"ვეძებთ 4 ბავშვს! - ჩემი ქმარი ლამის გადარეულა, დაულეწავს ყველაფერი" - კვირის პალიტრა

"ვეძებთ 4 ბავშვს! - ჩემი ქმარი ლამის გადარეულა, დაულეწავს ყველაფერი"

„ვეძებთ 4 ბავშვს! 1987 წლის აპრილში ოჯახმა დაკარგა ტყუპი - ბიჭი და გოგონა, ხოლო 1990 წლის 8 მარტს - ტყუპი გოგონა. მათი დაბადება არ ფიქსირდება არც საჯარო რეესტრში და არც ე.წ. სიმართლის წიგნში. ყველაფერი გააქრეს. ტესტიც ყველას გაკეთებული გვაქვს. აღარ არსებობს სხვა გზა, ხალხის დახმარების გარდა. გემუდარებით, შეხედეთ თანდართულ ფოტოებს - იქნებ ვინმეს მიამსგავსოთ. პატარა ინფორმაციაც კი ძალიან მნიშვნელოვანია! ანონიმურობა გარანტირებულია. გთხოვთ, დაგვეხმარეთ!

ტყუპებო, 24 საათი თქვენს ძებნაში ვართ. აღარც მახსოვს, როდის მეძინა მშვიდად. სხეული კი არა, სული მტკივა. როგორ ვერ გპოულობთ? ყველა გზა მოგვეჭრა, თითქოს. ერთადერთი იმედია, იქნებ ტესტი გაიკეთოთ. ოჯახიდან 5 ადამიანს გვაქვს გაკეთებული და ჩვენი მონაცემები მსოფლიო ბაზაშია. თქვენ ჩემი დისშვილი ხართ! შემოგევლოთ დეიდა, გამოჩნდით, გთხოვთ... გელოდებით!" - ეს პოსტი თამარ კანდელაკს ეკუთვნის. მისი მეშვეობით ტყუპების დედას, ქალბატონ ნინოს დავუკავშირდით, რომელმაც ემოციურად ისაუბრა და გაიხსენა ის ტკივილიანი დღეები, რომელიც მისთვის რთულად გადასატანი გახდა...

273034399-264004129145888-4771708471446560648-n-1644412774.jpg

- 1987 წელს თემქაზე, მეხუთე სამშობიაროში მომათავსეს ნაყოფის შენარჩუნების მიზნით. ექიმები შიშობდნენ, სისხლდენა არ დამწყებოდა და შედეგად, მუცლადმყოფი პატარები არ დამეკარგა. როდესაც 7 თვის ორსული ვიყავი ან ცოტა მეტის, მათი ეჭვი გამართლდა, სისხლდენა დამეწყო. ვინაიდან ძალაგამოცლილი ვიყავი, მითხრეს, - დაგაძინებთ და ისე გამშობიარებთ, რომ გაგიადვილდესო. ამ სამშობიაროში მუშაობდა ქალბატონი, სახელად ჟუჟუნა, რომელიც საავადმყოფოში მყოფს ძალიან დამიმეგობრდა და რადგან მშობიარობა მოულოდნელად დამეწყო, ჩემი ახლობლები კი იქ არ იყვნენ, ამ ქალს ვთხოვე, არ მივეტოვებინე. ჟუჟუნას ჩემი ხელი ხელში ეჭირა და მშობიარობის შემდეგ რომ გამოვფხიზლდი, ისევ ჩემ გვერდით იყო... ბავშვები რომ მოვიკითხე, მითხრა: ძალიან ცუდი მშობიარობა გქონდა, შენი შვილები ცოცხლები არ არიანო. ერთი ნაყოფი ხელით წამოვიდა, მეორე - ფეხით და მათი გამოსვლისას ისეთი სისხლდენა აგიტყდა, ძლივს გადაგარჩინეს, ბავშვები კი ასე მოისროლესო, - ხელით ჰაერი მოხაზა. ისიც დასძინა, უკვე დიდები იყვნენ, გოგო და ბიჭი, აი, ამხელა ტერფები ჰქონდათო, - ესეც ხელით მიჩვენა... გავგიჟდი, რას ნიშნავს ბავშვები მოისროლეს-მეთქი და ნერვეულობისგან ისევ სისხლდენა დამეწყო. მერე რა მოხდა, აღარ მახსოვს...

მას მერე, რაც მოპარულ ბავშვებზე ამდენი ამბავი იწერება და მეც დავიწყე ძებნა, გავიგე, რომ, თურმე, როცა ჩემი ოჯახის წევრები მივიდნენ სამშობიაროში და ბავშვები მოიკითხეს, მათ უთხრეს, ნაყოფის დანაწევრება და ასე გამოტანა მოგვიხდა, სხვა გზა არ იყოო. მაშინ ეს ჩემთვის არავის უთქვამს. ახლა ვფიქრობ, რომ მაშინაც მოგვატყუეს, როგორც მოგვიანებით, 1990 წლის 8 მარტს, როცა მეორედ ვიმშობიარე ტყუპზე და სამშობიაროდან ისევ ხელცარიელი გამოვედი...

272721107-466152555039844-4575450593653343427-n-1644413006.jpg

ამჯერად პირველ სამშობიაროში, ნახალოვკაში მიმიყვანეს, მაშინ 8 თვის ორსული გახლდით. წყალი ნაადრევად დავღვარე. სამშობიაროში გვითხრეს, - რადგან 8 მარტია, დასვენების დღე, მარტო ერთი მორიგე ექიმია, მალე ვერ მოგხედავსო. სხვა რა გზა იყო და დავრჩი. იმ ღამით ვიმშობიარე. მეორე დღეს, ბავშვები რომ არ მომიყვანეს, შევწუხდი, შემეშინდა და ძლივს წამოვდექი, მივედი ბავშვების ოთახში და დავმშვიდდი, რადგან ორივე ვნახე. ერთს ჰქონდა ცისფერი თვალები, ქერა თმა და მე ძალიან მგავდა, ნიკაპიც კი ჩემსავით ეკეცებოდა, მეორეს ეძინა, მისი თვალის ფერი არ მინახავს, მაგრამ ძალიან ჰგავდა ჩემს მეუღლეს, თეთრი სახე და შავი თმა ჰქონდა... მეორე დღეს შოკი მივიღე, რადგან მითხრეს, ბავშვები მოკვდნენო. ისევ ძალიან ცუდად გავხდი. ჩემი ქმარი ლამის გადარეულა, დაულეწავს ყველაფერი, - ან ცოცხლები მაჩვენეთ, ან მკვდრებიო. არ ანახეს. აყალმაყალის შემდეგ ერთ-ერთ ექთანს გარეთ გაუყვანია: ძმაო, არ გინდა, გთხოვ. გაჩვენებთ, მაგრამ რატომ იწვალებთ თავს, მთელი ცხოვრება ვერ დაივიწყებთ გარდაცვლილი ბავშვების სახეებსო. ხომ იცით, კაცები უფრო სუსტი გულის პატრონები არიან, ვიდრე ქალები და დაიხია უკან. მე მაშინ ბრძოლის თავი არ მქონდა, მერე კი დამარწმუნეს, რომ ცოცხლები აღარ იყვნენ...

273184127-1105909056833452-5052833498659962008-n-1644412809.jpg

- ახლა რამე კვალზე თუ გახვედით?

- მოსმენილმა ამბებმა გამიჩინა იმედი, იქნებ ჩემი შვილებიც ცოცხლები არიან და მათზე ვიღაცამ იზრუნა? იქნებ ჩემგან არც ისე შორს არიან? ამ საქმეში აქტიურად მეხმარება ჩემი და, რომელიც ყველა ჯგუფს თვალს ადევნებს, პოსტებს აქვეყნებს. შედეგად, ხან ვინ გამომეხმაურა, ხან - ვინ. ამას წინათ ერთი გოგონა დამიკავშირდა: ზუსტად ამ სამშობიაროში მეც 8 მარტს დავიბადეო. თითქოს, რაღაცნაირი მსგავსებაც იყო ჩვენ შორის. ვინაიდან მე ამერიკაში ვმუშაობ, ჩამოსვლა ვერ მოვახერხე, მაგრამ გოგონას ჩემი მეუღლე შეხვდა და აღფრთოვანებული იყო, ეგონა, შვილი იპოვა, ვერ ისვენებდა. მერე ტესტი გაიკეთეს, გამოაგზავნეს ამერიკაში, მაგრამ, სამწუხაროდ, უარყოფითი პასუხი მივიღეთ. არადა, ის გოგონაც ისეთი დარწმუნებული იყო, რომ მისი მშობლები ვიქნებოდით.

თუმცა, ამ ამბავს კარგი გაგრძელებაც აქვს: გოგონამ, ჩატარებული ტესტის წყალობით, თავისი ნამდვილი დედა იპოვა, რომელსაც მოგვიანებით მეც ვესაუბრე. ამ ქალმა, იცით, რა მიამბო? შენი შვილები ცოცხლები არიან. ძალიან კარგად მახსოვხარ, ერთად ვიმშობიარეთ და უფრო მეტიც, მე ვაწოვე შენს შვილებს ძუძუ. ერთი კვირის განმავლობაში შემოჰყავდათ პატარები ჩვენს პალატაში და გვეუბნებოდნენ, რომ ჩვილების დედას რძე არ გქონდაო. ისე, მარტო მე კი არა, სხვებიც აჭმევდნენ, ხან ვისთან მიჰყავდათ და ხან ვისთანო. თურმე, ქალებს ჩემთან მოსვლაც უნდოდათ, მაგრამ ისინი გაუფრთხილებიათ, ეს არ გაეკეთებინათ: ძალიან განიცდის, თვითონ რომ ვერ კვებავს და არ გააღიზიანოთო...

