„პუტინის გიგანტური მაგიდა: ძალის დემონსტრირება თუ პარანოია?“ - კვირის პალიტრა

„პუტინის გიგანტური მაგიდა: ძალის დემონსტრირება თუ პარანოია?“

ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში“ (The Guardian) დაბეჭდილია სტატია სათაურით - „პუტინის გიგანტური მაგიდა: ძალის დემონტრირება თუ პარანოია?“ (ავტორი - ოლივერ ჰოლმსი), რომელშიც განმარტებულია, თუ რატომ ისხდნენ დიდ, მრგვალ მაგიდასთან რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტები და, საერთოდ, რა როლს ასრულებს ინტერიერი ლიდერების მოლაპარაკებებში.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

„ძლიერნი ამას სოფლისანი“ ავეჯს ხშირად სტუმარზე შთაბეჭდილების მოსახდენად იყენებენ - ან დადებითი განზრახვით, ან პირიქით - დასაშინებლად.

„სამეფო კარის თამაშებში“ ძალაუფლების მთავარ სიმბოლოს რკინის მაღალი ტახტი წარმოადგენს, რომელიც დამარცხებული მტრების კუთვნილი გადამდნარი ხმლებით არის დამზადებული. „ბონდიანის“ ერთ-ერთ ფილმში ბოროტმოქმედი თავის ბუნაგს ზვიგენების აკვარიუმით „ამშვენებს“. რეალურ ცხოვრებაში კი ჩვენ ვხედავთ ვლადიმერ პუტინს, თავისი საკვირველი, უზარმაზარი, თეთრი მაგიდით.

რუსეთის ლიდერმა ჩვევად აქცია, რომ მაღალი რანგის სტუმრები გიგანტურ, ოვალურ მაგიდასთან მიიღოს, რომლის სიგრძე, დაახლოებით, ხუთი მეტრია და რომელიც სამ, მასიურ კოლონას ეყრდნობა. მაგიდის შუაში მხოლოდ ყვავილებიანი ვაზა დგას.

რაც შეეხება ეფექტიან ავეჯს, ამ მხრივ ვლადიმერ პუტინი მსოფლიოს ლიდერებს შორის მარტო არ არის: ჩრდილო-კორეელ ბელადს - კიმ ჩენ ინს კაბინეტში იმდენი წიგნების კარადა აქვს, რომ ერთ საშუალო ბიბლიოთეკას ეყოფა. ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს კი კედელზე უშველებელი სურათი აქვს ჩამოკიდებული, „დიდი კედლის“ გამოსახულებით, რაც კარგად ჩანდა პანდემიის დროს განხორციელებულ ვიდეოჩართვებში. ლიბიის ყოფილი დიქტატორი მუამარ კადაფი შეხვედრებს ფართო და ნათელ კარავში მართავდა. შესაძლოა, ასეთი ხერხით თავის უბრალო ბედუინურ წარმომავლობაზე მიანიშნებდა, რათა სტუმარი მასპინძლის მიმართ კეთილად განწყობილიყო. ერთობ „მორიდებული პოლკოვნიკი კადაფი“ მთელ მსოფლიოში თავისი განუყრელი კარავით დადიოდა და მას დიდი მეგაპოლისების ღია ადგილებზეც შლიდა ხოლმე, მაგალითად, რომში - დორიან-პამფილის სასახლესთან, ნიუ-იორკის ახლოს, დონალდ ტრამპის მამულში, მოსკოვში - კრემლში და სხვაგან.

მალაიზიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს - მაჰატჰირ მოჰამედსაც შთამბეჭდავი კაბინეტი ჰქონდა - დიდი მაგიდა ედგა, მაგრამ უნივერსალური გამოყენებით: ამბობენ, რომ პრემიერს სადილის შემდეგ მაგიდაზე ლოგინსაც უშლიდნენ, მოსასვენებლად, ტკბილი სიზმრებით.

