პუტინმა ალიევის სამხედრო ეშმაკობა შეიძლება გაიმეოროს?
რუსეთი აგრძელებს უკრაინის საზღვრებთან თავისი არმიის შენაერთებისა და საბრძოლო ტექნიკის თავმოყრას, მათ შორის - მეტ-ნაკლებად თანამედროვე ტიპის.
და იმის ფონზე, რომ უკრაინაზე საჰაერო შეტევა შეიძლება Су-34-მა, საფრონტო ბომბდამშენმა თვითმფრინავებმა და Ка-52 „ალიგატორის“ ტიპის დამრტყმელმა შვეულმფრენებმა მიიტანონ, ნაკლებად საინტერესოდ უნდა მოჩანდეს ორიოდე დღის წინ უკრაინის საზღვრის გასწვრივ დაბალ სიმაღლეზე მფრენი ათიოდე Ан-2 ტიპის ბიპლანი.
ჯერ კიდევ 1947 წლიდან მფრენი Ан-2 -ები, რომლებიც „კუკურუზნიკებადაც“ მონათლეს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ჰაერიდან შეწამვლის გამო, ერთი შეხედვით, არასერიოზულად მოჩანს თანამედროვე ომებში გამოსაყენებლად, თუმცა სომხებსაც ასე ეგონათ 2020 წლის 27 სექტემბრის გამთენიისას, ყარაბაღის მისადგომებთან...
იმ დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტის - ილჰამ ალიევის ბრძანებით, აზერბაიჯანის არმიამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით, ფართომასშტაბიანი შეტევა წამოიწყო ყარაბაღის მიმართულებით.

გააფთრებული ბრძოლების პირველივე დღეს სომხეთის თავდაცვის სამინისტრო სიამაყით აცხადებდა, რომ სომეხმა მეზენიტეებმა რამდენიმე ათეული აზერბაიჯანული თვითმფრინავი ჩამოაგდეს.
ომების დროს მოწინააღმდეგე მხარეები, როგორც წესი, აბუქებენ ერთმანეთის დანაკარგის რაოდენობას, მაგრამ ჩანდა, რომ სომხების საჰაერო თავდაცვას მართლაც ჰქონდა ჩამოგდებული ყარაბაღის ცაში რამდენიმე აზერბაიჯანული თვითმფრინავი, თუმცა ისინი ნამდვილად არ იყვნენ მოიერიშე Су-25-ები ან გამანადგურებელი МиГ-29-ები, ანუ აზერბაიჯანის სამხედრო-საჰაერო ძალების ძირითადი საბრძოლო თვითმფრინავები.
მხოლოდ მოგებული ომის შემდეგ აღიარეს აზერბაიჯანელმა გენერლებმა, რომ 27 სექტემბერს, სახმელეთო შეტევების დაწყების წინ, მათ აზერბაიჯანის აეროდრომებიდან Ан-2 ტიპის 20 თვითმფრინავი ააფრინეს ყარაბაღის მიმართულებით.

აფრენიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, როდესაც „კუკურუზნიკი“ ფრენის მარშრუტზე „დგებოდა“, ორივე პილოტი თვითმფრინავიდან პარაშუტით ხტებოდა, ხოლო მარტივი ავტოპილოტი (რომელთა „კუკურუზნიკებზე“ დაყენების გასაიდუმლოებული ოპერაცია აზერბაიჯანელ სამხედროებს, თურმე, ჯერ კიდევ 2013 წლიდან დაუწყიათ) ინარჩუნებდა თვითმფრინავის ფრენის კურსს.
2-3 კმ სიმაღლეზე 200 კმ/სთ-მდე სიჩქარით მფრენი აზერბაიჯანული „კუკურუზნიკები“ საუკეთესო „ლუკმა“ აღმოჩნდა ყარაბაღში განთავსებული სომხების საზენიტო „ოსას“ რაკეტებისთვის.
სომეხი მეზენიტეები ზეიმობდნენ, ოღონდ ერთი რამ ვერ გაეგოთ - ჩამოგდებულ „კუკურუზნიკებში“ მფრინავების ცხედრებს ვერ ნახულობდნენ და თანაც - საზენიტო რაკეტის მოხვედრის მომენტში თვითმფრინავები რაღაც განსაკუთრებული ძალით ფეთქდებოდნენ - უბრალოდ, სომხეთის სამხედრო დაზვერვამ მაშინ არ იცოდა, რომ აზერბაიჯანელი პილოტები უკვე პარაშუტებით იყვნენ გადმომხტარნი, ხოლო „კუკურუზნიკის“ სალონში ორი-სამი 250 კგ კალიბრის საავიაციო ბომბი იდო, აფეთქების ეფექტის გასაძლიერებლად, თუკი სომეხი მეზენიტეები „კუკურუზნიკს“ ვერ ჩამოაგდებდნენ და ის სადმე, მიწაზე, მოწინააღმდეგის პოზიციების სიახლოვეს მაინც დაეცემოდა.
რამდენიმე ათეული „კუკურუზნიკის“ მოწინააღმდეგის მხარეს უპილოტო რეჟიმში გადაფრენით აზერბაიჯანელი სამხედროები, ძირითადად, ორ ამოცანას ისახავდნენ.
პირველი - მოძველებული და რესურსამოწურული „კუკურუზნიკების“ ჩამოსაგდებად სომეხი მეზენიტეები დეფიციტურ და ძვირად ღირებულ საზენიტო რაკეტებს დახარჯავდნენ.
მეორე და მთავარი - კარგად შენიღბული სომხების საზენიტო „ოსას“ დანადგარები „კუკურუზნიკების“ ჩამოსაგდებად გაშვებული რაკეტებით და საბორტე რადიოლოკატორის ამოქმედებით ამჟღავნებდნენ საცეცხლე პოზიციას, რომელსაც მაშინვე აფიქსირებდა მაღალ სიმაღლეზე ბარაჟირებადი უპილოტო „ბაირაკტარი“, რომელიც თავისივე მცირეგაბარიტიანი მართვადი ბომბებით ან რაკეტებით წერტილოვან საჰაერო დარტყმას აყენებდა გამომჟღავნებულ სომხურ „ოსას“ ან ამ „ნუგბარ“ სამიზნეს დრონ-კამიკაძეს „გადაულოცავდა“...

„კუკურუზნიკების“ საშუალებით განხორციელებული ამ სამხედრო ეშმაკობით აზერბაიჯანმა მოახერხა სომხების საჰაერო თავდაცვის საზენიტო-სარაკეტო დანადგარების უმეტესი ნაწილის ადრეულად აღმოჩენა და მათი განადგურება, რის შემდეგაც საჰაერო სივრცე უკვე აზერბაიჯანის პილოტირებულ საბრძოლო ავიაციას - მოიერიშე Су-25-ებსა და დამრტყმელ Ми-24-ებს გაეხსნათ, ისე, რომ ნაკლებად ეშინოდათ პილოტების დაღუპვის.
უკრაინის საზღვართან მწყობრად მფრენმა ათიოდე რუსულმა „კუკურუზნიკმა“, რომლებიც ვიდეოკადრებითაა დაფიქსირებული, ბუნებრივია, გააჩინა ეჭვი, რომ პუტინმა შეიძლება გაიმეოროს ალიევის სამხედრო ეშმაკობა და თავისი Ан-2 -ები მასობრივად გამოიყენოს უკრაინის საჰაერო თავდაცვის, ისედაც მცირე რაოდენობის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების „გასაღვიძებლად“, რომ შემდეგ ის რუსულმა ავიაციამ ზუსტი საჰაერო დარტყმებით გაანადგუროს.
თუმცა უკრაინის წინააღმდეგ „კუკურუზნიკების“ საბრძოლო გამოყენების კიდევ ერთი, სხვა გზაც შეიძლება აირჩიოს რუსეთის გენერალიტეტმა, კერძოდ კი - უკრაინის საზღვრის სიღრმეში სპეცდანიშნულების ბრიგადების მცირერიცხოვანი სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფების პარაშუტებით მცირე სიმაღლიდან დესანტირებისთვის. თუმცა ამისთვის Ми-8МТ ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო შვეულმფრენები უფრო გამოდგება, რომლებსაც იმავე სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფების დესანტირება პარაშუტების გარეშე შეუძლიათ, მიწაზე შვეულმფრენის ორიოდე წუთით დაჯდომის დროს.
პ.ს. აფხაზეთის ომის დროს და მას შემდეგაც ქართული მხარეც იყენებდა „კუკურუზნიკებს“ კოდორის ხეობის მოსამარაგებლად. აგვისტოს ომის დროს კი რუსულმა მოიერიშეებმა მარნეულის სამხედრო აეროდრომის დაბომბვისას სამი ასეთი თვითმფრინავი გაგვინადგურეს, რასაც, სამწუხაროდ, მსხვერპლიც მოჰყვა იქ მყოფ ქართველ მფრინავებსა და ტექნიკოსობს შორის.
სომხური "ოსას“ მიერ აზერბაიჯანული "კუკურუზნიკის“ ჩამოგდების ვიდეოკადრები