"დაოჯახების შემდეგ, ისეთი აქტიური ცხოვრება აღარ მქონდა, როგორიც უწინ და ამის გამო ცოტა დეპრესიაც დამეწყო"
ბაია სოლომონიშვილი 3 წლის იყო, მისი ოჯახი საქართველოდან საცხოვრებლად უკრაინაში რომ გადავიდა.
კრამატორსკში დაამთავრა სკოლა და ტექნოლოგიური ტექნიკუმი. მისი ძირითადი მიმართულება კერვა და მოდელირება იყო, თუმცა ამ საქმეს მაინც არ გაჰყვა. სწორედ იმ პერიოდში გაიცნო გოგონა, რომელსაც სამხატვრო სკოლა ჰქონდა დამთავრებული. მისი ნამუშევრებით მოხიბლულმა, მუსიკალური სკოლის პარალელურად, თავადაც გადაწყვიტა სამხატვრო სკოლაში სიარული. ორივე ერთდროულად დაამთავრა და მას შემდეგ ხელოვნების სფეროში სხვადასხვა მიმართულებით მუშაობის სურვილი არ განელებია.
ბაია სოლომონიშვილი (ხატმწერი და რესტავრატორი):
- უკრაინაში სამხატვრო სკოლაში სწავლის დროს, ყოველ შაბათს დავდიოდი ერთ-ერთ მასწავლებელთან, რომელმაც ხატწერის მიმართ სიყვარული გამიღვივა. ვიქტორ პავლოვიჩს პოლონეთსა და ამერიკაში საკმაოდ ბევრი ტაძარი აქვს მოხატული და ძალიან კარგი ადამიანია. 2006 წელს საქართველოში დავბრუნდი და იმავე წელს, სასულიერო აკადემიაში ხატწერის ფაკულტეტზე ჩავაბარე. სწავლა დავასრულე თუ არა, ისევ უკრაინაში გავემგზავრე და ჩემი პედაგოგის ერთ-ერთ ჯგუფთან ერთად, ფრესკებზე მომიწია მუშაობამ. ასე მოხდა არაერთხელ, სანამ დავოჯახდებოდი, ხან საქართველოში ვიყავი და ხანაც უკრაინაში ვმუშაობდი ფრესკებზე. ეს იყო ჩემთვის დიდი გამოცდილება და მადლიერი ვარ ჩემი პედაგოგის.
დაოჯახების შემდეგ, ისეთი აქტიური ცხოვრება აღარ მქონდა, როგორიც უწინ და ამის გამო ცოტა დეპრესიაც დამეწყო. სამწუხაროდ, საქართველოში ტაძრის მხატვრობაზე არ მიმუშავია. შემოთავაზება კი მქონდა, მაგრამ ვიცოდი, ვერ შევძლებდი მცირეწლოვანი ბავშვის გამო და უარი ვთქვი. რაც შეეხება ჩემი ხელით შესრულებულ ხატებს, საკმაოდ ბევრია და ისინი დაბრძანებულია რუსეთში, უკრაინაში, საქართველოს არაერთ ტაძარში...
ერთხელაც, ერთ-ერთი კერამიკული სტუდიის მიერ გამოცხადებულ ვაკანსიას გამოვეხმაურე და მცირე შესარჩევი კონკურსის შემდეგ, სამუშაოდ ამიყვანეს. კერამიკული ნამუშევრების მოხატვით ვიყავი იქ დაკავებული, თუმცა, ძალიან ცოტა ხანს ვიმუშავე, 4-5 თვე, რადგან მაშინ უკვე პატარა მყავდა, დამხმარე არასდროს მყოლია და მისი გაზრდა მარტოს მიწევდა. ძალიან მადლიერი ვარ სტუდიის თანამშრომელი გოგონების, რადგან სულ მხარში მედგნენ და იქ დიდი გამოცდილება მივიღე. იმ დროს მომიწია სხვა სახატავ მასალებთან შეხებამ, რასაც მანამდე ხატწერისას არ მივმართავდი. განსხვავებულ ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილებამ ჩემში ბევრი აღმოჩენა მოახდინა. თითქოს გონება გამეხსნა, სითამამე მომემატა და მივხვდი, სხვადასხვა მიმართულებით შემეძლო მემუშავა. შევიძინე სახატავი მასალა და დავიწყე პატარ-პატარა ყვავილების, პეიზაჟების ხატვა. შემდეგ ჩემმა ახლობელმა ხის, გერმანული ყვავილების სადგომი მომაწოდა, რომელსაც რესტავრაცია გავუკეთე და იმდენად კარგი გამოვიდა, თავად დავრჩი გაკვირვებული. ეს ჩემთვის დიდი სტიმული აღმოჩნდა. პირველ ნამუშევარს სხვა ნივთებიც მოჰყვა: კარადა, კონსოლი, სარკეები... ავეჯზე ხელით ვხატავ და არ ვიყენებ დეკუპაჟს ან სხვა ტექნიკას. ძალიან მომწონს რესტავრაციის პროცესი. მინდა ამ მიმართულებით "გავიზარდო" და დავხვეწო ჩემი ხელწერა. ამ ეტაპზე, პარალელურად პატარ-პატარა ხატებსაც ვწერ. შინ კედლის მხატვრობაც შევასრულე. არის ასეთი მცენარე პროთეა, ეგზოტიკური ყვავილი, რომელიც ბინის ერთ-ერთ კედელზე დავხატე. შეიძლება ამ მიმართულებითაც ვიმუშაო. ეგზოტიკური ყვავილების ფოტოებს ვაგროვებ, რომელსაც სამომავლოდ რეალიზება მინდა გავუკეთო სხვადასხვა სივრცის კედლებზე. ვფიქრობ, ასეთი ნახატი ძალიან უხდება და გამორჩეულ უცხო იერს სძენს ნებისმიერ ინტერიერს.
ანა კალანდაძე
ჟურნალი "გზა"