"არავინ იცის, ეს როგორ უნდა მოხდეს - ციხეს შტურმით აიღებენ თუ...?" - კვირის პალიტრა

"არავინ იცის, ეს როგორ უნდა მოხდეს - ციხეს შტურმით აიღებენ თუ...?"

ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია - „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ ცდილობს, დაარწმუნოს თავისი ელექტორატი, რომ გუნდში განხეთქილება არ არის. სულ ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა ჩანაწერი, რომელშიც ნიკა მელია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება არასწორი გადაწყვეტილება იყო. ჩანაწერს გამოეხმაურა თავად ნიკა მელიაც, რომელმაც დაადასტურა, რომ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის წინააღმდეგი ნამდვილად იყო და ისიც დასძინა, რომ ის, ისევე როგორც სააკაშვილი, არ თვლის, რომ სააკაშვილის თავისუფლება ერთადერთი იდეაა, რომელმაც ხალხი გარეთ უნდა გამოიყვანოს. რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“ და მოსალოდნელია თუ არა პარტიას ლიდერები გამოეყონ? - ამ საკითხებთან დაკავშირებით ექსპერტები გია ხუხაშვილი და თორნიკე შარაშენიძე გვესაუბრებიან.

გია ხუხაშვილი:

- ის, რაც ყველაზე ნათელი და ცხადია, ის არის, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის კრიზისი, რაც, თავისთავად, იწვევს აზრთა სხვადასხვაობას. ეს აზრთა სხვადასხვაობა რამდენად გადაიზრდება ისეთ გადაულახავ დაპირისპირებაში, რომელიც ვეღარ დაიმალება და საჯაროდ გამოვა, გადაწყვეტილებებში აისახება, ან რომელიმე ლიდერი დატოვებს თუ არა პარტიას, გამიჭირდება ამის თქმა. რატომ არის პარტიაში კრიზისი? იმიტომ, რომ პარტიის ლიდერები, ისევე, როგორც დანარჩენი ოპოზიცია, არათანმიმდევრულად მოქმედებენ. გარკვეული აპათიის ელემენტები ამომრჩეველშიც შეიმჩნევა. მხარდამჭერების თვალსაზრისითაც, პარტიას არ აქვს ელექტორალურად ზრდის პოტენციალი. „ნაციონალების“ მთავარი შეცდომა ის არის, რომ „ქართული ოცნების“ მსგავსად, დღემდე ერთი ადამიანის გარშემო ტრიალებენ. ნიკა მელია თითქოს ცდილობს ამ მოცემულობის გარღვევას, ე.ი. ის თავის პოლიტიკურ სახეს ქმნის და პირად კაპიტალს აგროვებს. ეს, პოლიტიკური თვალსაზრისით, კარგია, მაგრამ მეორე მხრივ, კონფლიქტს იწვევს, რადგან რელიგიის კონვერტაცია პარტიაში ძალიან მტკივნეული პროცესია და აზრთა სხვადასხვაობას იწვევს.

- რას ფიქრობთ გიგი უგულავას ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც ოპოზიციის „ნაციონალური მოძრაობის“ ფრთის ქვეშ გაერთიანებას გულისხმობს?

- ეს იმდენად უაზრო ინიციატივაა, რომ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებაც კი არ ღირს.

თორნიკე შარაშენიძე:

- მეც ვფიქრობ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ კრიზისია, კრიზისი შექმნა იმ წარუმატებლობამ, რომელსაც ბოლო დროს პარტია მუდმივად განიცდის. მათი მთავარი პრობლემა ის არის, რომ არარეალური მიზნები დაისახეს. მათი გათვლები ხალხის ქუჩაში გამოყვანასა და რევოლუციის მოწყობაზე იყო. ვერ გამოიყვანეს ხალხი ქუჩაში, ვერ მოაწყვეს რევოლუცია და სხვა გამოსავალიც ვეღარ ნახეს. შესაბამისად, გაიზარდა მათ შორის დაძაბულობა. მათთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი სააკაშვილის გათავისუფლებაა, მაგრამ არავინ იცის, ეს როგორ უნდა მოხდეს. მეც არ ვიცი. ციხეს შტურმით თუ აიღებენ, ეგ არ ვიცი და სხვაგვარად, უბრალოდ, წარმოუდგენელია.

- „ნაციონალებისთვის“ გამოსავალი შეიძლება იყოს ოპოზიციის გაერთიანება?

- კი, მაგრამ ეს შეუძლებელია. ვისაც უნდოდა „ნაციონალებთან“ გაერთიანება, უკვე გაერთიანდა თვითმმართველობის არჩევნების წინ, ვისაც თავისი დღის წესრიგი აქვთ, მისთვის „ნაციონალებთან“ არევა იდენტობის დაკარგვის ტოლფასია. ამიტომ არა მგონია, რომელიმე მათგანს ამის სურვილი ჰქონდეს.

(სპეციალურად სატისთვის)

ხათუნა ბახტურიძე