გარდა ამისა, დამიკავშირდა კიდევ ერთი ქალბატონი, რომელმაც მითხრა: საავადმყოფოში ვმუშაობდი ექთნად. შენი შვილები ცოცხლები არიან. მაშინ ჩვენ, ექთნებს გვითხრეს, რომ პატარები არ გინდოდა, რადგან ვიღაცისგან გყავდა გაჩენილი და ის კაცი ციხეში იჯდა, შენ კი ბავშვებს სახლში ვერ წაიყვანდი. არადა, ისეთი ლამაზები იყვნენ, მინდოდა, მე ამეყვანა ეს ბავშვებიო. ვკითხე, თქვენ არ გყავთ შვილი-მეთქი? როგორ არა, ბიჭიც მყავს და გოგოცო. - აბა, რად გინდოდათ ჩემი შვილის აყვანა-მეთქი? - თვეზე მეტხანს იყვნენ ჩვენთან, მე ყოველდღე მივდიოდი ბავშვებთან, ვუვლიდი და ვუცვლიდი, ამასობაში ძალიან შემიყვარდნენ. ჩვენს მეზობლად ცხოვრობდა უშვილო ქალი და იმასაც კი ვეუბნებოდი, გავაკეთოთ სიკეთე, ეს დები არ დავაშოროთ, ერთს მე ავიყვან და მეორე შენ აიყვანე-მეთქი, მაგრამ უარი მითხრა, მე კი ორივეს ვერ მოვუვლიდი. მერე წაიყვანეს ეს ბავშვებიო. ცხადია, რომც იცოდეს, არ მეტყვის, ვინ წაიყვანა...

272876802-654172775773755-4867814218540567243-n-1644412829.jpg

- რატომ გგონიათ, რომ არ გეტყვით?

- იცით, თავიდან მეგონა, გასამხნევებლად დამიკავშირდა, მაგრამ მერე უცნაურად დაიწყო საუბარი, თითქოს მებრძოდა: ან რას ეძებ ამ ბავშვებს? რა გგონია, რომ იპოვო, მოვლენ და ყელზე შემოგეხვევიანო? მე ვუთხარი, ჩემი შვილები ცუდები არ იქნებიან. მათ რაც დავაკელი, ჩემდა უნებურად, იმის ანაზღაურებას მაქსიმალურად შევეცდები და რას გააკეთებენ, ეგ მათი არჩევანი იქნება. მე თუ ვიპოვე, ბედნიერი ვიქნები და ისინიც, ზუსტად ვიცი, გაიხარებენ-მეთქი. მოკლედ, ბოლოს ცუდად მელაპარაკა. ასე მგონია, მან იცის, სად არიან ჩემი შვილები და დამიკავშირდა, რადგან აინტერესებდა, რას ვაკეთებდი, რა ვიცოდი, კვალზე გავედი თუ არა. თავიდან, ვითომ, როგორც გულშემატკივარმა, ისე დამირეკა და მერე უცნაურად დამიპირისპირდა.

272674762-455671769585480-3139900117384261682-n-1644412875.jpg

როგორ ვათქმევინო ადამიანს ის, რისი თქმაც არ უნდა? ამაგი მქონდა შენს შვილებზე და შემიყვარდნენო. თუ ასეთი კარგი ადამიანი იყო, შეუყვარდა ეს უცხო ბავშვები, მისი დედა რომ იპოვა, ყველანაირად არ უნდა დამეხმაროს?

- ახლა რამდენი შვილი გყავთ?

273209282-491297929052113-561792127324616427-n-1644412915.jpg

- ორი გოგონა მყავს და ისინიც ელოდებიან დედმამიშვილების გამოჩენას. ჩემს შვილს მინდობილობა გავუგზავნე და ის ყველგან მივიდა: სამშობიაროში, საჯარო რეესტრში და ა.შ., მაგრამ ყველა კვალი გამქრალია. უფრო მეტიც, ისე გამოდის, რომ არც მიმშობიარია. არც ერთი ბავშვი არსად არ ფიქსირდება, გააქრეს ყველაფერი.

273066873-1064594791063853-3968729929769612302-n-1644412962.jpg

ჩვენ, ოჯახის წევრებმა, ტესტი გავიკეთეთ, რომლის მონაცემებიც მსოფლიო ბაზაშია. ერთადერთი, უფლის და მეორე, იმის იმედი მაქვს, ჩემი შვილები ოდესმე გაიგებენ, რომ ისინი თავის დროზე იშვილეს და ამ ტესტს გაიკეთებენ, რაც ისევ ერთ ოჯახად გაერთიანების საშუალებას მოგვცემს.

P.S. თუ გეცნობათ ეს ამბავი ან რამე ინფორმაციას ფლობთ ტყუპების შესახებ, დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 558 25.60.81. ანონიმურობა გარანტირებულია.

ლიკა ქაჯაია (სპეციალურად საიტისთვის)