მაგრამ რა გზავნილი იმალება ვლადიმერ პუტინის მაგიდის სახით და, საერთოდ, არის თუ არა რამე ამგვარი?

ორშაბათს რუსეთის პრეზიდენტმა თავის სამსვეტიან, კოლოსალურ მაგიდაზე ფრანგი კოლეგა - ემანუელ მაკრონი მიიღო, რომელიც მოსკოვში იმ იმედით ჩაფრინდა, რომ ვლადიმერ პუტინთან ინტენსიურად ელაპარაკა და უკრაინის კრიზისთან მიმართებით, „ისტორიული გადაწყვეტილება“ მოეძებნა, მაგრამ ფრანგმა ლიდერმა რუს ლიდერს ვერაფერი დაათმობინა. მოარული ხმების თანახმად, ვლადიმერ პუტინმა ასეთი მაგიდა სპეციალურად დაადგმევინა, რომ ემანუელ მაკრონისათვის თავისი ძალა ეგრძნობინებინა, დაემორჩილებინა და ფიზიკურად არად ჩაეგდო. თუმცა გამორიცხული არ არის, რომ ეს მხოლოდ პოლიტიკური ჟესტი არ იყო - შესაძლოა, უბრალოდ, რუსეთის პრეზიდენტი კორონავირუსით დასნებოვნებას მოერიდა.

იანვრის დასაწყისში რუსეთის ლიდერმა იმავე მაგიდასთან მიიღო უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი. მოსკოვმა ლიდერების შეხვედრა ძალზე თბილი და მეგობრული სახით წარმოადგინა, თუმცა ორივე ერთმანეთისაგან საკმაო მოშორებით იჯდა.

მსგავსი მაგიდა ვლადიმერ პუტინს პანდემიამდეც ჰქონდა, მაგრამ მის ირგვლივ, ჩვეულებრივ, რამდენიმე ადამიანი იჯდა ხოლმე. ახლა კი პრეზიდენტი უცხოელ ლიდერებს თავისთან ახლოს არ უშვებს - პრესკონფერენციების დროსაც კი ტრიბუნები ერთმანეთისაგან უჩვეულოდ დიდი მანძილით არის დაშორებული.

ცნობილია, რომ კორონავირუსის მიმართ რუსეთის 69 წლის პრეზიდენტს ერთგვარი, პარანოიდული დამოკიდებულება აქვს. მთელი პანდემია მან „სტერილურ პარკში“ გაატარა და, შეიძლება ითქვას, საკარანტინო უსაფრთხოების წესების დაცვაში ყველა თავის კოლეგას „აჯობა“.

მიუხედავად იმის მტკიცებისა, რომ ვლადიმერ პუტინი აიცრა და რევაქცინაციაც კი ჩაიტარაო, კრემლი მასთან ჩვეულებრივ ვიზიტორებს ორკვირიანი კარანტინის შემდეგ უშვებს, რაც ძალიან დიდ დისკომფორტს იწვევს. როგორც ამბობენ, მოსკოვში მსხვილი არტცენტრის გახსნის წინ, რომელსაც ვლადიმერ პუტინი დაესწრო, მისი დირექტორი და მთავარი ფინანსისტი ორი კვირა კარანტინში ისხდნენ.

მაგრამ რუსეთის ლიდერი, დავირუსების საფრთხის მიუხედავად, ერთ ადამიანთან მაინც ახლოს გამოჩნდა: პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის დროს ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი ტელეკამერების წინ ერთად იდგნენ - ეს იყო სიმბოლო მათი მტკიცე კავშირისა, დასავლეთთან დაძაბული ურთიერთობის ფონზე. ამავე დროს, ყურადღება მივაქციოთ: მათი მოლაპარაკება შავი ხისგან დამზადებულ უფრო დიდ მაგიდასთან გაიმართა - ბევრად დიდთან, ვიდრე ვლადიმერ პუტინს აქვს. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