კრემლი უკრაინაში ამერიკული ანტისარაკეტო სისტემების გამოჩენის პერსპექტივამ დააფრთხო
ბოლო დღეებია, რუსეთის სხვადასხვა დონის ოფიციალური პირები დაჟინებით აცხადებენ, რომ ამერიკული ანტისარაკეტო სისტემის - THAAD-ის უკრაინაში ჩატანის შემთხვევაში რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბება და ამაზე პასუხისმგებელი სწორედ თეთრი სახლი გახდება.
რამ გაანერვიულათ ასე კრემლში, თუკი აქამდე სწორედ რუსული შეირაღების უკრაინის საზღვართან ყოვლდღიური „მიჩოჩების“ გამო მხოლოდ უკრაინელები და მათი მხარდამჭერი დასავლეთი ნერვიულობდა?
საქმე ის არის, რომ არდასახელებულმა დიპლომატიურმა წრეებმა გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, უკრაინის ხელისუფლებამ ვაშინგტონს ოფიციალურად მიმართა ქალაქ ხარკოვთან ამერიკული ულტრათანამედროვე ანტისარაკეტო სისტემის - THAAD-ის რამდენიმე დივიზიონის განთავსების შესახებ.

ანტისარაკეტო THAAD-ი ტანკსაწინააღმდეგო „ჯაველინი“ არ გეგონოთ, დიახ, ისიც თავდაცვითი დანიშნულების სარაკეტო სისტემაა, მაგრამ თუკი „ჯაველინი“ 2 კმ-ზე ტანკის ასაფეთქებლადაა განკუთვნილი, THAAD-ი კი 200 კმ-ზე მოწინააღმდეგის ბალისტიკური რაკეტის ჩამოსაგდებად შეიქმნა.
ანუ მას უკვე დიდ პოლიტიკაშიც შეუძლია ბევრი რამის შეცვლა და ამიტომაც კრემლში იმის გაფიქრებაც არ სურთ, რომ ამერიკული THAAD-ები შეიძლება უკრაინის ხარკოვთან განთავსდეს, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვიდან სულ რაღაც 600-ოდე კმ-ში.
მართალია THAAD-ი თავდაცვითი დანიშნულების საირაღო სისტემაა, მაგრამ მისი საბრძოლო დანიშნულებაა, ჩამოაგდოს არაუშორეს 3 500 კმ-დან სტარტაღებული ის საშუალო სიშორის და ოპერატიულ-ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტები, რომელთა სიჩქარე 3,5-4,5 კმ/წმ-მდე შეიძლება აღწევდეს.

THAAD-ის ანტისარაკეტო სისტემაში შემავალი ძლიერი რადიოლოკატორი 1 000 კმ-ის სიშორეზე აღმოაჩენს მფრინავ სამიზნეს, რის შემდეგაც THAAD-ის 6 მ სიგრძისა და 900 კგ მასის ანტირაკეტა 200 კმ რადიუსში და 150 კმ-ის მაქსიმალურ სიმაღლემდე დიაპაზონში ახდენს მოწინააღმდეგის ბალისტიკური რაკეტის გადაჭერას.
THAAD-ის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი, აქამდე შექმნილი საზენიტო რაკეტებისგან, ის არის, რომ მის საბრძოლო ქობინში ასაფეთქებელი ნივთიერების ნაცვლად მაღალმანევრირებადი „ჭკვიანი“ მართვადი მოწყობილობაა განთავსებული, რომელიც ინფრაწითელი თვითდამიზნების სისტემისა და საკუთარი რაკეტული ძრავის საშუალებით ზუსტად ეჯახება საწინააღმდეგო მხრიდან უზარმაზარი სიჩქარით მფრენ მოწინააღმდეგის ბალისტიკური რაკეტის კორპუსს. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს არ ინიცირდება ასაფეთქებელი მოწყობილობა, დაჯახებისას წარმოქმნილი უზარმაზარი კინეტიკური ენერგია სრულიად საკმარისია მრავალტონიანი ბალისტიკური რაკეტის ფრაგმენტებად დასაშლელად.

რუსეთის გენერალიტეტი შეიძლება არცთუ უსაფუძვლოდ უფრთხოდეს იმას, რომ პოლონეთსა და რუმინეთში განთავსებულ ამერიკულ ანტისარაკეტო სისტემებს მალე თუკი უკრაინის ტერიტორიაზეც დაემატა THAAD-ის დივიზიონები, მათ თეორიულად და პრაქტიკულადაც შეეძლებათ იმ რუსული ბირთვულქობინიანი ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდება, რომლებიც საშუალო სიშორეზე, მაგალითად, ევროპაში არსებული სამიზნეებისკენ იქნებიან გაშვებულნი.
ყოველივე ეს კი ერთი კარგი ქართული ანდაზით შეიძლება შეფასდეს - თაგვმა თხარა, თხარაო და კატა გამოთხარაო...
ავღანეთის ოცწლიანი ომის ჭაობში ჩაძირულ აშშ-სა და მთლიანად - ნატოს საერთოდ არ აინტერესებდათ უკრაინის გადაიარაღება, არც აღმოსავლეთისკენ გაფართოების სურვილი კლავდათ დიდად, ხოლო შავ ზღვაში გაძლიერება საერთოდ დავიწყებული ჰქონდათ, სანამ ახალი რუსული იმპერიის აღდგენის იდეით დაავადებულმა პუტინმა, ჩეჩნეთის მორჯულების შემდეგ, ჯერ - საქართველოს, მერე კი - უკრაინის ნაწილობრივი ოკუპაცია არ მოახდინა და უკვე თავად ნატოს აღმოსავლეთ წევრებს არ დაემუქრა...
პ.ს. 2022 წლის 17 იანვარს შედგა THAAD-ის საბრძოლო ნათლობა, როდესაც მან არაბთა გაერთიანებული საემიროების ტერიტორიაზე არსებული ნავთობტერმინალისკენ ჰუსიტების მიერ გაშვებული საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდო...