ასევე, მხარი დაუჭირა პუტინის ფორმულირებას, რომელიც ევროპული უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის შექმნას გულისხმობს. თავის მხრივ, რუსეთმა არ დაუჭირა მხარი უსაფრთხოების ახალ ფორმატს, რომელიც ავსტრალიამ, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა შექმნეს და, ამავე დროს, რუსეთ-ინდოეთ-ჩინეთის თანამშრომლობას დაუჭირა მხარი.

რუსეთისა და ჩინეთის პარტნიორობას არ ექნება ისეთი ალიანსის სახე, როგორიც - ნატოა, თუმცა სიც და პუტინიც საკუთარ ამბიციებზე ღიად საუბრობენ.

სი ძინპინისა და პუტინის საერთო განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთ-ჩინეთის ახალი ტიპის ურთიერთთანამშრომლობა აღემატება „ცივი ომის" დროს დაწყებულ სამხედრო-პოლიტიკურ პარტნიორობას. ორ სახელმწიფოს შორის მეგობრობას არ აქვს საზღვარი, ამ თანამშრომლობაში არ არსებობს აკრძალული ზონა. ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა არ არის მიმართული რომელიმე, მესამე ქვეყნის წინააღმდეგ“.

„რუსეთი და ჩინეთი ატარებენ თანმიმდევრულ პოლიტიკას აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში თანაბარი, ღია, ინკლუზიური უსაფრთხოების სისტემის შექმნის ინტერესებში, რომელიც არ არის მიმართული მესამე ქვეყნის წინააღმდეგ და უზრუნველყოფს მშვიდობას, სტაბილურობას და კეთილდღეობას“, - აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში.

ბაიდენის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა კი ამ განცხადებაში იმედის სხივი დაინახა, რადგან არსად არ არის ნახსენები უკრაინა, ეს კი იმას გულისხმობს, რომ სი ძინპინიც წინააღმდეგია უკრაინის ტერიტორიაზე შესაძლო შეჭრის საკითხით, თუმცა, ჩინეთის ლიდერს აქამდე არ გაუკეთებია ისეთი განცხადება, რომელიც უკრაინაში ესკალაციის პროცესს შეაჩერებდა", - აღნიშნავს სტატიის ავტორი.

„მხარეები აღნიშნავენ, რომ რუსეთი და ჩინეთი მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოებია, მრავალფეროვანი კულტურითა და ისტორიით, აქვთ დემოკრატის დიდი ისტორია, რომელიც მრავალწლიან გამოცდილებას, მოსახლეობის მხარდაჭერას და მოქალაქეთა საჭიროებების გათვალისწინებას ემყარება“.

უფრო მეტიც - „უფლება განსჯისა, არის თუ არა ქვეყანა დემოკრატიული, მხოლოდ მის მოსახლეობას აქვს“, თუმცა შემდეგ აღნიშნულია, რომ „დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვა არ უნდა გამოიყენებოდეს სხვა სახელმწიფოზე ზეწოლის ინსტრუმენტად“.

სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის ერთობლივ განცხადებაში უამრავ საკითხზეა საუბარი, მათ შორის იმაზეც, რომ ისინი ერთად იმუშავებენ არქტიკის ათვისებაზე და, ამავე დროს, ერთად იმუშავებენ კლიმატის ცვლილების საკითხებზეც.

დასავლელი პოლიტიკოსების ერთ-ერთი დიდი შეცდომა, ალბათ, ისაა, რომ რუსეთისა და ჩინეთისგან მომდინარე გამოწვევებს აქამდე ისინი ცალკე საკითხად განიხილავდნენ და ერთმანეთს არ უკავშირებდნენ. ბაიდენის ადმინისტრაცია იმასაც კი ფიქრობდა, რომ რუსეთის საკითხი „დაეპაუზებინა“ და „უფრო გადაუდებელი“ საკითხისთვის მიეხედა, რომელიც ჩინეთს უკავშირდება.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთისა და ჩინეთის ისტორიას თუ გადავხედავთ, ამ ორ ქვეყანას შორის ასეთი ახლო ურთიერთობა აქამდე არასდროს ყოფილა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, არასდროს მომხდარა, ორი ავტორიტარული მმართველი სტრატეგიულ საკითხებზე ასე თანხმდებოდეს.

იმ დროს, როცა პუტინი უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის საკითხს განიხილავს, ჩინეთთან არსებული ახალი ტიპის ურთიერთობა მას მოსალოდნელი სანქციების გადალახვაში დაეხმარება. აღსანიშნავია, რომ 4 თებერვალს მათ ნავთობ-გაზის ახალ შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც ჯამში 117,5 მილიარდი დოლარის ღირებულებისაა. „როსნეფტმა“, რომელიც რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიაა, განაცხადა, რომ მომავალი 10 წლის განმავლობაში ყაზახეთის გავლით, ჩინეთიდან 100 მილიონ ტონა ნავთობს შემოიტანს. ამ დროს კი „გაზპრომი“ დათანხმდა, რომ ის ჩინეთს 10 მილიარდი კუბური მეტრი გაზით მოამარაგებს. ყურადღება უნდა მივაქციოთ ეკონომიკურ მაჩვენებლებს, რომლის მიხედვითაც, გასულ წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობამ რეკორდული შედეგი აჩვენა, რომელიც 147 მილიარდ დოლარს მოიცავდა, შედეგად, ჩინეთი რუსეთის ყველაზე მსხვილ სავაჭრო პარტნიორად იქცა.

დასავლური ქვეყნების დაზვერვის ინფორმატორთა ცნობით, უკრაინაში სავარაუდო შეჭრა შესაძლოა 20 თებერვალს მოხდეს და ოლიმპიური თამაშების დასასრულს, ასევე, ბელარუსში მიმდინარე სამხედრო წვრთნების დასასრულს დაემთხვეს. გარდა ამისა, ამ პერიოდში უკრაინაში მდინარეები ისე გაიყინება, რომ რუსეთის ტანკები მათ მარტივად გადაივლიან“, - წერს სტატიის ავტორი ფრედერიკ კემპი.

მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პუტინი უკრაინასთან მიმართებით, გასულ კვირას გამართული შეხვედრა, რაზეც ჩინეთმა და რუსეთმა საერთო სტრატეგიული საკითხები შეათანხმეს, გლობალურ ურთიერთობებში ტექტონიკური პროცესების დაწყებას გულისხმობს, რომელიც აშშ-ისა და სხვა დასავლელი მოკავშირე ქვეყნებისგან უფრო კრეატიულ და ერთობლივ მიდგომას მოითხოვს.

რა თქმა უნდა, არსებობს ცდუნება, რომ ნაკლი აღმოვაჩინოთ რუსეთისა და ჩინეთის შეთანხმებაში და გავაკეთოთ აქცენტი ურთიერთგამომრიცხავ საკითხებსა და ფარისევლობაზე, თუმცა რუსეთსა და ჩინეთს, პირველ რიგში, ამერიკასთან დაპირისპირება აერთიანებთ. გარდა ამისა, მათ ცინიკურად მიითვისეს ის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რითაც ამერიკა საკუთარ პოლიტიკურ კურსს განსაზღვრავს - დემოკრატია, ადამიანთა უფლებები და ეკონომიკური განვითარება. (წყარო)

ასევე დაგაინტერესებთ: "რუსები ისტორიულად სხვებს თავს იშვიათად ესხმოდნენ“ - Le Monde